Friday, June 10, 2011

www.tspress.ge

მკითხველთა საყურადღებოდ!
გაზეთ "თავისუფალი სიტყვის" მასალები ამიერიდან იხილეთ ვებგვერდზე:

Tuesday, June 7, 2011

მონოპოლია ხორცის ბიზნესში



”ვეტერინარიის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, გასაყიდად ნებადართული იქნება მხოლოდ სპეციალურ სასაკლაოზე დაკლული და დამუშავებული საქონლის ხორცი. სარეალიზაციოდ გატანილ ხორცს სასაკლაოებზე გაცემული საქონლის დაკვლისა და ხორცის ვარგისიანობისშესახებ სავალდებულო საბუთიც უნდა ახლდეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის, ვერიკო გულუას განმარტებით, ახალი რეგულაცია ერთნაირად ეხება თბილისსა და რეგიონებს.
კანონს, ამოქმედების დღიდან,აპროტესტებენ თბილისში, სადაც ამჟამდ ბაზრებზე ხორცი ნატახტარისა და თელეთის სასაკლაოებიდან შედის. იქ 1კგ ხორცის დამუშავება 1,20ლარია. ამას ემატება სასაკლაოზე ჯერ საქონლის, შემდგომ უკან ხორცის ტრანსპორტირებისა და საბუთის თანხაც. დამატებით ხარჯების გამო, გლეხები და ხორცით მოვაჭრეები იძულებულნი არიან ხორცის ფასი გაზარდონ.
დედაქალაქისაგან განსხვავებით, ფოთში, სადაც ასევე ვრცელდება აღნიშნული ცვლილება, ხორცი ჯერ არ გაძვირებულა. 1კგ საქონლის ხორცის ფასი 9- 11ლარამდე მერყეობს, ღორის 7-10ლარამდე. ფოთში, გასაყიდად გამოტანილი ხორცი ხობის, სენაკის ან ახლომდებარე სასაკლაოზე უნდა დაიკლას.
ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს ფოთის სამსახურის უფროსი, ზურაბ აბურჯანიძე ინფორმაციას არ ფლობს: „სამსახურს ევალება რეაგირება თუ გასაყიდად გამოტანილ ხორცს რამე დაავადება აღენიშნა და თუ რამე უბედურება მოხდა“, განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას. კანონის რეგულაციის რეგიონებზე გავრცელების შესახებ არაფერი იციან, თავად ხორცით მოვაჭრეებმაც და ისინი ხორცის რეალიზებას ძველი წესით ეწევიან.
ხორცის რეალიზატორი მამუკა ნოდია ამბობს, რომ საქონელს ძირითადად, ან საკუთარ სახლში, ან იმ ოჯახებში კლავს, ვისგანაც საქონელს ყიდულობს და ეჭვობს, რომ ეს ახალი კანონი, ვიღაცის კერძო ინტერესშია:- „სასაკლაოების შემოღებით ვიღაცას ხორცის ბიზნესის ხელში ჩაგდება სურს. რატომ ხდება, რომ მხოლოდ ორ კომპანიას აქვს სასაკლაო? მიეცეს ნებისმიერ შპს-ს ან ინდმეწარმეს სასაკლაოს მოწყობის საშუალება, მაგრამ ასეთ დროს კონკურენცია იქნება და არ აწყობთ“- აცხადებს ის. ნოდიას თქმით, ვინაიდან სასაკლაოზე ხორცის დამუშავება დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც ხორცის ფასს რეგიონებშიც გაზრდის, მყიდველი შემცირდება და იძულებული გახდება ამ საქმეს შეეშვას.
რენო იზორია, რომელიც ფოთის საკოლმეურნეო ბაზარში ასევე ხორცით ვაჭრობს, ამბობს, რომ სასაკლაო ფოთიდან საკმაოდ მოშორებითაა და ტრანსპორტირება, იქ დაკვლა-დამუშავებისა და საბუთის ხარჯები ხორცის ფასს ბევრად გააძვირებს.
