ყალბი პირადობებით მოგებული არჩევნები

ჟურნალისტური გამოძიება

             2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩვენებსა და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან არსებობდა. თუმცა, მათი გამოყენების სქემა - წინასწარ დამზადებული ყალბი პირადობები, ამ ნომრების შეყვანა ცესკო-ს სიებში, სხვადასხვა რაიონიდან მოქალაქეთა ჩამოყვანა(რათა მორიდებისა და, ამასთან, მათი ამოცნობის მომენტი გამორიცხულიყო), რომლებიც თანახმანი, ან იძულებულნი იყვნენ  დავალება შეესრულებინათ და მსგავსი პირადობებით უბნებზე ხმა მიეცათ, იმდენად დახვეწილი იყო, რომ გასულ არჩევნებზე მისი „გამოჭერა“, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.
ფოთის შემთხვევაში წყარო 3 ათასი ყალბი პირადობის მოწმობის არსებობის შესახებ გვაუწყებდა. ერთ-ერთი რაიონიდან ჩამოყვანილი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი კი პირად საუბარში გვიყვებოდა, თუ როგორ დაჰყავდა  არჩევნების დღეს უბნიდან უბანზე  უცხო პირები და როგორ ხედავდა, თუ როგორ ურიგებდნენ პირადობის მოწმობებს მის მგზავრებს.  

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მხოლოდ ერთადერთი ფაქტი გახმაურდა - ბათუმში ერთ-ერთი ორგანიზაციის, „თავისუფალი განვითარებისა და უფლებათა დაცვის ასოციაციის“ ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, ყალბი პირადობით საარჩევნო უბანში გამოცხადებული ამომრჩეველი დააფიქსირა. თუმცა, შემჩნევისთანავე ეს უკანასკნელი გაიქცა: „უბანზე მოსულმა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა შემთხვევით გაიგონა მისი გვარი  (ეროვნებით მოლდოველი იყო და უცხო გვარი ჰქონდა), რითაც წარუდგა რეგისტრატორს აღნიშნული პიროვნება. ის მაშინვე მივიდა ამ ამომრჩევლთან და ვინაობა ჰკითხა და როცა მისი სახელი და გვარი გაიგო, აღშფოთებულმა რუსულად მიმართა მოქალაქეს: „შენ ჩემი შვილი არ ხარ... ის ახლა გემზეა უცხოეთში, მე მას ამ დილით ველაპარაკე ტელეფონით“, რის შემდეგაც  ხალხს მიმართა: „დამეხმარეთ, ეს არაა ჩემი შვილი და მის ნაცვლად აქვს პირადობის მოწმობაო“. თუმცა, საუბნო კომისიის თავმჯდომარის ხელშეწყობით, სხვისი მონაცემებით გამოცხადებულ მოქალაქეს პირადობის მოწმობა დაუბრუნეს, რომელშიც საკუთარი სურათი ჰქონდა ჩაკრული, ხოლო პირადი ნომერი და სხვა მონაცემები აღნიშნული ამომრჩევლის შვილის იყო, რის შემდეგაც ის უბნიდან  გაიქცა და მიიმალა,”-იხსენებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ემზარ პაქსაძე მისი წარმომადგენლის მონათხრობს. ორგანიზაციამ აღნიშნული ფაქტის გამო, საჩივრით პროკურატურას მიმართა, მაგრამ სათანადო მტკიცებულების, ანუ ვიზუალური მასალის არარსებობის გამო, ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. 
         ყალბი პირადობები, როგორც წარმატებული მეთოდი, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც გამოჩნდა.

