Showing posts with label ფოთის მერი. Show all posts
Showing posts with label ფოთის მერი. Show all posts

Tuesday, May 31, 2011

ფოთის მერი კვლავ გაურკვეველ ინვესტიციებზე საუბრობს



ფოთის მერის, ვახტანგ ლემონჯავას მიერ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „თავისუფალი სიტყვა“ ქალაქში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებით დაინტერესდა.
ქალაქში ინვესტორების შემოსვლისა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელბის შესახებ განცხადებებს ადგილობრივი ხელისუფლება წლებია აკეთებს. ფოთში, ინვესტიციების განხორციელებისა და სამუშაო ადგილების შექმნაზე დაპირებები 2005 წელს, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის დღიდან დაიწყო. კონკრეტული კომპანიები და საინვესტიციო ჯგუფი არ სახელდებოდა, მხოლოდ ქალაქით დაინტერესებული კვიპროსელი, ჩინელი, არაბი, უკრაინელი და თურქი ინვესტორების შემოსვლაზე და სამრეწველო- მეტალურგიულ ქარხნების მშენებლობაზე საუბრობდნენ. თუმცა რეალურად არცერთი პროექტი არ განხორცილებულა.
მერმა, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს, კონკრეტული საინვესტიციო პროექტებისა და კომპანიის შესახებ არ უპასუხა. მან მხოლოს ის აღნიშნა, რომ ნაბადის უბანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება.
ქარხნის მშენებლობის მიზნით საინვესტიციო ჯგუფის ფოთში ჩამოსვლის თაობაზე, მერმა ჟურნალისტებს პირველად მარტის თვეში გამართულ პრესკონფერენციაზე აუწყა. მერის იმდროინდელი განცხადებით, ინვესტორების ჩამოსვლა 7 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა დღემდე არავინ ჩამოსულა.

რომელი კომპანია გეგმავს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას, არის თუ არა ტერიტორია შერჩეული და ვისთან აწარმოებენ ინვესტორები მოლაპარაკებას? - ლემონჯავამ მოკლედ უპასუხა: "საუბარია შვეიცარიულ საინვესტიციო ჯგუფზე, ეს არ არის კომპანია, ბიზნესმენებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ქარხნის ასაშენებლად ქალაქში 40 ჰა მიწის ნაკვეთის შეძენას გეგმავს. ახლა ამ ადამიანების სახელი და გვარი რომ ვთქვა, რას გეუბნებათ?“ - განაცხადა ლემონჯავამ.

იზა სალაყაია

Wednesday, May 4, 2011

ფოთის მერი „დროში გაწელილი სამუშაოების პულსს“ აკონტროლებს



დღეს, ადგილობრივ მედიასაშუალებებთან შეხვედრისას, ფოთის მერმა, ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამა. „სისწრაფეზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ვიწყებთ“- განაცხადა მან. თუმცა, მომავლის პერპექტივებამდე, ვახტანგ ლემონჯავას დანგრეულ ავტოფარეხებზე, წყლის მაღალი ტარიფისა და ფოთის მშენებარე აეროპორტის გასაიდუმლოებული პროექტის შესახებ დასმულ შეკითხვებზე მოუხდა პასუხის გაცემა.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში, ავტოფარეხების აღების კამპანია, 2010 წლის შემოდგომაზე, ფოთის მერის ინიციატივით დაიწყო. შესაბამისი დოკუმენტი, ადგილობრივ ხელისუფლებას არ გამოუქვეყნებია. 3000 ავტოფარეხიდან დანგრევას 270 გადაურჩა. ავტოფარეხების მეპატრონეები პირად საუბრებში არ მალავდნენ, რომ დანგრევის გადაწყვეტილება სამსახურის დაკარგვის ან მომავალში შესაძლო გართულებების შიშით მიიღეს.
„ეს არ არის კრიმინალური პროცესი. არც ერთი ავტოფარეხი, პატრონთან შეთანხმების გარეშე არ დაგვინგრევია“- განაცხადა ლემონჯავამ და აბსურდი უწოდა კერძო საკუთრების ხელყოფისა და მოქალაქეების დაშინების ფაქტებზე მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს. თუმცა, არ უარყვია ის ფაქტი, რომ დანგრევას გადარჩენილი, 270 დაკანონებული ავტოფარეხის მეპატრონეთათვის კომპენსაციის შეთავაზებას მერია არ აპირებდა და არც მომავალში აპირებს. მისი თქმით, საკომპენსაციო თანხას მთლიანად დასჭირდება 5 მლნ.ლარი, რომელიც ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის სამუშაოებისთვისაა გათვალისწინებული.
მერმა ოპტიმისტური პროგნოზები გააკეთა წყალსადენის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო პროექტთან დაკავშირებით, მაგრამ, 24 -საათიანი წყალმომარაგების გრაფიკის პირობა მაინც ვერ დადო. მიზეზად, მილსადენზე სენაკისა და ხობის რაიონებში, მოსახლეობის თვითნებური მიერთებები და მილსადენში წყლის წნევის დაწევა დაასახელა. ლემონჯავას თქმით, საუკეთესო შემთხვევაში, წყალს 12-14 საათი განმავლობაში მივიღებთ, მაგრამ ტარიფის შემცირება არ იგეგმება.
ფოთის სასმელი წყლით 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტზე 27 მილიონი იმ პირობით დაიხარჯა, რომ ფმოსახლეობა მაღალი ხარისხის სასმელ წყალს 24 საათის განმავლობაში მიიღებდა. სამშენებლო სამუშაოების დაწყებისთანავე, კუბური მეტრი წყლის საფასური 35-დან 55 თეთრამდე გაიზარდა. ფოთელები 24 სათიანი მომსახურების საფასურს იხდიან, წყალი კი დღეგამოშვებით, 3-4 საათით მიეწოდებათ.
ლემონჯავამ, ფოთის მშენებარე აეროპორტის პროექტის შესახებაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ აეროპორტის მფლობელი „რაკია“ პროექტს არ ასაიდუმლოებს. სარეგისტრაციო ორგანოების მიერ პროექტის რეგიტრაციაში გატარების შემდეგ, ის მედიისათვის ხელმისაწვდომი გახდება და აქვე დასძინა, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურისაგან განსხვავებით, „რაკია“ აეროპორტის გასხვისებას არ აპირებს.

2011-2012 წლებში ადგილობრივი ხელისუფლება რამდენიმე მილიონის სამუშაოებს გეგმავს: 220 000 ლარის სათამაშო მოედნები, 1 მლნ. სახურავებისათვის, რამდენიმე მილიონი ფასადებისათვის.
2013 წლიდან კი, მერის განცხადებით,ქალაქში გაზის, წყლის, კანალიზაციის მაგისტრალების მშენებლობა დაიწყება.
„რივერსაიდი“- რიონის სანაპიროების მოწყობის პროექტი, პლაჟი, და ათეულ მილიონიანი საინვესტიციო პროექტები. ასეთია ფოთის მერის „მომავლის პერსპექტივები.“ ამათგან ყველაზე ორიგინალური- ქალაქის ზღვისკენ შემობრუნების გეგმაა.
ასეთი პროექტი რეალურად არსებობს. ქალაქის ზღვისკენ შებრუნების იდეა, ცნობილ არქიტექტორს, შოთა ყავლაშვილს ეკუთვნოდა. პროექტი პოლიტიკოსთა ყურადღებას არჩევნებიდან არჩევნებამდე იქცევს, თუმცა, მისი განხორციელება რეალურად ჯერ არავის უცდია. ამ შემთხვევაში, ლემონჯავას უკვე არსებული პროექტის შესახებ არაფერი უთქვამს.

