ქართული თევზჭერის ლაბირინთები


                                                                                          ჟურნალისტური გამოძიება


ქაფშიის რეწვის სეზონი ოფიციალურად უკვე  გახსნილია. ამ სეზონზე ზღვაში 20 ქართული სეინერი აპირებს გასვლას. მათი სარემონტო სამუშაოები ნავმისადგომზე ამ დრომდე მიმდინარეობს. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თევზაობას თურქი მეთევზეებიც გააგრძელებენ.
რამდენიმეთვიანი მოკვლევის შედეგად, შევეცადეთ გვეპასუხა ყველა იმ კითხვაზე, რომელიც მუდმივად ისმება ქართული თევზჭერის ირგვლივ.

                                       პრობლემების სათავე

თევზჭერა საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი ფოთისათვის, მუდამ ერთ-ერთ წამყვან დარგად ითვლებოდა. უწინ, ფოთიდან საქართველოს ტერტორიულ წყლებში, დაახლოებით, სოჭამდე ქაფშიის სარეწაოდ 50-მდე სეინერი გადიოდა და  ყოველწლიურად მოპოვებული თევზის რაოდენობა 150 000 ტონას აჭარბებდა.

პრობლემები გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო,  კონფლიქტებმა და არასტაბილურობამ დარგი სტაგნაციამდე მიიყვანა. ქართველ მეთევზეებს, მუშაობა არ შეუწყვეტიათ, მაგრამ მათ პრობლემებს, იმ დროიდან, კიდევ ერთი - თურქი მეთევზეებიც დაემატა. „ბრაკონიერობენ, აკრძალული მეთოდებითა და ტექნიკით თევზაობენ, ჩვენს ეკოსისტემას ანადგურებენ“- ჩიოდნენ ქართველი მეთევზეები და ხელისუფლებისაგან სწრაფ რეაგირებას მოითხოვდნენ. თურქებამდე მთავრობამ ქართველი მეთევზეებისათვის მოიცალა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, თევზჭერის უფლების მოპოვებაზე ძვირადღირებული ლიცენზიების შემოღებას ქართველი მეთევზეების მხრიდან საპროტესტო ტალღა და ხელისუფლების  თურქ მეთევზეებთან კორუფციულ გარიგებებში დადანაშაულება მოჰყვა.  
„კოლოსალურ თანხებს ასახელებენ, იციან, რომ ჩვენ ფული არა გვაქვს, ლიცენზიების ყიდვას მოითხოვენ და ამით ხელებს უხსნიან თურქებს ახლა კანონიერად ითევზაონ,  იძულებულს გვხდიან  ჩვენ თვითონვე ვთქვათ უარი ამ საქმიანობაზე, “- აცხადებდნენ ფოთელი მეთევზეები და პროტესტის ნიშნად, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ შლიდნენ ბადეებს.

მეთევზეების ბრალდებებზე პასუხად, ხელისუფლებამ, ზედმეტი რამდენიმე კილოგრამი თევზის დაჭერისათვის  სპეცოპერაციები ჩაატარა, დააპატიმრეს და პასუხისგებაში მისცეს რამდენიმე ფოთელი მეთევზე. ამან მეთევზეთა წინააღმდეგობა გატეხა. თევზჭერის უფლებაზე ლიცენზია აუქციონის წესით გაიყიდა და ე.წ. „თევზის ბიზნესში“ ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ.
                             
რამდენად სრულდება ლიცენზიის პირობები ლიცენზიანტებისა და სახელმწიფოს მხრიდან?

გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამოცხადებულ აუქციონზე, 2005 წელს, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თევზჭერის 10 წლიანი უფლება შვიდმა ქართულმა ფირმამ: შპს „მადაი“, შპს „აისბერგი“, შპს „ალიანსი“, შპს „პალიასტომი - 2004“, შპს „გეოფიში“, შპს „ზღვის პროდუქტები“, შპს „მარჯანი“, რვა მილიონ ლარად შეიძინა. დაწესდა ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებელი, ერთ ტონა ქაფშიაზე 25 ლარი, რაც ჯამში, ლიცენზიანტებს კიდევ 1,6 მილიონი ლარი დაუჯდათ.

