Sunday, November 8, 2009

დავით ბოლქვაძის მკვლელობის საქმის ახალი დეტალები


პაატა ლაგვილავა


ჩვენებები, ჩანაწერები და კომენტარები

ვახტანგ (ლოთი) ქობალიას პოლიტიკურმა რეინკარნაციამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ყოფილი პატიმარი ლოთი ქობალია 1996 წელს, 11-თვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, დამნაშავედ სამშობლოს ღალატის, სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვისთვის და WTN-ის ჟურნალისტ დავით ბოლქვაძის მკვლელობისთვის სცნეს. მას თავიდან სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. თუმცა, რამდენიმე თვეში საქართველოს კანონმდებლობით სიკვდილით დასჯა აიკრძალა, განსასჯელს კი განაჩენი 20-წლიანი პატიმრობით შეეცვალა. 2004 წლის 9 მაისს მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების საფუძველზე ლოთი ქობალია გაათავისუფლეს.
ქობალია დღეს აცხადებს, რომ მას ჟურნალისტი არ მოუკლავს და არც საქართველოსთვის უღალატია. ფაქტებსა და რეალური მოწმეების მოყოლილ ჩვენებებზე დაყრდნობით შევეცადეთ გაგვერკვია, მოკლა თუ არა ყოფილმა სარდალმა ქობალიამ ჟურნალისტი ბოლქვაძე.

ბოლქვაძის საქმე

ბოლქვაძის ოჯახის განცხადებით, ლოთი ქობალია ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტის ჩაფარცხვას აპირებს და ამიტომაც სურს საქმის ხელახალი გამოძიება. 1996 წლის 19 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს მიერ ვახტანგ ქობალიასთვის გამოტანილ განაჩენში ვკითხულობთ: _ `1993 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 11 საათზე, ხობში ქობალიას ბანდებმა დააკავეს სამთავრობო ჯარების ვიცე-პოლკოვნიკი ლევან ცქიტიშვილი, მებრძოლები: დიმიტრი ბალალიშვილი და რამაზ დავითაშვილი, რომლებიც ხობში, სენაკი-ზუგდიდის საავტომობილო ტრასაზე გასტრონომის შენობასთან მიუყვანეს ვახტანგ (ლოთი) ქობალიას, რადგან ისინი სამთავრობო ჯარების შემადგენლობაში იბრძოდნენ ქობალიას ბანდების წინააღმდეგ. ამით განაწყენებულმა ქობალიამ უკვე განიარაღებული, დანებებული და ნაცემი ტყვეები მშვიდობიანი მოსახლეობის თვალწინ დახვრიტა. ქობალიას ბანდებმა ხობში დაატყვევეს საქტელერადიოკორპორაციის ჟურნალისტი დავით ბოლქვაძე და სამთავრობო ჯარების მებრძოლი: გოგიტა ონანაშვილი და პაატა გოგოლაშვილი. ბანდის წევრებმა უიარაღო ტყვეები ხობში მდინარე ხობისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, ზუგდიდი-სენაკის საავტომობილო მაგისტრალის ხიდის მახლობლად წარუდგინეს ლოთი ქობალიას. მან უიარაღო და ნაცემი ტყვეები მშვიდობიანი მოსახლეობის თვალწინ, ისე რომ არ შეისმინა დავით ბოლქვაძის თხოვნა, რომ იგი ჟურნალისტი იყო და არ მოეკლა, ტყვეებს ჯერ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა, შემდეგ კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით დახვრიტა დავით ბოლქვაძე, ონანაშვილი და გოგოლაშვილი”. (სტილი დაცულია) _ ეს განაჩენი მაშინ ქობალიამ და მისმა მომხრეებმა გააპროტესტეს და თქვეს, რომ შევარდნაძის სასამართლომ განაჩენი პოლიტიკური ნიშნით და არაობიექტურად გამოიტანა. თუმცა დავით ბოლქვაძის და, ასევე ჟურნალისტი თამარ ბოლქვაძე ჩვენთან საუბარში საქმის დეტალებს იხსენებს: `დათო 1993 წლის 28 ოქტომბერს ხობში დახვრიტეს. 9 ნოემბერს, დათოს დასაფლავების შემდეგ, მამაჩემი და ჩემი 4 ბიძა ხობში ჩავიდნენ. სადაც დათო დახვრიტეს, იმ მოედანზე მათ ხალხს ჰკითხეს _ ხომ არ იცით, ვინ მომიკლა შვილიო? იქ შეკრებილმა 50-ზე მეტმა ადამიანმა მათ უპასუხა _ ეს ლოთი ქობალია იყოო... დღეს ქობალიას მიზანია ხელახლა დაიწყოს გამოძიება, რადგან მოწმეების უმეტესობა უკვე გარდაცვლილია და სურს თავი გაიმართლოს, მაგრამ ამას ჩვენი ოჯახი არ დაუშვებს. ქობალია ლაჩარია და გამბედაობა არ ჰყოფნის, რომ დათოს მკვლელობა აღიაროს.”
თამარ ბოლქვაძე ამის შემდეგ, მხატვარ, ვახტანგ ნოდიას სახელის საკუთარ ძმასთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს. ზვიად გამსახურდიას ხატის შექმნის გამო ნოდიას მხედრიონმა ხელები 1993 წლის 26 ოქტომბერს მოაჭრა _ `ქობალიას მომხრეები ამბობენ, რომ სწორედ ეს გადაიღო დათომ და ამიტომაც მოკლეს. არადა, ნოდიას ხელი 26 ოქტომბერს მოაჭრეს, დათო კი დასავლეთში მხოლოდ 28 ოქტომბერს ჩავიდა. თავისთავად ეს არის მათი მოგონილი ისტორია ქობალიას გასამართლებლად. თუ ქობალია მკვლელი არ არის, რატომ მოიგონეს ეს ლეგენდა? ან ლოთი ქობალიას შენაერთები აკონტროლებდნენ მთელ დასავლეთს და ვინმე მის დაუკითხავად გაბედავდა ჟურნალისტის დახვრეტას? ეს იყო საჩვენებელი დახვრეტა. დახვრეტის შემდეგ ქობალიას უთქვამს, ღორებმა შეჭამონ, არავინ გაბედოს მათი დამარხვა, თორემ მათაც ზედ დავაკლავო. თუმცა, ჩემი ძმა ღამის სამ საათზე მოიპარეს ვიღაც ოქრომჭედელმა და ხობის საავადმყოფოს მედდამ და მალულად დამარხეს.~
თამარ ბოლქვაძე საკუთარი ძმის მკვლელობის მიზეზს ამგვარად ხსნის: _ `დათომ გადაიღო ის, რაც ლოთის არ აწყობდა. ამ მასალის გამომზეურება ქობალიას გაშიფრავდა და ამიტომაც მოკლა. ხობში დათო, ამერიკელი ჟურნალისტი გლებ ბლიანსკი და მსოფლიო ახალი ამბების კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი ნიკი კვიშინაძე წავიდნენ. როცა მკვლელობა მოხდა, ნიკი და ბლიანსკი მასალის გასაგზავნად იყვნენ წასულები. დათო კი დარჩა მოედანზე. შემდეგ სასამართლო პროცესზე, როცა გლებ ბლიანსკი ჩამოვიდა და ჩვენება მისცა, თქვა, რომ მოედანზე ლოთი ქობალიას გვერდით იდგნენ ტანკები `აფსნის~ წარწერით, იქვე იყვნენ ჩეჩნები და კაზაკები. სწორედ ეს მასალა ჰქონდა დათოს გადაღებული და ამიტომაც მოკლეს ჩემი ძმა.”
1993 წლის 28 ოქტომბერს, ხობის გახმაურებული დახვრეტის დროს შემთხვევით გადარჩა ვიცე-პოლკოვნიკი ლევან ცქიტიშვილი, ის ხობელებმა მალულად ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცქიტიშვილმა გამჯანმრთელების შემდეგ საავადმყოფოდან ახლობლებს წერილი გაუგზავნა, სადაც წერდა: `მიშველეთ, აქედან გამიყვანეთ, ქობალიამ რომ გაიგოს გადავრჩი, არ მაცოცხლებსო.” წერილის გაგზავნიდან მეორე დილით ცქიტიშვილი საავადმყოფოს პალატაში ყელგამოჭრილი იპოვეს. თამარ ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ ქობალიამ გადარჩენილი ცქიტიშვილი იმიტომ მოაკვლევინა, რომ მას ცოცხალი მოწმე არ სჭირდებოდა.
დავით ბოლქვაძისა და სამთავრობო ჯარების შენაერთების დახვრეტას მოწმეებიც ჰყავს. იმ პერიოდში გადაცემა `საღამო მშვიდობისათვის~ მიცემულ ინტერვიუში ხობელი პედაგოგი, ეთერ ბიწაძე ყვება: _ `მოიყვანეს სამი დატყვევებული ახალგაზრდა და კედელთან მიაყენეს. მალე გამოჩნდა თეთრი გრძელი უცხოური მანქანა. იქიდან გადმოვიდა წვეროსანი. კოჭლობდა, ხელში ეჭირა იარაღი. მე იგი ტელევიზორში ბევრჯერ მენახა, ეს იყო ლოთი ქობალია. იგი მიუახლოვდა ტყვეებს. პირველად დათო ბოლქვაძეს შეუყვირა. ბოლქვაძემ რაღაც მოწმობა აჩვენა, მაგრამ ლოთიმ ესროლა, ვგონებ სამჯერ ესროლა. გულმა არ მომითმინა და დახვრეტის ადგილას მივვარდი. რა დავინახე: ეს მშვენიერი ახალგაზრდები სისხლის გუბეში იწვნენ...”
უზენაესი სასამართლოს ორტომიან განაჩენში საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ ლოთი ქობალიამ დავით ბოლქვაძე და მასთან მყოფი ორი პირი სახალხოდ დახვრიტა. ამონაწერი მოწმე კუტალიას ჩვენებიდან: `1993 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 14 საათზე, ხობისწყლის ხიდთან, ჩემს სახლთან, ქობალიას რაზმელებმა სამი უიარაღო პირი მოიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს, როგორც შემდგომ გაირკვა ჟურნალისტ ბოლქვაძეს, ხელში ეჭირა გადამღები და იქ მისულ ქობალიას აჩვენა საბუთი. ამის მიუხედავად ქობალიამ ესროლა მას, შემდეგ კი დანარჩენ ორს და თან უყვირა თავის თანამებრძოლებს, რომ მათაც ესროლათ. როცა ისინი წაიქცნენ, ქობალიამ ბრძანა, მათთვის ხელი არ მოეკიდათ, ღორებმა შეჭამონო, ჩაჯდა მანქანაში და სენაკისკენ წავიდა.~
თამარ ბოლქვაძე სასამართლო პროცესს და იმ დღეს იხსენებს, როცა ლოთი ქობალიას გვარდიელმა, გელა ქარდავამ თქვა: `ლოთი, ხომ გეუბნებოდი, არ მოკლა, ჟურნალისტია-თქო?! ქარდავას ეს სიტყვები ლოთისთვის დახვრეტამდე უთქვამს, ქობალიას კი მისთვის დასაშინებლად უსვრია და დაუყვირია, შენც ღორივით გამოგჭრი ყელსო.”
ლოთი ქობალია ბოლქვაძის მკვლელობას არ აღიარებს. თუმცა, ციხეში ყოფნის დროს ის მკვლელად აწგარდაცვლილ ბადრი ზარანდიას ასახელებდა. თამარ ბოლქვაძე კითხვას სვამს – `კი მაგრამ, როდის არის ლოთი მართალი, მაშინ, როცა ბადრის აბრალებს დათოს მკვლელობას, თუ ახლა, როცა აცხადებს, მკვლელი საერთოდ სხვა ვიღაც არის და დავასახელებო.?”
თამარ ბოლქვაძე ლოთი ქობალიას მომხრეებისგან მოწმეების დაშინებასაც იხსენებს _ `ლოთი ქობალიას დის, შუმას, ბრძანებით გააუპატიურეს, მერე კი სცემეს და ტვინის შერყევა მიაღებინეს ლოთის მედდას, ნატო შენგელიას, რომელიც მათ წინააღმდეგ აძლევდა ჩვენებას. შენგელიას პროცესზე `მუნჯი მოწმე~ შეარქვეს, რადგან ქალი შიშით ვერ ლაპარაკობდა, შემდეგ კი მოსამართლეს ფურცლის ნაგლეჯზე დაუწერა _ `ვინც მე ეს ამბავი დამმართა, დარბაზში ზის და მეშინიაო.” წარმოიდგინეთ, რა დაშინებული ჰყავდათ მოწმეები. კიდევ ერთი მოწმე, გელა ქაცარავა, ვინც უშუალოდ თვითმხილველი იყო, თბილისში ჩამოვიდა ჩვენების მისაცემად, ქობალიას მომხრეებმა ის დააშინეს და ქაცარავა იძულებული გახდა სვანეთში გაქცეულიყო და იქ შეეფარებინა თავი. შემდეგ კი დედამისმა, ლუიზა ქაცარავამ, ახსნა-განმარტება გამოუგზავნა სასამართლოს, თუ როგორ აშინებდნენ მის შვილს.”

რას ამბობდა მაშინ ქობალია?

ლოთი ქობალიას სასამართლო პროცესზე მკვლელობა არ უღიარებია. თუმცა, გამოძიებისათვის მიცემულ პირველ ჩვენებაში ქობალია გამოძიებას მომხდარს ასე აღწერს –`ზუგდიდის მხრიდან ხობის ხიდთან მოვდიოდი, სადაც დავინახე, რომ მარჯვენა მხარეს, მაღაზიასთან მოჰყავდათ სამი პიროვნება, რომელთა ვინაობაც არ ვიცოდი. მებრძოლებმა მითხრეს, რომ ესენი მარადიორები არიანო. ამით მწყობრიდან გამოსულმა ვიყვირე, რამდენჯერ უნდა გაგიშვათ, რამდენჯერ უნდა გაპატიოთ უდანაშაულო ხალხის აწიოკება-მეთქი და ჩემს ხელთ არსებული პატარა ზომის `აკს-უ”, ე.ი. მოკლე ავტომატური იარაღიდან იმ სამი პიროვნების მიმართულებით მოვახდინე გასროლები. რამდენიმეჯერ გავისროლე, არ მახსოვს ისე ვიყავი მწყობრიდან გამოსული. შემდეგ გავიგე, რომ ერთ-ერთი ამ სამი პირიდან თითქოს ვიღაც ჟურნალისტი უნდა ყოფილიყო.” (ამონარიდი ჩვენებიდან) შემდგომ დაკითხვებში კი ქობალიამ ჟურნალისტის დახვრეტის ფაქტი უარყო.
თამარ ბოლქვაძემ ორიოდე კვირის წინ გაიგო, რომ `გაეროს~ შტაბ-ბინაში ინახება კასეტა, სადაც აღბეჭდილია ჟურნალისტ დათო ბოლქვაძის დახვრეტა, თამარ ბოლქვაძე ამბობს, რომ კასეტის გამოთხოვა მხოლოდ სასამართლოს გზით შეიძლება _ `ეს კასეტა ნათელს მოჰფენს ყველაფერს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კასეტაზე უშუალოდ დახვრეტის მომენტია აღბეჭდილი, არ ვიცით, ვინ გადაიღო, ან გაეროში როგორ მოხვდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს თავიდან ბოლომდე გაშიფრავს ქობალიას. ჩვენ გვაქვს სხვა კასეტებიც, მათ შორის ერთზე ფიქსირდება, რომ ქობალიას თანამებრძოლებს ფეხზე აცვიათ დათოს ბათინკები, რომელიც მას WTN-მა გამოუგზავნა და მეორე ისეთი საქართველოში არავის ექნებოდა. ჩემს ძმას გაცივება არ აცალეს, ისე გაძარცვეს ქობალიას ბანდიტებმა. დათოს კამერა რომ ვერ წაართვეს, მყესები ჩაუჭრეს და ისე გამოგლიჯეს ამ სადისტებმა.”

თამარ ბოლქვაძე სასამართლო პროცესის მიმდინარეობიდან იხსენებს, რომ ქობალიამ მოსამართლის კითხაზე _ `რატომ გაიტაცე ფოთის ბანკიდან 30 მილიონიო, უპასუხა: კი მაგრამ, ჯარს ჩაცმა და დახურვა არ უნდაო? მას არც უარყვია, რომ სახელმწიფოს 30 მილიონი მოპარა. თუ ვინმე საქართველოს მტერი ჰყოლია, ლოთი ქობალია ყველასთან შეკრული იყო და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ზურაბ ნოღაიდელს.”


ლოთი ლოთიზე

`თავისუფალი სიტყვა~ ლოთი ქობალიას ესაუბრა. ის შევარდნაძის სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და ხელახალ გამოძიებას ითხოვს: `ჩატარდეს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება; მეორე _ გამოიძიონ, რატომ გაასხვისეს საქართველოს ტერიტორიები, მაშინ და ახლა; მესამე რასაც ვითხოვ, არის, გამოძიებულ იქნას დათო ბოლქვაძის მკვლელობა და მეოთხე _ მაინტერესებს, რატომ არ გვაქვს ჩვენ ჩვენი სტატუსი და რატომ გვქვია მოხალისეები.”
ლოთი ქობალია დავით ბოლქვაძის მკვლელობას უარყოფს და ამბობს, რომ მკვლელი ვინც არის, იცის, ოღონდ მხოლოდ გამოძიებას გაანდობს _ `მაინტერესებს, რატომ არ სურს ბოლქვაძის ოჯახს ხელახალი გამოძიება, მე არც ხელისუფლებაში ვარ, რომ თქვან სასამართლო მიკერძოებული იქნებაო. ყველაფერი გამოვიძიოთ. მათ ეს იმიტომ არ სურთ, რომ იციან, მკvლელი მე არ ვარ. თუ სასამართლო მე დამადანაშაულებს, ხელახლა ავიღებ პასუხისმგებლობას, ვითომ საერთოდ არ ვმჯდარვარ ციხეში. რა მიზეზი უნდა ჰქონდეთ მათ, რომ გამოძიება არ ჩატარდეს? მხოლოდ ერთი _ არ სურთ გამოაშკარავდეს, თუ ვინ იყო მათი ძმა. არ მინდოდა ამაზე მესაუბრა, მაგრამ თქვენთან ვსაუბრობ პირველად _ დათო ბოლქვაძე მოკლეს ყაჩაღობის დროს. არსებობენ ამის მოწმეებიც და სწორედ ამისთვის ვითხოვ ხელახალ გამოძიებას. როგორც მოწმეებმა მითრეს, ბოლქვაძემ ერთ-ერთი ოჯახი გაძარცვა, ოჯახის უფროსი სთხოვდა, ერთადერთი ეს მანქანა გვყავს და არ წაიყვანოთო, ბოლქვაძეს კი ასე დაუბარებია _ მანქანას კი არა, სახლს ბორბლები რომ ჰქონდეს, მაგასაც წავიყვანდიო” _ ამბობს ლოთი ქობალია.
ჩვენს კითხვაზე, ხომ არ იცის, თუ ვინ არის ბოლქვაძის მკვლელი, ლოთი ქობალია გვპასუხობს _ `მე მოწმეებისგან ვიცი მკვლელი ვინც არის და თუ გამოძიება ითანამშრომლებს ჩემთან, ვიტყვი ყველაფერს. ისიც ვიცი, ბოლქვაძე რა დროს, სად და რისთვის მოკლეს, მაგრამ მე რომ ვიცი, არ კმარა, საჭიროა გამოძიება ჩატარდეს და საბოლოოდ დადგინდეს ყველაფერი.~ ჩვენ ქობალიას მის მიერ ციხეში ყოფნის დროს დასახელებული მკვლელი შევახსენეთ, ბადრი ზარანდია, მაგრამ ლოთი უკვე ასე საუბრობს: _ `ბადრი მიცვალებულია და მაგაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ მასთან ერთად სხვებიც არიან, ვინც დღეს ცოცხალია.” ამის შემდეგ ქობალია ჩვენს კითხვაზე, რომ ეს მკვლელობა მოხდა 28 ოქტომბერს ხობის ცენტრში ზარანდიას და მისი ხალხის მიერ, გვპასუხობს: _ `არა, იმ დღეს არ მომხდარა. მკვლელობა მოხდა მაშინ, როცა ჩვენ მდინარე `ცივზე” ვიბრძოდით. ჩვენ სენაკის განთავისუფლება გვინდოდა, ამ დროს სახლიდან ვიღაც კივილით გამოდიოდა და მისდევდა ყაჩაღებს, იქ ყოფილა ბოლქვაძეც და სწორედ ამ დროს მოუკლავთ.”ლოთი ქობალიას ჩვენთან საუბარში არ უარყვია, რომ იმ დღეს მასთან ერთად 2 აფხაზური `ბეტეერი~ მართლაც იდგა ხობში. ისიც დასძინა, რომ მას აფხაზების ერთი ბატალიონი ჰყავდა _ `თუმცა ისინი ის აფხაზები იყვნენ, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის იბრძოდნენ” _ აღნიშნა ქობალიამ.
ჩვენ ლოთი ქობალიას მისი მომხრეების მხრიდან მოწმეების დაშინებისა და მოწმე ნატო შენგელიას გაუპატიურების შესახებაც ვკითხეთ, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ _ “მაგ ნატო შენგელია ჩემთან ციხეში მოვიდა და პატიება მთხოვა. მაგი გამოძიებას იმასაც ეტყვის, ვინც დააწერინა ჩვენება. ის პროცესზე ვერაფერს ამბობდა და ამიტომაც `მუნჯი მოწმე” უწოდეს.”
ამის შემდეგ ქობალიას 1993 წელს პირველ დაკითხვაზე მის მიერ მიცემული ბოლქვაძის მკლელობის აღიარებითი ჩვენება შევახსენეთ, რაზეც ყოფილმა სარდალმა გვიპასუხა _ `მე, იცით, როგორი ჩვენება მივეცი? ჩვენ ხობში რომ შევედით, ვიღაცებმა სახლიდან გვესროლეს და ჩვენც საპასუხოდ ვესროლეთ და შეიძლება იქ ჟურნალისტი იყო-მეთქი, მაგრამ მერე გამოვიკვლიე და იქ ჟურნალისტი არ ყოფილა.”

მუნჯი მოწმე ალაპარაკდა
დათო ბოლქვაძის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ნატო შენგელია ხობის რაიონის სოფელ თორსის მკვიდრია. ის აფხაზეთის ომში 24-ე ბრიგადაში იბრძოდა, ომის დასრულების შემდეგ კი ლოთი ქობალიას შენაერთებში ირიცხებოდა. ის, ამჟამად, ერთ-ერთ დედათა მონასტერში მსახურობს და მონაზვნად აღკვეცას ელოდება. `თავისუფალი სიტყვა” ნატო შენგელიას ტელეფონით დაუკავშირდა. შენგელია ამბობს, რომ ლოთი ქობალიას საწინააღმდეგოდ ჩვენება მხედრიონმა ძალის გამოყენებით მიაცემინა _ `მე არაფერი დამიწერია, ჩემთან მოვიდნენ წამიყვანეს და ტყვეთაგაცვლის კომისიის ხელმძღვანელმა, ყოფილმა მხედრიონელმა ალიბაბა ჩადუნელმა მის მიერ დაწერილ განცხადებაზე ხელი დაშინებით მომაწერინა. პროკურატურაში მითხრეს, უნდა თქვა, რომ ბოლქვაძე ლოთი ქობალიამ მოკლაო, თუ არადა, ყველას ამოგიწყვეტთო. მე ერთი სოფლელი გოგო ვიყავი, ქართული წესიერად არც ვიცოდი და ჩვენებაზე ხელი მომაწერინეს.” ნატო შენგელია ამბობს, რომ ბოლქვაძის მკვლელობას არ შესწრებია, თუმცა ერთ ფაქტს იხსენებს _ `ბოლქვაძე ერთხელ ნანახი მყავდა, მე ის მდინარე ხობისწყლიდან ამოვიყვანე, სადაც დამალული იყო და მასალას იღებდა. რახან ნანახი მყავდა, მაიძულეს ხელი მომეწერა, რომ მკვლელობასაც შევესწარი და ვითომ ვნახე თუ როგორ მოკლა ლოთიმ დათო ბოლქვაძეო. თუმცა მე, ეს მკვლელობა არ მინახავს და ამდენად ვერ ვიტყვი მოკლა თუ არა ლოთიმ ბოლქვაძე. ასეთი საშინელი ცოდვა ჩამადენინეს. ადამიანს ხელი დავადე, არადა, არ ვიცოდი ამ საქმეში რა ხდებოდა საერთოდ. ამიტომაც დამსაჯა ღმერთმა და განსაცდელი შვილის სიკვდილით მომივლინა, რის შემდეგაც მე ლოთისთან ციხეში მივედი და მონანიება ვთხოვე. ახლაც ვინანიებ, ამიტომაც ვარ მონასტერში და მსურს ჩემი დარჩენილი ცხოვრება სინანულში გავატარო.~
ნატო შენგელია გაუპატიურების ფაქტს უარყოფს: _ `ბოლქვაძის მშობლებმა ჩემზე თქვეს ლოთის ხალხმა გააუპატიურა, დააშინა და მაგიტომ ვერ იღებს ხმასო. ვინც არ უნდა ყოფილიყო, გაუპატიურებას არავის ვაპატიებდი. სიმართლე თუ გინდათ, მხედრიონელები მაშინებდნენ სულ, არ წამოგცდეს, რომ ჩვენება ჩვენ დაგაწერინეთ, თორემ ჩაგაძაღლებთო. ბოლქვაძის პროცესი რომ მიმდინარეობდა, იმ დღეებში ზუგდიდში, ქაფათის სასაფლაოზე ამიყვანეს, მოკვლით დამემუქრნენ: თუ რამეს იტყვი, შენს ცხედარს აქ იპოვნიანო.~
ნატო შენგელია ამბობს, რომ მას პროკურატურაში ჩვენებაზე ხელის მოწერის სანაცვლოდ ქრთამი შესთავაზეს _ `პროკურატურაში, რომ შემიყვანეს, პროკურორმა ანზორ ბალუაშვილმა მითხრა, როგორც კი ხელს მოაწერ ამ ჩვენებას 30 ათასი დოლარი გერგებაო. მაგრამ რისთვის ამეღო ფული, ტყუილისა და ცილისწამებისთვის?~

ალიბაბა ჩადუნლი და ანზორ ბალუაშვილის კომენტარები

შენგელიას მიერ დასახელებული ალიბაბა ჩადუნელი ჩვენს მიერ ნატო შენგელიასთან დაკავშირებული კითხვის დასმისას და ზოგადად მის ხსენებაზე გაბრაზდა: _ `ნატომ თავის საქმეს მიხედოს, ურჩევნია ეკლესიაში სანთელი დაანთოს და ილოცოს. ძალიან კარგად ვიცი, ნატო შენგელია ვინც არის და რასაც წარმოადგენს. ალიბაბა ჩადუნელს თავი დაანებოს და კბილები გამოირეცხოს ჩემს სახელს როცა ახსენებს. ნატო შენგელია რასაც ამბობს, სრული სიცრუეა, ახლა მაინც არ რცხვენია ტყუილის თქმის?~

ჩვენ პროკურორ, ანზორ ბალუაშვილსაც დავუკავშირდით, რომელიც ნატო შენგელიას თქმით, ჩვენებაზე ხელის მოწერის სანაცვლოდ, 30 ათას დოლარს სთავაზობდა. ბალუაშვილი შენგელიას ბრალდებას უარყოფს _ `რაღაც სისულელეს ბოდავს ეგ შენგელია. ეგ ქალი, საერთოდ არ მინახავს და როგორ შევთავაზებდი ან როგორ ვაიძულებდი? _ აბსურდია. ამ საქმეზე უშიშროების სამინისტრო მუშაობდა, მე რა შუაში ვარ? ან ფული მისთვის რატომ უნდა მიეცათ რაში სჭირდებოდათ? რა მოწმე ეგ იყო? მაგის ჩვენების გარდა ათეულობით მოწმის ჩვენება არსებობდა, რომ ლოთი ქობალიამ დათო ბოლქვაძე მოკლა. რასაც ეგ ქალი ამბობს. სრული სიცრუე და სიბინძურეა.~

