Showing posts with label foTi. Show all posts
Showing posts with label foTi. Show all posts

Monday, April 18, 2011

ფოთს შვედეთის დელეგაცია სტუმრობს



.

18 აპრილს ფოთს შვედეთის დელეგაცია სტუმრობს. სტუმართა შორის, ფოთთან დაძმობილებული უსტამარის მუნიციპალიტეტის პირველი პირები და შვედეთის ელჩი არიან.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პირველ სამუშაო შეხვედრას ქალაქის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ივანე საღინაძემ უმასპინძლეს.

შეხვედრის მონაწილეებმა თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული ერთობლივი მუნიციპალური პროექტების: “ ეფექტური და მოქნილი სახანძრო-სამაშველო მომსახურება მომავალში” და “ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა შესაძლებლობების გაზრდა, ცხოვრების პირობების გაუმჯობესება” შესახებ მხარეების ანგარიში მოისმინეს და შემდგომი თანამშრომლობის სფეროების განიხილეს.

დღის მეორე ნახევარში, სტუმრები კორპორაცია “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” ხელმძღვანელობას შეხვდებიან და ნავსადგურის აკვატორიას, ინდუსტრიულ ზონასა და სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს დაათვალიერებენ. დღე, მუზეუმში სტუმრობით დასრულდება.

ხვალ სტუმრები ფოთის სახანძრო-სამაშველო სამსახურსა და ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრს ესტუმრებიან. ვიზიტი საგამოფენო დარბაზში, ხალხური რეწვის ნიმუშების დათვალიერებით დასრულდება.

Sunday, February 27, 2011

ფოთში „თეგეტა მოტორსის“ ცენტრს პრეზიდენტი გახსნის


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ფოთში სტუმრობას გეგმავს. პრეზიდენტი „თეგეტა მოტორსის“ ახალ სერვის–ცენტრს გახსნის. სერვის–ცენტრი, ლარნაკას ქუჩაზე, 11 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა განთავსებული. მშენებლობა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ 5 მილიონიანი ინვესტიციით განხორციელდა. ცენტრი საერთაშორისო საავტომობილო და გამდამზიდავი ფირმებისთვისაა განკუთვნილი და ძირითადად, სატვირთო ავტომობილებს მოემსახურება.

„თეგეტა მოტორსის“ სათაო ოფისის ინფორმაციით, გახსნის ცერემონია საღამოს 5 საათისთვისაა დაგეგმილი და მას, პრეზიდენტთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

პრეზენტაცის შემდეგ, 6 საათზე პრეზიდენტი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას დაათვალიერებს.

Saturday, February 12, 2011

დავით აღმაშენებლის ხიდი ფოთში


ხიდს, რომელიც აღმაშენებლის ქუჩას რუსთაველის რკალთან (პორტის უბანს ცენტრის უბანთან) აკავშირებს, დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდა. ტრაფარეტი, შესაბამისი წარწერით რამდენიმე დღეა ხიდის ორივე ბოლოში დგას. მერიის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, ხიდისათვის დავით აღმაშენებლის სახელის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება სავარაუდოდ, საკრებულოს შესაბამისმა კომისიამ მიიღო. საუბარია, დროებით სამუშაო ჯგუფზე, რომელიც ფოთის საკრებულოში 2010 წლის ივლისის თვეში შეიქმნა: თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების, მოედნების, პარკების და სკვერების სახელდებისა და ნუმერაციის მოწესრიგების მიზნით. ჯგუფმა მუშაობა იმავე წლის ნოემბრის თვეში დაასრულა, თუმცა მის მიერ საკრებულოში დასამტკიცებლად წარდგენილ ნუსხაში, აღმაშენებლის ხიდის შესახებ ინფორმაცია არ არის.

საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის განმარტებით, ხიდისათვის სახელის მინიჭება გასული საუკუნის 90–იან წლებში მოხდებოდა, როცა მიმდებარე ქუჩას ლენინის სახელი აღმაშენებლით შეუცვალეს. თუმცა, დაზუსტებული ინფორმაციის მიღება ვერც აქ მოხერხდა.

P.S. ზემოხსენებული კომისიის რეკომენდაციით, გასულ წელს ქალაქის მასშტაბით 24 ქუჩას შეეცვალა სახელი, აქედან ცამეტს, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებებისას ფოთში დაღუპული ახალგაზრდების სახელი ეწოდა.