Thursday, December 24, 2009

თემურ ფაჩულია თაღლითობისთვის დააკავეს


იზა სალაყაია



თსუ ფოთის ფილიალის ყოფილი რექტორი, წინა მოწვევის საკრებულოს წევრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, თეიმურაზ ფაჩულია, რომელიც ბოლო პერიოდში ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას და პოლიტიკურ განცახდებებსაც საკმაოდ ღიად აკეთებდა, სამართალდამცავებმა თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ფაჩულიას წინააღმდეგ სარჩელი, ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის, ბიზნესმენის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი კახა ლატარიას მეუღლემ მარინე ლატარიამ შეიტანა. მისი მტკიცებით, ფაჩულიამ მათი ოჯახი შეცდომაში შეიყვანა და პატიმრობაში მყოფი მისი მეუღლის განათავისუფლების სანაცვლოდ, საპროცესო გარიგებისთვის გადახდილი 50 ათასი დოლარი გამოსტყუა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: დაახლოებით ერთი წლის წინ, პოლიციამ კახა ლატარია საკუთარ სახლში გვიან ღამით, იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა-დამზადების ბრალდებით დააკავა. ახლობლების თქმით, სამართალდამცავებმა მას ცეცხლსასროლი იარაღები სახლშიც და მანქანაშიც უპოვეს. მათივე მტკიცებით, კახა ლატარიას იარაღის გადაფორმება არ გაუჭირდებოდა და გაუფორმებელ იარაღს სახლში არ შეინახავდა, ამდენად იარაღი სამართალდამცავებს მხოლოდ დაკავების მიზეზად გამოიყენეს, სინამდვილეში კი სხვა საქმისთვის დააკავეს. არაოფიციალური ვერსიით, დაკავების პირველ დღეებში, ლატარიას დაპატიმრების მიზეზად, ბიზნესიდან მფარველთათვის წილის გადახდაზე უარის თქმა სახელდებოდა, ამიტომაც სოლიდური თანხის გადახდის შემთხვევაში, მის განთავისუფლებასაც ვარაუდობდნენ.
წყაროს ინფორმაციით, წილს კახა ლატარიას რამდენიმე ბიზნესიდან თხოვდნენ, ამიტომ რომელ ბიზნესსა და ვის ინტერესებს შეეწირა ლატარია ამ დროსთვის უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ ლატარია წილების გაცემის წინააღმდეგ წავიდა და მაღალჩინოსნების მოთხოვნებს არ დათანხმდა
ლატარიასთან არც პროკურატურა წავიდა საპროცესო გარიგებაზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ჯერ კიდევ ლატარიას სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში დახლოებით 5 თვის წინ, დაკავებულის, კახა ლატარიას მეუღლის, მარინე ლატარიას განმარტებით, თემურ ფაჩულიამ ოჯახს დახმარება თავად შესთავაზა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ადვოკატ, ვინმე ვეკუასთან შუამდგომლობით და დაპირდა, რომ პროკურატურას საპროცესო გარიგებაზე მისი დახმარებით წამოიყვანდა და პატიმრის განთავისუფლებას უზრუნველყოფდა. მარინე ლატარიას თქმით, ფაჩულია ამ საქმისთვის საჭირო თანხად 50ათასი დოლარს ასახელებდა. გეგმა ასეთი იყო: აღნიშნული თანხა წინასწარ უნდა გადაეცათ ვეკუასთვის, რომელიც შემდგომ თავად უზრუნველყოფდა პატიმრის განთავისუფლებას. ლატარიას მეუღლემ აღნიშნული თანხა თემურ ფაჩულიას მართლაც გადასცა, რის შემდეგაც როგორც თავად ამბობს, საქმის ვითარების გასარკვევად მას არაერთხელ დაუკავშირდა და ყოველ ჯერზე საქმის კარგად მსვლელობის დასტურად, დადებითი პასუხი მიიღო. თუმცა მოგვიანებით, როცა სასამართლო პროცესიდან დაკავებულის განთავისუფლებას ელოდნენ, ლატარიას ვერდიქტი ოჯახისთვის წინასწარ მიცემული პირობის საპირისპირო აღმოჩნდა. ამის შემდეგ ლატარიას ოჯახის წევრებმა თანხის დაბრუნება მოითხოვეს, თუმცა, მათი თქმით, ფაჩულია მათ ყოველდღე ჰპირდებოდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
ლატარიას მეუღლის მიერ თემურ ფაჩულიას წინააღმდეგ აღნიშნული ბრალდებით, პროკურატურში შეტანილი განცხადების შემდგომ, დასაკითხად მისული ფაჩულია პოლიციამ სამმართველოს შენობაში დააკავა. სასამართლო პროცესზე, როცა ფაჩულიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, გამომძიებელმა, ძიძიგურმა მტკიცებულებების სახით საჩივრის წერილი და ფაჩულიასთვის თანხის გადაცემის თვითმხილველებად, ლატარიას მეუღლის, დედისა და აწგარდაცვლილი მამის ჩვენებები წარადგინა. თავად ფაჩულია არ ეთანხმება ბრალდებებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს.
ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით თემურ ფაჩულიას მეუღლეს, თუმცა უშედეგოდ, მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა. ბრალდებულის ძმისშვილის, თამარ ფაჩულიას განცხადებით, “ვეკუას თანხა კახას ძმამ, ზვიად ლატარიამ გადასცა და თემურიც მხოლოდ ამ პროცესს ესწრებოდა.” თამარ ფაჩულიას ინფორმაცით, ადვოკატი თემურ ვეკუა ამ დროისთვის გაუჩინარებულია და მისი ადგილსამყოფელის დადგენა მიმდნარეობს. "თავისუფალი სიტყვა" შეეცადა ადვოკატ, თემურ ვეკუასთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ, მას მისი თბილისელი კოლეგები, რომლებსაც მივმართეთ, არავინ იცნობს.
როგორც თამარ ფაჩულია ამბობს, ლატარიების ოჯახის წევრთა ნათქვამი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის: “მეუღლისგან განსხვავებით, კახა ლატარიას ძმა ჩვენებაში აღნიშნავს, რომ თანხა ბიზნესმენებმა შეაგროვეს, რომელსაც ასახელებს კიდეც, წიწილაშვილი, სარიშვილი, პატარაია, ხახუბია.” წინასაწრ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში აღნიშნული ბიზნესმენები, თანხის შეგროვების ფაქტს უარყოფენ.
კახა ლატარიას ძმის, ზვიად ლატარიას თქმით ადვოკატი ვეკუა ნანახიც არ ჰყავს და იგი ფაჩულიას მიერ “შეთხზული” პიროვნებაა: “თავიდან ფაჩულია არ ასახელებდა თუ ვინ დაპირდა საპროცესო გარიგებას, მხოლოდ იმას აღნიშნავდა, ვიღაცაა თბილისშიო. შემდგომ დაასახელა ეს ადამიანი. თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი, ფაჩულიას შუამდგომლობა ვისთან ან სად უნდა გაეწია? მაგარამ ჩემი ძმის სახლში დადიოდა და მეუღლესა და დედას არწმუნებდა, რომ თანხა შეეგროვებინათ,”_აცხადებს ზვიად ლატარია და მომხდარი ფაქტის სხვა გარემოებაზეც საუბრობს. მისი თქმით, ოჯახის პარალელურად იგი ზემოაღნიშნულ ბიზნესმენებს აშანტაჟებდა და ვითომ ლატარიას საპროცესო თანხის შესაგროვებლად, დახმარებას_ათასობით ლარის “გამოტანას” თხოვდა. “ყველას დაგიჭერენ, კარგი ძილი არ გექნებათ, თუ თანხას არ გამოიტანთო,~ ამ სიტყვებით ემუქრებოდა. იგი ჩვენთან საუბარში, ამ მუქარებისა და შანტაჟის შემდეგ, თბილისში ერთ-ერთ რესტორანში თემურ ფაჩულიასთან შეხვედრას იხსენებს, რომელსაც ბიზნესმენები: წიწილაშვილი, სარიშვილი და პატარაია ესწრებოდა. “წიწილაშვილმა და სარიშვილმა ფაჩულიას მოსთხოვა, დაგვისახელე ვინ გვიპირებს დაჭერასო. ფაჩულიამ მოკლედ აუხსნა, არაფერი არ ხდება ახალი, ფულს აწერენ ყველას და თუ არ გამოიტანთ დაგიჭერენო,”---- იხსენებს ლატარია. რადგან მათ ბიზნესში წილში ჩამჯდარ მაღალჩინოსნებს “სარგოს პატიოსნად აძლევენ” პროტესტი ბიზნესმენებს იმთავითვე გამოუთქვამთ. “ქარხანა წამართვესო, გადასახადსაც ვიხდით, მეტი რა უნდათო?”_ წიწილაშვილს გაკვირვება ვერ დაუმალავს. ზვიად ლატარია ამავე რესტორანში მომხდარ ინციდენტსაც იხსენებს, როცა ამ საუბრის მერე გაღიზიანებულმა წიწილაშვილმა ფაჩულიას ხელის დარტყმა დაუპირა, რისი საშუალებაც მას თენგო სარიშვილმა არ მისცა.
შეხვედრის შემდეგ, საქმის გასარკვევად, სარიშვილი და წიწილაშვილი მათი შესაძლო დაჭერის მიზეზების გასარკვევად, სამხარეო პროკურორს, როლანდ ახალაისთან ჩასულან. ახალაიასთან შეხვედრისა და საუბრის შემდეგ ბიზნესმენებმა ფაჩულიას ფული არ მისცეს.

ლატარიების ოჯახი უკვე რამდენიმე თვეა თანხის დაბრუნებას უშედეგოდ ითხოვდა. ზვიად ლატარიას თქმით, როცა მან თემურ ფაჩულიას თანხის დაბრუნება მოთხოვა, ამ უკანასკნელმა ასე უპასუხა: `_შენ რაში განაღვლებს წიწილაშვილს და სარიშვილის ფული, მილიონები აქვთო, რაზეც ვუპასუხე, რომ ეს მათ მიერ შეგროვილი თანხა კი არა, ოჯახის მიერ გადახდილი თანხა იყო",_ აცხადებს ლატარია. მისი თქმით, მისი რძლისა და დედის მიერ ფაჩულიასთვის გადაცემული 50 ათასი დოლარი ოჯახმა ბანკისგან სესხად აიღო.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული საქმის გახმაურების გამო, რადგანაც ბიზნესმენებმა სამხარეო პროკურორი როლანდ ახალაია ჩააყენეს საქმის კურსში, აღნიშნული გარიგებაც ამიტომ ჩაიშალა.ასევე ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, ფაჩულიას, რომელიც ქალაქში საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში კენჭისყრას აპირებდა, რითაც ის ჩამოაშორეს პროცესს.

No comments:

Post a Comment