Monday, October 26, 2009

ყველაფერი, რაც კანონით აკრძალული არ არის, ნებადართულია?!

პოლიციელები, რომლებიც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველები უნდა იყვნენ, ხშირად პირიქით, საზოგადოების ინტერესებისა და უფლებების შემლახველებად გვევლინებიან. საქართველოში მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენის უამრავი ფაქტი არსებობს, თუმცა ყველა გაუხსნელი. კანონი რიგით ადამიანს და პოლიციელს ერთნაირად უნდა ეხებოდეს თუმცა, `ვარდების რევოლუციის~ შემდეგ პოლიციის კანონში შეტანილი ცვილებებით, პოლიციელის მხრიდან უკანონო ქმედების შესაძლებლობები გაიზარდა. მაგ, თუ პოლიციელს რატომღაც ვინმე უცებ თვალში არ მოუვარდა, აქვს უფლება უბოდიშოდ წაავლოს ხელი და გააქანოს ნარკოტესტის ჩასატარებლად. ამ შემთხვევაში რიგითი მოქალაქის ინტერესებს და უფლებებს კანონი არ ითვალისწინებს და არც იმ შემთხვევაში აგებს პასუხს პოლიციელი, თუ მისი ეჭვი ან ე.წ. `შემოსული ოპერატიული ინფორმაცია~ ამ ადამიანზე არ გამართლდა.

ფოთში ნიღბიანი სპეცრაზმელების უკანონო პატრულირება ჯერაც კარგად ახსოვთ, რომელიც მაშინდელი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის ჩარევის შემდეგ აღიკვეთა. მას შემდეგ კი პოლიციელთა მხრიდან `კანონის ფარგლებში~ ჩატარებული ანტინარკოტიკული ოპერაციების სერია დაიწყო, რაც ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ნორმას და უხეშად ლახავს ადამიანის უფლებასა და თავისუფლებას.

ფოთში დაჭერების სერია კვლავ დაიწყო. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი ყოველი წლის შემოდგომაზეა. როგორ პოლიციელები ამბობენ, ამ დროს ხშირია მოზარდებში (და არა მარტო მოზარდებში) ნარკოტიკული საშუალებით, მარიხუანით, სარგებლობის ფაქტი. `ახლა სეზონია და სწორედ ამიტომ ვართ ასეთი გააქტიურებულები~ _ გვითხრა ერთ-ერთმა პოლიციელმა. დანაშაულის აღკვეთა რომ პოლიციის საქმეა, ჩვენც მშვენივრად გვესმის. თუმცა, ისიც კარგად ვიცით, რომ პოლიცია დანაშაულს კანონის ფარგლებში უნდა ებრძოდეს, რაც თავად პოლიციელებს, მგონი, დაავაწყდათ კიდეც. სწორედ ამიტომ არ დავიზარეთ, ადმინისტრაციულ კანონს გადავხედეთ, იურისტებთან კონსულტაციები გავიარეთ და აღმოვაჩინეთ, რომ კანონს არა მარტო მოსახლეობა, თავად პოლიციელებიც არღვევენ, თანაც საკმაოდ უხეშად.

გასულ კვირას ცენტრის უბანში ერთ-ერთი ასეთი პატრულირების დროს თავად შევესწარით, თუ როგორ დააკავა პოლიციელმა დაახლოებით ცხრამეტი წლის 4 ახალგაზრდა. სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ პოლიციელებმა ისინი მანქანაში ჩასვეს და გეზი უბნის პოლიციისაკენ აიღეს. ჩვენ დავინტერესდით დაკავებულების ბედით და საპატრულო ჯგუფის წევრებს უკან გავყევით. მანქანა ცენტრის უბნის პოლიციასთან გაჩერდა და დაკავებულები შენობაში შეიყვანეს. ჩვენი ცდა, შევყოლოდით მოზარდებს პოლიციის შენობაში და გაგვერკვია, თუ რატომ დააკავეს ისინი, ამაო აღმოჩნდა. როგორც იქ გვითხრეს, ჟურნალისტებისთვის პოლიციის შენობაში შესვლა აკრძალული ყოფილა. მიზეზი უცნობია.

