Wednesday, June 1, 2011

პატარა გვანცას “ მზემდე მიღწეული“ ოცნებები








ფოთში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი შენობის ერთი ნაწილი ახლადგარემონტებულია. იქ ფოთის რესურსცენტრია განთავსებული,ხოლო შენობის მეორე ნაწილი - ავარიულია, იქ ავტოსკოლაა განთავსებული, დანარჩენ ოთახებში კი, აფხაზეთიდან დევნილი 6 ოჯახი ცხოვრობს. მათ სახელმწიფო ალტერნატიულ ფართს დიდი ხანია ჰპირდება. 2009 წელს, მერის ყოფილი მოადგილე, ლელა შარუხია ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან წელიწადნახევრიანი მოთმინებისკენ მოუწოდებდა დევნილებსა და 4 წლის გვანცას, რომელმაც მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო, ფილტვების ანთება ორჯერ გადაიტანა.

პატარა გვანცა „მუდმივი კარცერიდან“- ასე ერქვა 2009 წლის 30 სექტემბერს „თავისუფალ სიტყვაში“ გამოქვეყნებულ სტატიას: „ჩვენ აქ ნელ-ნელა გვკლავენ. ეს კარცერია, სადაც ფაშისტები ტყვეებს აწამებდნენ, -ამბობდა მაშინ გვანცას ბაბუა. რა შეიცვალა ამ ხნის მანძილზე ამ დევნილებისა და პატარა გვანცას ცხოვრებაში?


პატარა გვანცა „მუდმივი კარცერიდან“ ორი წლის შემდეგ

შენობის შესასვლელ ეზოში ვიწრო ბილიკს მივუყვები. შენობის უკანა ხედს ვათვალიერებ, აქ ყველაფერი ისევ ისეა, როგორც თითქმის ორი წლის წინ. ფანჯრების უმრავლესობა ისევ ჩარჩოებისა და შუშების გარეშეა. ზოგს მუყაო აუფარებია, ზოგს ფანჯარა საერთოდ გაუუქმებია და ზამთარში სიცივისგან თავის დაღწევის მიზნით ფიცრებით აუჭედავს. პატარა რკინის კარს ვაღებ და დერეფანში შევდივარ. სიბნელეა. დერეფანში იატაკზე ფეხსაცმელები აწყვია, ცოტა მოშორებით წყლით სავსე ჭურჭელი. ერთ-ერთ კართან ვჩერდები და ფრთხილად ვაკაკუნებ, შიგნიდან გოგონას ხმა ოთახში მეპატიჟება. ოთახში შესვლისთანავე ნაცნობი ნესტის სუნი და მძიმე ჰაერი მხვდება. ირგვლივ ისევ სიღარიბეა, ისევ ბეტონის ნახევრადჩამოცვენილი კედლები და ბეტონოს, ცივი იატაკი... ამავე ოთახშია ბავშვების საძინებელიც. ერთმანეთის გვერდით მდგარ ერთ-ერთ საწოლზე პატარა გვანცას სძინავს. უფროსი და, რომელიც უკვე 16 წლისაა, შეცბუნებული ბოდიშს მიხდის, დედაჩემი მეგონეო და საწოლიდან დგება. ხმაურზე პატარა გვანცას ეღვიძება, შარშანწინდელს აქეთ საკმაოდ გაზრდილა. თავს ვახსენებ, მის ნაცვლად უფროსი და მპასუხობს:“ ამას არა, მაგრამ მე მახსოვხართ, თქვენს გაზეთში ხომ ეწერა ჩვენზე?“

მერე გვანცას ჯანმრთელობის მდგომარეობით ვინტერესდები.„ეს სულ ცივდება, წელსაც ჰქონდა ანთება.. ახლაც ყელის პრობლემები აქვს“- მპასუხობს უფროსი და. საცხოვრებელს პატარ გვანცა მათვალიერებინებს.გვანცას ექვსწევრიანი ოჯახი ორ ოთახში ცხოვრობს. თავდაპირველად თავის საწოლთან მივყავარ. საწოლი ჩამოცვენილ კედელთან დგას, ოთახში კიდევ ოთხი საწოლი და ერთი კარადაა.ბეტონის იატაკზე პატარა ხალიჩაა დაგებული. გვანცა ფეხზე იხდის, საწოლზე ადის და საყვარელ დათუნიას მაჩვენებს, რომელიც თურმე ბაღშიც ხშირად "დაჰყავს".

გვანცა სექტემბერში სკოლაში მიდის, ამიტომ უკვე მეცადინეობს კიდეც. სამეცადინო მაგიდასთან მივყავარ, „ახლა გაჩვენებდით როგორ ვწერ, მაგრამ სკამზე ტანსაცმელები აწყვია და ვერ გამოვწევ. აქ სხვა სკამი არ გვაქვს,“ - მეუბნება უკვე გაშინაურებული.

მერე იპრანჭება და დას სამკაულების გაკეთებას თხოვს. მხოლოდ ამის შემდგომ გვათვალიერებინებს სამზარეულოს, სადაც ზამთარ-ზაფხულ დედა კერძს შეშის ღუმელზე უმზადებს. გარედან შემოზიდული წყლით ჭურჭელსაც იქვე რეცხავენ. „სააბაზანო არა გვაქვს, საპირფარეშო კი ეზოშია“,- მიხსნის გვანცა.

ჯერ დერეფანში გამოვდივართ. ამავე დერეფანში არსებულ ცარიელ ოთახს მაჩვენებს, „როცა გარეთ წვიმს, აქ ვთამაშობ“ -მეუბნება. ოთახში ქვიშა, საშენი მასალის ნარჩენები, ველოსიპედი, ქილები და სხვადასხვა ნივთებია მიყრილი. შემდგომ მეორე სართულზე მეზობლებთან ავდივართ, შინ მხოლოდ ერთი ოჯახია. აქ შედარებით უკეთესი პირობებია, ხის იატაკია და მეორე სართული მაინცაა...გვანცა ტელევიზორის წინ,მეზობლის ბავშვის გვერდით ჯდება, ხან ტელევიზორს უყურებს, ხან მე...

დიასახლისის თქმით, უკვე წლებია ხელისუფლება ალტერნატიული ფართის გამოყოფაზე მხოლოდ დაპირებას იძლევა. „ჯერჯერობით, არც ამას გვიკანონებენ და არც სხვაგან გადავყავართ. ახლა გვეუბნებიან მალთაყვის უბანში, ახლადაშენებულ კორპუსებში ჩაგასახლებთო,“ -ამბობს და იქაურ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებზე საუბრობს.

საუბრის დასრულების შემდეგ, გვანცა მაცილებს და მწვანე ბალახით დაფარულ ეზოში სათამაშო ადგილს მიჩვენებს. მეუბნება, რომ ეზოში, აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული სათამაშო მოედნისა და ატრაქციონის მსგავსი რაღაც უნდა... მერე სურვილებს უმატებს... სასკოლოდ, კარგი ჩანთის სურვილიდან შუშებიან სახლზე გადადის, სადაც ფანჯრიდან მზე იოლად შემოვა. „იცი რამდენი სურვილი მაქვს, ყველა რომ გითხრა, ცამდე და მზემდე მიაღწევს“- მეუბნება და ხელებს მაღლა იშვერს.

ბოლოს კიბის საფეხურზე ჯდება და სურათის გადაღებას მთხოვს.

ამ დღეებში პატარა გვანცასთან კიდევ ერთხელ მივალ და მის სურათს პირადად მივუტან.

იზა სალაყაია

No comments:

Post a Comment