Monday, June 7, 2010

ნაციონალური მიუნჰაუნიზმი





ელისო ჯანაშია

ფოთი, 30 მაისი, №1 საარჩევნო უბანი, 10.10 წთ.

უბანთან მიახლოებისას, თვალშისაცემია მოქალაქეთა სიმრავლე, მათთან ერთად ტერიტორიაზე 4 პოლიციელი დგას. უბანში, ერთი შეხედვით, სიმშვიდეა. მაგიდებთან სხედან რეგისტრატორები, მოდიან ამომრჩევლები.
–„ბებო, სად შევიდე აქ 5-იანი უნდა შემოვხაზო“,- ხშირად სვამდნენ ამ კითხვას უფრო მეტად ასაკოვნები. ამ ასაკის ადამიანებმა, სულ რამდენიმე დღის წინ, ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში უფასო სამედიცინო გამოკვლევებით ისარგებლეს და მთავრობისაგან წამლების 50-ლარიანი ვაუჩერებიც მიიღეს. მათ ნაციონალების დამკვირვებლები კაბინებისკენ ზრდილობიანად მიუთითებდნენ. ერთ-ერთი მათგანი მეუბნება: „ჩვენიანებს იცი როგორ ვხვდები? ისინი, რომლებიც კაბინიდან გამოსვლისას, ბიულეტენებს არ კეცავენ, ჩვენიანები არიან, ოპოზიციის ამომრჩევლები ბიულეტენს საგულდაგულოდ კეცავენ... შეხედე, შეხედე, იმ ქალმა როგორ გაკეცა,“- მიმითითა ერთ-ერთი ამომრჩევლისკენ და გულიანად გაიცინა.
12 საათის შემდეგ აქტივობა გაიზარდა, პარალელურად გაიზარდა მანქანების რაოდენობა უბანთან.

„ნაციონალების“ გამარჯვების ფორმულა:

მეთოდი 1– „ჩემი ხალხი ყველა მოვიდა“

უბანზე მისვლისას პირველი, რაც თვალშისაცემი იყო, ეს უბანთან გაურკვეველი სიებით ხელში, მოფუსფუსე ნაციონალები იყვნენ. მუნიციპალიტეტის და თვითმმართველობის თანამშრომლები, მათი ახლობლები თუ უბრალოდ მხარდამჭერები, უბნის გახსნიდან დახურვამდე, უბნის შესასვლელს არ მოსცილებიან. დავინტერესდი თითოეული მათგანის მისიით და იმით, თუ რატომ მალავდნენ ისინი სიებს, რომელიც ხელთ ეპყრათ. ღიად ამის შესახებ არავინ საუბრობდა, თუმცა ერთ–ერთმა მათგანმა მაინც გამიმხილა, რომ მას დავალებული ჰქონდა 10 ადამიანის მიყვანა უბანზე, რაშიც მას 100 ლარს უხდიდნენ. თანაც შემომჩივლა, რა ვქნა, უფულობას რა ვუთხარი, თორემ ამის გაკეთებას ყველაფერი მირჩევნიაო. ყველა საარჩევნო უბანთან, დაახლოებით, 20–30 ასეთი „ხმისმომზიდველი“ იდგა, ხოლო წინასწარ შეპირებული ამომრჩევლების უბანზე გამოცხადებას ისინი სიაში ინიშნავდნენ და არგამოცხადებულებს გამალებით ურეკავდნენ ან შტაბს აწვდიდნენ ინფორმაციას, რომ შემდეგ მათთვის სახლებში მიეკითხათ და ხმის მისაცემად წამოეყვანათ.
ამგვარი ერთი „ხმისმომზიდველისთვის“ ,ალბათ, ძნელი სულაც არ იყო 10 „სიტყვის კაცისა“ თუ დაპირებით მოხიბლულის პოვნა და ამგვარად, სავარაუდოდ, „200–300 ხმა“ თითო უბანთან იდგა. რომ ვივარაუდოთ, ამათგან ნახევარსაც მიცემული პირობა რომც დაერღვია, სულ ცოტა 150 ხმა მაინც დარჩებოდა. მომსვლელთა დასტურად, ისინი ამომრჩევლის ბარათებს იტოვებდნენ, რათა მერე მტკიცებულებად შტაბებში წარედგინათ.
უბნის დახურვისას, ერთმა მათთაგანმა შვებით ამოისუნთქა: „ჩემი ხალხი ყველა მოვიდა“

მეთოდი 2– “დედისა და ცოლის გადამოწმების ხერხი“

ნაციონალების კანდიდატების: კახა გუგუჩიასა და დარეჯან ცხვიტარიას მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციების: „ახალგაზრდული განვითარების ცენტრისა“ და „ქალთა კლუბი–მედეას“ დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე რეგისტრატორების ზურგს უკან იდგნენ და მათთვის სპეციალურად განკუთვნილ, ე.წ. ბადე–ცხრილებში მომსვლელთა სარეგისტრაციო ნომრებს აღნიშნავდნენ. მათგან პირადად იღებდა მოსულთა შესახებ ინფორმაციას საუბნო კომისიის თავმჯდომარე, გოჩა გიორგაძე და ვიღაცას ამის შესახებ ინფორმაციას ტელეფონით აწვდიდა, ან უბნიდან გადიოდა ჩანიშნული ფურცლით ხელში. როცა ვკითხე, თუ რაში სჭირდებოდა ყოველი მომსვლელის სარეგისტრაციო ნომრების შესახებ ინფორმაცია ასე ხშირ–ხშირად: „შენ ვინ გეკითხება ამას? იქნებ, ჩემი ოჯახის წევრებს ვამოწმებ: იქნებ დედაჩემი ან ჩემი ცოლი არ მოსულა ჯერ ხმის მისაცემად და იმას ვამოწმებ“, იყო პასუხი, ხოლო კითხვაზე: „ამის შეტყობა ტელეფონით ან სხვა რაიმე ფორმით რატომ არ იყო შესაძლებელი“, –„ეს ჩემი საქმეა“, იყო პასუხი. რეგისტრატორების უკან მდგარი დამკვირვებლების მიერ გაცემული ინფორმაციის შემდეგ, უბნებთან არ წყდებოდა ერთი და იმავე ნომრიანი მანქანების ნაკადი. ნაცმოძრაობის აქტივისტებს იმ დროისათვის არგამოცხადებულები, რომლის შესახებ ინფორმციაც უბნიდან ყოველ საათში გადიოდა, საკუთარი ავტომანქანებით სახლებიდან გამოჰყავდათ და მოჰყავდათ უბნებზე. შესაძლებელია თუ არა, მათ გზაში ამომრჩევლის რაიმე ფორმთ მოსყიდვა ან მასზე ზემოქმედება, ძნელი ამოსაცნობი არაა. ამგვარი მანიპულაციით, ნაცყულაბაში მინიმუმ 200 ხმაც ჩაჩხრიალდა.

მეთოდი 3 – სომხური? – არა, ნაციონალური კარუსელები

უბნებზე საეჭვო ადამიანებმა დილის 11 საათიდან დაიწყეს მოდინება. ეჭვი 2008 წ. 10.11.–ში გაცემული პირადობების სიმრავლემ გაამძაფრა, რომლის მეპატრონეები უბანზე ზედმეტად შინაურულად იქცეოდნენ. ამგვარი ამომრჩევლის გამოჩენისას, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ რეგისტრატორები და ამომრჩეველი უსიტყვო კავშირს ამყარებდნენ. ერთი მსგავსი კავშირი #1 უბნის რეგისტრატორმა, მიმოზა ყურაშვილმა (როგორც მოგვიანებით შევიტყე, ის საუბნო კომისიის თავმჯდომარის, გოჩა გიორგაძის სიდედრია) დაამყარა ერთ–ერთ ამომრჩეველთან, რომელმაც მას უსიტყვოდ გაუგო და სხვის გრაფაში ხელმოწერისა და ხმის მიცემის უფლება მისცა მოქალაქე ზაზა ჩარგაზიას, რომლის პირადობა სწორედ ზემოხსენებული რიცხვით თარიღდებოდა. როცა ჩარგაზია უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადდა, სარეგისტრაციო სიაში მისი გრაფის გასწვრივ, ხელი უკვე მოწერილი დახვდა. მას ეს რატომღაც არ გაკვირვებია და სხვა გრაფაში ხელმოწერას უყოყმანოდ დათანხმდა. რეგისტრატორმა მას, სიით მომდევნო ამომრჩევლის, ეკატერინე ჩარგაზიას გრაფაში მოაწერინა ხელი და ჩანაწერთა წიგნში ან მის გარეთ ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე ბეჭედდარტყმული ბიულეტენიც მისცა. მოქ. ჩარგაზიას პირადობაში მითითებული ბინის მისამართის: ფოთი, კოსტავას ქ. 14 ბ 36–ს გადამოწმებისას, აღმოჩნდა, რომ აღნიშნული კორპუსი ფოთში საერთოდ არ არსებობს, ხოლო კოსტავას 14–ში მდებარე ორსართულიანი კერძო სახლი ეკუთვნის მოქალაქე სალაიას და იქ მცხოვრებთა თქმით, იქ , ან ახლომახლო, ვინმე ჩარგაზიას არასოდეს უცხოვრია. თუმცა, აღნიშნული მოქალაქე, სწორედ მის პასპორტში მითითებული მისამართით, უბნის სარეგისტრაციო სიაში იყო რეგისტრირებული.
ამის შემდეგ მოკვლეული ინფორმაციის თანახმად, ფოთის სხვადასხვა უბნის სიაში არის ისეთი კორპუსები, ჩიხები და ქუჩებიც კი, რომელიც ფოთში საერთოდ არ არსებობს. მაგ, ეწერა კორპუსის მისამართი ინგოროყვას 27 და ეწერა ასევე 27კ, ასეთი კორპუსი ფოთში საერთოდ არ არსებობს, ოსტროვსკის ქუჩა და ჩიხი, რომელთაგან ქუჩა საერთოდ არ არსებობს. მაგ. ჭალადიდელის #23–ში ცხოვრობს კულუას ოჯახი, ხოლო ამ მისამართზე ხმა მისცა მოქალაქე ფოჩხუამ, რომელიც ცხოვრობს გ.დიდიას #23–ში.
იყო ასევე შემთხვევები, როცა ალიანსის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, #29 უბანზე მარკირებაგავლილი 4 პიროვნება ცდილობდა ხმის მიცემას, რომელიც შეამჩნია დამკვირვებელმა, რის შემდეგაც ისინი გაიქცნენ.
#1 უბანზე მარკირების შესამოწმებელი მოწყობილობა მთელი დღის განმავლობაში „ნაციონალების“ წარმომადგენელს ეჭირა, რაც კიდევ უფრო მეტ საშუალებას აძლევდა მმართველ პარტიას მარკირებაგავლილი და საეჭვო პირადობებიანი ადამიანები უბანზე შეუმოწმებლად შემოეშვათ.
არარსებული მისამართები წინასწარ იყო სიებში მითითებული, ამ მისამართების მიხედვით პასპორტებიც წინასწარ იყო გაცემული, სიაში წინასწარ შეყვანილი მოქალაქეები მთელი დღის განმავლობაში დაჰყავდათ უბნიდან უბანზე და იქ მოხვედრა ადვილი იყო, რადგან კარებში „თავისიანები“ იდგნენ. ამდენად, სქემამ კარგად იმუშავა.
ესეც, ალბათ, სულ ცოტა ორასამდე ხმა...

აღნიშნული მეთოდების გათვალისწინებით, უხეშად გადავთვალე და ნაციონალებს ერთ უბანზე 550 ხმა უნდა მიეღოთ. ვიფიქრე ცოტაც რეალური მხარდამჭერებიც იქნებიან–თქო და 600–მდე ხმას ვვარაუდობდი. დილით იმ უბნის შედეგი შევიტყე, ჩემი პროგნოზი გამართლდა: პროპორციული–545, ხოლო მაჟორიტარი 609 ხმა.

ზეწოლის, მუქარისა და შანტაჟის თანხლებით დაწერილი 9 საჩივარი

საჩივრის დაწერის დრო –11.20 პოლიციელები უბანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ასე იყო ფოთის 32–ვე უბანზე. მეგონა, რომ მათ ამის შესახებ უბნის კომისიის თავმჯდომარე მიუთითებდა და უბნიდან მაინც გაუშვებდა. როცა დარღვევის შესახებ საჩივრის წერა დავიწყე, აღმოჩნდა, რომ უბნის კომისიის თავმჯდომარემ ისიც კი არ იცოდა, რომ ეს დარღვევა იყო. საარჩევნო კოდექსის კონკრეტული მუხლის მითითების შემდეგ, მან ასე მიმართა პოლიციელებს: „გადით, ბი, გადით, ხომ ხედავთ თქვენს გამო საჩივარს მიწერენ“. ამის შემდეგ მან განმიცხადა, რომ ამის შესახებ მისთვის სიტყვიერად უნდა მეთქვა და საჩივარი არ უნდა დამეწერა, რის გამოც მე ვიყავი „ჩასაფრებული“, რომელსაც ფუ, როგორ ვერ იტანს და დანახვაც არ უნდა. შემდგომ ცინიკურად განაგრძო: „ვინა ხარ შენ საერთოდ და რა იცი და ა.შ.“ ამის შემდეგ დამემუქრა, რომ ასე თუ მოვიქცეოდი, არაფერს მოერიდებოდა.
მან დასახმარებლად დაურეკა საოლქოს თავმჯდომარეს, ზაალ კუჭუხიძეს, რომელიც რეკორდულ დროში გამოცხადდა უბანზე და გაღიზიანებული, ყვირილით ამტკიცებდა, რომ საჩივარი უსაფუძვლო იყო, რადგან პოლიციელები შენობაში, როგორც ამომრჩევლები იმყოფებოდნენ. მისი თქმით, საუბნოს თავმჯდომარე აქ არაფერ შუაშია და პოლიციის უფროსთან უნდა გამერკვია, თუ რატომ გამოუშვეს პოლიციელები უბანთან. საჩივრის წერისას, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მივმართე, რომ უბანზე პოლიციელები ყოფნა დაედასტურებინა. მან გაკვირვებულმა მიპასუხა:–„მერე, რაა, იყვნენ, ვის რას უშავებენ?“ მას შემდეგ, რაც განვუმარტე და დავაპირე საარჩევნო კოდექსიდან შესაბამისი მუხლის წაკითხვა, მან მოსმენაც არ ისურვა და განმიცხადა: „არაა ეს ჩემი საქმე!...“ და რამდენიმე ხანში ისე გაეცალა უბანს, ვერ მოვასწარი მეკითხა: „მაშ, რა იყო მისი საქმე და რა ჰქონდა დავალებული?“ მას შემდეგ ის უბანზე არავის უნახავს.
პოლიციელები უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღე–ღამის განმავლობაში, ხმის დათვლის პროცესის დასრულებამდე იდგნენ და თვითმხილველთა განცხადებით, ასე იყო ყველა უბანზე, რაც დარღვევაა, მაგრამ ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ერთგვარი მექანიზმია.

ნაციონალური საარჩევნო უბანი

#1 საარჩევნო უბნის კომისია და დამკვირვებლები, ძირითადად, დაკომპლექტებული იყვნენ მმართველი პარტიის წარმომადგენელთაგან და თითქმის ყველა მათგანი ერთიმეორესთან ნათესაურ ან მეგობრულ კავშირში იმყოფებოდა, რაც, ზოგადად, ზრდის დარღვევის ალბათობასა და ამცირებს დანაშაულის შეგრძნებას.
პირველი საჩივრის დაწერის შემდეგ, რაც უბანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელების ყოფნას შეეხებოდა, საუბნოს თავმჯდომარე, გოჩა გიორგაძე და უბანზე სპეციალურად მოსული (მოსვლაზე მეტად, მის საქციელს მოვარდნა ქვია) ზაალ კუჭუხიძე მიმტკიცებდა, რომ ერთ–ერთი პოლიციელი ამომრჩეველი იყო და ამიტომ იმყოფებოდა შენობის შიგნით. ნაცვლად იმისა, რომ კუჭუხიძეს საჩივრებზე მყისიერი რეაგირება მოეხდინა, რაც მისი მოვალეობაა, მისგან მხოლოდ მუქარა და შეურაცხყოფა მოდიოდა. გოჩა გიორგაძე მომიწოდებდა, რომ საჩივარი არ დამეწერა და სიტყვიერად მიმენიშნებინა მისთვის დარღვევის შესახებ. საჩივრის მიმართ ეს „ძველბიჭური“ დამოკიდებულება, შემდგომ მუქარაში გადაიზარდა.“ხომ იცი არაფერს არ მოვერიდები“, – იუქრებოდა გიორგაძე.
პირველი საჩივრის დაწერის შემდეგ, ზაალ კუჭუხიძე საოლქოს წევრზე ზეწოლის განხორციელების შესახებ ფარული ჩანაწერის არსებობით დაშანტაჟებას შეეცადა: „გვაქვს ჩანაწერი, სადაც შენ ზეწოლას ახორციელებ საოლქოს წევრზე და ამას, სადაც საჭიროა იქ დავდებ,“- ბლეფობდა კუჭუხიძე, რათა ცოტა „ჭკვიანად“ მოვქცეულიყავი. ხოლო მეორედ მოვარდნისას, პოლიციის ძალით უბნიდან გაძევებით დამემუქრა: „სადაა ის სად? ახლა იმას 5 წუთში გავაგდებ აქედან, პოლიციას გავაგდებინებ“, – გაჰყვიროდა კუჭუხიძე. რაც მოგვიანებით, საოლქოს სხდომაზე აღასრულა კიდეც.
ის ცინიკურადაც მომმართავდა:–„გოგო, შენ 5 წელია წერ და მერე რა?! წერე და იკითხე კიდე“... მსგავს სიტუაციაში, სხვადასხვა უხეში დარღვევის შესახებ, ჩემს მიერ, 9 საჩივარი დაიწერა.

პირველი საჩივრის დაწერისას, უბანზე ეუთოს დამკვირვებლები მოვიდნენ. მათ რამდენიმე კითხვა დამისვეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სხვა მტკიცებულებიც გამაჩნდა, ისინი ამით არც დაინტერესებულან და საუბნო კომისიის წევრებს მიაშურეს. ხოლო მას შემდეგ, რაც საჩივრების რიცხვის ზრდასთან ერთად, ზეწოლის რიცხვმა და ხარისხმა იმატა, მათ თავად დავუკავშირდი და უბანზე მოსვლა ვთხოვე. თარჯიმანმა მიპასუხა, რომ ისინი ახლა შევიდნენ სადილად და ამიტომ უბანზე მოსვლას ვერ მოახერხებდნენ. უბნის დახურვამდე, ამაოდ ველოდი ეუთოს დამკვირვებლებს.

საჩივრების ნაციონალური განხილვა

31 მაისს, ფოთის №70 ოლქში, საჩივრების განხილვისას, საოლქოს თავმჯდომარე, ზაალ კუჭუხიძე, კომისიას დარღვევის არსად იმ კომენტარებს აცნობდა, რომელიც მხოლოდ დამატებითი ინფორმაციას შეიცავდა და დარღვევის არსისთვის გვერდის ავლით, კომისიას კენჭისყრას სთავაზობდა. საჩივრების არსი მდგომარეობდა რეგისტრატორ მიმოზა ყურაშვილის მიერ, მოქალაქისათვის სხვის გრაფაში ხელის მოწერინების უფლების მიცემასა და ყალბ პირადობას, ერთ–ერთი საეჭვო პირადობის აღმოჩენისას, მისი გადამოწმების უფლების არმოცემას, ასევე საუბნო და საოლქო კომისიების თავმჯდომარეების მხრიდან, საჩივრების წერისას, ჩემზე განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარას და ა.შ.

საოლქოს სხდომაზე კუჭუხიძემ უარყო აღნიშნული ფაქტები და კომისიას მხოლოდ იმის შესახებ ესაუბრა, თუ როგორ მომცა შენიშვნა რეგისტრატორთან დისტანცირების დარღვევის გამო, რაც არ იყო საჩივრის შინაარსი და ის არც წარმოადგენდა დარღვევას, რადგან სარჩევნო კოდექსში დისტანცირების მანძილი მითითებული არაა: „დამკვირვებელს უფლება აქვს კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან“. საოლქოს თავმჯდომარემ ეს გაფრთხილება უბანზე მომცა სწორედ მაშინ, როცა რეგისტრატორის დარღვევაზე საჩივარს ვწერდი.
სხდომაზე, ვითხოვე ამის შესახებ განმარტება, რაზეც მან ყვირილით მიპასუხა, რომ არ მომცემდა ამის უფლებას და როცა ჩემი უფლებების შეზღუდვა სიტყვიერად გავაპროტესტე, ის ჯერ დამემუქრა სხდომიდან გაძევებით, რაც პოლიციის გამოყენებით განახორციელა.

კუჭუხიძეს ალკოჰოლის მკვეთრი სუნი ამოსდიოდა და იმდენად არაადექვატურად იქცეოდა, რომ მის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ, საფუძვლიანი ეჭვი გამიჩნდა. გამოვიყენე ჩემი კანონიერი უფლება და პოლიციას მისი ალკო–ტესტზე შემოწმებისათვის მივმართე. საჯარო დაწესებულებაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საჯარო მოხელის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ითვალისწინებს მის თანამდებობრივ პასუხისმგებლობას, მით უმეტეს მაშინ, როცა ის ზღუდავს სხვის კანონიერ უფლებას და ძალადობს.
დაახლოებით 20 წუთში პოლიციიდან, საოლქოს შენობასთან, ვინმე ემზარ კალანდია მოვიდა, რომელმაც გარეთ მდგარი პოლიციის რიგითები მოიხმო და მათგან, სავარაუდოდ, მომხდარის შესახებ მოისმინა. ჩემი დანახვისთანავე, მათ შორის საუბარი შეწყდა. საოლქოსთან მოსულ პოლიციელს მივმართე, მან პოლიციელობა საერთოდ უარყო, თუმცა დაინტერესდა „რა მნებავდა.“
–პოლიციიდან თუ არ ხართ, რატომ უნდა გითხრათ, რა მნებავდა? პოლიციას მივმართე და მათ ველოდები, ვუპასუხე.
-ვთქვათ და პოლიციიდან ვარ, მერე?-თქვა და მანქანიდან გადმოვიდა. საქამრეზე იარაღს ატარებდა. მომხდარის მოსმენის შემდეგ განმიცხადა, რომ არ იყო საქმის კურსში და ახლავე გაარკვევდა უფროსობასთან, უფროსობა, სავარაუდოდ, ნაციონალების შტაბთან არკვევდა სიტუაციას და ა.შ. თუმცა, არც ამის შემდეგ გამოჩენილა ვინმე და სიტუაციის დასაზვერად გამოშვებულმა კალანდიამ, ამის შემდეგ, იქაურობა დატოვა.

პოლიციის უმოქმედობის გამო, საქმის კურსში ჩავაყენე შს მინისტრის მოადგილე, შოტა უტიაშვილი და რადგან პოლიცია არ რეაგირებდა, ვთხოვე დახმარება. მინისტრის მოადგილე საკითხში გარკვევას დამპირდა და რამდენიმე წუთში ამგვარად მიპასუხა: -„ამ შემთხვევაში, რადგანაც საქმე გვაქვს ადმინისტრაციულ სამართადარღვევასთან, თქვენ უნდა მიმართოთ ცესკოს და იმ შემთხვევაში, თუ ცესკო მოგვმართავს, მივიღებთ ზომებს. ალკოჰოლი 72 საათი მაინც რჩება ორგანიზმში და ამდენად, შემოწმება სასწრაფო არ არის.“
მივმართე ცესკოს ცხელ ხაზს. შესულ ზარებზე მყისიერი რეაგირება მათი მოვალეობაა. ისინი დამპირდნენ უფროსობის საქმის კურსში ჩაყენებას და რეაგირებას, თუმცა, მას შემდეგ მათგან პასუხი არ ყოფილა. ამ ყველაფერმა, მის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ ეჭვი კიდევ უფრო გაამძაფრა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ალკოჰოლზე შემოწმების ეს მარტივი და უწყინარი პროცედურა, რამდენიმე წუთში ჩატარდებოდა, თუნდაც ჩემს უხერხულ მდგომარეობაში ჩასაყენებლად, თუმცა, როგორც ჩანს, ყველამ იცოდა, იმ საღამოს კუჭუხიძის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შესახებ, რაც დამტკიცების შემთხვევაში, მის თანამდებობრივი და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი გახდებოდა, ამიტომაც აღნიშნულ დანაშაულზე ხელის დაფარება, ლამის მინისტრის და ცენტრალური სტრუქტურები დონეზე მოხდა.

ნაციონალური საოლქო კომისია

სხდომის მიდინარეობისას, კომისიის წევრებს, არც ერთ საჩივარზე საფუძვლიანი კითხვა არ გასჩენიათ. მათ არც მოწმეთა მოყვანა მოუთხოვიათ, უფრო მეტიც, საჩივრებიც კი არ წაუკითხავთ და ხშირ შემთხვევაში, კუჭუხიძის მიერ არასწორად ფორმულირებულ და შემდგომ თავისებურად ინტერპრეტირებულ დასკვნებს მონოლოგის რეჟიმში ისმენდნენ და მის მოწოდებას კენჭისყრის შესახებ, დაუყოვნებლივ ხელის აწევით უდასტურებდნენ. როცა თავმჯდომარემ ერთ-ერთ ოპოზიციონერ წევრს, იშვიათი გამონაკლისის სახით, აზრი ჰკითხა, მან უპასუხა: „ერთი, ერთს ამბობთ და მეორე-სხვას და რავიცი, უკვე დავიბენი, რა ვთქვა არ ვიცი“...
–„აა, ე.ი. აზრი არ გაქვს?“- დასვა დიაგნოზი კუჭუხიძემ და კომისიის წევრიც უყოყმანოდ დაეთანხმა-„არა, არ მაქვს“. გადაწყვეტილების მიღებისას, კომისიის ოპოზიციონერ წევრთაგან სამმა, რამდენჯერმე მხოლოდ თავი შეიკავა.

საჩივრის ავტორებისთვის სიტყვის თქმის უფლების შეზღუდვისას, კომისიის არც ერთ წევრს არ გასჩენია აზრის გამოთქმის ან შეწინააღმდეგების სურვილი, კუჭუხიძეს სხდომა სრულად „უზურპირებული“ ჰქონდა. ისინი კუჭუხიძის ხმის აწევის შესაბამისად ჩუმდებოდნენ და მისი ისტერიული ტონი და ტერორი არავის აღიზიანებდა. კომისიის წევრები რატომღაც, სიმართლის თქმის მცდელობამ უფრო გააღიზიანა. ეს კი, იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ მათი მიზანი სიმართლის დადგენა სულაც არ ყოფილა, რაც ჩემს შემდეგ გამოაშკარავდა კიდეც, 1 საათში, ასტრონომიული სისწრაფით იქნა „განხილული“ და გვერდზე გადადებული 7 საჩივარი, რომელთა შორის იყო: რეგისტრატორ მიმოზა ყურაშვილის მიერ საეჭვო პასპორტის მქონე მოქალაქისთვის სხვის ნაცვლად ხმის მიცემის ნების დართვა, ერთი და იგივე ამომრჩევლის ორჯერ გატარება; თავად საეჭვო პირადობის მოწმობებით ხმის მიცემა; იმ მისამართის არარსებობა, რომელიც იმ საეჭვო პირადობებში ჰქონდა მითითებული ამომრჩეველს; საეჭვო პირადობების აღმოჩენისას, დამკვირვებლისთვის გადამოწმებაში ხელშეშლით, მუქარითა და ზეწოლით, რაც არა ერთი შემთხვევა იყო #1 უბანზე და კუჭუხიძის მოვარდნები და სკანდალებიც სწორედ ასეთი ფაქტების მიჩქმალვას ემსახურებოდა. უბანზე რეგისტრატორების გაღიზიანებაც, რის გამოც უბანზე გაფრთხილება მომცა კუჭუხიძემ და მეორე გაფრთხილებაზე უბნიდან გაძევებით მემუქრებოდა, სწორედ ამ ფაქტების აღმოჩენით იყო გამოწვეული, რადგან თითოეულმა რეგისტრატორმა შესანიშნავად იცოდა, რომ სიყალბეში მონაწილეობდა და წინასწარი მითითებით, საოლქოს თავმჯდომარისგან წახალისებული, არაკეთილსინდისიერად ასრულებდა საკუთარ მოვალეობას.

