Saturday, June 4, 2011

ბაღაფში მიუვალ და მოუვლელ სასაფლაოზე დაკრძალეს


lifenews-ის ფოტოები

ოჩამჩირის რაიონის სოფელი ჯგერდა, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის მშობლიური სოფელია. ბაღაფში ამ სოფლის სასაფლაოზე, ორი დღის წინ, საკუთარი ანდერძის თანახმად დაკრძალეს. სოფელში ამჟამად 300-მდე კომლი ცხოვრობს. ჯგერდელი ქალბატონი, რომელიც შერეული ოჯახიდანაა (დედა აფხაზია, მამა-ქართველი), მშობლიური სოფლიდან გალში, საკუთარ ოჯახში გუშინ დაბრუნდა. ჯგერდაში ის დედის სანახავად და თანაკლასელის, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის დაკრძალვაზე დასასწრებად იყო წასული. ჩვენ მას ზუგდიდში, ნათესავის სახლში შევხვდით. რესპოდენტი დაკრძალვის დეტალებზე კონფიდენციალობის გარანტიით გვესაუბრა.

–სერგეი ბაღაფში თქვენი კლასელი და ბავშვობის მეგობარი იყო. როგორ გაიხსენებდით მასთან ურთიერთობას?

–ჩემი კლასელი იყო. ორივენი ერთი სოფლიდან ვიყავით. პირველ კლასში ერთ მერხთან ვისხედით.ხან მე მივდიოდი მასთან სახლში, ხან ის მოდიოდა ჩემთან და ერთად ვმეცადინეობდით. ბაღაფში აფხაზი იყო, მე კი შერეული ოჯახიდან. ამას ჩვენი მეგობრობისთვის ხელი არ შეუშლია. მერე მოხდა ისე, რომ მე ადრეულ ასაკში გავთხოვდი და ისიც სასწავლებლად წავიდა. მას შემდეგ სოფელში არ დაბრუნებულა. მესმოდა მის წარმატებებზე, მაგრამ კონტაქტი ერთმანეთთან აღარ გვქონია.მას შემდეგ ბაღაფში გალში ვნახე, როცა გალის კლუბში მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა.

–როგორ შეგხვდათ?

–ვერ მიცნო.თავდაპირველად მასთან დაცვამ არ მიმიშვა. მე მას სერგოს ვეძახდი და ასეც მივმართე. მან გაკვირვებული სახით შემომხედა და გამიღიმა, თუმცა, მაინც ვერ მიცნო. დაცვას უბრძანა, რომ მივეშვით. თავი რომ შევახსენე, ჩამიხუტა და ვხედავდი თვალზე ცრემლი როგორ მოადგა. მეც ავტირდი. ყველა ჩვენ გვიყურებდა. ბავშვობის შემდეგ, ეს იყო მასთან პირველი და უკანასკნელი შეხვედრა. ამის შემდეგ, მე ის აღარ მინახავს.

–თქვენ ბაღაფშის დაკრძალვაზე იყავით...

–დიახ, ვიყავი. საფლავზე ვარდების თაიგულიც მივიტანე. ძალიან ბევრი ხალხი იყო, მაგრამ მათ შორის პუტინი, ხაჯინბა, შამბა ან ანქვაბი არ შემინიშნავს. არ ვიცი, შესაძლოა, ხალხის სიმრავლის გამო, ვერ შევნიშნე. მხოლოდ კოკოითი დავინახე. იცით რა იყო უცნაური? ვერ წარმოიდგენთ როგორ მიუვალ და მოუვლელ ადგილას დაკრძალეს, საფლავი ირგვლივ სულ ეკალ-ბარდებში იყო ჩაფლული. ჩემს აფხაზ მეზობლებთან რომ გამოვხატე გაკვირვება, ასე მითხრეს: სიკვდილის წინ დაუბარებია, რომ ჯგერდაში დაეკრძალათო. გასაგებია, მაგრამ დაკრძალვამდე რომ მოეწესრიგებინათ და დაესუფთავებინათ ის ტერიტორია, ხომ შეიძლებოდა?! საფლავს ღობეც კი არ აქვს. არ ვიცი, აწი თუ ვინმე გააკეთებას რაიმეს. ალბათ, გააკეთებს მისი ვაჟიშვილი, რომელსაც დიდი ბიზნესი აქვს მოსკოვში.

–მუსულმანური წესით დაკრძალეს თუ ქრისტიანულით?

–ის ყოველთვის მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო და დაკრძალვის ცერემონიაც ქრისტიანული იყო. მეუღლეც მართლმადიდებელი, ეროვნებით ქართველი ჰყავდა. დაკრძალვაზე საუბრობდნენ, რომ მას სიკვდილის წინ ბესარიონ აპლია დაუბარებია და აღსარებაც ჩაუბარებია. აეროპორტში მის ცხედარს წინ ბესარიონ აპლია მოუძღოდაო.




მასალა მოამზადა მალხაზ ბასილაიამ

1 comment:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete