Friday, February 18, 2011

„შეკვეთილი მკვლელობა“ ინფრასტრუქტურის სამსახურის შესრულებით.

ვინ დაგვიცავს მაწანწალა ცხოველების თავდასხმისაგან?!


ახალგაზრდა ქალბატონს მაწანწალა, ავადმყოფმა ძაღლმა საკუთარი ბინის სადარბაზოში უკბინა. შემთხვევა 16 თებერვალს, დღისით მოხდა. „ხვალ დილით მოვა ჯგუფი და დაიჭერს“–განაცხადა სატელეფონო საუბრისას ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, თემურ დუნდუამ, როცა მას ცხოველის იზოლირების თხოვნით მიმართეს.

მას შემდეგ, რაც ცხოველი აგრესიული გახდა და გამვლელების დაკბენაც სცადა, მოსახლეობის მოთხოვნით სამსახურის თანამშრომლებმა ცხოველი სანადირო თოფით მოკლეს და სატვირთო მანქანით წაიღეს. მოთხოვნაზე, შეემოწმებინათ იყო თუ არა ძაღლი ცოფიანი და მოეხდინათ სადარბაზოებისა და ეზოს დეზინფექცია, დუნდუამ განაცხადა, რომ ცოფზე შემოწმება, მხოლოდ ბათუმში შეიძლება, მაგრამ მოქალაქეებს თვითონ მოუწევთ ცხოველისათვის თავის მოკვეთა და ტრანსპორტირებისა და გამოკვლევის თანხების გადახდა; რაც შეეხება, დეზინფექციას, მან განმარტა, რომ ასეთი მომსახურების გაწევა არც ერთ ადგილობრივ სამსახურს არ შეუძლია.

მოკლული ცხოველისათვის თავის მოკვეთა ბინის მცხოვრებთაგან ვერავინ შეძლო, ამიტომ გაურკვეველი დარჩა, იყო თუ არა ძაღლი ცოფიანი. სადარბაზო საკუთარი ძალებით დაასუფთავეს, ე.წ. „ქლორით“. ეზოში, სადაც ძაღლი მოკლეს, სადეზინფექციო სამუშაოები არ ჩატარებულა.

დაკბენილი ქალბატონის გარდა, ანტირაბიული ვაქცინის გაკეთება კიდევ რამდენიმე ადამიანს მოუხდა, ძირითადად, ბავშვებს, რომელთაც ეზოში თამაშისას, სავარაუდოდ, ჰქონდათ კონტაქტი დაავადებულ ცხოველთან.

რატომ ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი სამსახურები მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას?

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, თემურ დუნდუას განმარტებით, მხოლოდ 2010 წელს მაწანწალა და მოხეტიალე ცხოველების იზოლაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარი დაიხარჯა. მომსახურებას, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შერჩეული ფირმა – შპს „ინფრასტრუქტურა“ ახორცილებდა. იგივე შპს ასრულებდა სამუშაოებს 2009წელსაც, თუმცა როგორც ჩანს საკმაოდ არაეფექტურად.

ვახტანგ ლემონჯავა, ქალაქ ფოთის მერი:

„ მაწანწალა ძაღლებისა და მოხეტიალე პირუტყვის საკითხი, არც ისე ოპერატიულად დალაგდა ჩვენს ქალაქში. ამას ობიექტური მიზეზებიც აქვს. წელს, მაწანწალა და მოხეტიალე ცხოველების იზოლირების მომსახურებაზე გამართულ ტენდერში თბილისურმა ფირმამ, „მეგა-ქლინიკი“(გიორგი რაფავა) გაიმარჯვა. მომსახურების ფასმა, ამ ტენდერის შედეგად 40 000ლარიდან 11 000-ით დაიკლო. ფირმის წარმომადგენელების განმარტებით, სამუშაოდ ამერიკული წარმოების პირუტყვის საჭერ მოწყობილობებსა და სპეცმანქანას შემოიტანენ, მუშა–ხელის 100% კი ფოთელებისაგან დაკომპლექტდება. ჩვენ მოგვწონს ამ ფირმის მიდგომა.“

თუმცა მიუხედავად ქალაქის მერის კმაყოფილებისა, როგორც ირკვევა სრულყოფილი მომსახურების შემოთავაზება არც „მეგა–ქლინიკს“ შეუძლია. როგორც წესი, მაწანწალა ავადმყოფი ცხოველების იზოლაცია–ლიკვიდაციისას აუცილებელია ე.წ. „ბეკერის ორმო“, სადაც მათი უტილიზაცია მოხდება. ქალაქში „ბეკერის ორმოსთვის“ გამოყოფილი სპეციალური ტერიტორია არ არსებობს, არც „მეგა–ქლინიკია“ სათანადოდ აღჭურვილი. მერის თქმით, ფირმის ხელმძღვანელობას ხელშეკრულების გაფორმება ოზურგეთში მოქმედ ერთ–ერთ ფირმასთან მოუწევს.

მოკლული ძაღლის გვამი ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებმა გადასაგდებად ქალაქის ერთ–ერთ ნაგავსაყრელზე წაიღეს. როგორც წესი, სწორედ ნაგავსაყრელებზე პოულობენ საკვებს მაწანწალა ცხოველები. სპეციალისტების განმარტებით, დაუშვებელია დაავადებული ცხოველის გვამის ღია ცის ქვეშ დატოვება, რადგან ის დაავადების კერა ხდება.

ადგილობრივმა ხელმძღვანელმა პირებმა ჩვენთან საუბრისას ვერ ან არ უპასუხეს კითხვას ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა დაავადების გავრცელების შემთხვევაში?

P.S. ფოტო, რომელიც ერთ–ერთმა მოქალაქემ მოგვაწოდა დაბალი ხარისხისაა, თუმცა მასზე ჩანს ნაგვის მანქანა, რომლითაც ინფრასტრუქტურის სამსახურის მუშებმა მოკლული ძაღლი წაიღეს.


ნინო თუნთია

No comments:

Post a Comment