უცოდინრობის გამო

ზვიად გამსახურდიას ერთგული თანამებრძოლი, მწერალი ედემ კვირტია მიიჩნევს, რომ ლოთი ქობალიამ შეცდომები დაუშვა, მაგრამ ეს მას განზრახ არ ჩაუდენია და უცოდინრობის შედეგი იყო. კვირტია აღნიშნავს, რომ დავით ბოლქვაძე ლოთი ქობალიას არ მოუკლავს და ის შესაძლოა ქობალიას გვარდიის რომელიღაცა წევრმა მოკლა _ `რაკი ლოთის გასამართლება დადგა დღის წესრიგში, ყველაფერი ლოთის დააბრალეს. დარწმუნებული ვარ, რომ ბოლქვაძე ლოთის არ მოუკლავს, მაგრამ რომც მოეკლა, ლოთიც იგივე მსხვერპლი იყო, როგორიც ბოლქვაძე. ამიტომ, თუ ვინმეს უნდა რეალურად გამოიძიოს რა მოხდა, უნდა შეისწავლონ 1991-1992 წლებში ვინ იყო მთელი ამ უბედურების წამომწყები. რაკი ლოთი გააქტიურდა, ახლა გაახსენდათ მისი დანაშაული?! შევარდნაძეა ნამდვილი დამნაშავე და არა ლოთი, შეიძლება ლოთის დაეხვრიტა, მაგრამ ამ ყველაფრის შემოქმედი მაინც შევარდნაძეა. ლოთი როცა ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ მუშაობდა, მაშინ რატომ არ გაახსენდათ ბოლქვაძის დასა და დედას ლოთის დანაშაული? მაშინ რატომ არ ატეხეს ხმაური? ამ ხმაურს ბოლქვაძის დედა და და კი არ ტეხენ, არამედ სხვა ძალები, რომლებსაც ნოღაიდელის დისკრედიტაცია უნდათ, არადა, შარშან და შარშანწინ ლოთი ნაციონალურ მოძრაობას ემსახურებოდა და მაშინ აეტეხათ განგაში.”
ჩვენს კითხვაზე, იყო თუ არა ლოთი ქობალია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ერთგული, ედემ კვირტია გვპასუხობს _ ‘ჩემი აზრით, ლოთი იყო ზვიადის ერთგული. რადგან ერთადერთი ბატალიონი, რომელმაც ზვიადის უერთგულა, ეს ლოთის ბატალიონი იყო.” ედემ კვირტია აღიარებს, რომ ლოთი ქობალიას შეცდომები ჰქონდა, მაგრამ _ `ის არ იყო პროფესიონალი სამხედრო და ამიტომაც უნდა ვაპატიოთ.”
ედემ კვირტია იხსენებს, რომ ლოთი ქობალიას სასამართლო პროცესზე მოწმეების დაშინება ხდებოდა _ `მოწმე ნატო შენგელია დაშინებული იყო ბოლქვაძის ჭირისუფლების მხრიდან, რაც მან ლოთისთან აღიარა კიდეც, ციხეში მივიდა და პატიება სთხოვა.”
იყო თუ არა ზვიად გამსახურდიას ერთგული ლოთი ქობალია, ამ კითხვის დასმა ჩვენ პირველი პრეზიდენტის ოჯახისთვის გვინდოდა და ამიტომაც ზვიად გამსახურდიას ქვრივს, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას, დავუკავშირდით, თუმცა ქალბატონმა მანანამ გვითხრა _ `ნოღაიდელი და ლოთი ჩემთვის ორივე ერთნაირი ნაძირლები და დამპლები არიან. მე მაგათზე კომენტარს არ გავაკეთებ და წყალს არ დავასხამ ვიღაცის წისქვილზე.”


P.შ. ვაშინგტონში ჰილარი კლინტონმა მსოფლიოს ცხელ წერტილებში სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპულ ჟურნალისტებს ობელისკი დაუდგა. პოსტ-საბჭოთა სივრციდან ობელისკზე მხოლოდ დავით ბოლქვაძის სახელია ამოტვიფრული.

No comments:

Post a Comment