2010 წელი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

                             ქ. ფოთი, 70-ე ოლქის 1 უბანი 

ერთი შეხედვით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დღის 12 საათისთვის უბანზე მსულ ამომრჩეველს, საკუთარი პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ, რეგისტრატორი მიმოზა ყურაშვილი (ამავე საუბნო კომისიის თავმჯდომარის, გოჩა გიორგაძის სიდედრი) რეგისტრაციაში უპრობლემოდ ატარებს და თითქოს საეჭვოც არაფერია. პირადობის მოწმობაში მითითებულია პირადი ნომერი და პირის მაიდენტიფიცირებელი სხვა მონაცემები, რომელიც დადასტურებულია სამოქალაქო რეეესტრის ფოთის სამსახურის მაშინდელი უფროსის ბეჭდითა და ხელმოწერით. რეგისტრატორი მშვიდად ეძებს სიაში მის გრაფას, თუმცა, აღმოჩნდება, რომ ამომრჩევლის ნაცვლად,  ხელმოწერა უკვე გაკეთებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ამომრჩეველი უკვე ნამყოფია უბანზე, ან მის გრაფაში ვიღაცამ ხელი შეცდომით მოაწერა. რეგისტრატორი მას სიით შემდეგი ამომრჩევლის - ეკატერინე ჩარგაზიას გრაფაში ხელმოწერას სთავაზობს და საკუთარ ქმედებას ასე ხსნის: „ეკატერინე ჩარგაზიას შეეშალა, როგორც ჩანს, და ხელი სხვის გრაფაში მოაწერა“, თუმცა, მას ჩანაწერთა წიგნში წერილობითი განმარტების გაკეთება არც უცდია. 
უბნის თავმჯდომარეს, გოჩა  გიორგაძეს და მდივანს, ლალი ფაილოძეს მცირეოდენი აღელვება ეტყობათ. ისინი სიტუაციის განეიტრალებას ცდილობენ და ამომრჩევლის მაგივრად პასუხობენ, რომელსაც მის გრაფაში არსებული ხელმოწერის შესახებ არანაირი კითხვა არ უჩნდება. ის სწრაფად აწერს ხელს რეგისტრატორის მიერ მითითებულ მომდევნო გრაფაში, იღებს ბიულეტენს, აძლევს ხმას და გადის. ამ დაბნეულობის ფონზე, დამკვირვებელი  პირადობის მოწმობის ფოტოების გადაღებას ახერხებს. 
ზაზა ჩარგაზიას ყალბი პირადობის მოწმობა;  ფოტოზე: ხმის მისაცემად ყალბი პირადობით მოსული ამომრჩეველი, რომლის ვინაობაც, ამ ეტაპზე, უცნობია

ამის შემდეგ, „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის“ დამკვირვებელი, საოლქოსა და საუბნოს თავმჯდომარეების უდიდესი ზეწოლის, მუქარისა და შერაცხყოფების თანხლებით წერს საჩივარს, რის შემდეგაც არკვევს, რომ პირადობაზე მითითებულ მისამართზე: ფოთი, კოსტავას 14/36 პირადობის მოწმობის მფლობელი მოქალაქე ზაზა ჩარგაზია უკვე 3 წელია იქ აღარ ცხოვრობს. ხოლო ახალ მისამართზე მცხოვრები ზაზა ჩარგაზია სრულიად სხვა პიროვნებაა, რომლის პირადობაში მითითებული მონაცემები სრულად ემთხვევა უბანზე ხმის მისაცემად მოსული ამომრჩევლის მონაცემებს, თუმცა, უბანზე გამოცხადებული ამომრჩეველი და რეალური ზაზა ჩარგაზია სხვადასხვა მოქალაქეა. 

 ჩვენთან საუბარში ზაზა ჩარგაზიამ განაცხადა, რომ დღის 12 საათამდე მართლაც იყო საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად და ხელი მოაწერა გრაფაში, საკუთარი გვარის გასწვრივ, ხოლო მისი და, ეკატერინე ჩარგაზია, იმ დღეს თბილისში გაემგზავრა და ხმა არ მიუცია, რაც რეგისტრატორის კატეგორიულ მტკიცებას, ეკატერინე ჩარგაზიას მიერ დაშვებულ შეცდომას - სხვის გრაფაში ხელმოწერის შესახებ, კატეგორიულად გამორიცხავს. ზაზა ჩარგაზიას დედა იხსენებს არჩევნების დღეს, შუადღისას, მათთან სახლში მისულ გოგა მიქაძესაც (#1 უბანზე ნაციონალების დამკვირვებელი, რომელსაც ამის დამადასტურებელი სამკერდე მოწმობაც ჰქონდა), რომელმაც ზაზა იკითხა. ხოლო თავად ზაზა ჩარგაზიას თქმით, მიქაძემ მას ქალაქგარეთ მანქანით მიმავალს დაურეკა და ჰკითხა, იმყოფებოდა თუ არა არჩევნებზე. თუ რაში დასჭირდა არჩევნების დღეს  ჩარგაზიასთან მისვლა, ან დარეკვა და რის გარკვევას ცდილობდა, თავად მიქაძევერ გაიხსენა. უფრო მეტიც, მან ჩვენთან საუბარში ისიც კი ვერ გაიხსენა არჩევნების დღეს, თუ რომელი პარტიიდან იყო უბანზე დამკვირვებლად.
თავად ჩარგაზია გაოცებას და ამასთან, აღშფოთებას ვერ მალავდა, როცა გაიგო, რომ მისი ხმის გამოყენება ხელმეორედ ვიღაცამ შეძლო. მისი პირადობის მოწმობის თითქმის ზუსტი ასლი (განსხვავება მხოლოდ ფოტოსა და გაცემის თარიღშია), რომელიც გააჩნდა უბანზე მოსულ ამომრჩეველს, გაცემული იყო 10.11.2008-ში, როცა სამოქალაქო რეესტრის ფოთის სამსახურის უფროსად უჩა ჯგუბურია მუშაობდა, ხოლო რეალური მოწმობა გაცემულია  09.06.2004-ში.

რეალური ზაზა ჩარგაზიას პირადობის მოწმობა
ქ. ფოთი, 70-ე საარჩევნო ოლქის 4 უბანი

დაახლოებით დღის 1 საათისათვის, #4 უბანზე მყოფი დამკვირვებლის ყურადღება  ერთსა და იმავე რიცხვით - 10.11. 2008-ით დათარიღებულმა პირადობის ოთხმა ახალთახალმა მოწმობამ მიიქცია. უბანზე გამოცხადებულმა ოთხმა ამომრჩეველმა:  გიორგი ბერაიამ (მოწმობაში მითითებული მისამართი: ფოთი, ინგოროყვას 7), ნოდარ აბხაზავამ (მის: ფოთი, კალანდარიშვილის 18), ლაშა ადამიამ (მის: ფოთი, მაკალათიას 35) და გოჩა ალანიამ (მის: ფოთი, ინგოროყვას 63) ხმა #4 უბანზე მისცეს.   
„თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის“ დამკვირვებელმა ერთ-ერთი ამომრჩევლის, გიორგი ბერაიას პირადობის მოწმობისთვის ფოტოს გადაღება შეძლო, ხოლო დანარჩენი სამის პირადობების დაფიქსირება ფიზიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან  მათ ყველა პროცედურის გავლა, რეგისტრატორების დახმარებით, საკმაოდ სწრაფად მოახერხეს. თუმცა, სარეგისტრაციო მაგიდასთან მდგომი აღნიშნული სამი მოქალაქის ფოტოზე აღბეჭდვა დამკვირვებელმა მაინც მოახერხა. ფოტოს გადაღებისას  მათ აღელვება დაეტყოთ, თავი დახარეს და სახეების დამალვას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სწრაფად გაიარეს ყველა პროცედურა, გააკეთეს არჩევანი და სწრაფადვე დატოვეს უბანი.
მოქალაქე გიორგი ბერაიას პირადობის მოწმობის ფოტოზე (პირადი #42001008495) თანამდებობის პირის ხელმოწერა ისეთივე საეჭვოა, როგორც ზაზა ჩარგაზიას პირადობაზე აღნიშნული ხელმოწერა და ვიზუალურად არ ემთხვევა რეესტრის მაშინდელი უფროსის, უჩა ჯგუბურიას, ნამდვილ ხელმოწერას.
უბანზე ხმის მისაცემად მოსული გიორგი ბერაიას ყალბი პირადობის მოწმობა; ფოტოზე: მოქალაქე, რომელმაც სხვის ნავლად, ყალბი პირადობის გამოყენებით მისცა ხმა
მოწმობის მეორე მხარე
გიორგი ბერაიას პირადობაზე მითითებულ მისამართზე, მოქალაქე თინათინ ბერაია ოჯახთან ერთად ცხოვრობს, რომელმაც განგვიცხადა, რომ მის ოჯახში გიორგი ბერაია არ ცხოვრობს და არც არასოდეს უცხოვრია. სწორედ ამის გამო, აღნიშნული მოქალაქის პოვნა შეუძლებელი აღმოჩნდა.
ბერაია   გიორგი     06.06.1983    პ. ინგორყვას ქ.(ყოფ. შაუმიანის) # 7      
70.04  აკაკის #44,I საჯარო სკოლა ( სარეგისტრაციო სიიდან, ცესკო-ს ვებ-გვერდი)
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანს, გიზო მჭედლიძეს მივმართეთ კითხვით, თუ როგორ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ცესკოს სიაში არარსებული მოქალაქე? „იყვნენ თუ არა სიაში არარსებული პიროვნებები, ამის მტკიცება ძნელია. ზოგადად, მოქალაქეების რეგისტრაციის საკითხი სამოქალაქო რეესტრის პრეროგატივაა. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული პიროვნება არ ცხოვრობდეს ამ მისამართზე, როგორც თქვენ მიერ დასახელებული გიორგი ბერაია. ამიტომ ინგოროყვას №7-ში მცხოვრებმა ოჯახმა განცხადებით უნდა მიმართოს სამოქალაქო რეესტრის ფოთის სააგენტოს და მოითხოვოს ამ ადამიანისთვის რეგისტრაციის გაუქმება,“-განგვიცხადა მჭედლიძემ, რომელიც ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში თავად დაგვიკავშირდა და  მოქალაქე გიორგი ბერაიასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდა. მისი განცხადებით, გიორგი ბერაია რეალური პიროვნებაა, მან მ/წ  25 აგვისტოს  რეგისტრაცია გაიარა ინგოროყვას №7-ში, მ/წ 14 სექტემბერს კი, ხელახალი რეგისტრაცია ახალ მისამართზე: ოსტროვსკის ჩიხი №9.  
ამ ინფორმაციამ არ დაადასტურა ვერსია, რომ გიორგი ბერაია არარსებული პიროვნებაა, თუმცა, მისი გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მიუხედავად იმისა, უბანზე მისული მამაკაცის მოწმობისა და ოსტროვსკის ჩიხის #9-ში მცხოვრები რეალური გიორგი ბერაიას მოწმობის მონაცემები ნაწილობრივ ემთხვევა (პირადი ნომერი, მისამართი, სახელი და გვარი, დაბადების თარიღი. განსხვავება, რეგისტრაციისა და გაცემის თარიღებსა და ფოტოებშია), 30 მაისს, №4 უბანზე ხმის მიმცემი მამაკაცი და აღნიშნულ მისამართზე რეალურად მცხოვრები პიროვნება ერთი და იგივე არ არის.   
რეალური გიორგი ბერაიას პირადობის მოწმობა


