Monday, October 26, 2009

პატარა ნინო ოჯახს ჯართის შეგროვებით არჩენს!

რამდენიმე დღის წინ სოციალურად შეჭირვებული, მცირეწლოვანი ნინო გ. დედასთან ერთად, ქალაქის მერთან ფინანსური დახმარების სათხოვნელად მისულიყო. მერთან შუამდგომლობა ნაბადის მუნიციპალიტეტის უფროსმა, ირაკლი დუნდუამ გაუწია და კაბინეტშიც მისი დახმარებით შეაღწია. საღინაძეს უთქვამს, არ მაქვს უფლება მოსახლეობას ფინანსური დახმარება გავუწიო, მაგრამ თქვენ შემთხვევაში გამონაკლისს დავუშვებ და ერთ-ორ დღეში დაგეხმარებითო. მას შემდეგ ერთი კვირა გავიდა...

ცამეტი წლის ნინო გ. ოჯახთან ერთად, ნაბადის უბანში ნახევრად სახურავგადახდილ და ფანჯრებაჭედილ სახლში მშობლებთან, სამ დასთან და სამ მცირეწლოვან დისშვილთან ერთად ცხოვრობს.

"თავისუფალი სიტყვა" პატარა ნინოს სახლში ეწვია, სადაც ნინოსთან ერთად დედამისი - ქალბატონი ელენე და ნინოს დისშვილები _ გიორგი და ანა დაგვხვდნენ. ნინო იმ დღეს სკოლაში ფეხსაცმლის უქონლობის გამო არ წასულა...

ნინოს ოჯახს სოციალურად დაუცველთა პროგრამამ ყველაზე დაბალი ქულა მიანიჭა. ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს. ნინოს დედა ხშირად ავადმყოფობს, გადაადგილება უჭირს; ხოლო მამა, რომელსაც ფეხის ტკივილები აწუხებს და განგრენის ნიშნები აქვს, წლებია, უშედეგოდ ცდილობს სამსახურის შოვნას. ნინოს დები _ ლეილა და რუსიკო _ ნაბადის მეექვსე საჯარო სკოლაში სწავლობენ და რადგან არც წიგნები აქვთ და არც ფეხსაცმელები, სკოლაში მონაცვლეობით დადიან და ერთ წყვილ ფეხსაცმელს ერთმანეთისგან თხოულობენ.

ოჯახში ფულის ერთადერთი შემომტანი სწორედ ცამეტი წლის ნინოა, რომელსაც ჯართის შეგროვებით ოჯახის დახმარება გადაუწყვეტია. დღისით სკოლაში დადის, საღამოობით კი თავის თერთმეტი წლის დასთან ერთად ქუჩებში ჯართს აგროვებს. თუ გაუმართლებს და მოაგროვებს, სახლში მოიტანს, გადაახარისხებს და მეორე დღეს ჩასაბარებლად მიაქვს, რომ იმ ფულით ოჯახისთვის პროდუქტი იყიდოს.

"ნინო სახლში პურს რომ მოიტანს, მამამისი ტირის, შენს ნაშრომს როგორ უნდა ვჭამდე, მოგიკვდეს მამაო, მაგრამ რა ვქნათ, ეს არის ჩვენი მარჩენალი, ბავშვს ნერვიულობის ნიადაგზე ექიმებმა მწვავე ვეგეტონევროზის ფორმა დაუდგინეს" - გვითხრა ნინოს დედამ.

ბავშვთა პოლიკნიკის ექიმი ნანა ქანთარიას თქმით, ნინო დაახლოებით ერთი თვის წინ, ნერვული შეტევის ნიადაგზე პოლიკნიკაში მიიყვანეს. "ბავშვს აქვს ვეგეტონეროზი მწვავე ფორმით, ფაქტობრივად დაზიანებულია აქვს ნერვული სისტემა, ეს შესაძლოა გამოწვეული იყო მისი სოციალური პირობებიდან გამომდინარე. ბავშვებს არა აქვს ნორმალური კვების საშუალება, რამაც გავლენა იქონია აღნიშნულ დიაგნოზე. პაციენტს მოყვანისას ასევე აღმოაჩნდა ფილტვების ანთება, რის გამოც ხუთი დღე საავადმყოფოში იწვა" გვითხრა მან.

ნინოს, რომელმაც ოჯახის რჩენის ვალდებულება საკმაოდ ადრეულ ასაკში იტვირთა, და მის დებს, თანატოლებისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთი ოცნება აქვთ _ სახლი ჰქონდეთ და სახლში არ აწვიმდეთ.

"ერთადერთი, რაც მინდა, ეს არის სახლი. მინდა საწოლს არ აწვიმდეს და ღამით მშვიდად დავიძინო მეც და ჩემმა ოჯახის წევრებმაც" - გვითხრა ნინომ.

