
ფოთიდან თბილისში აქციაზე მიმავალი საქართველოს ნიჩბოსანთა ნაკრების ფოთელ მწვრთნელს სამტრედიაში მანქანა ჩამოართვეს. მალხაზ მიქაძესთან ერთად, მისი ავტომობილით წინააღმდეგობის ფოთის კომიტეტის წევრები, ვასილ თოდუა და ალექსანდრე წულაია მგზავრობდნენ. საპატრულო პოლიციამ ყველანი სამტრედიაში დატოვა. მიქაძეს კი მართვის უფლება ერთი წლით ჩამოართვეს. ფოთში დაბრუნებულმა მიქაძემ „თავისუფალი სიტყვასთან“ მომხდარზე ისაუბრა.
„პატრულის მანქანა დილით, ფოთშივე აგვედევნა. შევცვალე მიმართულება, ლანჩხუთის გზით წავედი თბილისისკენ. სამტრედიის გადასახვევთან, მატარებლების ლიანდაგთან იდგა პატრულის მანქანა. წესების სრული დაცვით მოვუხვიე. მხოლოდ 50 კმ/სთ სიჩქარით ვმოძრაობდი. მანქანა ამედევნა და 7-8 კმ-ის მანძილზე მომდევდა. იმდენად ნელა მივდიოდი, რომ სხვა მანქანები მისწრებდნენ. გაფრთხილება არ მოუციათ, მხოლოდ დამისიგნალეს. მაინც გავაჩერე. პოლიციელი მოვიდა და მკითხა, ნელა რომ მივდიოდი პრობლემა ხომ არ მქონდა. გამომართვა საბუთები, შემამოწმეს ალკოჰოლზე. პატრულის რამდენიმე მანქანაც შემოუერთდა. გამომიცხადეს, პატრულს არ დაემორჩილეო და ოქმი შეადგინეს. ევაკუატორი ქუთაისიდან უკვე მოყვანილი ყავდათ. ხელი არაფერზე მომიწერია, გარდა აქტისა, რომ მანქანა ევაკუატორს ჩავაბარე. მოვითხოვე მათგან დოკუმენტი, თქვენი ქმედება უნდა გავასაჩივრო-მეთქი, მაგრამ აქ მომცეს.“-აცხადებს მიქაძე.
მალხაზ მიქაძე ამბობს, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის. დღევანდელ აქციაში მონაწილეობა კი არსებული რეჟიმისადმი საკუთარი პროტესტის გამოსახატად სურდა.
ნინო თუთია
No comments:
Post a Comment