Showing posts with label მძღოლების გაფრთხილება. Show all posts
Showing posts with label მძღოლების გაფრთხილება. Show all posts

Saturday, May 21, 2011

ზუგდიდში მიკროავტობუსის მძღოლები პოლიციაში დაიბარეს



ზუგდიდის ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლმა, კონფიდენციალობის გარანტიით, „თავისუფალ სიტყვას“ შეატყობინა, რომ ის გუშინ, გვიან ღამით ადგილობრივ პოლიციაში დაიბარეს და თბილისში გამგზავრება აუკრძალეს:- „წუხელ, გვიან ღამით, დამიბარეს პოლიციაში და მითხრეს თბილისში არ წახვიდეთო. ამ დღეებში პირად საქმეზე თუ მოგიწიათ წასვლა, აუცილებლად წინასწარ უნდა გაგვაფრთხილოთო. ზედმეტ პრობლემებს ნურც საკუთარ თავს შეუქმნი და ნურც ჩვენო.“ წყაროს ცნობით, მსგავსი გაფრთხილება მიიღო მიკროავტობუსის მძღოლების უმრავლესობამ.
შეგახსენებთ, რომ ეს სამარშუტო ტაქსის მძღოლების გაფრთხილების პირველი შემთხვევა არ არის. მძღოლებმა მსგავსი გაფრთხილება, პოლიციისგან დაახლოებით ერთი კვირის წინაც მიიღეს, რაზეც ადრე ვიუწყებოდით.
სოფო ხუბულავა

Thursday, May 19, 2011

ზუგდიდიში 21 მაისამდე სამი დღით ადრე მიკროავტობუსის მძღოლები გააფრთხილეს





„სახალხო კრების“ წარმომადგენელი ზუგდიდში, ზამირა ღადუა აცხადებს, რომ 21 მაისს დაგეგმილ აქციამდე რამდენიმე დღით ადრე ,მიკროავტობუსების მძღოლები გააფრთხილეს. „ გაფრთხილების გარდა, ზოგიერთ მძღოლს მანქანის ნომრები და პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და ხელწერილიც დაადებინეს“- ამბობს „სახალხო კრების“ წარმომადგენელი.

„თავისუფალ სიტყვასთან“ საუბრისას მძღოლებმა დაადასტურეს, რომ გუშინ 17 საათისთვის ერთ-ერთ ავტოსადგომზე სამოქალაქო ფორმაში მყოფმა ადამიანებმა გააფრთხილეს, რომ 21მაისს, აქციაზე ხალხის წაყვანის შემთხვევაში სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ. მოსთხოვეს პირადობის და ტექდათვალიერების მოწმობები და პირადი მონაცემები ჩაიწერეს.

მძღოლები აცხადებენ, რომ ამ ადამიანებში ზუგდიდელი პოლიციელები ამოიცნეს, თუმცა მათი ვინაობის დასახელებაზე უარი თქვეს. „თავისუფალ სიტყვასთან" საუბრის დროს ისინი ანონიმურობას ითხოვდნენ, მათი თქმით „ახალი პრობლემებისაგან თავის ასარიდებლად“.

„სახალხო კრების“ ზუგდიდის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მხარდამჭერების დედაქალაქში გადაყვანა დღეიდან დაიწყეს, მასიური გასვლების და მასთან დაკავშირებული სირთულეების თავიდან ასაცილებლად.




ლორა ქობალია