Sunday, November 8, 2009

პალიასტომის ტბა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე


იზა სალაყაია

პალიასტომის ტბის განვითარება ბუნებრივად გაწონასწორებულ ეკოლოგიურ პირობებში ათასწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა. ახლო წარსულში ტბა ტორფიან ჭაობებთან და ტყეებთან ერთად განუმეორებელ პეიზაჟს ქმნიდა და საქართველოს ტბებს შორის თევზით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბუნებრივი წყალსატევი იყო, სადაც ოთხ ათეულზე მეტი სახეობის თევზი ბინადრობდა. დღეს ტბის დეგრადირებულ ეკოსისტემას გადაგვარება და საბოლოოდ კი მოსპობა ემუქრება. ეკოლოგები ხელისუფლებას პალიასტომის გადარჩენის საკითხის დღის წესრიგში დაყენებას სთხოვენ.
`პალიასტომი” ბერძნული სიტყვაა და ზღვის ძველ უბეს ნიშნავს. პალიასტომის ტბა შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარეობს. ძირითადი ნაწილი ტბის მთავარ შენაკადზე, მდინარე ფიჩორზე, მოდის. მისი შენაკადია მდ. შავი წყალიც. ტბას ტრაპეციის ფორმა აქვს, ნაპირები დაბალი და ციცაბოა. შორეულ წარსულში როგორც ტბა, ისე მისგან გამომდინარე მდ. კაპარჭა უფრო მეტად გამოიყენებოდა ნავმისადგომად, ვიდრე მათ მეზობლად მდებარე ზღვის სანაპირო აკვატორია. პალიასტომის ტბა ახლომდებარე ჭაობებთან, დაჭაობებულ ტყეებთან და შავი ზღვის აკვატორიასთან ერთად ევროპიდან ევრაზიისკენ და პირიქით, გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთი ძირითადი გასაჩერებელი და დასაზამთრებელი ადგილი იყო. ნოტიო ჰავისა და ჭაობის წყალუხვი მდინარების გავლენით პალიასტომის ტბა წარმოშობის მომენტიდან მეოცე საუკუნის ოციან წლებამდე მუდამ მტკნარი წყალსატევი იყო.
ექსპერტები ეკოლოგიურ საკითხებში ჭიჭიკო ჯანელიძე და აკადემიკოსი ანზორ ტყებუჩავა თავიანთ კვლევებზე დაყრდნობით აღნიშნავენ, რომ პალიასტომის ტბის ეკოსისტემის დეგრადაცია ოციანი წლებიდან დაიწყო. ისინი არც ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროებასა და ტბის გაქრობას გამორიცხავენ. ტბის ჭაობად ქცევის მაგალითად ტყებუჩავას გურიის ტერიტორიაზე მდებარე იმანათის ტბის მაგალითი მოჰყავს.
`1924 წელს პალიასტომი შავ ზღვასთან მალთაყვის არხით იქნა დაკავშირებული. არხი გაჭრილი იყო იმ მიზნით, რომ გაზრდილიყო პალიასტომის ტბიდან ზღვისკენ ჭარბი წყლის მასების გადინების ტემპი და მოცულობა, რათა წყალდიდობის დროს თავიდან აეცილებინათ ფოთის დატბორვა,” _ განმარტავს ჯანელიძე და აღნიშნავს, რომ ტბის შავ ზღვასთან არხით ხელოვნურად დაკავშირებამ ფოთის წყალდიდობისაგან დაცვის პრობლემა დადებითად გადაჭრა, მაგრამ სხვა უარყოფითი შედეგიც მოიტანა.
ანზორ ტყებუჩავას თქმით, დიდ ფართობებზე ტყეების გაკაფვამ, ზედაპირზე წყალსაწრეტი და წყალსადინარი არხების გაჭრამ, რითაც ჭაობი დაშრა, მდინარეთა დაკლაკნილი კალაპოტების ხელოვნურად გასწორებამ და ზღვისპირა ჭაობიდან დიდი ოდენობით ტორფის ამოღებამ კიდევ უფრო გაამძაფრა ტბის ისედაც მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა. ეკოლოგები მიიჩნევენ, რომ ამ საქმიანობამ საგრძნობლად მოშალა ჭაობებისა და დაჭაოებული ტყეების, როგორც ბუნებრივი ფილტრატების, ფუნქცია. ტყებუჩავას მტკიცებით, არხებისა