Showing posts with label ძარცვა. Show all posts
Showing posts with label ძარცვა. Show all posts

Thursday, April 28, 2011

პოლიციამ ძარცვაში ეჭვმიტანილი მოზარდი დააკავა

                          

28 აპრილს, ფოთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ფოთის მეექვსე საჯარო სკოლის ძარცვაში ეჭვმიტანილი დააკავეს.  სკოლის დირექციის ინფორმაციით, მოზარდი დღეს სკოლაში სასწავლო პროცესის მსვლელობისას დააკავეს. ის ამავე სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა.  მას  ბრალად სკოლაში, მანდატურის ოთახიდან კომპიუტერის, ვიდეოთვალისა და ჩამწერი მოწყობილობის მოპარვა ედება. ძარცვის ფაქტი ,19 აპრილს დილის საათებში დაფიქსირდა.

შსს ფოთის პოლიციის სამმართველოში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. სამმართველოს მორიგემ „თავისუფალ სიტყვასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სამმართველოს ხელმძღვანელობისაგან აკრძალული აქვს ამ ფაქტზე საუბარი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

„თავისუფალი სიტყვა“ დაუკავშირდა ფოთის განათლების რესურსცენტრის დირექტორს, გოჩა ქორქიას.  სატელეფონო საუბრისას, ქორქიამ დაადასტურა, რომ იცოდა სკოლის ძარცვის შესახებ, თუმცა მოზარდის დაკავებაზე საქმის კურსში არ იყო. „რამდენიმე წუთში დამირეკეთ, მანდატურის სამსახურის უფროსის ნომერს მოგცემთ. ის დაზუსტებით გეტყვით ყველაფერს“- განაცხადა მან, თუმცა რამდენიმე წუთში „თავისუფალი სიტყვის“ სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.

 

Monday, April 11, 2011

კულტურის სამსახურის გაძარცვა სცადეს

11 აპრილს, ღამის პირველ საათზე მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის გაძარცვა სცადეს. ჩამტვრეულია ფანჯრის მინები, გადაჭრილია დამცავი რკინის გისოსები. სამსახურში აცხადებენ, რომ მძარცველებს ხელი სიგნალიზაციამ შეუშალა.
დაცვის პოლიციის მისვლის შემდეგ, ადგილზე სამსახურის ხელმძღვანელობაც მივიდა. სამსახურის უფროსის, მერან ასანიძის, ინფორმაციით შენობის შიგნით არც დაზიანებისა და არც ძარცვის კვალი არ არის.
მოკვლევას საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სავანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს ქალაქ ფოთის მთავარი სამმართველო აწარმოებს. ჰყავთ თუ არა სამართალდამცავებს ეჭვმიტანილები, ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

ალექსანდრე დიუმას ქანდაკებას ხელჯოხი მოპარეს?!



ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში, ალექსანდრე დიუმას ძეგლიდან ხელჯოხი დაიკარგა. დაზიანებული ქანდაკება „თავისუფალი სიტყვის“ ფოტოობიექტივმა 9 აპრილს, დღის პირველ ნახევარში დააფიქსირა.

ვის ბალანსზეა ქანდაკება და ვის ევალება მისი მოვლა-პატრონობა? ორშაბათ დილიდან „თავისუფალი სიტყვა“ ამ კითხვებზე პასუხს ეძებდა. მერიის საინფორმაციო სამსახურიდან ინფრასტრუქტურის სამსახურში, ინფრასტრუქტურიდან კულტურის სამსახურში, კულტურის სამსახურიდან კი საგამოფენო დარბაზში გადამისამართებულებს, იქ განგვიმარტეს, რომ ქანდაკება მათ ბალანსზე არ ირიცხება და არც არასოდეს ირიცხებოდა.

ედემი კოკაია, საგამოფენო დარბაზის თანამშრომელი:

„ დიუმას ქანდაკება, წლების წინ ფოთის საზღვაო ნავსადგურის შეკვეთით დაამზადეს და ნავსადგურის სამმართველოსთან, სკვერში დადგეს. იქ, სადაც ახლა ნიკო ნიკოლაძის ძეგლი დგას. მოგვიანებით, სკვერის კეთილმოწყობისას ქანდაკება ცენტრალურ პარკში გადმოიტანეს. პარკში დაგეგმილი რეკონსტრუქციის სამუშაოების დაპროექტების შემდეგ, ძეგლების განლაგების საკითხს სამხატვრო აკადემიის კათედრა გადაწყვეტს.“

კულტურის სამსახურში განაცხადეს, რომ დეტალების დაზუსტების შემდეგ დაგვიკავშირდებოდნენ. მოგვიანებით, სამსახურის უფროსმა მერაბ ასანიძემ, განაცხადა, რომ ჯოხის დაკარგვა მათ 11 აპრილს, გვიან ღამით დააფიქსირეს, როცა კულტურის სამსახურის ძარცვის მცდელობის შემდეგ, პარკის ტერიტორიას ამოწმებდნენ. შესაბამისად, ძიებაში სამართალდამცავები არიან ჩართულნი და დამატებით ინფორმაციას ისინი ძიების დასრულების შემდეგ გაავრცელებენ.

ქანდაკებას ორი ავტორი ჰყავს, ჯუმბერ ჯიქია და ვალიკო ინაიშვილი. რაც შეეხება მასალას, ის სპილენძისგანაა დამზადებული. ასანიძჲს განცხადებით ქანდაკების დაკარგული ნაწილის აღდგენა უახლოეს დღეებში მოხდება.