Showing posts with label არჩევნები. Show all posts
Showing posts with label არჩევნები. Show all posts

Friday, June 3, 2011

პუტინი აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატებს გაერთიანებას სთავაზობს



ექსკლუზივი

ბაღაფშის დაკრძალვაზე გუშინ სოხუმში ჩასული რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი, აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ მინისტრს, სერგეი შამბასა და დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ალექსანდრე ანქვაბს ცალცალკე შეხვდა. როგორც წყარო გვატყობინებს, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ჩვენი ინფორმაციით, პუტინმა მათ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანება ურჩია, რათა უფრო მარტივად გადალახონ პირველი ტური. აფხაზ პოლიტიკოსებთან პუტინის შეხვედრის ფაქტი სოხუმში მოღვაწე პოლიტოლოგმა არდა ინალიფამაც დაგვიდასტურა და აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებაც გვესაუბრა:

- ქ-ნო არდა, რა იყო რუსეთის პრემიერის სერგეი შამბასთან და ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრი მიზანი?

–ზუსტად მეც არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ, საუბარი შეეხებოდა მომავალ არჩევნებს, რომელიც აფხაზური კანონმდებლობით პრეზიდენტის გარდაცვალებიდან ზუსტად სამ თვეში უნდა ჩატარდეს. მას შეხვედრები ჰქონდა ორივე ლიდერთან ცალცალკე. ეს საგულისხმო და ცოტა უცნაურია, მაგრამ როგორც კულუარებში გავარკვიე, პუტინი ცდილობს ორივე ლიდერი ერთ გუნდად გაერთიანდეს.

–თქვენ როგორ ფიქრობთ, არჩევნებში მონაწილეობას ამ ორი კანდიდატიდან მხოლოდ ერთ–ერთი მიიღებს?

–კი არ ვფიქრობ, ასეც იქნება.

–ანუ საპრეზიდენტო კანდიდატად ვის წამოაყენებს ე.წ ერთიანი გუნდი?

–ამის პროგნოზირება წინასწარ შეუძლებელია, მაგრამ თუ გადავხედავთ მიმდინარე მოვლენებს ალბათ, მთავარი კანდიდატი სერგეი შამბა იქნება. შამბას ენდობა, როგორც რუსეთი ასევე დასავლეთიც.

–და რუსეთი ან თუნდაც დასავლეთი არ ენდობა იგივე ანქვაბს?

-ნდობით ენდობა .უბრალოდ, უფრო გამოკვეთილი პოლიტიკოსი სერგეი შამბაა, ასე ვთქვათ, უფრო მიღებული და ცნობადი ფიგურაა.

–თუ შამბა გახდა აფხაზეთის პრეზიდენტი, მაშინ ანქვაბს რა თანამდებობა ერგება?

–ის, როგორც წინა არჩევნებისას გახდა ვიცე–პრეზიდენტი, ამჟამადაც, იგივე განმეორდება. უკიდურეს შემთხვევაში, გახდება ქვეყნის პრემიერი.

-ოპოზიციონერ კანდიდატს, რაულ ხაჯინბას შანსები აქვს?

–ალბათ, ისეთივე, რაც წინა არჩევნებზე ჰქონდა. თუმცა, აფხაზეთში მუსირებს აზრი, რომ არჩევნებს აფხაზეთში იგებს არა რომელიმე პოლიტიკური ძალა, ან თუნდაც რომელიმე კანდიდატი, არამედ რუსეთი.რუსეთი,რომელსაც გააჩნია საკუთარი ინტერესები აფხაზეთთან მიმართებაში.

–და ამას რა შეიძლება მოყვეს აფხაზეთში?

–რას გულისხმობთ?

–ანუ მოსალოდნელია თუ არა რაიმე სახის არეულობა აფხაზეთში?

–ძნელია ამის წინასწარ განსაზღვრა, მაგრამ ალბათ, მოსალოდნელია. დამარცხების განცდა ალბათ, ძნელი გადასატანია, თან როცა იცი, რომ წინასწარ ყველაფერი განსაზღვრულია. იმედია, ყველაფერი მშვიდ პირობებში ჩაივლის და სამ თვეში აფხაზეთს ახალი პრეზიდენტი ეყოლება.


მალხაზ ბასილაია

Friday, May 28, 2010

ლემონჯავას ფენომენი ფოთის პოლიტიკაში





ფოთის პოლიტიკური ცხოვრება აქტიურობით არასოდეს გამოირჩეოდა. კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული, ფოთს ცენტრიდან კარტბლანშირებული პირები მართავდნენ, მაშინ მოსკოვიდან, ახლა –თბილისიდან და ზუგდიდიდან. ფოთელები მუდამ ცენტრის დანიშნულს ეძახდნენ „ბაბაიას“, თუმცა, ფოთში არაფოთელის დანიშვნას კომუნისტებიც კი გაურბოდნენ, რადგან ეს ფოთელებისთვის მაშინაც და ახლაც ძალიან მტკივნეული თემაა. ფოთელებმა (ალბათ ორიოდ გამონაკლისის გარდა) შეიძლება აიტანონ მათი ბიუჯეტის უაზროდ ფლანგვა, კორუფცია, არაპროფესიონალიზმი, უსამართლო ჯარიმა, სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლება, ბიზნესის ჩაძირვა, ნარკოტიკის ჩადება და უკანონოდ დაპატიმრებაც კი, მაგრამ, ხმამაღლა თუ არა, პირად საუბრებში მუდმივად გამოხატავენ უკმაყოფილებას ჩამოსულთა დაწინაურების შესახებ.

რაც თავი მახსოვს, ამ ქალაქში რაიმეს მიმართ დიდი პროტესტი არასოდეს გამოთქმულა. ეროვნული მოძრაობის პერიოდში, როცა საქართველო კომუნისტურ რეჟიმს აპროტესტებდა, ფოთში, იმჟამინდელი თეატრის წინ მიმდებარე მოედანი, მხოლოდ სანახევროდ თუ ივსებოდა პროტესტანტებით. სწორედ მაშინ შეარქვეს ფოთს „პენსიონერთა ქალაქი“. მსგავს ინდიფერენტიზმს რამდენიმე ახსნა ჰქონდა: „ფოთი მუშათა და ინტელიგენტთა ქალაქია“,– კომუნისტებისდროინდელ ამ შეფასებას ახლაც ხშირად იმეორებენ ფოთელები და ყოველთვის გიჩნდება კითხვა: რატომ არ შეიძლება მუშას ან ინტელიგენტს რაიმეზე განსხვავებული აზრი, ან პროტესტი გაუჩნდეს და გამოთქვას ის ხმამაღლა?
ინერტულობის კიდევ ერთ ახსნად მიჩნეულია „ინტრიგნის“ იარლიყის თავიდან აცილება, რაც თავისუფალი აზროვნების დეფიციტზე მიუთითებს. საკუთარი ან სხვათა უფლებების დაცვა, საპირისპირო მოსაზრების გამოთქმა, ხელისუფალთა სამოხელეო დანაშაულში მხილება, საკუთარი ჯიბიდან დაფინანსებულ ხელისუფალთათვის გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოთხოვნა ან, უბრალოდ, თავის არმოტყუება ინტრიგნობად ინათლება და ეს წოდება თითქმის იმავე სიმძიმისაა, როგორც ტოტალიზატორში „პოსლეზე“ წაგებულისთვის „ფუფულოს“ შერქმევა, რასაც ზოგიერთებმა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება ამჯობინეს.