ხელისუფლების არგუმენტებით, ის ეროვნული წარმოების, კონკრეტულად კი თევზის რეწვის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. ლიცენზიის შემოღება კი  დაარეგულირებდა ურთიერთობებს ლიცენზიის მფლობელებს, მაკონტროლებლებს, ქართველ მეთევზეებს შორის და გადაჭრიდა ბევრ სადავო საკითხს, მათ შორის, თურქი მეთევზეების პრობლემას. ლიცენზის უმთავრესი დანიშნულება ქართველი მეთევზეების ბიზნესსაქმიანობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა იყო.

ლიცენზიის პირობით აიკრძალა თევზჭერის უფლების სხვა პირებზე გასხვისება,  მაგრამ ვინაიდან  ტერმინ „გასხვისებაზე“ დამატებითი განმარტებები ლიცენზიაში არაა, ლიცენზიანტმა ქართველმა ბიზნესმენებმა თევზჭერის უფლება არ გაყიდეს, მაგრამ იჯარით გასცეს თურქ მეთევზეებზე.  „ისინი ქართული დროშის ქვეშ დაცურავენ და მათ უკანაც ქართული კომპანიები ვდგავართ“- ასე პასუხობდნენ ქართველი მეთევზეების პრეტენზიებს ლიცენზიანტები. მათი თქმით, თურქული გემების დაქირავების ერთადერთი მიზეზი მათი უკეთესი ტექნიკაა. ქართველი მეთევზეები კი აცხადებდნენ, რომ  თურქები საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, აკრძალული ბადეებით თევზაობდნენ, რაც დიდ ზიანს აყენებდა შავი ზღვის ეკოსისტემას და ანადგურებდა თევზის მარაგს. მაკონტროლებელების მხრიდან ამაზე თვალის დახუჭვას კი მათთან კორუფციული გარიგებებით ხსნიდნენ.ამ ლიცენზიის შემოღებით ჩვენთვის არაფერი არ შეცვლილა, მით უფრო არ გაუმჯობესებულა,“- აცხადებენ ქართველი მეთევზეები.

ლიცენზია  მოპოვებული თევზის 2/3 ხმელეთზე გადამუშავების ვალდებულებასაც ითვალისწინებს.  გასული სეზონის დაწყებისთანავე  ქართველმა მეთევზეებმა  ლიცენზიანტები ამ პირობის დარღვევაშიც დადანაშაულეს. მათი თქმით, თევზს ნაპირზე მხოლოდ ყინულს აყრიდნენ და ქვეყნიდან გადაუმუშავებლად გაჰქონდათ. დანაშაულის მფარველად ისინი შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის განყოფილებას, რასაც აღნიშნული ინსპექციის ფოთის განყოფილებაში პასუხობდნენ, რომ ლიცენზიის პირობების შესრულება 24 საათიან კონტროლზეა აყვანილი და დარღვევები გამორიცხულია.

                        ხელისუფლების ჩარევა კერძო ბიზნესში

   გაბეზრებულმა ხელისუფლებამ ქართველ მეთევზეებთან ურთიერთობაში ღონეს ხერხიც მიაშველა და ლიცენზიანტებს საერთო ქვოტის 10% მეთევზეებისთვის უსასყიდლოდ დაათმობინა. 2008 წლის, პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიისას ფოთელ მეთევზეებთან ერთად ზღვაში პრეზიდენტის გასვლისა და თევზაობის შემდეგ კი, მეთევზეების ძველი საპროტესტო განწყობიდან კვალიც აღარ დარჩა.

