



აფხაზეთის მთავარი აეროპორტი, რომელიც სოხუმთან ახლოს,სოფელ ბაბუშერაში მდებარეობს, ოფიციალურად გაიყიდა. მისი მფლობელი რუსული „ჰოლდინგ ცენტრი ნოვაპორტია“. ინფორმაციას ამის შესახებ, „ეხო აფხაზიი“ ავრცელებს. აეროპორტის ახალმა მეპატრონემ პირველადი გადასახადის სახით, 2 მილიონი ევრო უკვე გადაიხადა.
აფხაზური პრესა მკაცრად აკრიტიკებს ხელისუფლებას, რომელმაც „ქვეყნის მთავარი საგანძური–აფხაზეთის აეროპორტი კაპიკებად გაყიდა“. „ეხო აფხაზიის“ ინფორმაციით, აეროპორტის ტერიტორიაზე უკვე მობილიზებულია ტექნიკა და თითქმის მთელი დღის განმავლობაში შეაქვთ სამშენებლო მასალები. გაზეთი აქვე „ჰოლდინგცენტრ ნოვაპორტის“ დირექტორთან, რომან ტროცენკოსთან ინტერვიუს აქვეყნებს.
მისი განცხადებით, აეროპორტი იქნება ევროპის დონის და ფეშენებელური, რომელიც ძირითადად სოჭის ოლიმპიადის სტუმრებს მოემსახურება. აეროპორტთან ახლოს, ასევე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება, სადაც სტუმრებს დაბინავება და დასვენება შეეძლებათ.
კორესპონდენტის კითხვაზე, 2 მილიონი ევრო ხომ არ არის მიზერული თანხა აეროპორტის შესაძენად, ტროცენკო პასუხობს: "ეს თანხა ნამდვილად არ არის მიზერული იმასთან შედარებით, რაც აეროპორტის სრულ რეკონსტრუქციას სჭირდება". მის თქმით, სოხუმის აეროპორტი სრულ მზადყოფნაში 2014 წელს იქნება.
მალხაზ ბასილაია