პოლიციის ტერიტორიაზე ჩვენი ყოფნის პერიოდში დაახლოებით 12-მდე დაკავებული მოიყვანეს, რომლებიც განყოფილებაში გარკვეული ხანი გააჩერეს, შემდეგ კი, ფოთიდან 15-17 კმ-ს მოშორებით, სოფ. წყალწმინდაზე მდებარე ნარკოლოგიურ ლაბორატორიაში წაიყვანეს, რათა დაედგინათ, იყვნენ თუ არა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ეს პიროვნებები, რომლებიც პოლიციელებმა უბნებიდან, სახლის ეზოდან აიყვანეს, რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.

ახალგაზრდებს მეორე დღეს გავესაუბრეთ. ისინი მხოლოდ ერთი პირობით დაგვთანხმდნენ, თუკი მათ ვინაობას არ დავასახელებდით. საუბარს მათი მშობლებიც ესწრებოდნენ: `მეგობრები ერთად ვიყავით, ვსაუბრობდით. BMW-ს ტიპის ავტომობილი გაჩერდა, დაგვიძახეს და მანქანაში ჩაჯდომა გვიბრძანეს. ჩვენ მივხვდით ვინც იყო, ერთ-ერთი ჩვენგანი ადრეც ჰყავდათ დაკავებული. განყოფილებაში მიგვიყვანეს, სადაც უბნის პოლიციის უფროსის მოადგილე მალხაზ კვაშილავა დაგვხვდა. ის ცინიკურად გველაპარაკებოდა. როდესაც ნახა, მხნედ ვიყავით, გვითხრა, სჯობს აქვე თქვათ, რომ `კაიფში” ხართ, თორემ წაგიყვანთ და ნახავთ, რაც მოგივათო. ჩვენ წაყვანა და გასინჯვა მოვითხოვეთ. წყალწმინდაზე რამდენიმე საათი დავყავით. წყალი შემოგვთავაზეს, მალე მოშარდავთო, მაგრამ ვიცით, რომ წყალში რაღაც სითხეს ურევენ, რომლის მიღების შემდეგ შარდში ნარკოტიკული ნივთიერება ნებისმიერ შემთხვევაში ფიქსირდება. ამიტომაც მოგვიწია იქ კარგა ხანი ყოფნა. ამ ხნის განმავლობაში პოლიციელები გვემუქრებოდნენ _ არა უშავს, ახლა თუ არ გამოვიდა არაფერი, კიდევ დაგიჭერთ და მერე ვერ გადაგვირჩებითო” _ გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა. მსგავს ისტორიებს ყვებოდნენ დანარჩენებიც, მხოლოდ მცირედი განსხვავებებით. თუმცა იმან, რაც ერთმა შუა ხნის მამაკაცმა გვიამბო, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: `ჩემი სახლის წინ ვიდექით მეზობლები, მამაკაცები. გამოიარა `ფოლკსვაგენ ჯეტას” ტიპის მანქანამ, სერიით “KVA-999” (მანქანა ცენტრის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, მალხაზ კვაშილავას ეკუთვნის. ავტ.) და დამიძახა, მოდიო. მივხვდი, პოლიციელი იყო, კერძოდ კი მალხაზ კვაშილავა (ცენტრის უბნის პოლიციის უფროსის მოადგილე), რომელიც გამორჩეულია თავისი ბინძური საქმიანობით. მაშინ წვერებს ვატარებდი. გაყოლა მომთხოვა. განყოფილებაში მიმიყვანა და მითხრა _ ვიცი, `კაიფში” ხარ და აღიარე, ტყუილად დროის კარგვა იქნება ნარკოლოგიურ შემოწმებაზე შენი წაყვანა, მარტო 500 ლარიან ჯარიმას გადაიხდი და მორჩაო. თან ცინიკურად გამიღიმა და დასძინა: თუ, რა თქმა უნდა, შენი პირველი დაკავებააო. მე ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარება მოვითხოვე. ეტყობა, მაშინ თავად ან ნასვამი იყო, ან სხვა საშუალებით იყო გაბრუებული. აშკარად შევატყვე, ფხიზელი არ იყო. გაბრაზდა ჩემს არჩევანზე და მითხრა: დღეს ყველა სუფთა როგორ ხართო და შეიგინა. აქ ერთი კაცი გვყავს და კაცებთან გართობა უყვარს, ხომ არ გინდა იმას დავუძახოო? არა, ნარკოლოგიური შემოწმება მინდა მხოლოდ-მეთქი, ვუთხარი. ერთი კიდევ შეიგინა და თანამშრომლებს უბრძანა ჩემი წაყვანა. იქ დაახლოებით ორი საათი ვიყავით, ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, მე წყალწმინდაზე დამტოვეს. არც უკითხავთ, რა საშუალებით დავბრუნდებოდი ქალაქში. თვითონ წამოვიდნენ და დამიბარეს, სულ ხომ არ გაგიმართლებსო?!”