„ხმამაღლა ვერ ვიტყვი, ინტრიგანს დამიძახებენ,“– ხშირად გამიგია უსამართლობით და საკუთარი უფლებების უხეშად შელახვით შეწუხებული ადამიანებისაგან. ეს კი იმის ბრალია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნიშან–წყალი ფოთში არ შეინიშნება.
ერთმა ამერიკელმა სტუმარმა, რომელმაც ჩვენთან მოსვლამდე, სწორედ დემოკრატიის ხარისხის შესწავლის მიზნით, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქი შემოიარა, მითხრა, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით, ფოთში ამ მხრივ არსებული სიტუაცია მას ძალიან აგონებს აზერბაიჯანს, სადაც, როგორც ცნობილია, დემოკრატიის ხარისხი საშინლად დაბალია.
სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობასთან ერთად, მოსახლეობისთვის ზუსტი, ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება ესაჭიროება, რადგან მისი უფლებაა იცოდეს სიმართლე და რაც, არსებული მედიასაშუალებებით, მას არ ეძლევა. ინფორმირებული და საკუთარ უფლებებში გარკვეული მოქალაქე ადვილად გააკეთებს ანალიზს და თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, როცა მიხვდება, რომ ატყუებენ. არადა, მას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ატყუებენ; ატყუებენ ყოველი არჩევნების წინ, როცა ეუბნებიან, რომ ხელისუფლებამ მათთვის ყველაფერი გააკეთა და გააკეთებს; ატყუებენ, როცა ეუბნებიან, რომ პროფესიონალიზმის ნიშნით შერჩეული ადამიანები ჰყავთ სიებში, რომ ყველა მათგანმა თავისი ცოდნა-გამოცდილებით დაიმსახურა ყოფილიყვნენ მათი წარმომადგენლები საკრებულოში – ორგანოში, სადაც ადამიანები სწორედ ქალაქის წინაშე გაწეული ღვაწლისა და დამსახურების მიხედვით უნდა აირჩიონ.

დასაწყისში კომუნისტებისდროინდელი ერთპარტიული მმართველობის პერიოდი შემთხვევით არ მიხსენებია. მას ჩვენს თანამედროვეობასთან ბევრი მსგავსება აქვს. ფავორიტიზმი და ნეპოტიზმი ერთპარტიული და ტოტალიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი. დღეს, ფოთშიც გვაქვს ამისი მკაფიო მაგალითი, თუნდაც ერთ-ერთი კანდიდატის, გოჩა ლემონჯავას, სახით, რომელსაც ფოთში მხოლოდ თავისი თანაპარტიელი აქტივისტები თუ იცნობენ, ისიც იმ ნიშნით, რომ ის ცნობილი ახალაიების წარმომადგენელი და მათ მიერ ხელდასმულია. ამ არჩევნებით მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის, გოჩა ლემონჯავას (რომელიც ქალაქის მმართველის ფუნქციას დე-ფაქტო აქამდეც ითავსებდა), ლეგიტიმაცია უნდა მოხდეს.

ვინ არის ფოთის დე-ფაქტო და სავარაუდოდ დე-იურე მერი და რა ნიშნით უნდა გახდეს ის ამ ქალაქის მმართველი?

ლემონჯავა ინტერვიუზე ჯიუტად არ გვთანხმდება, არადა, წესით, ჩამოსულ კაცს, რომელსაც ქალაქში მართლა არავინ იცნობს, მის შესახებ ჩვენი მკითხველებისთვის, იგივე მისი ამომრჩევლებისათვის, ინფორმაციის მიწოდებით თავადვე უნდა იყოს დაინტერესებული, თუმცა, პირიქითაა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ცნობადობის ამაღლება მისთვის გამარჯვების საწინდარი არაა და ის სხვა ფორმით აპირებს გამარჯვებას.

პროფესიით ექიმი (როგორც შევიტყვეთ, მის დარგში პროფესიონალი) გოჩა ლემონჯავა ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეს მკვიდრია და სულ ორიოდ წელიწადია ფოთის სინამდვილეში გამოჩნდა. 2007 წელს ის ჩხოროწყუს ასოცირებული საკრებულოდან ფოთის მერის მოადგილედ დაინიშნა. დანიშვნისთანავე მკაფიოდ იგრძნობოდა მისი გავლენა ფოთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, მათ შორის ტენდერების განაწილებაში, ბიუჯეტის დაგეგმვა-განაწილებაში, კადრების მოხსნა-დანიშვნაში და ა.შ. გადაჭარბებულ აქტიურობაში გამოიხატებოდა. საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა ერთხელ ასეთი რამ მითხრა: „ყველა ჩამოსულთაგან კიდევ ლემონჯავა სჯობს ყველას: მიმწოლია, სხვებს ხმის ამოღებაც არ შეუძლიათ, მას შეუძლია ცენტრში ვიღაცებთან დალაპარაკება და რაღაცის მოთხოვნა, რადგან „კრიშიანიაო“. ამის მთქმელს, ბუნებრივია, თავად თვითმმართველობის არსზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, გულწრფელია. სწორედ ამგვარი, ცენტრის მითითებებზე ცეკვით დაასრულა საკუთარი 4-წლიანი მოღვაწეობა ფოთის ყოფილმა საკრებულომ. კანონით გარანტირებული, დამოუკიდებელი თვითმმართველობის განხორციელების შესაძლებლობის არქონის გამო, პროტესტი არავის გასჩენია. აქაოდა, ინტრიგანს დამიძახებენო და იმით შეშინებულს, რომ მას სოლიდარობას არავინ გამოუცხადებს და, შესაძლოა, წინააღმდეგობის გაწევისთვის ციხეშიც კი აღმოჩნდეს, ხმას არ ან ვერ იღებს. მსგავსი ანგარიშსწორების ნათელ და აშკარა მაგალითად საკრებულოს ექს-თავმჯდომარის, დავით შურღაიას დაკავებაც კმარა.
სწორედ „დაკრიშვის“ წყალობით, ლემონჯავას საკარიერო აღმასვლა ძალიან ადვილად წარიმართა. მერის მოადგილეობის შემდეგ ის იმ ნავსადგურის მთავარ მენეჯერად დაინიშნა, რომელიც თანამშრომლებისგან პოლიტიკური ნეიტრალობის დაცვას ითხოვს, მაგრამ ეს შეზღუდვა, როგორც ირკვევა, სახელისუფლებო პარტიაში აქტიურობას არ შეეხება. ამაზე და ლემონჯავას განუსაზღვრელ გავლენაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ის საკრებულოში მოსვლას ორ თანამშრომელთან ერთად აპირებს, რომლებიც მასთან ერთად არიან მმართველი პარტიის სიაში: კახა გუგუჩია, რომელიც ფოთელებისთვის ასევე უცნობია და გარდა მოძრაობა „კმარას“ აქტივისტობისა და აქედან გამომდინარე, გიგი უგულავასთან ნაცნობობისა, მისი მოღვაწეობა საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უცნობია და მაგდა მენაბდე, ლემონჯავას მეორე თანამშრომელი, რომელიც მანამდე ტ/კ„მეცხრე ტალღის“ ჟურნალისტი იყო.
ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ლემონჯავას შერჩევა პროფესიონალური ნიშნით მოხდა და ჩხოროწყუელ ექიმს (თუნდაც მის სფეროში წარმატებულს) ფოთის მმართველობაში რაიმე გამოცდილება ან საზღვაო-სანავსადგურე სფეროში შესაბამისი ცოდნა-გამოცდილება და კომპეტენცია ჰქონოდა და ფოთში შესაბამისი სპეციალისტი ვერ მოიძებნა.
 
ნაციონალების სიის გაცნობისას მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი თვითმმართველობას კი არა, ცენტრის მორჩილ შემსრულებლთა გუნდს გვთავაზობენ და ფოთის ადმინისტრაციას სამხარეო პროკურატურის ერთ-ერთ განყოფილებად გადაქცევა ემუქრება, თუმცა, ამ უკანასკნელის დამოუკიდებლობა, არც აქამდე იგრძნობოდა. 
თავად ყოფილი მერის, ვანო საღინაძისა (ის, ამჟამად, საკრებულოს თავმჯდომარედ მოიაზრება) და გოჩა ლემონჯავას არაფოთელობის ფაქტი, რაზეც ოპოზიციურად განწყობილნი გამუდმებით აპელირებენ, მხოლოდ ფოთელთა შორის არაპროფესიონალთა დეფიციტზე არ მიუთითებს და ეს იმ გამეფებულ ნეპოტიზმსა და კლანურობას უკავშირდება, რომელიც რეგიონში, კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული, მხოლოდ გავლენიანთა ცვალებადობის მიხედვით იცვლება. ასე, რომ, აქ მთავარი პრობლემა ჩამოსულის ფაქტორი სულაც არაა, რადგან ახალაიას მიერ დანიშნული ნებისმიერი ფოთელიც იმავეს გააკეთებდა და ეს სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ სამეგრელოში განუსაზღვრელი ძალაუფლებისა და გავლენის მქონე სამხარეო პროკურორმა ადგილობრივებში დასაყრდენი ან სანდო ადამიანი ვერ იპოვა. უბრალოდ, მისთვის, ამ ეტაპზე, ლემონჯავა უფრო სანდო და მისაღები აღმოჩნდა, ლემონჯავასთვის – გუგუჩია და მენაბდე და ა.შ. 
ამიტომაც აქ, ჩამოსულის ფაქტორზე გაცილებით დიდი პრობლემა იკვეთება, და ამას, როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების მხრიდან, ფასეულობების აღრევა ჰქვია და ეს კანონის უზენაესობის იგნორირება, განათლებისა და ინფორმაციის ნაკლებობა, მონობასთან და უსამართლობასთან შეგუება, ნიჰილიზმი და გულგრილობაა...

ხოლო ისეთ საზოგადოებას, რომელსაც ამ ყველაფრის მიმართ პროტესტი „ინტრიგნის“ იარლიყის შიშით არ უჩნდება, „ფუფულო“კი მისთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი წოდებაა, სადაც არ არსებობს სოლიდარობის განცდა, უსამართლობის მიმართ გულგრილი და მონური დამოკიდებულებაა და „ოღონდაც მე კარგად ვიყო“– განწყობაა, სანამ 1 კგ. შაქარზე ამომრჩევლის გადაბირება მარტივია, დემოკრატიული არჩევნები და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება დიდხანს ეღირსება, რადგან, როგორც ჟან ჟაკ რუსო ამბობდა: „თავისუფლებაზე მსჯელობა მონების საქმე არაა“...

ელისო ჯანაშია

Saturday, October 24, 2009

ლოთის დაბრუნება ლოთი ქობალია - ”არჩვენებში მონაწილეობას მივიღებ, რატომაც არა?!''

გაზაფხულისთვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტაქტიურობა უკვე დაიწყო. ცნობილია, რომ ოპოზიციური პარტიებიდან არჩევნებში მონაწილეობას ”ქრისტიან-დემოკრატები," ”ეროვნულ დემოკრატები," ”ალიანსი საქართველოსათვის" და ნოღაიდელის ”სამართლიანი საქართველოსათვის" მიიღებენ. სხვა პოლიტ-სუბიექტებს თავიანთი საარჩევნო პროგრამისა და მიზნების შესახებ ზუგდიდში ჯერჯერობით ხმამაღლა არ განუცხადებიათ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის ახლადჩამოყალიბებულმა პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბრძოლა სამეგრელოში უკვე დაიწყო. პარტიის რეგიონული ოფისი, 5 ოქტომბერს, ზუგდიდში კონსტანტინე გამსახურდიას #45-ში გაიხსნა. ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის" სამეგრლოს ოფისს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი ვახტანგ (ლოთი) ქობალია უხელმძღვანელებს, ქობალია ზურაბ ნოღაიდელის პარტიის გამგეობის წევრიცაა.

ლოთი ქობალია ”ჰელსინკის კავშირის" წევრი, ეროვნული გვარდიის სამმართველოს უფროსი და შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალია. ზვიად გამსახურდიას საქართველოდან განდევნის შემდეგ, ქობალიამ თავი უკრაინას შეაფარა. ლოთი ქობალიას სახელს 90-იან წლებში, სამოქალაქო ომის დროს, არაერთი გახმაურებული კრიმინალური ისტორია უკავშირდება. მათ შორის, 1993 წლის ოქტომბერში ჟურნალისტ დავით ბოლქვაძის მკვლელობა. ლოთი ქობალია ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, 1994 წელს, უკრაინაში დააკავეს. მას ბრალად სამშობლოს ღალატი, სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვისთვის და ჟურნალისტ დათო ბოლქვაძის მკვლელობა ედებოდა, რის გამოც 1996 წელს ლოთი ქობალიას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, თუმცა რამდენიმე თვეში, საქართველოს კანონმდებლობით სიკვდილით დასჯა აიკრძალა, განსასჯელს კი განაჩენი 20-წლიანი პატიმრობით შეეცვალა, 2004 წლის 9 მაისს კი მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების საფუძველზე გაანთავისუფლეს.

