Monday, May 30, 2011

ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეები გარევაჭრობას აპროტესტებენ





დღეს დილით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, შპს „სუპერმარკეტის“ მოვაჭრეებმა, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით, აქცია გამართეს. მათ დახმარებისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, ისე ქალაქის პოლიციის სამართველოს წერილობით მიმართეს.
აქციის მონაწილეთა უკმაყოფილება გარევაჭრობის გამო ჩავარდნილმა საკუთარმა ბიზნესმა გამოიწვია. შპს „სუპერმარკეტი, ზუგდიდის ცენტრალური ბაზარია, სადაც 346 კერძო სავაჭრო ობიექტი და 100-მდე სავაჭრო დახლია, ხოლო ბაზრის მიმდებარედ, ქუჩის პირას გარემოვაჭრეები დგანან. -„ბაზარში არავინ შედის, ყველა გარეთ ყიდულობს. მალფუჭებადი საქონლით ვვაჭრობთ და ხშირად გვიფუჭდება. როცა ვერ ვვაჭრობთ, გადასახადებსაც ვერ ვიხდით. ყველას სესხი გვაქვს აღებული. ბაზარში სავაჭრო დახლები არის, მაგრამ არ შემოდიან, გარეთ ურჩევნიათ,“ – ამბობს აქციის მონაწილე, მზევინარ არღვლიანი.

ბაზარში შესვლაზე უარის თქმის მიზეზად, გარე მოვაჭრეები ადგილების არარსებობასა და ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობას ასახელებენ. – „ ბაზრის მოვაჭრეებმა დაგვითმონ ადგილები და არ ვივაჭრებთ გარეთ. შიგნით ვიყავით ცოტა ხნით, მაგრამ ჩვენთან არავინ მოდიოდა, რადგან სადღაც კუთხეში მოგვცეს ადგილები. თან გადასახადიც ვერ გადავიხადეთ. სამი შვილიშვილი მყავს გასაზრდელი და როგორ ვაჭამო პური,“ – ამბობს გარემოვაჭრე ნაზი კვარაცხელია.

შ.პ.ს „სუპერმარკეტის“ დირექტორის, გია კანკიას თქმით, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე სავაჭრო ადგილები საკმაოდაა.
– „ადგილები საკმაოდ გვაქვს. რაც შეეხება ტანსაცმელს, ამისთვის ზუგდიდში არის რამდენიმე ბაზრობა. გამგეობის ძალისხმევით აქ შემოიყვანეს გარემოვაჭრეები, მაგრამ არ გაჩერდნენ და ისევ გარეთ გავიდნენ. საუკეთესო ადგილები გამოვუყავით, მაგრამ არ ინებეს,“ – განაცხადა გია კანკიამ.
შპს“ სუპერმარკეტის“ ტერიტორიას 20 ათასი კვ.მ უკავია, აქედან 346 კერძო საკუთრებაა. გია კანკიას თქმით, ვერ მოხერხდა ბაზრის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რადგან მიუხედავად არა ერთი მცდელობისა, კერძო მესაკუთრეებთან თუ დამქირავებლებთან შეთანხმება ვერ შედგა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ გარევაჭრობის აღსაკვეთად შესაბამის ზომებს მიიღებენ:– „გარევაჭრობა კანონით აკრძალულია და პოლიციასთან კონსულტაციის შემდეგ, მათთან ერთად, გადამჭრელ ზომებს მივიღებთ,“ – აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ლევან მესხია.

სოფო ხუბულავა

No comments:

Post a Comment