“თავისუფალი სიტყვა” დაკავებულთა მშობლებსაც ესაუბრა, რომლებიც ვინაობის გამხელისაგან თავს პოლიციელებისგან მოსალოდნელი პრობლემების შიშით იკავებენ. მათ ამ პერიოდში შვილების სასწავლებელში გაშვებისა ეშინიათ. ერთმა ქალბატონმა გვითხრა, გასულ წელს ჩემი შვილი ზედიზედ ხუთი დღის განმავლობაში ხუთჯერ დააკავეს და ვერც ერთხელ ვერაფერი აღმოუჩინესო. ახლაც დააკავეს და წინა წლის ფაქტი რომ შევახსენე პოლიციელებს და ვკითხე, რას ერჩით, ხომ ხედავთ ექვსჯერ დააკავეთ ბავშვი და არც ერთხელ არ აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერების ქვეშ-მეთქი, მიზეზად ეს დამისახელეს _ ძალიან დაბნეული შვილი გყავთ და თუ გინდათ, კიდევ არ დავიჭიროთ და თქვენც არ ინერვიულოთ, მაშინ თქვენს შვილს უთხარით გამომეტყველება შეცვალოსო _ `ასე მითხრეს, თქვენი შვილი `დაქლიავებული სიფათით დადის და როჟა გაასწოროს, თორემ ჩვენ კიდევ კაიფში გვეგონება და დავიჭერთო~. იმის მერე სახლიდან რომ გადის, სულ ვეუბნები, გამომეტყველება შეცვალე-მეთქი. მეშინია, რა ვიცი, რას უზამენ”...

ჩვენ დავინტერესედით, თუ რა ტიპის დარღვევებთან გვქონდა საქმე. როგორც გავარკვიეთ, მსგავსი ფაქტები “საქართველოს ადმინისტრაციული კანონით” რეგულირდება.