ხორცის ბაზარზე მონოპოლიასა და ფასების კონტროლზე საუბრობს, ფოთის აგრარული ბაზრის შპს“კოლხა 97“-ის ვეტერინარი, ექსპერტი დავით გოგინოვი. მისი თქმით, სასაკლაოები აუცილებელია ფერმერული მეურნეობისთვის, თუმცა საქართველოს ბაზრებში ხორცი ძირითადად, კერძო სექტორიდან ანუ მოსახლეობიდან შედის. მისი თქმით, ვეტერინარულ-სანიტარული უსაფრთხოების წესების დაცვის კუთხით სარეალიზაციოდ გამოტანილი ხორცის სასკლაოზე დამუშავება სასურველია, თუმცა გამკაცრებული ზომები უსაფრთხო საკვების კუთხით ვერაფერს შეცვლის. ვეტერინარის განცახდებით, ამ კუთხით კონტროლი უკვე არსებობს, ცხოველი დაკვლამდე ამჟამადაც მოწმდება ლაბორატორიაში, ხოლო შემდგომ გასაყიდად შეტანილ ხორცსა და შინაგან ორგანოებს, ასევე უტარდება შემოწმება, დგინდება მისი ვარგისიანობა და გასაყიდად გატანილ ხორცზე შესაბამისი ცნობა გაიცემა.
გოგინოვის თქმით, ნატახტარის წარმომადგენლები თავიანთი მანქანებით სოფლებში დადიან და ყიდულობენ დასაკლავ პირუტყვს. სასაკლაოს მომსახურების სიძვირის გამო, გლეხი იძულებულია მას მიჰყიდოს საქონელი. „კომპანია ცდილობს მონოპოლია ამგვარად ჩაიგდოს ხელში, მხოლოდ მას შეუძლია არეგულიროს ბაზარზე ხორცის ფასი“-აცხადებს გოგინოვი.
კანონის თანახმად, სასაკლაოს გახსნა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც დააკმაყოფილებს საწარმოს მოწყობის წესს. სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების (N2-218) თანახმად, ეს წესი შემდეგში მდგომარეობს: სასაკლაოზე დაცული უნდა იყოს ვეტერინალურ- სანიტარულ მოთხოვნები, გამოყოფილი უნდა იყოს საკლავი-გადამამუშავებელი დარბაზი, მაცივრები, სტერილიზატორი. იქ გამოყენებული წყალი უნდა პასუხობდეს სასმელი წყლისადმი წაყენებულ სანიტარიულ მოთხოვნებს. ასევე სანიტარიული ნორმის ფარგლებში უნდა იყოს განათება და ვენტილაცია. სასაკლაოს ტერიტორიაზე უნდა იყოს ჩამდინარე წყლების გასაუვნებელი ნაგებობა, რისთვისაც შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ბიოლოგიური მეთოდი, ასევე სადეზინფექციო საშუალებები.
ამ და სხვა მოთხოვნების გათვალისწინებით, ქვეყნის თითოეულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში აუცილებელია არანაკლებ ერთი სასაკლაოს არსებობა. სასაკლაო ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში უნდა არსებობდეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის, ვერიკო გულუას განმარტებით,რაიონში სასაკლაოს არარსებობის შემთხვევაში სამინისტრომ დაუშვა გამონაკლისი რეალიზატორებმა ახლომდებარე სასაკლაოთი ისარგებლონ, „თუ უნდათ თბილისში ჩამოიტანონ და მერე ისევ ფოთში წაიღონ. მთავრია სასაკალოზე იყოს დამუშავებული“-განაცხადა გულუამ.
გამოჩნდება თუ არა სასაკლაოს მომწყობის სხვა მსურველიც და გაუწევს თუ არა კონკურენციას უკვე არსებულს, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, თუმცა მანამდე უკვე არსებული სასაკლაოების მომსახურეობის ხარჯების გამო მოვაჭრეების თქმით, ხორცის ფასი თბილისის მსგავსად რეგიონებშიც მოიმატებს. როდის და რამდენი ლარით გაძვირდება ხორცი კონტროლის მექანიზმების ამუშავებაზეა დამოკიდებული.

იზა სალაყაია

ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში ხორცის პრობლემაა

ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში ღორის ხორცის აკრძალვასთან დაკავშირებით, „თავისუფალი სიტყვა“ დაინტერესდა თუ რა ზომებს მიმართავენ მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. ჩვენს კითხვაზე, რა კეთდება იმისათვის, რომ დაავადებული ხორცი თვითნებურ გაყიდვაში არ მოხვდეს? ექიმი -ლაბორანტი ლია ჯღამაძე გვპასუხობს, რომ – „როცა შემოდის ხორცი, პარენქიმული (გული, ღვიძლი, ელენთა და ფილტვები) ორგანოები მოყვება, რომლის შემოწმების საფუძველზეც, ზუსტად შეიძლება ხორცის ვარგისიანობის განსაზღვრა. შემდეგ პატრონს აქტს ვუდგენთ, ხელს ვაწერინებთ და ვატანთ უვარგისს ხორცს დასამარხად.“
ლაბორატორიიდან დაწუნებული ხორცის ბაზარზე მოხვედრა გამორიცხულია, რადგან სპეციალური ხსნარი, რომელსაც ასხამენ უვარგის ხორცს აძლევს სუნს და საჭმელად არ გამოიყენება, რადგან მომწამვლელია, გვიხსნის ჯღამაძე.
76 წლის ვალიკო გაბეჩავა და 13 წელია, ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში ხორცს ყიდის. გაბეჩავა გვიყვება, რომ ღორის ხორცი კარგა ხანია არ გაუყიდია, რადგან არც დიდი მოთხოვნაა და ღორის საკვებად ვარგისი ხორცი კარგა ხანია არც შემოსულა. რაც შეეხება, ლაბორატორიაში ხორცის შემოწმების ღირებულებას, გაბეჩავა გვეუბნება, რომ – „1 კგ. ხორცის ლაბორატორიაში შემოწმებას 9 ლარი სჭირდება, გამოდის, რომ კილო ხორციდან 30 თეთრი მრჩება.“
ბაზრის დირექტორი, გია კანკია, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ –„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უვარგისი ხორცი ბაზარში გასაყიდად არ გასულა და არც ვინმე მომჩივარი გვყოლია, რადგან ეს არის პროდუქტი, რის შემოწმებაზეც ადგილზე ხელი მიგვიწვდება.“

ლორა ქობალია

მოქალაქეები ბიბლიოთეკის ამორტიზებული შენობის დემონტაჟს ითხოვენ





ფოთში იმერეთის ქუჩის #19-ში მდებარე ყოფილი #2 ბიბლიოთეკის შენობა ინგრევა. იქვე მცხოვრები სალიების ოჯახი შიშობს, რომ შენობის კედლები ჩამონგრევისას მათ სახლს დააზიანებს. ბიბლიოთეკის კედელსა და საცხოვრებელ სახლს შორის მანძილი დაახლოებით, სამი მეტრია. გული სალიას თქმით, ეზოში შვილიშვილების გამოშვებაც ეშინია. ქარიან ამინდში კი, სახლიდან გასასვლელად მეზობლის ეზოთი სარგებლობენ.
„ცოტა ხნის წინ, უკანა კიბე ჩამოინგრა. ძლიერი ქარის დროს სახურავიც ჩაინგრა. ძირს დაყრილი წიგნები სველდება და კარგ ამინდში გაშრობას რომ იწყებს, საშინელი სუნი დგება. ორჯერ სახლში მორიელი შემოგვიძვრა. განსაკუთრებით, ბავშვებზე ვდარდობ“-ამბობს გული სალია. ის ადგილობრივი ხელისუფლებისაგან რეაგირებას და შენობის დემონტაჟს ითხოვს.
ყოფილი მეორე ბიბლიოთეკა, ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების ბალანსზე ირიცხება. გაერთიანების დირექტორის, ნუნუ ჭელიძის თქმით, ბიბლიოთეკა 2007 წლის ოქტომბერში გაუქმდა,როცა ფოთის საკრებულომ გაერთიანების რეორგანიზაცია მოახდინა და ბიბლიოთეკების რაოდენობა 9დან 4-მდე შეამცირა. გაერთიანების წერილობითი მიმართვის შემდეგ, გამოთავისუფლებული შენობების ქალაქისთვის გადაცემის პროცესი დაიწყო. ბიბლიოთეკის გაუქმებიდან, თითქმის ერთი წელი წიგნების აღწერას და სხვა ბიბლიოთეკებში განაწილებას მოანდომეს, შენობაში, მხოლოდ დაზანებული და გამოუსადეგარი წიგნები დატოვეს.
ყოფილი ბიბლიოთეკის შენობა, ფოთის მერიას იმ ობიექტების სიაში აქვს შეტანილი, რომელსაც აუდიტორული შეფასება ჩაუტარდება. მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის, სულხან თოლორდავას თქმით, მათი მიზანი ქონების ღირებულების დადგენაა. ობიექტის მდგომარეობის და ღირებულების განსაზღვრის შემდეგ, ამ შენობების ბედს ფოთის მერია გადაწყვეტს.
ყოფილი მეორე ბიბლიოთეკის შენობა 1950 წელსაა აგებული. შენობის ფართობი 157 კვადრატული მეტრია. საბიბლიოთეკო გაერთიანების მონაცემებით, შენობის საბალანსო ღირებულება 2014 ლარია.


ნინო თუნთია

ზუგდიდის ბაზარში ღორის ხორცის გაყიდვა აიკრძალა



ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში ღორის ხორცის შეტანა აიკრძალა. ბაზრის დირექტორის, გია კანკიას განცხადებით, მთლიანად სამეგრელოში „აფრიკული ჭირია“ გავრცელებული.

ვეტერინალურ–სანიტარული ექსპერტიზმის ვეტერინარ ლია ჯღამაძეს თქმით, ბაზარში შეტანილი 10 ღორიდან 9 აფრიკული ჭირითაა დაავადებული. ის მოსახლეობას სოფლებში თვითნებურად გაყიდული ღორის ხორცის ყიდვისგან თავის შეკავებას ურჩევს.

Monday, June 6, 2011

პაატა ზაქარეიშვილი - „აფხაზეთის პრეზიდენტობის ყველაზე დიდი შანსი ანქვაბს აქვს“



დღეს ზუგდიდში, ასოციაცია „მერკურის“ ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, სტუდენტებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად, ბაღაფშის მოულოდნელ გარდაცვალებასა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატებს შეეხო.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, აფხაზეთში დაიწყო საკმაოდ საინტერესო პროცესები, რომელმაც ახალი პოლიტიკური პერსპექტივა უნდა გაუჩინოს აფხაზებს. – „აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დაახლოებით 10 დღეში უნდა დაინიშნოს. ამის შემდეგ შესაძლებელია დაიწყოს სერიოზული დაპირისპირება კანდიდატებს შორის. არ არის გამორიცხული, ბაღაფშის გუნდიდან, პრემიერ-მინისტრმა შამბამ და ვიცე-პრეზიდენტმა ანქვაბმა იყაროს კენჭი. ვფიქრობ, მათზე უფრო რეიტინგული კანდიდატები აფხაზეთში არ არის და ამ ორიდან ერთ-ერთი აფხაზეთის პრეზიდენტი გახდება“.

კონფლიქტოლოგის ვარაუდით, თუ დაპირისპირება მოხდება ანქვაბსა და შამბას შორის, შესაძლებელია, პირველ ტურში გამარჯვება ვერც ერთმა ვერ მოიპოვოს და შესაბამისად, ჩატარდეს მეორე ტური. მისი თქმით, ამ შემთხვევაში პრეზიდენტობის მეტი შანსი ანქვაბს ექნება, ვინაიდან აფხაზეთში მოთხოვნაა მკაცრ მმართველზე, რომელიც მოსპობს კრიმინალს და კორუფციას.ზაქარეიშვილის აზრით, თუ ანქვაბსა და შამბას შორის ტანდემი შედგება და ერთ-ერთი მათგანი იყრის კენჭს, პროცესებიც უფრო მშვიდად ჩაივლის. ასევე ზაქარეშვილის თქმით, შესაძლოა, პრზიდენტობის კანდიდატად ხაჯინბა, ბუთბა და დღევანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ძიაბშბა მოგვევლინოს, თუმცა, მათი გამარჯვების შანსი მინიმალურია.

ანქვაბსა და შამბას გაერთიანებისკენ რამდენიმე დღის წინ, ბაღაფშის დაკრძალვაზე სოხუმში ჩასულმა პუტინმაც ურჩია. ამის შესახებ „თავისუფალ სიტყვასთან“ ინტერვიუში აფხაზმა პოლიტოლოგმა, არდა ინალიფამაც ისაუბრა. მისი თქმით, პუტინი ორივე პოლიტიკოსს ცალ-ცალკე შეხვდა და დახურულ კარს მიღმა ესაუბრა: -“სავარაუდოდ, საუბარი შეეხებოდა მომავალ არჩევნებს, რომელიც აფხაზური კანონმდებლობით პრეზიდენტის გარდაცვალებიდან ზუსტად სამ თვეში უნდა ჩატარდეს. მას შეხვედრები ჰქონდა ორივე ლიდერთან ცალცალკე. ეს საგულისხმო და ცოტა უცნაურია, მაგრამ როგორც კულუარებში გავარკვიე, პუტინი ცდილობს ორივე ლიდერი ერთ გუნდად გაერთიანდეს,“-განაცხადა ინალიფამ ჩვენთან საუბრისას.
http://tavisupalisitkva.blogspot.com/2011/06/blog-post_8074.html

სოფო ხუბულავა

ქართველი მეცნიერი ფოთში ნავთობის აღმოჩენის ფაქტს ეჭვქვეშ აყენებს



რუსული სააგენტოების მიერ,კომპანია „სკანექსის“ მიერ საქართველოს სანაპიროსთან ნავთობის საბადოს აღმოჩენის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი,ზურაბ მგელაძე ეჭვქვეშ აყენებს.

ქართველი მეცნიერის თქმით,შავი ზღვის აკვატორიაში ნავთობისა და გაზის საბადოების ყველაზე მასშტაბური კვლევა 2000-2005 წლებში ამერიკულმა კომპანია „ანადარკომ“ ჩაატარა. შავი ზღვის შელფში ნავთობის 1500-მდე მცირედი წყარო არსებობს, თუმცა, არც ერთი მათგანი სამრეწველო მნიშვნელობის არაა.მგელაძის განცხადებით, ის მათთან სპეციალურ კონსულტანტად მუშაობდა.

რუსული კომპანია"სკანექსის"მიერ გაკეთებული განცხადების რეალურობაზე მგელაძე დაზუსტებით მას შემდეგ აპირებს საუბარს, რაც თავად კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრება და მათი კვლევის შედეგებს ნახავს.

შეგახსენებთ, რომ „საჩუქარი სააკაშვილს“ - ამ სათაურით რუსულმა სააგენტო „ბ-პორტმა“, რუსული საინჟინრო-ტექნოლოგიური კომპანია „სკანექსის“ მიერ შავ ზღვაში, ფოთთან ახლოს, ნავთობის საბადოს აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ორიოდ დღის წინ გაავრცელა. მონაცემებზე დაყრდნობით, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 1050 მეტრის სიღრმეზე მათ ნავთობის ბუნებრივი საბადო აღმოაჩინეს. კომპანიის ინფორმაციით, დღის განმავლობაში საშუალოდ ერთიდან რვა ტონამდე, ანუ წელიწადში 400-დან 3 000 ტონამდე ნავთობი ამოიფრქვევა.http://tavisupalisitkva.blogspot.com/2011/06/blog-post_5967.html

ნინო თუნთია
"სკანექსის" მიერ სატელიტიდან გადაღებული ფოტო