Monday, October 26, 2009

რა ხდება აფხაზეთში?

აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსული მმართველობა უფრო და უფრო მკვიდრდება. რუსმა მესაზღვრეებმა საქართველო-აფხაზეთის პირობითი საზღვრიდან აფხაზი სამხედროები 2009 წლის 26 მაისიდან განდევნეს და მას შემდეგ საზღვარს მუდმივად ამაგრებენ. აფხაზეთში გადასვლა შეუძლებელია ფახულანი-საბერიოს შემოვლითი გზითაც. აგვისტოს ომის შემდეგ ოფიციალურმა მოსკოვმა აფხაზეთში პროპაგანდისტული მუშაობა გააძლიერა და ადგილობრივ მოსახლეობაში აქტიურ აგიტაციას ეწევა (ერთ-ერთი ასეთი აგიტაციის შესახებ ჩვენ "თავისუფალი სიტყვის" #18-ში გიყვებოდით _ "საქართველო კიდევ ერთ სოფელს კარგავს").

ქართული ნაციონალური მედია მოვლენების დრამატიზებას ცდილობს, რაც, ადგილობრივების თქმით, რუსებსა და აფხაზებს აღიზიანებს. საბოლოოდ კი ისევ იქ მცხოვრები ქართველები ზარალდებიან. ჩვენ რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით შევეცდებით მოგიყვეთ, თუ რა ხდება სინამდვილეში აფხაზეთში.

ლეკუხონა გალის რაიონის, საბერიოს საზღვრისპირა სოფელია. სოფელში რუსი მესაზღვრეების განსაკუთრებული აქტიურობა შეინიშნება. ლეკუხონას ქართულ სკოლაში სწავლა ჩვეულებრივ სექტემბერში დაიწყო, სკოლიდან 100 მეტრში კი რუსი სამხედროების ბაზაა განთავსებული. ამის გამო ბავშვების სკოლაში გაშვების ეშინიათ, მაგრამ 9 ოქტომბერს იქაურები რუსების კიდევ ერთმა ინიციატივამ შეაშინა. ამის შესახებ ლეკუხონას მკვიდრი ჩვენთან ინკოგნიტოდ საუბრობს - "ჩემი შვილი ლეკუხონას ქართულ სკოლაში სწავლობს. 9 ოქტომბერს რუსმა გენერალმა ყველა მშობელი სკოლაში დაგვიბარა. კრებას მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. გენერალმა ჩვენთან საუბარში მათი ახალი ინიციატივა გაახმაურა - ეს სკოლა უნდა დავხუროთ, თქვენს ბავშვებს კი საბერიოს სკოლაში გადავიყვანთ და მათთვის ავტობუსი გამოიყოფაო. ლეკუხონას სკოლის შენობაში წინასწარი დაკავების იზოლატორის გახსნა უნდათ. აქ ცხოვრება ძალიან საშიში ხდება. ახალგაზრდები, ფაქტობრივად, გარეთ ვერ გამოდიან. შეღამდება თუ არა, ქუჩაში გამოსვლა აკრძალული გვაქვს, თუ ვინმე ნახეს შეღამების შემდეგ, იჭერენ და აჯარიმებენ, სულ რეიდებს ატარებენ. ერთი ჩვენი მეზობელი ღამით ძროხის საძებრად იყო გასული, დაიჭირეს და პასპორტი მოსთხოვეს, არ აღმოაჩნდა და დააჯარიმეს. სადაც არ უნდა მივდიოდეთ, თან ძველი, საბჭოთა წითელი პასპორტი უნდა ვატაროთ, მაგის გარეშე აქ გადაადგილება შეუძლებელია." როგორც ჩვენი რესპოდენტი გვიყვება, პასპორტიზაციის პროცესი მათ სოფელს ჯერ არ შეხებია და კარგა ხანია, აფხაზური პასპორტის შესახებ ლაპარაკი არც ყოფილა. ჩვენთან საუბარში ქალბატონი აღნიშნავს - "აფხაზური პასპორტის აღებას ჩვენს სოფელში ბევრი აპირებს, ხალხს მშვიდი ცხოვრების სურვილი აქვს და ეს არც არის გასაკვირი."

ლეკუხონას სკოლისგან განსხვავებით, გალის რაიონის სოფელ საბერიოში მცხოვრები ბავშვები ქართველების მიერ კონტროლირებად სოფელ ფახულანის საჯარო სკოლაში გადმოდიან. ფახულანი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფელია, მის ერთ-ერთ უბან წყოუშის სკოლაში კი დევნილი ბავშვების რაოდენობა ადგილობრივებს სჭარბობს. თუმცა, რუსმა მესაზღვრეებმა საბერიოელი ბავშვების საზღვარზე გამოტარებაზე უარი თქვეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ რუს მესაზღვრეებს თხოვნით მიმართეს, რომ ბავშვები სასწავლებლად ქართულ სკოლაში გადმოეშვათ. დღეს ფახულანი-საბერიოს საზღვარს მხოლოდ სკოლის მოსწავლეები კვეთენ, მათი მშობლებისა და სოფლის სხვა მაცხოვრებლებისათვის ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთა მკაცრად აკრძალულია. ადგილობრივები რუსი მესაზღვრეების მიერ ბავშვების დაშინების ფაქტსაც იხსენებენ - "პირველკლასელ ბავშვებს პრეზიდენტის საჩუქარი, ჩანთები, გადასცეს. მოგეხსენებათ, რომ ამ ჩანთებზე ქართული დროშა ხატია და რუსებს საშინლად აღიზიანებთ ყველაფერი, რაც ქართულია. მათ ჩანთებზე ეს დროშები გადაუფხეკავთ, უთქვამთ, ასეთი რაღაც არ დავინახოთო."

ადმინისტრაციულ საზღვარზე გამკაცრებულ სიტუაციაზე საუბრობს გაზეთ "სამეგრელოს ქრონიკის" რედაქტორი ლორა ქობალია. ქობალია გალის რაიონის სოფელ საბერიოში მალულად, მდინარით გადავიდა და ადგილობრივებს გაესაუბრა. ჟურნალისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იქ მცხოვრებნი არ ადასტურებენ ნაციონალური მედიასაშუალებებით გამოთქმულ ინფორმაციას, თითქოს რუსები საკვებს და სასმელს ითხოვენ - "ადგილობრივები ამ ინფორმაციას უარყოფენ, თუმცა, სოფელ საბერიოს მკვიდრებს სხვა პრობლემები აქვთ. რუსები მარტო ბაზაზე ყოფნით არ შემოიფარგლებიან, ისინი მიმოფანტულნი არიან ტყეებში, ყანებში, თხილნარებში და მკაცრად აკონტროლებენ საზღვრებს. ჩვენ გადავედით საკმაოდ საშიშ ადგილას და შემდეგ როგორც გავიგე, ჩვენი გადმოსვლიდან რამდენიმე წუთში იქ რუსი მესაზღვრეები მისულან. საბერიოს მოსახლეობა ჩვენთან საუბარში აღნიშნავდა, რომ სოფელში აფხაზებს საერთოდ არ ხედავენ, რუსები კი მათ ღამით გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ."

ჟურნალისტი ლორა ქობალია ჩვენთან საუბარში იმასაც ამბობს, რომ ადგილობრივებს მკაცრად აქვთ აკრძალური ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თხილის გადმოტანა. აფხაზეთში კი თხილის ფასი მის რეალურ ფასთან შედარებით 1-1,5ლარით ნაკლებია.

ჟურნალისტის საბერიოში ყოფნის წინა დღეს ერთ ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. "აფხაზეთი-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის გამო ერთი ქალბატონი დააკავეს და ის გალის წინასწარი დაკავების იზოლატორში 9 საათის განმავლობაში ჰყავდათ გამომწყვდეული. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მას ჯარიმა გადაახდევინეს. როგორც ამ ქალის ახლობლები მიყვებოდნენ, სანამ დაკავებული იყო, მის შესახებ მოუძიებიათ ყველაფერი _ სად ცხოვრობდა, სად მუშაობდა, მისი ნათესავები 90-იან წლებში აფხაზების წინააღმდეგ იბრძოდნენ თუ არა და ასე შემდეგ. ადგილობრივების თქმით, ჯარიმა ამჯერად 50 ლარის ექვივალენტს შეადგენს რუსულ რუბლში. ეს აფხაზების მიერ დადგენილი ძველი ტარიფი ყოფილა და რუსები თურმე მის 100-150 ლარამდე გაზრდას აპირებენ," - საბერიოს ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით ამბობს ჟურნალისტი ლორა ქობალია.

18 ოქტომბერს ინფორმაცია გავრცელდა, რომ გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში ერთი ეშელონი სამშენებლო მასალა დაცალეს. აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ზუგდიდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა აცხადებს, რომ სამშენებლო მასალები ფიჩორისა და აფხაზეთის სამხედრო ბაზების მშენებლობისთვისაა განკუთვნილი. კილანავას თქმით, ფიჩორის სამხედრო ბაზაზე რუსი მაღალჩინოსანი სამხედროები განთავსდებიან, ოტობაიას ბაზის მშენებლობა კი აქტიურ ფაზაშია გადასული და ის საზღვრის დაცვას მოემსახურება.

პაატა ლაგვილავა

No comments:

Post a Comment