„ეს არ არის ერთ და ორ წელიწადში შესრულებადი, მაგრამ მომავლის პერსპექტივაა“-განაცხადა მერმა და დასძინა:„დროში გაწელილი სამუშაოების პულსზე გვიდევს ხელი.“



ნინო თუნთია

Thursday, December 24, 2009

ფოთის მერის ქონება



ელისო ჯანაშია





საქართველოს კანონმდებლობით თანამდებობის პირები ქონებრივი და ფინანსური მდგომარეიბის შესახებ დეკლარაციებს ყოველწლიურად ავსებენ და აღნიშნული ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოქალაქისთვის, რადგან მოსახლეობას, ანუ მათ დამქირავებელს, უფლება აქვს იცოდეს და აკონტროლოს მისი ჯიბიდან ხელფასგადახდილი მაღალჩინოსნების ქონებრივი შემოსავლების დინამიკა. თუკი, რა თქმა უნდა, დეკლარაციაში აღრიცხული ქონება და შემოსავლები რეალობას შეესაბამება.
ჩვენ დავინტერესდით, რა ქონების პატრონია ქ. ფოთის მერი ივანე საღინაძე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით და მის გარეშე, მერად დანიშვნის დღიდან დღემდე.
2005 წელს, მერად დანიშვნისას, თავდაპირველად შევსებულ დეკლარაციაში ხელფასის ოდენობა ივანე საღინაძეს ნაჩვენები აქვს 280 ლარი, კომპენსაცია 550 ლარი; ხოლო მისი მეუღლის, მანანა ფხაკაძის, ხელფასი, რომელიც იმ დროისათვის ქუთაისის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტის ინფორმატიკის კათედრის დოცენტად მუშაობდა, 171 ლარს შეადგენდა. თავად საღინაძე იმ დროისათვის საკრებულოს წევრი იყო და მუშაობდა ამავე ინსტიტუტში, რომელსაც ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 200-300-ათასიანი დაფინანსება ჰქონდა და ხელფასიც, სავარაუდოდ, ამ ინსტიტუტიდან ეძლეოდა. რაც შეეხება კომპენსაციას, ეს ის კომპენსაციაა, რომლის დაკანონება საკრებულოს მიერ თავის დროზე უკანონოდ იქნა მიჩნეული და საგადასახადომ სოლიდური ჯარიმაც დააკისრა ფოთის ბიუჯეტს. სწორედ ამ კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გამო სს საქმე იყო აღძრული ამჟამინდელ მაჟორიტარ დეპუტატ თემურ წურწუმიაზე. თუმცა, წინასაარჩევნოდ პროკურატურამ მას ყველა ბრალდება მოუხსნა.

