Wednesday, June 1, 2011

ნავსადგურის მოიჯარე კომპანიებმა სახელფასო დავალიანება თანამშრომლების ნაწილს აუნაზღაურა




„ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ყოფილმა მოიჯარე კომპანიამ, შპს „პრომედკო ჯორჯიამ“ თანამშრომლების ნაწილს სახელფასო დავალიანება აუნაზღაურა, ხოლო მეორე მოიჯარე კომპანიას „ჯე-ეს-კოს“ დავალიანების გაცემა ჯერ არ დაუწყია.
აღნიშნულ კომპანიებს 400 000 ლარის ოდენობის სახელფასო დავალიანება გასული წლიდან, მას შემდეგ დაუგროვდათ, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ნავსადგურმა ხელშეკრულება შეუწყვიტა. ნავსადგურის იურიდიული სამსახურის უფროსის, ჯაბა ჯიბაშვილის განმარტებით, კომპანიებმა ნავმისადგომის სარემონტო სამუშაოების, ტექნიკის გამართულად მუშაობისა და საიჯარო ქირის გადახდის შესახებ სახელშეკრულებო პირობები დაარღვია, რის შემდეგაც ნავსადგურმა ხელშეკრულება გაწყვიტა.
გაკოტრებულ კომპანიებს ნავსადგურისთვის მიყენებული ზარალის- 4 მილიონი ლარის ანაზღაურება და თანამშრომლების სახელფასო დავალიანების დაფარვა ფოთის საქალაქო სასამართლომ, დაახლობით ორი თვის წინ, მომჩივანთა სასარგებლოდ დააკისრა. კომპანიებმა დავალიანება ქონების რეალიზაციიდან შემოსული თანხით უნდა უზრუნველყონ.
შპს „პრომედკო ჯორჯიას“ ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, 400 თანამშრომლიდან ხელფასი მხოლოდ 134-მა მიიღო, ხოლო „ჯე-ეს-კოს“ თანამშრომელთა განცხადებით, მათი კომპანიის თანამშრომლებს დავალიანებები არ მიუღიათ. –„გვითხრეს, ქონების გაყიდვის შემდეგ მოგცემთო,“ -გვითხრა კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა, ზაზა ბურკვაძემ.
შპს „პრომედკო ჯორჯიამ“ და „ჯე-ეს-კომ“ ფოთის საზღვაო ნავსადგურის მე-3, მე-4 და მე-6 ნავმისადგომები 2003 წელს 25- წლიანი იჯარით აიღეს. ამჟამად გაკოტრებული კომპანიები დავას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებენ. საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.ამ საკითხებთან დაკავშირებით, შპს „პრომედკო ჯორჯიასა“ და „ჯე-ეს-კოს“ ხელმძღვანელთა კომენტარების მოპოვება შეუძლებელი გახდა, რადგან ისინი სატელეფონო ზარებს მთელი დღის მანძილზე არ პასუხობდნენ.

იზა სალაყაია

No comments:

Post a Comment