Saturday, July 17, 2010

პრეზიდენტის ფოთში ვიზიტის არაოფიციალური ნაწილი


















ნინო თუნთია

ფოთში პრეზიდენტის შესაძლო სტუმრობის შესახებ კოლეგამ შემატყობინა. „დრო არ ვიცი ზუსტად – სამზე ან ხუთზე, აეროპორტშიო“. შევთანხმდით, სამისთვის აეროპორტში მივსულიყავით. სამის წუთები იყო. პირველივე ტაქსით დანიშნულების ადგილისაკენ გავეშურე.

ფოთის ყოფილი აეროპორტი კოსტავას (ყოფილი ჯუღაშვილის) ქუჩის ბოლოში, ქალაქის ცენტრიდან მოშორებითაა. ერთ დროს, აქედან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ყოველდღიური რეისები დაფრინავდა. (37 მანეთად მოსკოვში გაფრენაზე, სამწუხაროდ, არაფერი მახსოვს). მოგვიანებით, აეროპორტი გაუქმდა. ამის მიზეზად, ხან შენობის ავარიულობას ასახელებდნენ, ხანაც აეროპორტის გაკოტრებას.
მას შემდეგ, რაც ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობა „რაკიას“ ანდეს, დაიწყო საუბარი ფოთში ამიერკავკასიაში უდიდესი აეროპორტის მშენებლობაზეც. მიმდინარე თვეში აეროპორტი, სულ რაღაც 600 000ლარად, ზემოხსენებულმა „რაკიამ“ შეიძინა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობდი, რომ პრეზიდენტი აეროპორტის გაყიდვასა და აქ დაგეგმილ გრანდიოზულ მშენებლობებზე სასაუბროდ მოფრინავდა ფოთში.

აეროპორტთან მიახლოებისას, პირველი, რაც შეივნიშნე, ტერიტორიის შესასვლელთან მდგარი პატრულის მანქანები იყო. ტაქსი გააჩერეს, თუმცა, „ჟურნალისტია, გაუშვი, გაუშვი“–ს ძახილით გაგვატარეს და მძღოლმა დანიშნულების ადგილას ჩამომსვა.
ტერიტორიაზე ხალხმრავლობა იყო: სპეცტანსაცმლიანი მუშები ექსკავატორთან ტრიალებდნენ, შემოღობილში მშენებარე რკინის კონსტრუქციასთანაც ვიღაცეები ფუსფუსებდნენ, ტერიტორიაზე უხვად შეინიშნებოდნენ საპატრულო და დაცვის პოლიციელები, სავარაუდოდ, კუდის თანამშრომლები, სამშენებლო ფირმების წარმომადგენლები და ა.ს. იყო რამდენიმე უცხოელიც. დაბურულმინებიანი „ჯიპები“, სახანძრო რაზმისა და სასწრაფო დახმარების მანქანები.
„ფოთის ახალი სარადარო სისტემის ფუნდამენტების მშენებლობა“ წავიკითხე იქვე ბანერზე. ასეთივე წარწერები იყო „სპეც–ვაგონზეც“ (ე.წ. „მობილ–ჰაუსზე“). ვაგონიდან მოულოდნელად გამოსული მამაკაცში გიორგი კარბელაშვილი(საქაერონავიგაცია–გავიფიქრე ეგრევე) შევიცანი და ვისარგებლე შემთხვევით, რათა ცოტა რამ შემეტყო.
„სამოქალაქო დანიშნულების სარადარო სისტემა მონტაჟდება. პრეზედენტიც ამის სანახავად ჩამოდის. ეს რამდენიმემილიონიანი პროექტია. ალბათ, ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა მოვრჩეთ.“ აეროპორტის გაყიდვასა და სხვა ამბებზე კარბელაშვილმა მხრები აიჩეჩა, „არაფერი ვიციო“.

პრეზიდენტის ჩამოსვლის დრო რამდენიმეჯერ შეიცვალა „ხუთზე ან ექვსზე. არაფერი არ ვიცი სხვა“,– ამ პასუხით გვიშორებდა ყველა.
მუშებმა რამდენიმე მამაკაცის მითითებით რადარის გამოსახულებიანი პოსტერების დადგმა დაიწყეს. მუშა პროცესის გადაღებას შევუდექი. პირველი უსიამოვნება პრეზიდენტის დაცვასთან აქედან დაიწყო:
„ოპერატიული ჯგუფიდან ვინმე დამეხმაროს“– ჩასძახა რაციას და ფოტოკამერა მომთხოვა. უარის შემდეგ, გადაღებული სურათების დათვალიერება მოისურვა.
– სამუშაოები და მანქანები გადავიღე...
– ჰოდა, ეგ მანქანები უნდა წაშალო!...
– რატომ?
– არ შეიძლება დაცვის მანქანების გადაღება....უსაფრთხოების მიზნით.
– მაშინ მარტო მანქანის სურათს წავშლი...
– ფოტოაპარატი მომეცი!..
–არ მოგცემ, მანქანის სურათს მე თვითონ წავშლი
„მოვიდეს დროზე ოპერატიულიდან ვინმე“– ამ საუბრის პარალელურად კვლავ დახმარებას ითხოვდა რაციიანი.
ოპერატიულიდან მოსულმა, ახლა, ყველა სურათის ნახვა ისურვა და იმავე მიზეზით, ყველა მათგანის წაშლა მომთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აპარატის გამორთმევითა და ტერიტორიიდან გაძევებით დამემუქრა.
სამწუხაროდ, იძულებული გავხდი კადრები წამეშალა.
– „ამას ისედაც ყველა ტელევიზია არ გადაიღებს?“
–„ვნახოთ ვინ რას გადაიღებს...“–კატეგორიული ტონით მიპასუხა პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელმა.
ამის შემდეგ ჩემი გადაადგილება, როგორც იტყვიან, მკაცრ კონტროლზე იქნა აყვანილი. „აქეთ მობრძანდით.... მაიდან გამოდით...„ და მსგავსი შინაარსის შეძახილებით და 40 გრადუსიანი სიცხით გაბეზრებულები ისევ ვაგონთან მივედით, თუმცა, სიურპრიზი წინ გველოდა.
ორსაათიანი ლოდინის შემდეგ(ჩამოსაჯდომიც კი არ იყო არსად) მოულოდნელად ამ ადამიანებმა, ტერიტორიის საერთოდ დატოვება „თავაზიანად“ გვთხოვეს. წინააღმდეგობას, ალბათ, არც ელოდნენ, ამიტომ უარმა გარშემომყოფთა ყურადღებაც მიიპყრო. ამის შემდეგ, ორ ჟურნალისტსა და ე.წ. დაცვას შორის „უთანასწორო ბრძოლა“ დაიწყო.
–„საერთოდ საიდან იცით, რომ აქ პრეზიდენტი ჩამოდის? არ შეიძლება აქ ყოფნა, რადარია ეს, ის კი არაა. ჩემი თხოვნაა, იქნებ გართულებების გარეშე დატოვოთ აქაურობა“.
–„აგვიხსენით რატომ უნდა დავტოვოთ და წავალთ. მაჩვენე ან ოფიციალური დოკუმენტი, რომ შეხვედრა პრესისთვის დახურული იქნება ან ოფიციალუირ პირი მოვიდეს და გააკეთოს განცხადება, რატომ არ შეიძლება პრესის დაშვება.“
– „რა ოფიციალური პირი, რა კომენტარი... საიდან მოგაქვთ ეს სიტყვები? რას ნიშნავს დახურული შეხვედრა? კარგით რა, იმიტომ რომ ჟურნალისტები ხართ, ხომ არ შეიძლება ყველაფერი გაართულოთ?
ჩემი კოლეგის განმარტება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაციაო, „თანამშრომლებს“ სასაცილოდ არ ეყოთ: „მიდით მერე და ადმინისტრაციას მოკითხეთ. მაგრამ აქედან უნდა წახვიდეთ“
–„ტელევიზიები და სხვა ჟურნალისტები რომ მოვლენ, ხომ უნდა შემოვიდეთ ისევ?
– მერე თუ იტყვიან რომ ჟურნალისტები შემოუშვითო, შემოგიშვებთ.
სანამ პრეზიდენტის პრესმდივანთან დაკავშირებას უშედეგოდ ვცდილობდით, დოკუმენტებიც მოგვთხოვეს. პირადობის მოწმობების ნახვის შემდეგ, მონაცემების ჩაწერა თანხმობის გარეშე მოინდომეს, რაც გავაპროტესტეთ.
–აუ, ბიჭები რომ იყოთ სხვანაირად დაგელაპარაკებოდით რა. ნახავდით, რასაც გიზამდით. უბრალოდ გოგოები ხართ და თავს ვიკავებთ კიდევ რა...“

ამასობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი გადამღები ჯგუფი (ზუგდიდისა და ბათუმის) გამოჩნდა. დაცვის მითითებისთანავე ორივე ჯგუფმა ტერიტორია უსიტყვოდ დატოვა. ვაგონთან ჩვენთვის უკვე აღარ ეცალათ. „ერთი „კასკა“ მოძებნეთ რა, დიდი ზომის და სუფთა“ – ერთ–ერთი რაციიანი მუშებს მიუბრუნდა. შეთავაზებულ ვარიანტები თავზე მოიზომეს –„დიდი თავი აქვს, შეიძლება არ მოერგოს, უფრო დიდი არა გაქვთ?“ დიდხანს გაგრძელდა პრაზიდენტის თავის ზომა „კასკის“ ძებნა: „რად უნდათ?“, „არ იცი, შეიძლება მაღლა მოინდომოს ასვლა. არ იცი რანაირია.“

ლამის საათიანი კამათის შემდეგ, იძულებულნი გავხდით „ობოექტს 200 მეტრით მოვშორებოდით. მოჩენილი მეთვალყურის, ვინმე პაატას მითითებით, აეროპორტის ღობის გარეთ მიგვაბრძანეს. ცენტრალური ტელევიზიის ყველა ჯგუფი უკვე მოსული იყო. აქვე იცდიდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წვრილფეხობა.
რამდენიმე მანქანით ჩაიქროლეს რეგიონის და ქალაქის ხელმძღვანელობამც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივნის მოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებიც შეგვიშვეს: – „ვინ გაგიმეტათ ასე, ვერ გითხრეს შვიდამდე არ მოვაო? ე.ი. ოთხ საათზე მეტია აქ ხართ? საერთოდ, ჩვენ ცენტრალურ ტელევიზიებს ვაფრთხილებთ ხოლმე, ადგილობრივ გაზეთებს ამ ინფორმაციას არ ვაწვდით,“ – დამაიმედა მან.

„ძველი ნაცნობები“ ღიმილით დაგვხვდნენ. თითოეულის პირადი მონაცემების ჩაწერის შემდეგ, კადრების გადაღების საშუალება მოგვცეს. მერე დამღლელი ლოდინის კიდევ ერთი საათი გავიდა. ლოდინი აუტანელი ხდებოდა. უკვე მუშებმაც მოიწყინეს. პრეზიდენტის ვერტმფრენი შვიდი საათისათვის გამოჩნდა. კამერებმომარჯვებულებს კიდევ ერთელ დაგვერია დაცვა. –„ნუ იღებთ, გამორთეთ–მეთქი ჩქარა! კადრები ხომ არ გადაგიღიათ? მაჩვენეთ!“– მოკლედ, სანამ სააკაშვილი დაჯავშნული მანქანებით არ მოიყვანეს ჩვენამდე და რადარამდე არც ერთი კადრი არ გადაგვაღებინეს, მათ შორის არც მანქანები.

