Monday, October 26, 2009

მეტადონის პროგრამა – თავის გადარჩენის გზა ნარკომანებისათვის

სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი მოიხმარს საქართველოში ნარკოტიკულ საშუალებებს, არ არსებობს. არაოფიციალური მონაცემებით, მათი რიცხვი 250-დან 350 ათასამდე მერყეობს (ფოთის რეგიონულ ნარკოლოგიურ ცენტრში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 500-ზე მეტი ნარკომანია რეგისტრირებული). ნარკომანების რაოდენობის ზრდასთან ერთად ნარკოტიკების მომხმარებელთა საშუალო ასაკიც შესამჩნევად "ახალგაზრდავდება". სპეციალისტების თქმით, თუ ორიოდე წლის წინ ეს ასაკი 20-25 წელი იყო, დღეს უკვე 18 წლამდე ჩამოვიდა. საერთაშორისო ორგანიზაციების 2005-2006 წლების კვლევების მიხედვით, ნარკოტიკების მოხმარების მასშტაბით საქართველო ერთ-ერთი პირველია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის.

სპეციალისტების თქმით, ნარკომანთა დიდი ნაწილი არაინექციურ ნარკოტიკულ საშუალებებს _ "მარიხუანასა" და "ექსტაზს" მოიხმარს. დაახლოებით 80 ათასი კი ინტრავენური მომხმარებელია. წლიდან წლამდე მატულობს ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულ ქალთა რაოდენობაც. თუ ორიოდე წლის წინ ნარკოლოგიის ცენტრებს ამ სენით დაავადებული მხოლოდ 2 ქალი ან საერთოდ არავინ აკითხავდა, 2007 წლის 3 თვეში მათი რიცხვი უკვე 8-მდე გაიზარდა.

ნარკომანთა, უფრო ზუსტად "ოპიუდებზე დამოკიდებულთა", კატასტროფულ ზრდას საქართველოში, როგორც ბევრ ქვეყანაში, მეტადონის ჩანაცვლების პროგრამის ამოქმედება მოჰყვა. პროგრამა 2005 წლის დეკემბრიდან დაიწყო და მას მთლიანად "გლობალური ფონდი" აფინანსებს. როგორც გაირკვა, "მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის" კურსის გავლა წელიწადში მხოლოდ 180-მდე ადამიანს შეუძლია. აღნიშნული პროგრამა ფოთში 2008 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს და დღემდე 64 პაციენტია რეგისტრირებული.

როგორც ფოთის "მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის მკურნალობის" განყოფილებაში აცხადებენ, პროგრამაში პაციენტთა ჩართვის კრიტერიუმები განსაზღვრულია "ოპიოდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ" დებულებით. კრიტერიუმები შემდეგია: ოპიუდებზე დამოკიდებულების სინდრომი, პაციენტი უნდა იყოს არაუმეტეს 25 წლისა, მას ოპიოდური ნივთიერებების მოხმარების მინიმუმ 3 წლის და ამასთან, ინტრავენური მოხმარების სულ მცირე 1 წლის სტაჟი უნდა ჰქონდეს; ასევე ოპიოდური დამოკიდებულებების სხვა მეთოდებით წარუმატებელი მკურნალობის მინიმუმ ორი შემთხვევა და კიდევ რამდენიმე მომენტი, მათ შორის, აივ-ინფექცია.

ასეთ კრიტერიუმებს, მართალია, საქართველოში რამდენიმე ათასი ადამიანი აკმაყოფილებს, მაგრამ მეტადონის პროგრამაში მხოლოდ მცირე ნაწილი მოხვდა, რადგან პროგრამით მკურნალობა ფასიანია და თვეში 150 ლარის გადახდის საშუალება ყველას არა აქვს.

34 წლის გიორგი, რომელმაც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება 17 წლის ასაკიდან დაიწყო, დღეს ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს. თუმცა იმის თქმა, მეტადონის პროგრამის დასრულების შემდეგ მიმართვას თუ არა ისევ ნარკოტიკებს, ძალიან უჭირს: "ნარკოტიკულ საშუალებებს დიდი ხანია მოვიხმარ. ერთი პერიოდი, როდესაც ცოლის მოყვანა გადავწყვიტე, თავიც კი დავანებე და შევემზადე ოჯახის შექმნისთვის. მოგვიანებით ისევ მივეძალე. მაშინ, როდესაც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება დავიწყე, ქალაქში "ბუმი" იყო. ნარკოტიკის მოხმარება "სვეტობად" და `კაიბიჭობად~ ითვლებოდა და მეც არ ჩამოუვარდი ცხოვრების ამ რიტმს. თავიდან ვეწეოდი, მერე უკვე ნემსზე გადავედი და ასე გავხდი ნარკომანი", _ განუცხადა მან "თავისუფალ სიტყვას". დაახლოებით იგივე ისტორია აქვს ნიკუშას. მანაც ნარკოტიკების მოხმარება 20 წლის ასაკში დაიწყო _ `20 წლის ასაკში ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა გამესინჯა წამალი. მითხრა, არ გაინტერესებს რას ვგრძნობ "კაიფშიო"? იმ დროს უარი ვუთხარი, მერე კი თავად ვთხოვე ჩემთვისაც ეშოვა წამალი. მაშინ გავიკეთე პირველად. ვერ ვიტყვი, რომ პირველი გაკეთების შემდეგ თავს ვერ ვერეოდი. პირიქით, შემეძლო არ გამეკეთებინა, არ მთხოვდა ორგანიზმი, მაგრამ რატომღაც იგივე მეორედ და მესამედ გავიმეორე, რამაც აქამდე მომიყვანა. ძალიან მინდა ამ ჩვევას გადავეჩვიო, ჩემს უკან ოჯახია. სამწუხაროა ამაზე ახლა რომ ვფიქრობ, მაგრამ იმედი მაქვს მეტადონის პროგრამა დამეხმარება.~

მეტადონის საკუთარი დოზის მისაღებად ფოთის `მეტადონის ჩანაცვლებითი პროგრამის~ განყოფილებაში ყოველდღე დადიან. ყველა მათგანმა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება დიდი ხნის წინ დაიწყო და დღემდე ამ მავნე ჩვევისგან თავის დაღწევას უშედეგოდ ცდილობს. ნებისმიერ მათგანს იმედი აქვს, რომ მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა მათ განკურნავს.

"მეტადონის ჩანაცვლებითი პროგრამის" განყოფილების უფროსი, ზიზი გაგუა ამბობს, რომ ნარკომანია დაავადებაა, რომელიც აზიანებს ადამიანის როგორც სხეულს, ასევე ფსიქიკას. ზოგჯერ ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება ექიმის დანიშნულების შესაბამისად აუცილებელია, მაგრამ როცა ადამიანი მასზე დამოკიდებული ხდება, ეს მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. მისივე თქმით, `ნარკოტიკები იწვევს ფსიქიკურ აშლილობას, ჰეპატიტებსა და ღვიძლის ციროზს, შიდსს, გული დაავადებებს, კლავს ნერვულ უჯრედებს და ა.შ. მეტადონი ნარკოტიკული საშუალებაა, მაგრამ ის არ იწვევს ეიფორიას. გარდა ამისა, ვიცით, რომ ნარკომანია კრიმინალიზებულია და წამლის ფულის შოვნაც კრიმინალთანაა დაკავშირებული. ჩანაცვლებითი პროგრამით ხდება ამ ადამიანების დეკრიმინალიზაცია, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ერთწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ეს პროგრამა ძალიან ეფექტურია. პაციენტების დიდი ნაწილი, რომლებიც ამ პროგრამაში არიან ჩართულნი, თავს გაცილებით უკეთესად გრძნობენ. ჯანმრთელობის მდგომარეობაც შედარებით გაუუმჯობესდათ და ამ დროისათვის პროგრამიდან 13 პაციენტი გავიდა~.

ფსიქოლოგ ნინო ვაშალომიძის თქმით, მეტადონის პროგრამაშიც კი რთულია წამალდამოკიდებულებთან ურთიერთობა. მათ უმრავლესობას გამოჯანმრთელების სურვილი აქვთ, მაგრამ უარს აცხადებენ მკურნალობაზე: "მათი დიდი ნაწილი იშვიათად მოდის ჩვენთან რეალურ თანამშრომლობაზე. გამუდმებით ამტკიცებენ, რომ ფსიქოლოგი ვერ შველით. ხშირ შემთხვევაში მოდიან ვიღაცის ხათრით ან დაძალებით _ მითხრეს, მოვედი, მეტი გამოსავალი არ მქონდა. შეგიძლიათ პრობლემის მოხსნა ჩემი ძალისხმევის გარეშე? არა? კარგად იყავით! ამ კატეგორიასთან მუშაობა, სამწუხაროდ, ნაკლებშედეგიანია და ჩემს ნარკოლოგიურ პრაქტიკაში მსგავსი პაციენტები უმრავლესობას წარმოადგენს".

მისივე თქმით, მეტადონის პროგრამაში ჩართული ადამიანი არაინექციურ ნარკოტიკულ საშუალებას ექიმის კონტროლის ქვეშ იღებს. გარდა ამისა, ისინი აღარ ჩადიან კრიმინალურ საქმიანობას და აღნიშნული პროგრამაც არ არის ნარკომანთა ე.წ. `თავშესაფარი~.

"ამ პროგამაში არიან ის ადამიანები, რომლებმაც ტრადიციული მეთოდებით მკურნალობა ვერ შეძლეს. მათ ჯერ ნარკოტიკის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. მაგრამ ისინი რეალურად აღარ არიან კრიმინალები და არ სჭირდებათ ქუჩაში ნარკოტიკის მოპოვება. ასე ხდება დღეს, როდესაც მეტადონს იღებენ, მაგრამ ხვალ და ზეგ რა იქნება, არავინ იცის," გვითხრა გაგუამ.

ნონა გვილავა

No comments:

Post a Comment