 „საკუთარი ქვოტის ფარგლებში, ლიცენზიანტი ვალდებულია გამოყოს 10 %-ით სარგებლობის უფლება, რომელიც თანაბრად გადანაწილდება წარმოდგენილი თავზსაჭერი გემების მესაკუთრეებს შორის, ამ გემების საექსპლუატაციო ვადის გათვალისწინებით.“  - ლიცენზიაში ჩადებული ამ პირობით, ქართველ მეთევზეებს სეზონზე 60 ათასი ტონიდან, 6 ათასი ტონა თევზის მოპოვების უფლება მიეცათ.
კმაყოფილი დარჩნენ ფოთელი მეთევზეები. ხელისუფლებაც ეროვნული მრეწველობის მხარდასაჭერ ღონისძიებათა ნუსხაში მუდმივად მოიხსენიებს ქართველი მეთევზეებისათვის გაკეთებულ ამ საჩუქარს.
„ხელისუფლებამ  უზარმაზარი საჩუქარი გაუკეთა ქართველ მეთევზეებს, ქვოტის 10%-ი უფასოდ დათმობა რომ დაგვავალა. ეს არაა ისეთი დიდი თანხა ჩვენთვის, რომ ვერ დავფაროთ. “-   განაცხადა ჩვენთან საუბრისას შპს „ალიანსის“ ხელმძღვანელმა თენგიზ სარიშვილმა, რომელიც ბიზნესმენობას ახლა ფოთის საკრებულოს წევრობასაც უთავსებს.
რეალურად, რა არის უფასო მთელ ამ „სისტემაში“? სახელმწიფოს არაფერი წაუგია და არც არაფერი დაუთმია უფასოდ, ლიცენზიის ფული ლიზენზიანტებს გადაახდევინა, მათ შორის იმ 10 %-ისაც, რომელიც შემდეგ იმავე მოთამაშეებს ქართველი მეთევზეებისათვის დაათმობინა. ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებელს კი, როგორც ლიცენზიანტების მსგავსად, ქართველი მეთევზეებიც სრულად იხდიან.

რატომ ჩუქნიან, ნაკლებ დანახარჯებსა და მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესმენები წილს სხვას იმ საქმიანობიდან, რომელშიც თავად მილიონებს იხდიან და რატომ არ აპროტესტებენ მსგავსი  პირობების დაწესებას  ხელისუფლების მხრიდან კერძო ბიზნესში ჩარევად? ამ კითხვაზე პასუხისგან ბიზნესმენები მუდამ თავს იკავებენ.

                                                   გადასახადი - წინასწარ!

ტონა ქაფშიაზე მოსაკრებელი 25 ლარია და მოსაპოვებელი თევზის წლიური ქვოტის მიხედვით, ჯამში მოსაკრებელი 1,5-დან 1.6 მილიონ ლარამდე მერყეობს.  ბოლო სამი წლის მონაცემებზე დაკვირვებით, იმ წელს, როცა მოსაკრებელი დაჭერილი თევზის რაოდენობის მიხედვით დაანგარიშდა, თანხამ მხოლოდ 584 300 ლარი შეადგინა, მომდევნო წელს ოდნავ მეტი - 709 900 ლარი, მიმდინარე წელს კი, ანუ წინასწარი გადახდის შემოღების შემდეგ - 1 264 600 ლარი.  ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებელს, მეთევზეები სეზონის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, 15 ივლისამდე,  ადგილობრივი ბიუჯეტში იხდიან.
-„წინასწარ გადახდა არავის აწყობს. გამოდის,  იმის ფულს მახდევინებენ, რაც შეიძლება ვერც დავიჭრო, მაგრამ  მთავარი  შემოსავალია და ჩვენზე არავვინ ფიქრობს?“ - აცხადებენ ფოთელი მეთევზეები.

მურმან ხარაბაძე, შპს „მადაის“ დირექტორი:

-„ მოსაზრებამ, რომ მეთევზეობაში დიდი ფულია,  გამოიწვია სახელმწიფოს მხრიდან ეს დამოკიდებულება. 2005-2006 წლებში  სამოცამდე გემი თევზაობდა და ერთად 5000 ტონამდე დავიჭრეთ. სასაცილო შემოსავლებზე იყო საუბარი. როცა 15 და 17 ათასი ტონის საფასური წინასწარ მაქვს გადახდილი და არავითარი დამცავი მექანიზმი არ არსებობს, ეს გაკოტრების საფრთხეს გვიქმნის.  ამ ბიზნესში ფინანსურად თუ ერთი გაგიჭირდა ფეხზე ვეღარ წამოდგები, ხელისუფლების მსგავსი დამოკიდებულება კი  ყაჩაღობა  გამოდის. მით უმეტეს, ჯერ არც ერთ წელიწადს არ ყოფილა შემთხვევა, რომ აუქციონზე შეძენილი 60 000 ტონა თევზი სრულად დაგვეჭიროს.“

თენგიზ სარიშვილი, შპს „აისბერგი“, ფოთის საკრებულოს წევრი „ნაცმოძრაობიდან“:

-„წინასწარი გადახდა - ბრმად გადახდილი ფულია, რომელიც თუ სეზონი ჩავარდა.   შეიძლება წყალში გადაყრილი აღმოჩნდეს. ამოღება სეზონის განმავლობაში 100%-იანი არასოდესაა, საუკეთესო შემთხვევაში, 70%-ს არ აღემატება.  წერილობითაც მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პირადად მინისტრს და საკითხის გადახედვა მოვითხოვეთ, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ ჩანს.“
შპს „პალიასტომი 2004“-ის ხელმძღვანელი დავით ბაბილუა აცხადებს, რომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, მოსაკრებლის მოპოვებული თევზის რაოდენობის მიხედვით გადახდაა.
ერთადერთი  შემთხვევა, როცა ხელისუფლებამ გადასახადი გადაავადა წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. „მსხვილებს ისედაც დიდი ხარჯები ჰქონდათ იმ წელს.“- პირად საუბარში მეთევზეებს არ დაუმალავთ, რომ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისათვის კარგად „დახარჯულ“ ბიზნესმენებს ეს მცირედი შეღავათი სულის მოსათქმელად სჭირდებოდათ.
როცა ხელისუფლებას სურვილისამებრ შეუძლია აიძულოს ბიზნესი გადაიხადოს ან არ გადაიხადოს კანონით დაწესებული მოსაკრებელი და გააწევინოს ხარჯი, იმის მიუხედავად, შეესაბამება თუ არა ის კომპანიის მიერ მოხმარებულ ბუნებრივ რესურსს, ნათელია ბიზნესის დუმილი, რაც რამდენიმე მიზეზით შეიძლება აიხსნას:  ან სრული გაკოტრებისა და დაჭერის შიშით არიან დადუმებულნი, ან საქმე მართლაც იმდენად მომგებიანია, რომ უღირთ.
   
რატომ ვერ იჭერენ ქართველი მეთევზეები დადგენილი რაოდენობის თევზს და როგორ ითვლიან თევზს წყალში?

მასალაზე მუშაობისას საინტერესო გარემოება გამოკვეთა: კომპანიებმა აუქციონზე 60 000 ტონა თევზის მოპოვების 10-წლიანი უფლება კი იყიდეს, მაგრამ,  გასული ხუთი წლის განმავლობაში, თევზის კუთვნილი ოდენობა არც ერთხელ არ დაუჭერიათ. როგორც მეთევზეებმა აგვიხსნეს, აღნიშნული ქვოტა ეკოლოგიის ინსტიტუტის მიერაა დადგენილი.

„ამ ინსტიტუტმა ექვსი თვით ადრე უნდა თქვას, როგორი ამინდი იქნება ნახევარი წლის შემდეგ. ეს რეალურად „ნასას“ აღარ შეუძლია.  თევზი ამინდზეა დამოკიდებული. ითვლიან, მაგრამ არ მჯერა, რომ წყალში თევზის დათვლა შესაძლებელია.“- ამბობს მურმან ხარაბაძემ.

მეთევზეთა კავშირის წევრის, ვაჟა კირტავას თქმით, ეს არარეალური რიცხვია, რომელიც თბილისში, რომელიღაც ამინდის ბიურომ გამოიტანა და ის განცვიფრებულია, ამინდის ბიუროს თევზის რაოდენობასთან კავშირით .

„დათვლები მეცნიერული კვლევების საფუძველზე ხდება. სპეციალური ინსტიტუტების მეცნიერები ყოველწლიურად, ზღვაზე საკონტროლო გასვლებით ადგენენ, რა რაოდენობის თევზის დაჭერაა შესაძლებელი სეზონზე.“- ამბობს სარიშვილი.
ერთადერთი უტყუარი ციფრი ამ რუტინაში კვლევების საფასურია. თითო სეზონზე თითოეული კომპანია ამ სამუშაოსთვის 5 000 ლარს იხდის (ჯამში, 35 000 ლარი).