ბერაიების ოჯახში მისვლისას გავარკვიეთ, რომ გიორგის სკოლის დამთავრებისას, პირადობის მოწმობის აღების დროს, სამოქალაქო რეესტრის ფოთის სააგენტომ მიმდინარე მისამართის - ბოდრელის ქუჩის ნაცვლად, ინგოროყვას ქუჩა ჩაუწერა, სადაც მათი ბიძაშვილები ცხოვრობენ. მოგვიანებით, ოჯახმა სახლი გაყიდა და ამჟამინდელ მისამართზე გადავიდა. 2008 წელს კი მოწმობას ვადა გაუვიდა. მიმდინარე წლის აგვისტოში, მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით, ახალი მოწმობის აღებისას ბერაიამ განცხადებით მიმართა სამოქალაქო რეესტრს და ნამდვილი მისამართის ჩაწერა სთხოვა. სააგენტომ მისამართი ისევ შეცდომით ჩაუწერა. გიორგი ბერაია იძულებული გახდა,  მოწმობაში რეალური მისამართის ჩაწერა წერილობით კიდევ ერთხელ ეთხოვა სააგენტოსთვის. 
 ხოლო, რაც შეეხება არჩევნებს, ბერაიების ოჯახი ხმას #9 უბანზე აძლევს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი გიორგი ბერაია არჩევნებზე არ წასულა, რადგან მას პირადობის ვადაგასული მოწმობა ჰქონდა, თანაც, გარკვეული მოსაზრებებით,  არჩევნებში მონაწილეობა არასოდეს მიუღია. 

მეორე ამომრჩევლის, ნოდარ აბხაზავას, მისამართის გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ პირადობის მოწმობასა და სარეგისტრაციო სიაში მითითებულ მისამართზე აღნიშნული მოქალაქე მართლაც ცხოვრობს, თუმცა, ის ასაკოვანია და ამასთან უსინათლო. ამჟამად, ის ცხოვრობს დასთან. მისი განცხადებით, ის ვერ გადაადგილდება და არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. უბანზე მოსული ამომრჩეველი და ამ მისამართზე რეალურად მცხოვრები ნოდარ აბხაზავა სხვადასხვა პიროვნებებია. გამოდის, რომ მისი გაყალბებული პირადობის მოწმობით სხვა ადამიანმა მისცა ხმა.