ჩემი ოთხსაათნახევრიანი ლოდინის აპოგეა, პრეზიდენტის 10– წუთიანი სტუმრობა იყო. პრეზიდენტის თვალწინ რადარს კიდევ ერთი დეტალი დაადგეს, შემდეგ პრეზიდენტმა კარბელაშვილისაგან მოისმინა, რა ხდებოდა. იქვე კამერების წინ, რამდენიმე ადამიანს გაესაუბრა, რომლებიც სარადარო სისტემას მოემსახურებიან და რამდენიმეწუთიანი კომენტარის შემდეგ დაჯავშნული მანქანებით ვერტმფრენისკენ გაეშურა.

P.S. ამ ყველაფრის დაწერა პატარა ნიუსადაც შეიძლებოდა. მაგალითად ასე : 13 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფოთის აეროპორტში ახალი, სამოქალაქო დანიშნულების სარადარო სისტემის ფუნდამენტების მშენებლობა დაათვალიერა. სარადარო სისტემის მშენებლობა ფოთში რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. საპროექტო სამუშაოები შპს საქაერონავიგაციის დაკვეთით საპროექტო კომპანია „ინდასტრი კომპანიმ“ დააპროექტა. სამშენებლო სამუშაოებს ადგილობრივი სამშენებლო კომპანია შპს „მშენებელი თზთ“ აწარმოებს.
პრეზიდენტი იმ ფოთელ ახალგაზრდებსაც გაესაუბრა, რომლებმაც კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საფრანგეთში ორწლიანი სპეციალური სწავლების კურსი გაიარეს.
„გვყავს მეზობელი, რომელიც გვესვრის, გვაფეთქებს. ჩვენს წინააღმდეგ სტრატეგიულ ავიაციას იყენებს. ასეთია ჩვენი ბედი. მაგრამ, ჩვენ უკეთეს რამეებს ავაშენებთ. მაგალითად, როგორიც ფოთის აეროპორტია. 2012 წელს, აქ უფრო მეტი თვითმფრინავი დაფრინდება ვიდრე ბათუმსა და ქუთაისში ერთად. რადარი ნიშნავს, რომ აეროპორტის ინფრასტრუქტურა უზრნველყოფილია, რადარი აეროპორტის თვალი და ტვინია. ახალი აეროპორტი კი ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური გეოგრაფია შეიცვლება. ფოთი 100%–იანი დასაქმების ქალაქი გახდება. იყო უამრავი პრობლემა, მაგრამ ჩვენ მაინც ვაშენებთ. ეს აეროპორტი გახსნის გზას დანარჩენი მსოფლიოსაკენ.“

სარადარო კონსტრუქცია ფრანგული ფირმა „თალესის“ წარმოებისა. მის მონტაჟზე ადგილობრივი მუშები უცხოელი სპეციალისტების დახმარებით მუშაობენ. ამოქმედების შემდეგ რადარი 450 კმ–ის რადიუსში ნებისმიერი მფრინავი ობიექტის ამოცნობას შესძლებს. სამოქალაქო სარადარო სისტემის მონტაჟი ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება.
პრეზიდენტი ფოთიდან ბათუმში გაემგზავრა.

მთელი დღე მსგავსი შინაარსის ტექსტი ტრიალებდა ნაციონალურ არხებზე და იგივე ინფორმაცია გაავრცელა სააგენტოებმაც, რამაც კიდევ უფრო ნათელი გახადა, არაოფიციალურ ნაწილზე ჩვენი დასწრების აკრძალვის მიზეზები...

და ბოლოს, ბერნარ კუშნერმა საქრთველოში ვიზიტისას განაცხადა: „მხოლოდ ტურიზმის განვითარება ევროკავშირთან ვერ დაგაახლოვებთ. დაკავდით დემოკრატიითო!“
კუშნერის მოწოდების გავლენაზე, მომავალი ვიზიტის შემდეგ მოგიყვებით...

No comments:

Post a Comment