დანიშვნის მომენტისთვის მერის მთელი ქონება ასე გამოიყურებოდა:
1. საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით _ ხონის რ-ნი, სოფ. ივანდიდი (საიდანაც წარმოშობითაა საღინაძე). სახლი 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 5000 კვ.მ. რაც მშობლების გარდაცვალების შემდეგ გადაეცა მემკვიდრეობით;
2. საცხოვრებელი სახლი ქალაქ ქობულეთში, მეგობრობის ქუჩაზე. ფართი _ 30 კვ.მ (1996წ), რაც ანდერძით ერგო მამიდასგან;
3. ბინა ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ფართი 105 კვ.მ. (1992წ) და ბინა ქ. ფოთი, 9 აპრილის ხეივანი, ფართი 80 კვ.მ. (1998წ) `შეძენილია ჩემი და ჩემი მეუღლის დანაზოგი თანხით", _ ვკითხულობთ დეკლარაციაში.
ნაღდი ოდენობის თანხა, რომელიც მერს ხელზე აქვს იმ დროისათვის, 2000 ლარს შეადგენს.
მოგვიანებით, 2006 წლის 5 ივნისს შევსებულ დეკლარაციაში, მერს ზემოთ ჩამოთვლილ ქონებასთან ერთად, რომლის საბაზრო ღირებულება ჯამში თავდაპირველად 64 ათას ლარს შეადგენდა, უცებ ემატება მიწის ნაკვეთი ქ. ფოთში, ლაგრანჟეს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. მერი დეკლარაციას თან ურთავს განცხადებას, სადაც წერია: `მოგახსენებთ, რომ ჩემს მიერ 2006 წლის 5 ივნისს შევსებულ და ბიუროში წარმოდგენილ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში გამომრჩა მეუღლის, მანანა ფხაკაძის, საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართი (ქ. ფოთი ლაგრანჟეს ქუჩის მიმდებარე ტერიტორია), რომლის საბაზრო ღირებულებაა 16 ათასი ლარი". ამასთან, საღინაძეს უჩნდება დანაზოგები საბანკო ანგარიშებზე: `პროკრედიტბანკში~ 1900 აშშ დოლარი, ხოლო `სახალხო ბანკში" 2300 ლარის ოდენობით. ნაღდი ფული ხელზე კვლავ 2000 ლარი აქვს. ამ დროისთვის საღინაძის ოჯახის წლიური სახელფასო შემოსავალი ჯამში 14 587 ლარს შეადგენს, მერის სამივლინებო თანხები კი _ 2800 ლარს. საგულისხმოა ერთი მომენტი: აღნიშნულ დეკლარაციაში საღინაძეს გამორჩენილი ჰყავს ერთ-ერთი ვაჟიშვილი გიორგი საღინაძე და დეკლარაციაში წერია მხოლოდ მისი მეორე ვაჟიშვილი _ ზურაბ საღინაძე, როგორც ჩანს, იმის დასტურად, რომ თუკი საკუთარი შვილი გრჩება, ადვილი შესაძლებელია დეკლარაციაში მიწის ნაკვეთის შეტანაც გამოგრჩეს.
ამის შემდეგ 2007 წელს შევსებულ დეკლარაციაში უკვე თამამად წერია ე. წ. გამორჩენილი მიწა, რომლის გასწვრივაც მითითებულია მხოლოდ მისი ფასი _ 16 ათასი ლარი, ფართობი მითითებული არ არის. მიმდინარე (საბარათე-სახელფასო) ანგარიში `სახალხო ბანკში" 4658 ლარს შეადგენს, "თიბისი ბანკში" _ 600 ლარს, ხოლო ანგარიში `პროკრედიტ ბანკში" _ 1900 აშშ დოლლარს, ასევე, ანგარიში `თიბისი ბანკში"_ 2000 აშშ დოლარს. მერის ნაღდი ფული კვლავ 2000 ლარს შეადგენს. ამავე წელს ხელმეორედ შევსებულ დეკლარაციაში `სახალხო ბანკში" 20.04.2006-ში გახსნილ ანგარიშზე მერს უკვე 22 000 ლარი ერიცხება, ხოლო "პროკრედიტ ბანკში" კვლავ 1900 აშშ დოლარს ზოგავს.
2008 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მერის უძრავ ქონებას ემატება თავისი მეუღლის სახელზე გაფორმებული, თბილისში, ნუცუბიძის ქ. # 26-ში მდებარე 60 ათასი ლარის ღირებულების ბინის კარკასი. გარდა ამისა, მერის მიერ შევსებული დეკლარაცია შეიცავს ინფორმაციას ქუთაისში მის საკუთრებაში არსებული 105-კვ.მ.-იანი ბინის 30 ათას აშშ დოლარად გასხვისების შესახებ. ივანე საღინაძის განმარტებით, მან `თიბისი ბანკიდან" აიღო 13-ათას დოლარიანი სესხი, დაამატა ქუთაისში გაყიდული ბინიდან მიღებულ თანხას და 2008 წლის იანვარში შეიძინა 120 კვ.მ. ფართობის კარკასი ნუცუბიძის ქუჩაზე. მის ნათქვამში ეჭვს არ შევიტანდით, რადგან ეს ყველაფერი დეკლარაციითაც დასტურდება, თუმცა, ბინის შეძენის მომენტისათვის თბილისში უძრავ-მოძრავი ქონების ფასები საგრძნობლად განსხვავებულია, რასაც ერთ-ერთი უძრავ-მოძრავი ქონების სააგენტო `სიგმას" ხელძღვანელი ზურაბ ლაჩაშვილი, გვიდასტურებს _ 2008 წლის იანვრისთვის ნუცუბიძის ქუჩაზე მსგავსი ტიპის მშენებარე კორპუსებში 1 კვ.მ. ფართის ფასები 600-700 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საღინაძის მიერ შეძენილი ბინის საბაზრო ფასი დაახლოებით 72 000_84 000 აშშ დოლარს შეადგენდა, ეს კი 60 ათას ლარს ორჯერ აღემატება. ამ არითმეტიკით საღინაძეს კვ.მ. ფართი უნდა შეეძინა 294 დოლარად. ასეთი ფასები კი, ომისა და კრიზისის პერიოდის შემდგომ ბინების კატასტროფულად გაიაფების შემდეგაც არ დაფიქსირებულა თბილისში.