ლოთი ქობალია ამჟამად 59 წლისაა და ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშში ცხოვრობს. ის ცნობილი დისიდენტის, ინდიკო ქობალიას ძმაა. ლოთი ქობალიას უმაღლესი განათლება არა აქვს, ის საბჭოთა პერიოდში დროს პურის მანქანის მძღოლი იყო და ზუგდიდის სოფლებს პურით ამარაგებდა. ქობალიას პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი თვისებები ნაკლებად აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, ზურაბ ნოღაიდელმა არჩევანი ლოთი ქობალიაზე გააკეთა, რომლის მიზანიც ძნელი გამოსაცნობი არ არის. ქობალია ზვიადისტების ნაწილში განსაკუთრებული პატივით და პოპულარობით სარგებლობს. ის ნოღაიდელს საარჩევნოდ საკმაოდ დიდი რაოდენობის მხარდამჭერებს შემატებს.

თუ რამ გამოიწვია ლოთი ქობალიას პოლიტიკური რეინკარნაცია და რა გეგმები აქვს ყოფილ პატიმარს, ამ თემით `თავისუფალი სიტყვა" ლოთი ქობალიას ესაუბრა:

- ბატონო ლოთი, რამ გამოიწვია თქვენი პოლიტიკური გააქტიურება?

- მინდა ქვეყანაში სუფევდეს სამართლიანობა და ეს არის ჩვენი დევიზიც ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის." ჩვენი და ბატონი ნოღაიდელის აზრები დაემთხვა ერთმანეთს და ერთად ვიბრძოლებთ სამართლიანი საქართველოსთვის. პრეზიდენტმა ეკლესიაში დადო ფიცი და ხელი მოაწერა, რომ სამართალს აღადგენდა, მაგრამ ეს დოკუმენტი მხოლოდ ქაღალდზე დარჩა.

- შემოთავაზება ვისგან მოდიოდა, ნოღაიდელი დაგიკავშირდათ?

- ჩემი სიმპატიები, ნოღაიდელის მხარეს არის. მე ვერ ვითანამშრომელებდი იმ ხალხთან ვინც საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ. ტელევიზიით ამბობენ, რომ თურმე რაღაც შელახული იმიჯი მქონდა, მე არ ვიცი რატომ. ალბათ ეს თბილისური სეპარატიზმის გავლენაა, რაც აუცილებლად უნდა მოისპოს, სანამ საქართველო გაუნადგურებია ამ თბილისურ სეპარატიზმს.

- რა სამოქმედო გეგმა გაქვთ რეგიონში?

- ჩვენ გვაქვს ავტორიტეტი ხალხში, რაც საბოლოოდ აისახება გამოკითხვებსა და არჩევნებში. ჩვენი მთავარი მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდობის წარმოჩენა და მათი შესაძლებლობების გამოყენება. ჩვენ არ გვაწყობს არც პროამერიკულობა და არც პრო-რუსულობა, ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეკუთვნოდეს.

- ხომ არ აპირებთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?

- ყველაფერი უნდა ხდებოდეს არჩევით, თუ ხალხმა დაგვიჭირა მხარი ჩვენ მივაღწევთ სამართლიანი საქართველოს შექმნას. არჩევნებში მონაწილეობა არ გადამიწყვეტია, მაგრამ არც მონაწილეობის მიღებას გამოვრიცხავ, რატომაც არა?!

- ნოღაიდელს აქვს საკმაოდ დიდი კაპიტალი, რომელიც მან ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოიპოვა. თუმცა, ჯერჯერობით, შერჩა, რასაც ვერ ვიტყვით, მაგალითად ბურჯანაძეზე. ამავე დროს ნოღაიდელი თავის განცხადებებში არის საკმაოდ მოზომილი და ლოიალური. ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლების სატელიტ პარტიაში ხართ?

- ზურაბ ნოღაიდელს არა აქვს არც რუსული, არც ამერიკული და არც სოროსის ფული. რადგან მან ამხელა ფული იშოვნა, ეს ამტკიცებს, რომ ის ჭკვიანი კაცია და თუ ამ ფულს დახარჯავს საქართველოს კეთილდღეობისთვის, ამას რა ჯობია. მის ბიოგრაფიას რომ გადავხედე, ნამდვილად დაიმსახურა ჩემი მოწონება.



პაატა ლაგვილავა
09.10.2009