Thursday, June 2, 2011

გოჩა ქორქია: „ბევრი მიზეზის გამო, ბარიერი ძალიან დაბალი იქნება“



ინტერვიუ



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყველა სკოლის მეთორმეტეკლასელმა წელს სასკოლო ატესტატის მისაღებად 8 გამოცდა ჩააბარა. ეროვნული გამოცდების ცენტრს ჯერ არ გამოუქვეყნებია ზღვარი, რომლის გადალახვის შემდეგაც მოსწავლე ატესტატს აიღებს. საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებზე „თავისუფალი სიტყვა“ ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორს, გოჩა ქორქიას ესაუბრა.

გოჩა ქორქია, ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი:

- ინტერნეტისა და კომპიუტერული ადაპტური წესების გამოყენებით გამოცდები პირველად ჩატარდა. გამოცდების მიზანი იყო შემოწმებულიყო, საშუალო საფეხურზე მიღებული ცოდნის დონე რამდენად შეესაბამება სასწავლო სტანდარტებს. ფოთის მასშტაბით საატესტატო გამოცდები ორგანიზაციულად სრულყოფილი სქემით ჩატარდა. ტექნიკური გაუმართაობის გამო, არც ერთ მოსწავლეს შეფერხება არ ქონია.

- რამდენად სამართლიანად თვლით სამინისტროს გადაწყვეტილებას, ზღვარი დაადგინოს მოსწავლეთა შედეგების მიხედვით?

- თეორიულად, დასაშვებია, რომ თუ მოსწავლეს წინასწარ ეცოდინებოდა, რომ გამოცდაზე ჩაიჭრა, მომდევნო გამოცდაზე მისი შესვლა ფსიქოლოგიურად რთული იქნებოდა. ასევე, თუ სამინისტრო დაადგენდა კონკრეტულ ქულას, შესაძლოა ბევრ მოსწავლეს ვერ გადაელახა დადგენილი ბარიერი და შესაბამისად, ბევრი დარჩებოდა ატესტატის გარეშე. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რომლითაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ჩაჭრილთა რაოდენობა.

- თეორიულად, ისიც შესაძლებელია, მონაცემების მიხედვით, სამინისტრომ მაქსიმალური ზღვარი დაადგინოს, ატესტატის გარეშე დარჩენილი მოსწავლეები არანაკლებად რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან?

- აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ ბარიერი იქნება ძალიან დაბალი, რომ ელემენტარული საბაზისო ცოდნის მქონე მოსწავლე არ დარჩეს ატესტატის გარეშე. გამოცდები იყო სიახლე და მოსწავლეები არ იყვნენ სათანადოდ მზად, საბუნებისმეტყველო საგნები ტრიმესტრულად ჰქონდათ ნასწავლი, ამიტომ დავალებების ბლოკიდან სამინისტრომ შეარჩია მხოლოდ მარტივი და საშუალო სირთულის დავალებები. შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ფოთელმა მოსწავლეებმა საბუნებისმეტყველო საგნებში გაცილებით მაღალი ქულები მიიღეს ვიდრე, მაგალითად ქართულში.

- საბოლოო მონაცემების მიხედვით, აშკარა გახდება განათლების სისტემის ნაკლოვანებებიც, ამიტომაც ხომ არ წავა სამინისტრო შეღავათზე, ზღვარი მინიმუმამდე დაიწიოს?

- ამ კითხვას საზოგადოება აუცილებლად დასვამს. რა თქმა უნდა, მოსწავლის დონესთან ერთად გამოიცადა ეროვნული სასწავლო გეგმა, პროგრამები, შეფასების კრიტერიუმები, პედაგოგთა კვალიფიკაცია და სხვა. შესაძლებელია, თქვენ აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით, მაგრამ ვფიქრობ დაბალი ზღვარი ერთადერთი მიზეზით გამოცხადდება: დაცული იყოს მოსწავლეთა ინტერესები,რადგან ეს ყველასათვის სიახლეა.

- რა შეიცვლება საგამოცდო სისტემაში მომავალი წლიდან?

- გამოცდების შედეგების შემდეგ, ძალიან ბვრი დასკვნის გაკეთება შეიძლება. სკოლები ვაუჩერულ დაფინანსებაზეა. თუ რომელიმე ბავშვი ყველა საგანში ძალიან დაბალ შედეგს აჩვენებს, ასეთი ბავშვის განთლებაზე დახარჯული თანხა სახელმწიფოსათვის დაკარგულია. მესამე საფეხური აკადემიური განათლებისთვისაა, ვინც აპირებს უმაღლესი განათლება მიიღოს. თუ ბავშვი ვერ სწავლობს მას სწორი მიმართულება უნდა მიეცეს, რომ 9 კლასის შემდეგ პროფესიული განათლება მიიღოს. რადგან მომავალი წლიდან სამინისტრო დათმობებზე აღარ წავა. 2013 წლიდან კი გამოცდები იქნება რთული და შეფასებაც, ევროპული სტანდარტის შეფასების შესაბამისი.


ესაუბრა ნინო თუნთია

1 comment:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete