Sunday, November 8, 2009

ხელისუფლება და ეკლესია

ელისო ჯანაშია



"შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა
გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო,
გადააყირავა მეკერმეთა ტაბლები და
მტრედების გამყიდველთა სკამები. უთხრა მათ
იესომ: “დაწერილია: “ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება,
თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!" (მათე 21. თავი 12,13)

ბოლო პერიოდში “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენლის თეა თუთბერიძის მიერ გავრცელებული ვიდეომასალების გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. თუთბერიძის “ნამოღვაწარი” ჯერ ინტერნეტგვერდ ფაცებოოკ-სა და მის რამდენიმე ათეულიან აუდიტორიას გასცდა, შემდეგ თბილისსაც და მისი პოლიტიკურ კონტექსტში განხილვა მთელ საქართველოში დაიწყო. თეა თუთბერიძის მიმართ აგრესია დღითიდღე იზრდება. თუთბერიძე საკუთარი უფლებებისა და უსაფრთხოების დასაცავად შსს-ს მიმართავს.

თავდაპირველად ფაცებოოკ-ის ინტერნეტ-გვერდზე გავრცელებული ვიდეომონტაჟები სულ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა იხილა და მის გარშემო სხვადასხვა მოსაზრებაც გამოითქვა. ამის შემდეგ ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერით მის მიერ ინტერპრეტირებული ვერსია წარმოგვიდგინა _ ხელისუფლების მიერ ეკლესიის მიმართ მორიგ იერიშად წარმოაჩინა, რამაც ამ დისკუსიაში მონაწილეთა რაოდენობა შესაბამისად გაზარდა. ფაქტი საზოგადოებაში რეზონანსული ალბათ იმიტომაც იყო, რომ ვიღაც ამ ტაბუირებულ თემას პირველად შეეხო.

ფორმები, რა თქმა უნდა სადავოა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პირველად გაიხსნა ამ აკრძალულ თემებზე სასაუბრო სივრცე და აღმოჩნდა, რომ ეკლესიის მიმართ საზოგადოებასაც (ფანატიკოსებს არ ვგულისხმობ) საკმაო პრეტენზიები აქვს, რადგან ძალიან აშკარაა ის ფაქტი, რომ საპატრიარქო და ზოგადად ქართული ეკლესია დღეს ქართული პოლიტიკის ნაწილია და მათი ქმედებები პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილების შესაბამისად იცვლება.

თუთბერიძის გამოხდომაზე აგორებული სკანდალის ფონზე საკმაოდ ნიშანდობლივია პრეზიდენტის განცხადება, რომ ის არავის მისცემს პატრიარქის შეურაცხყოფის უფლებას, რაც კიდევ უფრო მეტად გვაშორებს თანამედროვე მსოფლიოს მიერ აღიარებულ იმ ძირითად ღირებულებას, რასაც გამოხატვის თავისუფლება ჰქვია.

დღითიდღე აშკარა ხდება ხელისუფლებისა და ეკლესიის, საჭიროების მიხედვით, ერთიმეორესთან დათმობა-დაყვავების ფაქტები: მხოლოდ საკუთარი სარგებლით ნაკარნახევ ახალ-ახალ მოთხოვნებზე ხელისუფლება მყისიერად რეაგირებს და ეკლესიას აძლევს იმას, რაც იმ კონკრეტულ ეტაპზე პოლიტიკურად აწყობს. ამის დამადასტურებელი რამდენიმე მკაფიო მაგალითი არსებობს: ფერიის მთაზე მშენებარე ეკლესიის დანგრევის შემდეგ, რამდენიმე ხანში, უსასყიდლოდ გადაცემული მამულების სანაცვლოდ, ეკლესია დუმდება. ხელისუფლება კარგად ხედავს, თუ რა ენით შეუძლია ეკლესიასთან ლაპარაკი და მის დისკრედიტაციას განაგრძობს: საპარლამენტო არჩევნების წინ ძვირადღირებულ ჯიპებს სთავაზობს საქართველოს ყველა ეპარქიის წინამძღოლს, მხოლოდ ერთი გამონაკლისის გარდა საჩუქარზე ყველა თანხმდება, რის შემდეგაც ხელისუფლება მრევლის ხმების მოპოვების გარანტიებს იღებს. ამ წარმატებულ `ოპერაციას~ თავად გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი უდგას სათავეში. ამის შემდეგ საკუთარ მრევლთან ქადაგებისას ხელისუფლების კრიტიკას ეპარქიის წინამძღოლები არბილებენ. წინასაარჩევნო მართონში ეს ყველაფერი ოპოზიციასა და მმართველი პარტიის ქმედებებზე აისახება და ისინი ღიად იწყებენ მანიპულირებას მრევლით, რომლებსაც მხოლოდ საარჩევნო ხმებად აღიქვამენ. სატელევიზიო დებატებისას კი ერთმანეთს ეპისკოპოსებთან და ზოგადად, ეკლესიასთან სიახლოვის მტკიცებაში ეჯიბრებიან.

წინასაარჩევნოდ ეპისკოპოსებისთვის საჩუქრად "ჯიპების" გადაცემის აუცილებლობა საზოგადოებისთვის არავის განუმარტავს. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა პირად საუბარში ეს ფაქტი ამგვარად ამიხსნა: თუკი მრევლი გაიღებს შემოწირულობას და რაიმეს გვაჩუქებს, ამაში დასაძრახი არაფერიაო. თუმცა, აქ რამდენიმე უზუსტობაა: ერთი ის, რომ ხალხის გადასახადებისგან შემდგარი ბიუჯეტიდან ნაყიდი საჩუქარი, რომელიც ხელისუფლებამ პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის ხალხთან შეუთანხმებლად გამოიყენა, მრევლის პირადი შემოწირულობა ვერანაირად ვერ იქნება, მეორე _ ეკლესიას ისედაც აქვს სახელმწიფოსგან პრივილეგია, როცა იგი გადასახადებისაგან თავისუფალია, რაც მთლიანობაში ასევე სოლიდური თანხაა და დამატებით ხალხის ფულიდან, ერთის მხრივ, საჩუქრების ყიდვა პირადი მიზნებისთვის და მეორე მხრივ, მათი მიღება, ასევე პირადი მიზნებისთვის, უხერხულთან ერთად, ამორალურია; და მესამე _ საჩუქრის მიღება რაიმეს სანაცვლოდ ქრთამისა და კორუფციის ერთ-ერთი ფორმაა.

შემოწირულობებიდან, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ და რეალურად გაცემულ წყალობას შორის სერიოზული დისპროპორციებიც აშკარად თვალშისაცემია. თუკი აღნიშნული თანხები ახალი ეკლესიების აგებაზე იხარჯება, მაშინ რატომ ხდება ისე, რომ მშენებლობებზე უსასყიდლოდ მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ოჯახები მშიერი ჰყავთ?! ჩემს უბანში, ახლაც იუმორით იხსენებენ ერთ ფაქტს: ერთ-ერთი ეკლესიის მშენებელობაზე მომუშავე კალატოზის მიერ, გაწეული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნისას, ერთ-ერთი ეკლესიის წინამძღოლის მისთვის უთქვამს: _ ეს ღვთის საქმეა, რასაც შენი წინაპრები უსასყიდლოდ აკეთებდნენო. მაშინ განაწყენებულ კალატოზს მიუგია: _ ჩემი წინაპრების დროს მღვდლები ვირით დადიოდნენ და იარეთ მაშინ თქვენც ვირით, ძვირადღირებული მანქანებით რატომ დადიხართო?! რწმენის გასაძლიერებლად და უფლის საქმის საკეთებლად მხოლოდ ეკლესიების მშენებლობებით აპელირება, ცოტა არ იყოს, არადამაჯერებლად გამოიყურება.