უბანზე გამოცხადებული მესამე ამომრჩეველი, ლაშა ადამია, მის მიერ წარმოდგენილი პირადობის მოწმობის მიხედვით, ფოთში, მაკალათიას ქ. 35-ში  ცხოვრობს. გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ხსენებულ მისამართზე ადამიების ოჯახი წლების განმავლობაში მართლაც ცხოვრობდა. არჩევნებამდე დაახლოებით სამი წლით ადრე მათ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს და სხვა უბანში გადასახლდნენ. ამჟამად, ლაშა ადამია დიდგორის (ყოფილი ბებელის ქ.) ქუჩაზე, დროებით დეიდას სახლში ცხოვრობს. ვარაუდი, რომ უბანზე ხმის მისაცემად მისული პიროვნება ლაშა ადამია არ ყოფილა და ყალბი პირადობის მოწმობით სარგებლობდა, ნამდვილი ლაშა ადამიას დანახვისთანავე დადასტურდა. რეალური ლაშა ადამია დამკვირვებლის  მიერ ფოტოზე აღბეჭდილ  სამ ამომრჩევლთაგან არც ერთს არ ჰგავდა და ნაცვლად უბანზე გამოცხადებული ამომრჩევლის პირადობის მოწმობაზე მითითებული გაცემის თარიღისა - 10.11.2008, მისი ნამდვილი პირადობის მოწმბის გაცემის თარიღად 24.12 2009 წ.-ია მითითებული. ლაშა ადამიამ ინტერვიუზე და ფოტოს გადაღებაზე უარი განაცხადა, თუმცა, პირად საუბარში მ/წ 30 მაისის არჩევნების დღე დეტალურად გაიხსენა. მისი თქმით, #4 საარჩევნო უბანზე დღის პირველ ნახევარში  მივიდა და აღმოაჩინა, რომ მის ნაცვლად ხმა უკვე მიცემული იყო. რეგისტრატორის მიერ მისთვის ნაჩვენებ სიაში მისი გვარის გასწვრივ ხელი უკვე მოწერილი დახვდა. როცა განმარტება მოითხოვა, აღმოჩნდა, რომ რეგისტრატორი, ვინც მის ნაცვლად დაუდგენელ პიროვნებას მიაცემინა ხმა, მეგობრის და იყო, ამიტომ დავა აღარ გაუგრძელებია და უბანი დატოვა.

ხმის მისაცემად მისული გოჩა ალანიას პირადობაც 10.11.2008-ში იყო გაცემული და ისიც მისი თანმხლები პირების ანალოგიურად მოიქცა - რეგისტრატორს პირადობა წარუდგინა, ხმა მისცა და წავიდა. როგორც შემდგომი მოკვლევით აღმოვაჩინეთ, მის პირადობაში მითითებულ მისამართზე მცხოვრები გოჩა ალანია იმ დღეს არჩევნებზე არ ყოფილა და არც ფოტოზე აღბეჭდილთაგანაა რომელიმე. მისი განცხადებით, ის უკვე რამდენიმე წელია არც ერთ არჩევნებზე ხმის მისაცემად არ წასულა. 
ნოდარ აბხაზავას, ლაშა ადამიასა და გოჩა ალანიას ნაცვლად, ყალბი პირადობებით, უბანზე ხმის მისაცემად  მისული ადამიანები.
ნოდარ აბხაზავა, რომელიც უსინათლოა, ცხოვრობს დასთან და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება;
გოჩა ალანია, რომელსაც ასევე არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა


რა ზომები მიიღო გენერალურმა პროკურატურამ?

აღნიშნულ ფაქტებზე (ერთის გამოკლებით, რადგან ერთი ფაქტი იმ პერიოდისათვის გადამოწმებული არ იყო) არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, ფოტომტკიცებულებებთან ერთად, სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გენპროკურატურაში საჩივარი შეიტანა. პროკურატურა დღემდე დუმს. მას აქამდე არავინ დაუკითხავს და კითხვები, რომელიც ამ ფაქტების გამოვლენის შემდეგ გაჩნდა, კვლავ პასუხგაუცემელია: ვინ გასცა ყალბი პირადობის მოწმობები? როგორ მოხვდა ცესკო-ს სიაში ყალბი პირადობის მოწმობებიანი ადამიანები ყალბი მისამართებით? სად და ვინ  შეიმუშავა ეს დანაშაულებრივი სქემა? რომელი სახელმწიფო სტრუქტურები, საჯარო თუ კერძო პირები მონაწილეობდნენ ამ სქემის შემუშავებასა და შემდგომ მის განხორციელებაში? და ა.შ.

როგორ დაბლოკა სამოქალაქო რეესტრმა საჯარო ინფორმაცია?