ნაციონალური პოლიცია

მეორე დილით, 1 ივნისს, პოლიციის გამომძიებელმა ზაზა ბერიშვილმა დამირეკა და მოწმის სახით ჩვენების მიცემა მთხოვა. პოლიციაში მისულს, კაბინეტში სწორედ წინა დღის გმირი, პოლიციის მალთაყვის ქვეგანყოფილების უფროსი, ემზარ კალანდია და თავად გამომძიებელი დამხვდა. როცა მათ ვკითხე მიიღეს თუ არა ზომები და შეამოწმეს თუ არა კუჭუხიძე ალკოჰოლზე, მიპასუხეს:–„რა, ახლა კუჭუხიძე თუ მთვრალი იყო, რა შენი საქმეა, შენ რას გიშავებდა ან ჩვენ რას გვიშავებს? ჩვენ მოქალაქემ რომ დაგვირეკოს და გვითხრას ქალაქის მერი მთვრალიაო თავის კაბინეტში, მივიდეთ და დავიჭიროთ, ანდა ბანკში რომ გამოგვიძახონ, ბანკის თანამშრომელი მთვრალიაო, დავიჭიროთ?“–ისინი საჯარო და კერძო სამსახურებს ერთმანეთში ურევდნენ და თავგამოდებით ცდილობდნენ კუჭუხიძის დაცვას, რაც პოლიციის მოვალეობა არ იყო. მათ წინასწარვე განმიცხადეს, რომ ეს არ იყო მათი საქმე და ჩემი ჩვენება იმიტომ ესაჭიროებოდათ, რომ უბრალოდ პასუხი მოეწერათ.
მაშინ, როცა ადამიანებს აკავებენ და საფუძლად, პოლიციაში შესულ ანონიმურ ზარებს ასახელებენ, რომელიც განხორციელდა თუ არა კაცმა არ იცის, ღიად დაფიქსირებულ საჩივარზე, პოლიციამ საერთოდ ყურიც არ გაიპარტყუნა. კალანდიამ განმიცხადა, რომ ეს არ იყო საფუძველი, რაც მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს: კუჭუხიძის „ნაციონალური“ მფარველები ყველაფერს აკეთებდნენ მის დასაცავად.
წინასწარვე უარის სათქმელად განწირული ახსნა–განმარტებისთვის თითქმის 1 საათი მაინც დავკარგე და საუბრისას ისე გალაღდა და გახალისდა კალანდია, რომ მის მაგიდაზე მდგარი კომპიუტერი ჩართო. ჩემი ყურადღება „დესკტოპზე“ გამოჩენილმა პრეზიდენტის სურათმა მიიპყრო, რომლის ანალოგი სამმართველოს უფროსის კაბინეტში კედელზეც ეკიდა. მათგან ოთახში გადაღების ნებართვა ვითხოვე და ამ ყველაფრის ფოტოგადაღება დავაპირე, ამ დროს კალანდიამ ჯერ სახეზე ქაღალდი აიფარა, მერე სწრაფად წამოდგა სკამიდან ორივე პოლიციელი და მბრძანებლური ტონით გადაღების შეწყვეტა და მეორე ოთახში გასვლა მომთხოვა. –„ჩქარა დაუძახეთ სამმართველოს უფროსს,“–იყვირა კალანდიამ და გაღიზიანებული ტონით მიკრძალავდა იმ ოთახში სურათის გადაღებას. „რა იყო ვითომ მაშინებ, გაზეთში გამწერ? წერე და იკითხე კაცო, ვინაა ეს?! ეს ვინაა, ეს რა ყველაფერზე წამსვლელი ყოფილა“– ბობოქრობდა კალანდია, თუმცა რატომ იყო ფოტოს გადაღება საჯარო დაწესებულებაში დანაშაული და ყველაფერზე წასვლა, კალანდია ვერ მიხსნიდა და მპასუხობდა, რომ იქნებ მას არ უნდოდა ფოტოს გადაღება და ა.შ. მოკლედ, კერძო პირის უფლებასა და საჯარო პირის მოვალეობას ისევ ურევდა ერთმანეთში. როგორც ჩანს, ის მის ზურგს უკან არსებულმა „აპოლიტიკურმა“ ფონის გადაღებამ გააღიზიანა. ამის შემდეგ დაკითხვა სხვა ოთახში დასრულდა. პრეზიდენტის ფანი პოლიციელის, ემზარ კალანდიას პასუხს დღემდე ველოდები.

მოკლედ, ასე შერჩა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ კუჭუხიძეს, სიყალბეც, სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენებაც, მუქარაც, შანტაჟიც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაც და უბანზე გამყალბებელთა თანამზრახველობაც, ხოლო „ნაციონალების“ ხანა, ამგვარი ადამიანების ხელშეწყობისა და ამგვარად ჩატარებული არჩევნების ხარჯზე, გაურკვეველი ვადით გახანგრძლივდა.

2 comments:

  1. ასე ხდებოდა მთელს საქართველოში, ასე ხდება და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს მაინც ასე მოხდება , მეზიზღება აქაურობა და ჩემი ხალხიც მეზიზღება.

    ReplyDelete
  2. გეთანხმებით, რომ ასე ხდებოდა ყველგან, მაგრამ ეს არაინფორმირებულობის ბრალია, ხალხს არა აქვს ინფორმაცია ამათ საქმიანობაზე და სათანადო ანალიზს ვერ აკეთებს, ამიტომ ზიზღზე მეტად, ასეთი ადამიანები სიბრალულს უფრო იმსახურებს...

    ReplyDelete