რამდენიმე ხნის წინ, პატრიარქის მიერ როლანდ ახალაიას წმ. გიორგის ორდენით დაჯილდოების საჭიროება და ამ გადაწყვეტილების აუცილებლობა საზოგადოებისთვის ამჟამადაც არ არის განმარტებული, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ ეკლესია ქართული პოლიტიკის ნაწილია, რადგან ეს ყველაფერი ზუგდიდში საპატრიარქოს რეზიდენციის მშენებლობის დაწყებასა და არჩევნების წინა პერიოდს კვლავ საეჭვოდ ემთხვევა.

ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეკლესია თავისი მაღალი ნდობით სარგებლობს და ხელისუფლებისგან მუდმივად პრივილეგიებს ითხოვს და იღებს კიდეც.

კარგად მესმის იმ ადამიანებისა, რომლებსაც გულწრფელად ჰგონიათ, რომ ხელისუფლებას ეკლესიის მაღალი რეიტინგისა ეშინია და ამიტომ ახორციელებს მასზე თავდასმებს და ეს მოსაზრება არც მთლად საფუძველსმოკლებულია. ხელისუფლების მიმართ არსებული უნდობლობის ფონზე, ადამიანებს სურთ რომელიმე ინსტიტუტს გამოუცხადონ ნდობა და ამ ნდობის მოპოვება დღეისათვის ამ ინსტიტუტმა შეძლო, რაც სავსებით ბუნებრივი და ნორმალურია. იყო დრო, საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლებასა და ეკლესიაზე მეტად კანონიერ ქურდებს ენდობოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, დღეს ასე აღარაა. ხელისუფლების მხრიდან მსგავს ინსტიტუტებზე თავდასხმები მადისკრედიტებელი შეთავაზებებით ხდება მუდმივად და ვინმე თუთბერიძის, ან რიგითი მოქალაქის მიერ, რამდენიმე ადამიანთან გამოხატული პირადი უკმაყოფილება ან უხამსი გამოხდომა ვერანაირად ვერ გადაწონის იმ მიყენებულ ზიანს, რაც ამ შეთავაზებებზე წამოგებულ ადამიანებს მოაქვთ საკუთარი თავისთვის. თუთბერიძის მიერ ამ შემთხვევაში ეკლესიისთვის მიყენებული ზიანის ხარისხი, სასაცილოა, იმასთან შედარებით, რასაც თავად ეკლესიების წინამძღოლები ხელისუფლებასთან შეთანხმებული ამა თუ იმ ქმედებებით საკუთარი დისკრედიტაციისათვის ეწევიან.
თუთბერიძის მიერ გამოხატვის ფორმაში ბევრი დასაძრახი შეიძლება აღმოვაჩინოთ, რადგან ეს არ არის თავისუფალი ადამიანის თავისუფლად გამოხატული აზრი და თუთბერიძე არაა ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი ადამიანი, მისი ნებისმიერი ქმედებაც ლოგიკურად ხელისუფლებასთან ასოცირდება, თუმცა ისიც მოსაზრებაა, რომელსაც არსებობას ვერ დაუშლი.

ამ სკანდალურმა ვიდეორგოლებმა, რომლებსაც ჩემთვის რწმენა არ შეურყევია, გამიჩინა კითხვები, რომლებიც დიდი ხანია მე და ჩემს გარშემო მყოფებსაც აწუხებთ: თუკი თუთბერიძის მიერ გავრცელებული ეს დამონტაჟებული ვიდეომასალა ვიღაცებმა ეკლესიის და პატრიარქის დისკრედიტაციად აღიქვეს, რატომ არ აღიქმევა ზემოთ მოყვანილი ფაქტები იმავედ? რა უფრო მეტი დისკრედიტაციაა ეკლესიისთვის _ თუთბერიძის გამოხდომა ვირტუალურ სივრცეში თუ თავად ეკლესიის მამების მიერ ხელისუფლების საჩუქრების შესაბამისად შეცვლილი, მთელი საქართველოსთვის ხილული პოზიციები?

No comments:

Post a Comment