             ჩვენი მოკვლევა თავდაპირველად  სამოქალაქო რეესტრის ფოთის სააგენტოდან დავიწყეთ და ვითხოვეთ იმ მოქალაქეთა სახელები და გვარები, რომლებსაც პირადობის მოწმობები 10.11.2008-ში ჰქონდათ აღებული. სააგენტოს თანამშრომელმა უპრობლემოდ გადმოიღო 2008 წლის ჟურნალი და ზეპირად ამოგვიკითხა 13 გვარი, რომელთა შორისაც არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი გვარი არ ფიგურირებდა. ამის შემდეგ, იგივე ინფორმაცია წერილობით მოვითხოვეთ, რაზეც უკვე სააგენტომ უარით გვიპასუხა. სააგენტოს უფროსი ბაკურ ცირამუა პირად საუბარში საკმაოდ გულწრფელი აღმოჩნდა: „კარგით ახლა, რად გინდათ ეს? რა, არ იცით არჩევნები როგორც ტარდებაო?“ აღნიშნულმა „დამრიგებლურმა“ პასუხმა საკმაოდ გაგვაოცა, რადგან ჩვენ ინფორმაცის გამოთხოვნის არც ერთ ეტაპზე სიტყვა „არჩევნები“ არ გვიხსენებია. 
          სამოქალაქო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციულ საჩივარზეც უარით გვიპასუხა, რაც იმით ახსნა, რომ მოქალაქეთა სახელები და გვარები კონფიდენციალურია, რადგან მათი იდენტიფიცირება ხდება შესაძლებელი. იურისტი კახა სოფრომაძე განმარტავს, რომ ეს პასუხი აბსურდია, რადგან ამ ლოგიკით, კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს სატელეფონო ცნობარები და საარჩევნო სიები და ა.შ. მისი თქმით,  მხოლოდ სახელი და გვარი პიროვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას არ შეიცავს.
                                  
                                              ვისი ხელმოწერებია ყალბ მოწმობებზე?

         სამოქალაქო რეესტრის ფოთის სააგენტოს 2008 წლის მაისიდან 2009 წლის იანვრამდე უჩა ჯგუბურია ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულ  პირადობის მოწმობებზე არსებული ხელმოწერები მას არ ეკუთვნის და გაყალბებულია.
-„მართალია, ძალიან უცდიათ მიმსგავსება, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს ჩემი ხელმოწერა არ არის. ამას სპეციალისტი არც სჭირდება, ვიზუალურადაც ჩანს. ქაღალდი, რომელზეც მოწმობები იბეჭდება, განსაკუთრებულია, მას მკაცრი აღრიცხვის ბლანკი ჰქვია და მისი გაყალბება შეუძლებელია. თუკი ვინმე გადაწყვეტს და სხვის პირად მონაცემებში სხვა მოქალაქის სურათს ჩააკრავს, ეს პირდაპირ სისხლის სამართლის საქმეა.
          ჩემი მუშაობის პერიოდში პროცედურა ასეთი იყო: ჩემთან მოდიოდა გამზადებული, სურათჩაკრული პირადობა. მე სურათს ვაკრავდი ჰოლოგრამას, კომპიუტერით ვიღებდი ძველ ფორმა ერთებს, ვამოწმებდი, შეესაბამებოდა თუ არა კომპიუტერიდან ამოღებული მონაცემები და სურათი ჩემს ხელთ არსებულს, შემდეგ ვაწერდი ხელს და ვუკეთებდი ლამინირებას. ამ ქაღალდისა და ამ ჰოლოგრამის გაყალბება, ითვლება, რომ შეუძლებელია. მაინც მგონია, რომ ეს ფოტოშოპით გაკეთებული ფურცლები იქნებოდა, თუმცა, დარწმუნებული ვერაფერში ვიქნები.
       მკაცრი აღრიცხვის ბლანკი ინახებოდა უშუალოდ ჩემს სეიფში და გასაღები მქონდა მხოლოდ მე.  მივლინებაში ყოფნის დროს, ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში, გასაღები ჰქონდა მოვალეობის შემსრულებელს (უმეტეს შემთხვევაში, მარინე  გუჯაბიძეს და იშვიათად, სხვას) და ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, მე ვწერდი განცხადებას. ამის შემოწმება ახლაც შეიძლება, სათავო სამსახურს ეს ჩანაწერები, წესით, უნდა ჰქონდეს.“
        უჩა ჯგუბურია იხსენებს, რომ დანიშვნიდან თითქმის 10 თვე არც მივლინებაში წასულა და არც სხვა შემთხვევაში დაუტოვებია ვინმესთვის გასაღები, ამიტომ გამორიცხავს, რომ მკაცრი აღრიცხვის ბლანკები ყალბი მოწმობებისთვის მისი მუშაობის პერიოდში აეღო ვინმეს. ის დარწმუნებულია, რომ გამყალბებლების პოვნა სურვილისა და მონდომების შემთხვევაში ძნელი არ იქნება. მან საკუთარი ხელმოწერის საილუსტრაციოდ, ხელი ცარიელ ქაღალდზე მოგვიწერა:
უჩა ჯგუბურიას ნამდვილი ხელმოწერა . 
ფოთის საოლქო კომისიის წვლილი გაყალბების სქემაში