ოჯახს ზამთრის მოახლოების ეშინია, რადგან სახლის კედლები მორყეულია, სახურავი - ნახევრადჩანგრეული, კედლებზე ნესტისა და სისველის გამო სოკოებია ამოსული, იატაკი კი - დამპალი. ზამთრის სუსხს ისინი ასეთ პირობებში ხვდებიან.

როგორც ნინოს დედამ, ქალბატონმა ელენემ გვითხრა, დასახმარებლად არაერთხელ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ იმდენად მცირედი დახმარება მიიღო, რომ სახლის სახურავს კი არა, ცალ ფანჯარასაც ვერ გამოცვლიდა.

"სახლი ნახმარი და ნახევრადგაფუჭებული შიფერით ხუთი წლის წინ გადავხურეთ, დღეს კი არც ასეთი შიფერი გვაქვს. ზამთარი მოდის და იმის შიში მაქვს, რომ ბავშვები გამიცივდებიან. არც შეშის ყიდვის შესაძლებლობა გამაჩნია. გასულ წელს შეშა რომ არ მქონდა, ძველ მონაგროვებ ფეხსაცმლებსა და რეზინის ჩექმებს ვწვავდი. მერე მეზობლებმა მითხრეს, შეგვაწუხა სუნმა და მეტად აღარ ქნაო. რა მექნა, ბავშვები გადიოდნენ ტყეში და ფიჩხებს აგროვებდნენ. ასეთ უმძიმეს პირობებში ვცხოვრობთ, უკვე მაღაზიიდან ნისიადაც არ გვაძლევენ პურს, არც ერთი არ მუშაობთ და რისი გადამხდელები ხართო, გვეუბნებიან, ლამისაა ბავშვები შიმშილით დამეხოცოს, მაგრამ შიმშილს ვინ დაეძებს, შვილიშვილს, შვიდი თვის ბავშვს, ფილტვების ანთება აქვს და ჩემი ქმრისთვის აფთიაქში წამალი ნისიად არ მიუციათ... როგორ უნდა ვიცხოვროთ ასეთ პირობებში?! ერთადერთი, რასაც ვითხოვ, დასაქმებაა, როგორც არ შეუძლია ჩემს მეუღლეს, ისე იმუშავებს, მაგრამ სად? ჩვენთვის ყველა კარი დახურულია", - გვითხრა ქალბატონმა ელენემ.

დღეისათვის ოჯახის შემოსავალი შეჭირვებულებზე სოციალურად დაუცველთა პროგრამიდან გამოყოფილი 198 ლარი და მრავალშვილიანი ოჯახისთვის დაწესებული 50 ლარია.

"დახმარებებს ვიღებთ, მაგრამ მრავალსულიანი ოჯახი ვართ და პურის ფულადაც არ გვყოფნის. დღეს დახმარების ფული ავიღე, ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე მომადგა, სადაც ნისია მქონდა და სულ წამართვა, ერთი ლარიც კი არ დამიტოვა, რომ ბავშვებისთვის წამალი მეყიდა. არც მქონდა უფლება ფული არ მიმეცა, მაგათი წყალობით ვცხოვრობთ" - გვითხრა ნინოს დედამ.

მისი თქმით, დახმარება არა მხოლოდ ადგილობრივ ხელისუფლებას, ბიზნესმენებსაც რამდენჯერმე სთხოვა, თუმცა მოსმენითაც არავის მოუსმენია. `სხვისი გასაჭირის გულთან მიტანა არავის უნდა, მხოლოდ ერთხელ დამეხმარა ბიზნესმენი თენგო სარიშვილი ოცდაათი ლარით, დანარჩენები რატომღაც გვემალებიან.~ მეუღლისთვის სამსახური საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარის, დარეჯან ცხვიტარიასთვისაც, უთხოვია, თუმცა უშედეგოდ.

ცხვიტარიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ ოჯახის მდგომარეობა იცის, თუმცა ამ დროისთვის მათი დახმარება არ შეუძლია: `ყოვლისშემძლე ხომ არ ვარ, არ არის ეს სამუშაო ადგილები და მე რა გავაკეთო?! უახლოეს მომავალში ველოდებით თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ერთი-ორი ქარხნის გახსნას და აუცილებლად გავითვალისწინებ და დავეხმარები".

ეს ფაქტი ჩვენი სამწუხარო რეალობაა პრეზიდენტის მიერ დეკლარირებული ლოზუნგის - "საქართველო სიღარიბის გარეშე" - ფონზე.

P.S. ბავშვის ფოტოს და გვარს არ ვბეჭდავთ შეგნებულად, რადგან არ გვინდა პატარა ნინოს თანატოლებთან უხერხულობა შეექმნას. ხოლო ისინი, ვინც ამ ოჯახის გასაჭირს გულთან მიიტანენ და დახმარებას გადაწყვეტენ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ რედაქციაში, რის შემდეგაც ჩვენ დაგაკავშირებთ ოჯახთან.

ნონა გვილავა

No comments:

Post a Comment