და მდინარეთა ხელოვნურად გასწორებული კალაპოტების ძირზე, აგრეთვე ტორფის მოპოვების ადგილებზე გაჩენილ უამრავ გუბურაში დაიწყო მკვდარი მცენარეული მასის და პირველ რიგში, ტორფის აჭრილი ფენების წყალში გახრწნა, რამაც მავნე ბიოლოგიური ელემენტების დიდი რაოდენობით წარმოქმნა და იმავე ნივთიერებებით პალიასტომის შენაკადების დაბინძურება გამოიწვია. ეკოლოგის განმარტებით, პალიასტომის წყლის ბიოგენური დაბინძურების შედეგად მოიკლო მისმა გამჭვირვალებამ, შესაბამისად, ფოტოსინთეზის ინტესივობამ და ტბამ, როგორც ბუნებრივად მტკნარმა წყალსატევმა, არსებობა შეწყვიტა. პალიასტომის წყლის დამლაშებამ თევზების მთელი რიგი სახეობა გაანადგურა. ტბა და მასთან დაკავშირებული წყალსატევები მტკნარი და გამდინარე წყლების დიდ ნაკლებობას განიცდიან.
ტბის ჩრდილო ნაწილი, რომელიც დეგრადაციას განიცდის, შამბნარითაა დაფარული, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ქვეწარმავლების, კოღოებისა და სხვა მწერებისათვის. ამის გამო ძალიან რთული ეკოლოგიური და სანიტარული მდგომარეობაა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და ცხოვრების ხარისხზე.
პალიასტომის ტბის ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა განხორციელების შესახებ საქწყალპროექტის ინსტიტუტმა ჯერ კიდევ 1991 წელს შეიმუშავა პროგრამა `პალიასტომი”, რომლითაც ტბის ეკოლოგიური გაჯანსაღების ორი ვარიანტია შემოთავაზებული. პირველის თანახმად, უნდა მოხდეს პალიასტომის შავ ზღვასთან დამაკავშირებელი მალთაყვის არხის გაუქმება, რათა ტბაში აღდგეს ადრინდელი ჰიდროდინამიკური, ჰიდროლოგიური და ჰიდრობიოლოგიური პირობები. არხის გადაკეტვასთან ერთად უნდა აღდგეს მდ. კაპარჭას ბუნებრივი ჰიდრავლიკური რეჟიმი, რისთვისაც საჭირო იქნება მისი კალაპოტის ფსკერის გასუფთავება და დაღრმავება. ამავე ვარიანტში პროგრამის ავტორები ფოთის წყალდიდობისგან დატბორვის პრობლემასაც ითვალისწინებენ და რიონის მარცხენა ნაპირის 15კმ-ის სიგრძის მონაკვეთზე მოზვინვას ამჯობინებენ. მეორე ვარიანტი კი ტბის თანამედროვე ჰიდროდინამიკური, ჰიდროლოგიური და ჰიდროქიმიური პირობების შენარჩუნებასა და ჰიდრობიოლოგიური პირობების გაუმჯობესებას ფსკერის ხელოვნური დაღრმავებით ითვალისწინებს. პროგრამა `პალიასტომის” ავტორები უპირატესობას მეორე ვარიანტს ანიჭებენ იმ მოსაზრებით, რომ ტბის ფსკერის გაღრმავების შედეგად ამოღებული საპროპელი (გარხწნილი მცენარეული და ცხოველური უჯრედები) გამოყენებული იქნება მაღალი ხარისხის ორგანული სასუქის დასამზადებლად.
ტბის ხელოვნურად დაღრმავების პროცესს არ ეთანხმება ანზორ ტყებუჩავა. მისი თქმით, პალისტომის სიღრმე ამ დროისთვის 6 მ-დან 2,60 მ-მდეა შემცირებული. ფსკერიდან მასის ამოღება არამყარი გრუნტის პირობებში ტერიტორიის დახრილობის კუთხის გაზრდას გამოიწვევს. `დაცურების გამო კი არსებობს საფრთხე, რომ მისი ჩაშვება და ტერიტორიის ამოვსება გამოიწვიოს და დაღრმავების ნაცვლად მთლიანდ გავაქროთ ტბა” _ აღნიშნავს ტყებუჩავა და ხელოვნური გაღრმავებით გამოწვეულ სხვა პრობლემებზეც საუბრობს _ მოისპობა ტბის ფსკერზე მობინადრე მცენარეული და ცხოველური წარმოშობის დეტრიტი (მკვადრი უჯრედები), რაც თევზებისათვის ძირითად საკვებს წარმოადგენს და მისი ხელახალი წარმოქმნისთვის რამდენიმე ასეული წელია საჭირო. მისივე თქმით, თუ ტბის დაღრმავების პროცესში მხოლოდ საპროპელის ზედა ჰორიზონტი იქნება მოხსნილი, მაშინ გაიხსნება ტორფის ჰორიზონტის ზედაპირი, რომელიც დიდი ოდენობით სუსტად გახრწნილ ორგანულ მასალას შეიცავს. ამ მასალის წყალქვეშ გახრწნა კი ათეულობით წლების განმავლობაში გაგრძელდება და, შესაბამისად, გააძლიერებს ტბის ბიოლოგიური დაბინძურების პროცესს.
ტყებუჩავა და ჯანელიძე მალთაყვის არხის გაუქმების მომხრეები არიან და მიაჩნიათ, რომ ამით პალისტომის ეკოლოგიური პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდება. ტყებუჩავას გამოკვლევით, არხის გაუქმება დღის წესრიგიდან მოხსნის მხოლოდ ტბის წყლის დამლაშების საკითხს და არავითარ გავლენას არ მოახდენს მისი ბიოგენური ელემენტებით დაბინძურების პროცესზე. `განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს არხის გადამკეტი ნაგებობის კონსტრუქციას, რომელიც ისე უნდა იქნეს მოწყობილი, რომ გზა დაუხშოს ზღვის წყალს ტბისაკენ და თავისუფლად გაატაროს წყალი ტბიდან ზღვისკენ,“ _ აღნიშნავს ჯანელიძე და ათასწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბებულ პალიასტომის ტბის ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენაზე საუბრობს. მას მიაჩნია, რომ ტბის ეკოლოგიური წონასწორობა სხვადასხვა კომპონენტების ერთობლივი მოქმედების ფონით იყო განპირობებული, რომელმაც ანთროპოგენური ფაქტორის ზემოქმედებით უარყოფითი ტრანსფორმაცია განიცადა, რაც უშუალოდ აისახა ტბის ეკოლოგიურ პირობებზე. `ანთროპოგენური ფაქტორის უარყოფითი ზეგავლენა გაცილებით ადრე აუზის მცენარეულმა საფარმა განიცადა, შემდეგ რელიეფმა, ჰიდროგრაფიულმა ქსელმა და ცხოველთა სამყარომ,” _ განმარტავს ჯანელიძე და პალიასტომის ტბის დარღვეული ეკოლოგიური პირობების სრული ბუნებრივი სახით აღდგენას შეუძლებლად მიიჩნევს, ვინაიდან ტბის აუზის მნიშვნელოვანი ნაწილი დასახლებულ პუნქტებს, კულტურულ და სახეშეცვლილ ანთროპოგენურ ლანდშაფტებს (მეორადი მდელოები, ტყე-ბუჩქები, დეგრადირებული ჭაობები) უკავია. წონასწორობის აღდგენისთვის საჭიროა მის აუზში ბუნებრივი ლანდშაფტების შექმნა, რაც ურთულეს სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული, ვინაიდან ამისათვის საჭირო იქნება დასახლებული პუნქტების გაუქმება და მოსახლეობის გაყვანა ტბის წყალშემკრები აუზიდან.
ეკოლოგები პალისტომის ტბისთვის პირველადი მდგომარეობის დაბრუნებას შეუძლებლად მიიჩნევენ. მხოლოდ მისი გადარჩენის, დეგრადაციის შეჩერების შესაძლებლობებზე დასკვნის სახით საუბრობენ და აუცილებელ პირობად მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავებასა და პრაქტიკულად განხორციელებას _ მალთაყვის არხის გაუქმებას, ტორფის მოპოვებაზე, ტყების გაკაფვაზე, თევზჭერასა და ნადირობაზე მკაცრი კონტროლის დაწესებას მიიჩნევენ.
P.შ. როცა აშშ-ში მდებარე მიჩიგანის ტბის უნიკალური ეკოსისტემა დეგრადაციას განიცდიდა და გაქრობის საფრთხის წინაშე იდგა, ამერიკის მთავრობამ ტბის პირველადი მდგომარეობის აღსადგენად 70 მლნ. დოლარი გამოყო, რითაც ტბა გადარჩა.

No comments:

Post a Comment

Post a Comment