პოლიციელის მოვალეობა რომ დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილებაა, ამას კანონიც გვეუბნება და ჩვენც ვეთანხმებით, მაგრამ კანონში “ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ” მე-4-მუხლის მეორე ქვეთავში გარკვევით წერია, რომ სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებას პოლიციელებს კანონი ანიჭებს მხოლოდ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონის საფუძველზე და მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით, მათ ოპერატიულ-სამძებრო საქმეებზე უნდა გამოსცენ უწყებრივი ნორმატიული აქტი. იქვე, მე-7 ქვეთავში ვკითხულობთ: ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას დგება ოქმი, რომელშიც აისახება, თუ რა პირობებში იქნა გამოყენებული ტექნიკური საშუალებები. ოქმი მიღებულ მასალებთან ერთად ინახება ამ კანონით დადგენილი წესების დაცვით. აშკარაა, რომ პოლიციელების მიერ განხორციელებული ქმედება იმ დღეს კანონთან წინააღმდეგობაში მოდიოდა, რადგან მოზარდების დაკავებისას არ შემდგარა არანაირი ოქმი. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მათი განყოფილებაში მიყვანის დროს შეავსეს და ისიც, როგორც დაკავებულებმა გვითხრეს, მხოლოდ სახელებისა და გვარების ჩაწერით გამოიხატა. კანონი გვეუბნება, რომ პიროვნებას თავისუფლება პოლიციელის მიერ მისი დაკავების წუთიდან ეზღუდება. ზემოაღნიშნული კი, “საქართველოს ადმინისტრაციული კანონის” მე-6 მუხლის მეხუთე ქვეთავის გათვალისწინებით, რომელიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების, იურიდიული პირის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას ეხება, ვკითხულობთ: ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს (საჯარო მოსამსახურის) მიერ ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავად კვაშილავა ჩვენთან საუბრისას უარყოფს აღნიშნულ ფაქტებს და ამბობს, რომ მათ მიერ რეიდების ჩატარება და პიროვნებების დაკავება მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ხდება. იგი ასევე უარყოფს პოლიციის მხრიდან ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტებსაც. კვაშილავა ჩვენთან საუბარში ღიად აცხადებს, რომ ცენტრის უბანში მისი ეშინიათ. `ეს საკმაოდ რთული უბანია. იქ ჩემი დანახვის ისე ეშინიათ, ჩემი მანქანის გამოჩენისთანავე ისე გარბიან, ლამის ცხვირით მიწა დახნან. მათ ვპირდები, რომ არ გავახარებ და დავიჭერ ყველას, ვისზეც კი ოპერატიულ ინფორმაციას მივიღებ” _ დაგვპირდა კვაშილავა.

მომხდარ ფაქტზე კომენტარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს, იურისტ გაგი მოსიაშვილს ვთხოვეთ: `უბნის ინსპექტორების მხრიდან პატრულირების ფაქტი, რა თქმა უნდა, ნებადართულია. ასევე, პოლიციელი ვალდებულია იბრძოლოს დანაშაულის წინააღმდეგ, მაგრამ ამ სახით, როგორითაც ის თქვენ მიერ მოყვანილ ფაქტებშია აღნიშნული, სრული უკანონობაა და ამის მიხვედრას იურისტი სულაც არ სჭირდება. პოლიციელის მიერ ძალადობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა კანონით ისჯება. თუკი ასეთი ფაქტები ფიქსირდება, შესაბამისი ზომები უნდა გატარდეს იმ პოლიციელების მიმართ, ვინც კანონს ასეთი ან სხვა ფორმით არღვევს. ამ ყველაფერს, სულ მცირე, პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს და მისი აღმოფხვრა კანონის გათვალისწინებით უნდა მოხდეს”.

მუქარა კანონდარღვევაა და შესაბამისად, კანონით ისჯება. ვფიქრობთ, სტატიაში მოყვანილი კანონების გადაკითხვა და თავიანთი უფლება-მოვალეობების კარგად გახსენება პოლიციის თანამშრომლებს ძალიან სჭირდებათ, თორემ, მათი თქმის არ იყოს: ყოველთვის კი არ გაუმართლებთ.

P.შ. თუკი ახალგაზრდებს შემოდგომის გატარება გისოსებს მიღმა არ უნდათ, რამდენიმე მარტივი წესი უნდა დაიცვან:

“როჟა” უნდა გაასწრონ და ქუჩაში ისე იარონ, რათა სახლის მაგივრად პოლიციის შენობაში არ აღმოჩნდნენ.

ვინიცოობაა და “როჟის” გასწორება ვერ შეძლეს და ნარკოლოგიური შემოწმების ჩასატარებლად გააქანეს, მაშინ რაც უფრო ადრე ჩააბარებენ ანალიზს, მით უფრო მალე წავლენ სახლში.

თუკი განყოფილებაში მიყვანილთ, პოლიციელი ცუდ გუნებაზე დახვდათ _ ეუხეშა, დაემუქრა ან სულაც სცემა, უნდა მოითმინონ... თავისუფლება ხომ სულზე ტკბილია!

ქრისტინე ქაჯაია

No comments:

Post a Comment