        ფოთის №70 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ზაალ კუჭუხიძე, რომელმაც ამ თანამდებობაზე ვარდების რევოლუციიდან 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩათვლით იმუშავა, ბოლო არჩევნების შემდეგ ფოთის საზღვაო ნავსადგურში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაწინაურდა. „მე საჯარო მოხელე აღარ ვარ და  ვალდებული აღარ ვარ კითხვებზე გიპასუხოთ. მაინც გიპასუხებდით, მაგრამ დრო არა მაქვს“,- ასე დასრულდა ჩვენი ერთთვიანი მცდელობა, მიგვეღო პასუხი კითხვებზე : 30 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, რატომ არ აძლევდა ის უბანზე მყოფ დამკვირვებელს მუშაობის საშუალებას? რატომ ემუქრებოდა დამკვირვებელს საჩივრის დაწერის შემდეგ უბნიდან გაძევებით? რატომ იცავდა უბნის თავმჯდომარესა და რეგისტრატორებს ასე თავგამოდებით და არ ცდილობდა არც ერთი საჩივრის გადამოწმებას ან დაკმაყოფილებას? რატომ გაატარა თითქმის მთელი დღე № 1 საარჩევნო უბანზე, მაშინ, როცა ფოთში კიდევ 31 საარჩევნო უბანი მუშაობდა? და ა.შ.
იცოდა თუ არა კუჭუხიძემ ყალბი პირადობის მოწმობების შესახებ? ამ კითხვაზე ცალსახა  პასუხის გაცემა ძნელია. თუმცა, მისი ქცევა საეჭვოს ხდის მის ობიექტურობას: კენჭისყრის პროცესში, #1 უბანზე, დამკვირვებლის მიერ  ერთ-ერთი საეჭვო პირადობის მოწმობის გადამოწმების მცდელობისას, მან ჯიქურ არ მისცა პირადობისთვის  ფოტოს გადაღების საშუალება: ჯერ მაგიდაზე დადებულ პირადობის მოწმობას საკუთარი სხეულით გადაეფარა, ისე, რომ გადაღებისას კადრში მხოლოდ მისი ზურგი მოხვდა, შემდეგ კი  ფოტოს გადასაღებად  გამზადებული მოწმობა  მაგიდიდან ყვირილით ააცალა დამკვირვებელს და მოქალაქეს ამგვარად მიმართა: „რას აძლევდი ამას პირადობას, ვერ გადაახიე თავზე?“- და პირადად გაუძღვა აღნიშნულ მოქალაქეს უბნიდან.

უბანზე სიტუაციის ყოველი გამწვავებისას, საოლქოს თავმჯდომარე ჩნდებოდა და ის გამუდმებით ვიღაცას აყენებდა საქმის კურსში მომხდარის შესახებ ტელეფონით;
საოლქოს თავმჯდომარე დამკვირვებელს საეჭვო პირადობის მოწმობის გადაღების უფლებას არ აძლევს


         საოლქოს სხდომაზე კი, საჩივრების განხილვისას, ისე ოპონირებდა #1 უბნის დამკვირვებელთან, რომ არც ერთი საეჭვო მისამართი და პიროვნება არ გადაუმოწმებია. უფრო მეტიც, მან საჩივრების ავტორს პოლიციის გამოყენებით სხდომა „რეგლამენტის დარღვევისათვის“ დაატოვებინა, რაც მიზნად ისახავდა კომისიის წევრებისთვის მტკიცებულებების დამალვას, რის შემდეგაც სხდომა საკუთარი სურვილისამებრ წარმართა და დარჩენილი 7  საჩივარი კომისიას ნახევარ საათში განახილვინა. საოლქოს თავმჯდომარის მცდელობა - ჯერ უბანში გაენეიტრალებინა საჩივრები, ხოლო შემდგომ საოლქოში, წარმატებით დასრულდა.
      2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღის დეტალებზე საუბარს კუჭუხიძე მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში თანხმდება - თუკი ამ პასუხების მოსმენას მისგან სამართალდამცავები მოინდომებენ.
  
როგორ შეიძლებოდა ტექნიკურად აღმოჩენილიყო ყალბი მოწმობები ცესკოს სიებში? 

     „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოები შეასრულა საარჩევნო სიების გაუჯობესების პროცესში ამომრჩეველთა ბაზაში ხარვეზების გამოვლენისა და აღმოფხვრის, ასევე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან მონაცემების სტანდარტიზაციისა და ინტეგრაციის მიზნით, რის შედეგად გასწორდა 117,556 შინაარსობრივი და 185,002 ათასი ტექნიკური ხარვეზი. პოლიტიკური პარტიების ხელშეწყობის მიზნით, ცესკო ყოველ შაბათს აწყობდა შეხვედრას მონიტორინგის მონაწილე სუბიექტებთან. მონიტორინგის მონაწილეები პირველად გახდნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც სახელმწიფოსაგან მონიტორინგის განხორციელებისათვის მიიღეს 1 200 000 ლარი“ („ზოგადი ინფორმაცია არჩევნების შესახებ“, ცესკო-ს ვებ-გვერდიდან). 
      სიების მონიტორინგში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, თუმცა, როგორ აღმოჩნდა, მსგავსი შემთხვევები სიებში, რომელიც, ბუნებრივია, მხოლოდ აღნიშნული შემთხვევებით არ იქნებოდა შემოფარგლული და, შესაძლოა, გადამწყვეტი გავლენაც კი მოეხდინა საბოლოო შედეგზე, ჯერჯერობით, გაურკვეველია.
       „ფაქტია, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილია ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომელთა წარმომადგენლებიც დასაქმებული არიან სხვადასხვა სახელმწოფო სამსახურებში, მაგალითად, სამოქალაქო რეესტრი (რომელმაც, სავარაუდოდ, გასცა აღნიშნული მოწმობები და ინფორმაცია), ცესკო (რომელმაც, სავარაუდოდ, დავალება მისცა საკუთარ თანამშრომლებს, რომლებიც სიებს აყალიბებდნენ, რათა თვალი დაეხუჭათ, თუ ამ ფაქტთან დაკაშირებით მოხდებოდა რაიმე „განსაკუთრებული შემთხვევა“), ასევე თვითმმართველობის ორგანოებში და საარჩევნო შტაბებში, ვისთვისაც ხელმისაწვდომი იყო ინფორმაცია ამომრჩეველთა შესახებ (მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ადგილსამყოფელის და ა,შ.); ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით (მოტყუებით, მოსყიდვით, ნათესავებისა და ახლობლების საპატიმროებიდან გამოშვების, სამსახურში დანიშვნისა და დაწინაურების დაპირებებით და ა.შ.) ასრულებდნენ დავალებას, რითაც სჩადიოდნენ დანაშაულს. ამასთანავე, ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ასეთ პირებზე გაცემულია ხელშეუხებლობის გარანტიები“, - აცხადებს „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის“ ხელმძღვანელი, იურისტი, ემზარ პაქსაძე.
          მისი თქმით, პროკურატურა ვალდებული იყო გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა დაეწყო დამნაშავე პირთა მიმართ, რაც არ გააკეთა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას არა აქვს ნება, გამოავლინოს და დასაჯოს დამნაშავე პირები. -„ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება მფარველობს ამ პირებს. მაშინ, როცა ხელისუფლება ამაყობს საკუთარი მიღწევებით კრიმინალთან ბრძოლაში და თითქმის ყველა დარწმუნებული ვართ, რომ არაფერი ხდება ძალოვანი სტრუქტურების ფარულად, შეიძლება შეიქმნას ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს მინიმუმ სიების გაყალბებას, მაქსიმუმ სჩადის ამის თანმდევ უამრავ დანაშაულს (სამსახურებრივი დანაშაულები, ყალბი დოკუმენტიას დამზადება ა.შ)? ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მიუხედავად სადამკვირებლო ორგანიზაციებისა და სხვა პირების მითითებისა, არც  ერთი ე.წ. „საარჩევნო დანაშაულებს“ მიკუთვნებულ საქმეებში ბრალდებული პირი არ დასჯილა,“- აცახდებს პაქსაძე. 
  
------------------------------ 

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ცალკეულ ნაწილთა პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცის მიერ დემოკრატიულად გამოცხადდა.
 „ეს არჩევნები გამოირჩეოდა აშკარა გაუმჯობესებით და ხელისუფლების მცდელობებით, მოეგვარებინა პროცესის დროს წარმოშობილი პრობლემები. ახლა დროა არსებული ხარვეზები გამოსწორდეს და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა შემდეგი არჩევნებისთვის ჯერ კიდევ არსებული ხარვეზებიც დაიძლიოს,” - განაცხადა OSCE/ODIHR-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ოდრი გლოვერმა არჩევნების მეორე დღეს, რაც არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად გამოცხადებისათვის ხელისუფლებისთვის  სერიოზული საფუძველი გახდა.

 ელისო ჯანაშია
 ნინო თუნთია 
 ------------

 სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში: „ჟურნალისტური გამოძიება სამეგრელოში, რომელსაც აფინანსებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება“. სტატიის შინაარსი არ გამოხატავს ევროკავშირისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს. მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი „თავისუფალი სიტყვა“