ივანე საღინაძის ოჯახი ამჟამად ცხოვრობს 70 კვ.მ. ფართის, კარგად გარემონტებულ საცხოვრებელი ბინაში, მდებარე თბილისში, ნუცუბიძის 14ბ, მესამე სართულზე, რომლის საბაზრო ფასი მინიმუმ 55-60 ათასი აშშ დოლარია და რომელიც მის დეკლარაციაში შეტანილი არ არის. მერის ფაქტობრივ საცხოვრებელ კორპუსში მისულებმა შესასვლელში შემხვედრ დარაჯს ვკითხეთ, თუ სად ცხოვრობდნენ საღინაძეები. მან შემცბარმა გვკითხა, თუ საიდან ვიცოდით, რომ აქ საღინაძეები ცხოვრობდნენ და მერე ასე გვიპასუხა: მათ თავიანთ გვარზე არა აქვთ ეგ ბინა, სხვის გვარზე აქვთო. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ მან ბინის მისამართიც მიგვითითა. საღინაძის ბინაში მისვლამდე ქვედა სართულზე მცხოვრებთ გავესაუბრეთ. როგორც აღმოჩნდა, ისინი ბინას ყიდდნენ და ჩვენც ბინის მორიგი მნახველები ვეგონეთ. როცა მათ ზემოთ მცხოვრები საღინაძეები ვახსენეთ, დიასახლისმა გვითხრა, რომ მას საღინაძეებმა ფართის გაცვლა შესთავაზეს თავიანთ 120 კვ.მ ბინაში თანხის დამატებით. თუმცა, თანხაზე ვერ შეთანხმდნენ და გარიგებაც ჩაიშალა.

მერის განმარტებით კი ბინა, რომელშიც ამჟამად მისი ოჯახი ცხოვრობს, მის უახლოეს მეგობარს, გიორგი ფხაკაძეს, ეკუთვნის და მას დროებით სარგებლობისთვის ათხოვა. მერმა "სისულელე" და `მოგონილი" უწოდა დარაჯისა და მისი მეზობლის ნაამბობს და დასძინა: `რაც შევიძინე, ხომ არ დამიმალავს? შეტანილი მაქვს დეკლარაციაში. მე დასამალი არაფერი მაქვს."

ჩვენ შევეცადეთ ტელეფონით დავკავშირებოდით თავად ბინის მეპატრონედ დასახელებულ გიორგი ფხაკაძეს და გვეკითხა, თუ რას საქმიანობს, ან რა შემოსავლები აქვს მას, რომ 60 ათას დოლარიანი ბინა განუსაზღვრელი ვადით ათხოვა "მეგობარს". თუმცა, სადარბაზოში მითითებული ნომერი არასწორი აღმოჩნდა.
უახლოეს ნომრებში აღნიშნულ თემას კვლავ დავუბრუნდებით და გიორგი ფხაკაძის თანხმობის შემთხვევაში, მის კომენტარსაც შემოგთავაზებთ.