Wednesday, July 7, 2010

მესტიაში გოროზიას ტერორი გრძელდება?


ელისო ჯანაშია

7 ივლისს, მესტიაში მესტიის საკრებულოს წევრი „ალიანსიდან“, ნელი ნავერიანი და მისი 3 ნათესავი დააკავეს. მათ ბრალად თანხის გამოძალვა ედებათ. დაკავებულები, ნელი ნავერიანის გარდა, იმავე დღეს ზუგდიდის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, ხოლო ნავერიანის გადასაყვანად თბილისიდან სპეციალური ვერტმფრენი გამოიყო, რადგან მოსახლეობამ, მისი დაკავების გამო, პროტესტის ნიშნად, გზა გადაკეტა და ამიტომაც მისი ავტომანქანით გადაყვანა ვერ მოხერხდა.
მესტიიდან მოპოვებული ინფორმაციით, ნელი ნავერიანი და მისი ნათესავები, უკვე რამდენიმე ხანია, იმ მამაპაპისეული სათიბების დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც სახელმწიფომ მისგან დაუკითხავად კანადელ ინვესტორს მიჰყიდა. მისი თანაპარტიელები აცხადებენ, რომ ნავერიანთან მოსალაპარაკებლად, კანადელი ინვესტორის წარმომადგენელი, წალენჯიხელი, ვინმე დათო კვარაცხელია, 7 ივლისს, მესტიაში ნავერიანთან მოსალაპარაკებლად, უკვე მესამეჯერ იმყოფებოდა. მან მიწების ადრინდელ მესაკუთრეებს, ნელი ნავერიანსა და მის მაზლიშვილებს შეხვედრა ერთ-ერთ სასტუმროში შესათვაზა, რაზეც ნავერიანისგან უარი მიიღო: „თქვენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვსო“,-განუცხადა მან კვარაცხელიას. თუმცა, შეხვედრაზე ნავერიანის მაზლიშვილები წავიდნენ, რომლებსაც, როგორც შევიტყვეთ, მიწის სანაცვლოდ, გარკვეული თანხა შესთავაზეს. უცნობია, დათანხმდნენ თუ არა ნავერიანის მაზლიშვილები შეთავაზებაზე, თუმცა, ფაქტია, რომ ამის შემდეგ, სასტუმროში შევარდნილმა შეიარაღებულმა სპეცრაზმმა სამივე მათგანი თანხის გამოძალვისთვის ადგილზე დააკავა. ნელი ნავერიანი კი სპეცრაზმმა საკუთარ სახლში აიყვანა.
„ნავერიანი და მისი ნათესავები არიან პოლიტიკური პატიმრები. ნავერიანმა საკრებულოში ფრაქცია შექმნა და ისაა ერთადერთი ხმისამომღები მესტიაში და ეს არ უნდათ. გოროზიას ტერორი გრძელდება, მან ერთხელ დაიმუქრა: სვანებს ყველა მიწას გავუყიდი და კალოშებით ვატარებო და ასრულებს კიდეც,“-აცხადებს ერთ-ერთი პარტიის მესტიის ორგანიზაციის წარმომადგენელი. მათ მიაჩნიათ, რომ ამით გოროზიამ შური იძია ნავერიანზე და თან სვანეთის ოპოზიცია დააშინა. გოროზია ჩვენს მედიასაშუალებას კომენტარს არ აძლევს, მაგრამ სავარაუდოდ, ის ისევე უარყოფს მომხდართან კავშირს, როგორც მ/წ 4 აპრილის ინციდენტს, როცა ის სამეგრელოს მაღალჩინოსნებთან, სპეცრაზმთან და პოლიციასთან ერთად მესტიას ღამის 12 საათზე ესტუმრა და, როგორც მაშინ ნავერიანი და სხვა ოპოზიციონერები აცხადებდნენ, მათგან მუქარითა და ზეწოლით კანდიდატურების მოხსნა მოითხოვა.იხილეთ დაწვრილებით:
http://tavisupalisitkva.blogspot.com/search?updated-max=2010-05-07T09%3A05%3A00-07%3A00&max-results=7 აღნიშნული ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც გავრცელდა, რომელიც იმ ღამეს მესტიის ერთ-ერთმა მკვიდრმა სამოყვარულო კამერით გადაიღო. ამის შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და გიგა ბოკერიას განცხადებით, მათი რეკომენდაციით, გოროზია წანასაარჩევნო პროცესებს ჩამოცილდა-ის შვებულებაში გაუშვეს.ფაქტია, რომ ჯერჯერობით, მომხდარის გამო არავინ დასჯილა, გოროზია თანამდებობას დაუბრუნდა, ნავერიანი კი, სხვა ბრალდებით დააკავეს.
ხელისუფლების მიმართ მწვავე განცხადებებით ნავერიანი ადრეც გამოირჩეოდა.სწორედ ის იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ზაზა გოროზიასა და ადგილობრივი მაღალჩინოსნების მიერ ჩატარებული ე.წ.“მესტიის სპეცოპერაციის“ ამბები გაახმაურა და მესტიელი ოპოზიციონერებისათვის ძალადობით კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნის შესახებ საზოგადოებას დეტალურად მოუყვა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნავერიანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებული ხმებით საკრებულოს წევრი მაინც გახდა და ფრაქციაც კი დააფუძნა. როგორც მესტიელებმა განგვიცხადეს, ნავერიანი წინა მოწვევის საკრებულოს მიერ გაფუჭებული საქმეებით დაინტერესდა, მათ შორის, უნებართვოდ გასხვისებული მიწების სამართლებრივი საფუძვლებითაც, რაც ვიღაცებს, როგორც ჩანს, ბევრ უსიამოვნებას უქადდა.
ნავერიანის სასამართლო პროცესი ზუგდიდში გაიმართება.
P.S. ინფორმაციის წყაროთა ვინაობას მათი უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის გამო, შეგნებულად ვერ ვასახელებთ.

No comments:

Post a Comment