მეთევზეთა კავშირში ამბობენ, რომ  დასაჭერი თევზის ოდენობა გაცილებით მეტია და  პრობლემა არა თევზის რაოდენობა, არამედ მისი მოპოვებაა. ქართველი ბიზნესმენები თურქულ გემებზე არიან ორიენტირებული, ისინი კი საქართველოსკენ მხოლოდ თურქეთში სეზონის დასრულების შემდეგ შემოდიან. მაგრამ ვერ ასწრებენ ამოღებული თევზის გადამუშავებას და ვერც გატანას. „ჩვენ პოტენციალი მეტი გვაქვს. ჩვენი ქვოტა რომ სეზონზე 20 000 ტონა იყოს, ჩვენც კმაყოფილი ვიქნებით და ბიუჯეტშიც მეტი ფული შევა.“-ამბობენ ისინი. მათივე თქმით, შარშან დაჭერილი თევზის რაოდენობა 40 ათას ტონამდე ავიდა.-“გამართლების ამბავია, შეიძლება 100-ზეც ახვიდე, მაგრამ შეიძლება ამის ნახევარიც ვერ ამოიღო. მნიშვნელობა არა აქვს, გემის სიმძლავრეს, თან თევზაობის არეალიც შემცირებული გვაქვს, 5 მილში აფხაზეთია.“-აცხადებენ ისინი.
ვინ შეიყვანა ლიცენზიანტები შეცდომაში, კვლევითმა ინსტიტუტმა, რომლის პროგნოზიც ვერ მართლდება თუ ხელსუფლებამ, როცა არარეალური რაოდენობის ქვოტა გაყიდა?
თენგიზ სარიშვილი აცხადებს, რომ მისი პროგნოზები არ გამართლდა და იმდენი თევზის დაჭერა შეუძლებელია, რამდენიც მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, ლიცენზიის აღებამდე მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ფოთში დაახლოებით 120 ათას ტონამდე თევზის მოპოვება იყო შესაძლებელი, რაც ასე არ აღმოჩნდა. ამასთან ის საქმიანობის ხელშემშლელ ფაქტორებად ოკუპირებულ ზონაში გაუსვლელობასა და 10 წლის ქვოტის  წინასწარ გადახდილ მოსაკრებელსაც ასახელებს.
-„ბიზნესი მაინც მომგებიანია, მაგრამ ქართველი მცირე მეწარმეებისათვის ეს ჯერჯერობით მხოლოდ თავის რჩენის საშუალებაა.“-აცხადებს ის.

                                             საკონტროლებელი მაკონტროლებლები

თუკი წინა წლებში მეთევზეები ღიად საუბრობდნენ ამ სფეროში არსებულ კანონდარღვევებზე და კორუფციულ გარიგებებში დაუფარავად ამხელდნენ კონკრეტულ უწყებებს, ახლა ვითარება შეცვლილია. მეთევზეებმა უკვე ხელისუფლების მოწყალების გემოც იციან და უმოწყალობისაც. თუმცა, მათი პირადი საუბრებიდან კარგად ჩანს, რომ ამ სფეროში ყველაზე დიდი „შავი ხვრელი“ მაინც კონტროლი და მაკონტროლებლებია.
აღნიშნულ საქმიანობაში თავისი წილი ინტერესი, ადგილობრივ თვითმმართველობასაც აქვს, რადგან ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის სახით, მას სოლიდური შემოსავალი აქვს. ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის, სულხან თოლორდავას განმარტებით, მათ ხელი მხოლოდ ქაღალდზე დაწერილ რიცხვებზე მიუწვდებათ, რომლის გადამოწმების არც უფლება და არც საშუალება მათ არა აქვთ.
იგივე ინსპექციის მონაცემებს ეყრდნობა ნაწილობრივ საგადასახადო ინსპექციაც.
დაჭერილი თევზის რაოდენობის, სახეობების, თევზჭერის საშუალებების და ვადების კონტროლი მთლიანად ერთი უწყების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის ხელშია.  
რამდენად  სრულყოფილია სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის მექანიზმი?
გოჩა გუჯაბიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის ფოთის განყოფილების უფროსი:

-„ჩვენი განყოფილების კომპეტენციაა ლიცენზიის პირობების დაცვის კონტროლი, ვის რა პროცენტობა ერგება და ვინ რას მოიპოვებს. რომ არ მოხვდეს ზომამცირე თევზი, უკანონო თევზი და დაწესებული რაოდენობის გადაჭარბება. ზღვაში ჩვენს მიერ ხდება ბადე იარაღების შემოწმება, ასევე, ამოღების პერიოდში თუ რა თევზი ჰქონდათ გემზე. ხდება სარეწაო ჟურნალის კონტროლი.
თევზის წონის დაზუსტება და კონტროლი ხდება უკვე ნაპირზე გადაწონვის გზით, ასევე ყუთების მიხედვით. შეუძლებელია, რომელიმე მეთევზემ დაიჭიროს იმაზე მეტი ვიდრე მას ლიცენზია აძლევს საშუალებას. გამოცდილებიდან ვნახეთ, იმდენსაც ვერ იჭერენ, რაც კანონით ეკუთვნით.
კონტროლი ერთნაირად ხორციელდება, როგორც თურქულ, ისე ქართულ გემებზე. ჩვენ გვაქვს ერთი კატერი, შემოდგომის პერიოდი ერთია, გავდივართ და ვამოწმებთ. ძირითადად, თურქებიცა და ქართველებიც იჭერენ ქაფშიას, რაც შეეხება დანარჩენ სახეობებს, რომელთა მოსაპოვებელი რაოდენობაც, ასევე სამინისტროს მიერ  არის განსაზღვრული ერთი წლის ვადით, ისინი ძირითადად მოიპოვება არა ამ სეზონზე, შეიძლება ზოგიერთი სახეობა თანჭერილშიც მოჰყვეს, მეთევზეები თვითონ ანაწილებენ მათ, ჩვენ  ვაკონტროლებთ ვიზუალურად. მოკლედ, ვაკონტროლებთ.
-         გამოდის, რომ მხოლოდ ვიზუალურად?
-         პირველ რიგში, მართლაც ვიზუალურად ზღვაში და შემდეგ გადაწონვით ნაპირზე.
-         ერთი კატერით რამდენად შესაძლებელია, ერთდროულად ამდენი გემის კონტროლი ქართულისაც და თურქულისაც?
-         სრულიად შესაძლებელია.
-         კი მაგრამ გემები თქვენ ხომ არ დაგელოდებიან, რომ მერე ჩაყარონ ბადეები ან მერე ამოიღონ
-         ზოგს ბადის ჩაყრისას ვაკონტროლებთ, ზოგს ამოღებისას, თუკი კატერი ზღვაშია, ნაპირზე სხვა თანმშრომლები ელოდებიან რამდენი შემოიტანა.
-         სულ რამდენი თანმაშრომელი გყავთ ?
-         ხუთი
-         ხუთი თანამშრომელი ორმოცამდე გემს სრულყოფილად აკონტროლებს?
-         შეუძლებელი არაფერია. სეზონის დროს ბათუმის სათავე ოფისიდან გვემატება რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის შეიძლება უფროსიც იყოს, იმ პერიოდისთვის, როცა დატვირთვა ფოთზე იზრდება. ამას დაუმატეთ ორი მანქანა, რომელიც გვემსახურება ამ დროს და შანსი არაა რომ გემი ფოთიდან შეუმოწმებელი წავიდეს. რაიმეს დამალვის შანსი ამ პროცესებისას, ნაკლებია.
ინტერვიუს დასრულების შემდეგ, გუჯაბიძემ, მოულოდნელად ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა და ჩანაწერის „ჩვენთვის შენახვა“ გვირჩია, რადგან მისი თქმით, „ეს ამბები, ისედაც ყველამ იცის და რომც არ იცოდეს, ჩვენს მეთევზეებს პირი რომ გაუკერო, სხვა ადგილებიდან ალაპარაკდებიან“. ამის შემდეგ გუჯაბიძე იმის გადამოწმებასაც შეეცადა, ვინ მიგვაგზავნა, მთავარ ეჭვმიტანილებად კი ლიცენზიანტები დაასახელა.
განმარტებებმა, რომ ჩვენი ინტერესი ლიცენზიის პირობების კონტროლის მექანიზმები და მიღებული შემოსავლების ბიუჯეტში მობილიზებაა, გუჯაბიძე, ვერ დააკმაყოფილა. მაკონტროლებელი უწყების ხელმძღვანელი პირის ასეთი დამოკიდებულება აშკარას ხდის, რომ მის მიერ დახატულ „იდეალურ სურათს“ სრულყოფილებამდე ბევრი აკლია.
   
                                 ახალი სეზონი და ძველი პრობლემები

2010-2011 წწ სეზონზე ზღვაში გასასვლელად  ნავმისადგომებზე უკვე ემზადებიან.  იქვე განთავსებული საბაჟო პუნქტის გამო ტერიტორია დაკეტილია და იქ ფოტოგადაღება აკრძალულია.
ქართველი მეთევზეები ჟურნალისტებთან ურთიერთობისას ძველებურად აღარ ენაწყლიანობენ.  საუბარს ყველა ხელისუფლების მხარდაჭერასა და საჩუქრებზე იწყებს, თუმცა, პრობლემებისათვის გვერდის ავლა ვერ ხერხდება.  
ქართველი მეთევზეები კმაყოფილები არიან, წელს მთავრობა მათ ძველ დოკუმენტებს და კაპიტნების საბუთებს უფასოდ და უგამოცდოდ შეუცვლის. პარალელურად, ლიცენზიანტები ახლა მათთანაც ხელშეკრულებებს დებენ და თავისი ქვოტით თევზაობის საშუალებას აძლევენ, მაგრამ ამ სფეროში მართლაც ბევრი გაუგებრობაა  და მოსაწესრიგებელი მართლაც ბევრია,“ -ასკვნიან ბოლოს.

მეთევზეების განცხადებით,  1 ტონა ქაფშიის ამოღება 50აშშ დოლარი ჯდება. თურქეთში კი, 1 ტონა 200 ან 300 დოლარი ღირს. გაცილებით ძვირად იყიდება გადამუშავებული თევზი: 1 ტონა ე.წ. თევზის ფქვილის ფასი თურქეთში 1000-1200 დოლარია.
შპს „მადაი“ საერთო ქვოტის 25 %-ის მფლობელია. აქვს საკუთარი ქარხანა და სამი გემი, ასევე იჯარით აყვანილი თურქულ გემები. მისი ხელმძღვანელი, მურმან  ხარაბაძე ამბობს, რომ მათი მოგება გაცილებით მცირეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. -„ერთი თურქული გემის სახელფასო ფონდი თვეში 31 ათასი დოლარია, თუკი ადგილზე გადავამუშავებ დაემატება საწვავის ხარჯი, ხელფასები და ა.შ.  შარშან 70 ათას დოლარიანი ბადე ზღვაში დავკარგეთ. ეს დანახარჯებს ზრდის და მოგებას ამცირებს. „მილენიუმის“ 3 მლნ-იანი სესხი, პროცენტებიანად, გადასახდელია.
უბრალოდ, საჭიროა სახელმწიფომ პრაქტიკოსებს დაუგდოს ყური და  ქართველ მეთევზეებს  კრედიტებით დაეხმაროს, ვრისკავ ამის თქმით, მაგრამ დროა თურქებს ვუთხრათ: აღარ გვჭირდებით, დავიჭერთ თევზს და მოგართმევთ ხოფაში! შედეგად, ქართველი მეთვეზეები ფასს თვითონ დაარეგულირებენ, რაც ორჯერ სწრაფად გაზრდის ადგილობრივი ფირმების ფინანსურად გაძლიერების ტემპსა და შანსებს“.
ძირითად საფრთხეს ხარაბაძე სახელმწიფოს მხრიდან ლიცენზიის პირობებისადმი დამოკიდებულებას ასახელებს: “მე არ ვიცი რა იქნება ხუთ წელიწადში, ორიენტირებული ამ ლიცენზიის პირობებში განვითარებაზე ვერ იქნები,  არ ვიცი რა იქნება ლიცენზიის ვადის ამოწურვის შემდეგ. 10 -წლიანი ვადით ლიცენზიის გაცემა საკმაოდ სწორი იყო, მაგრამ თუკი მოგვცა ათი წელი პროფესიონალად ჩამოყალიბებისათვის, მაშინ უნდა მომცეს საშუალება დავრჩე ამ თამაშში.“
სახელმწიფოს მხრიდან დარგისადმი მიდგომების გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს შპს „ალიანსის“ ხელმძღვანელიც. 

ადგილობრივი მეთევზეები პირად საუბრებში არ მალავენ, რომ თურქები კვლავინდებურად არასტანდარტული ბადეებით ემზადებიან სათევზაოდ და დროა, მთავრობამ იფიქროს საქართველოს ტერიტორიული წყლებიდან მათ გასაყვანად.  


ნინო თუნთია
------------------------- 

 
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში: „ჟურნალისტური გამოძიება სამეგრელოში, რომელსაც აფინანსებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება“. სტატიის შინაარსი არ გამოხატავს ევროკავშირისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს. მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი „თავისუფალი სიტყვა“