Tuesday, June 7, 2011

მონოპოლია ხორცის ბიზნესში



”ვეტერინარიის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, გასაყიდად ნებადართული იქნება მხოლოდ სპეციალურ სასაკლაოზე დაკლული და დამუშავებული საქონლის ხორცი. სარეალიზაციოდ გატანილ ხორცს სასაკლაოებზე გაცემული საქონლის დაკვლისა და ხორცის ვარგისიანობისშესახებ სავალდებულო საბუთიც უნდა ახლდეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის, ვერიკო გულუას განმარტებით, ახალი რეგულაცია ერთნაირად ეხება თბილისსა და რეგიონებს.
კანონს, ამოქმედების დღიდან,აპროტესტებენ თბილისში, სადაც ამჟამდ ბაზრებზე ხორცი ნატახტარისა და თელეთის სასაკლაოებიდან შედის. იქ 1კგ ხორცის დამუშავება 1,20ლარია. ამას ემატება სასაკლაოზე ჯერ საქონლის, შემდგომ უკან ხორცის ტრანსპორტირებისა და საბუთის თანხაც. დამატებით ხარჯების გამო, გლეხები და ხორცით მოვაჭრეები იძულებულნი არიან ხორცის ფასი გაზარდონ.
დედაქალაქისაგან განსხვავებით, ფოთში, სადაც ასევე ვრცელდება აღნიშნული ცვლილება, ხორცი ჯერ არ გაძვირებულა. 1კგ საქონლის ხორცის ფასი 9- 11ლარამდე მერყეობს, ღორის 7-10ლარამდე. ფოთში, გასაყიდად გამოტანილი ხორცი ხობის, სენაკის ან ახლომდებარე სასაკლაოზე უნდა დაიკლას.
ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს ფოთის სამსახურის უფროსი, ზურაბ აბურჯანიძე ინფორმაციას არ ფლობს: „სამსახურს ევალება რეაგირება თუ გასაყიდად გამოტანილ ხორცს რამე დაავადება აღენიშნა და თუ რამე უბედურება მოხდა“, განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას. კანონის რეგულაციის რეგიონებზე გავრცელების შესახებ არაფერი იციან, თავად ხორცით მოვაჭრეებმაც და ისინი ხორცის რეალიზებას ძველი წესით ეწევიან.
ხორცის რეალიზატორი მამუკა ნოდია ამბობს, რომ საქონელს ძირითადად, ან საკუთარ სახლში, ან იმ ოჯახებში კლავს, ვისგანაც საქონელს ყიდულობს და ეჭვობს, რომ ეს ახალი კანონი, ვიღაცის კერძო ინტერესშია:- „სასაკლაოების შემოღებით ვიღაცას ხორცის ბიზნესის ხელში ჩაგდება სურს. რატომ ხდება, რომ მხოლოდ ორ კომპანიას აქვს სასაკლაო? მიეცეს ნებისმიერ შპს-ს ან ინდმეწარმეს სასაკლაოს მოწყობის საშუალება, მაგრამ ასეთ დროს კონკურენცია იქნება და არ აწყობთ“- აცხადებს ის. ნოდიას თქმით, ვინაიდან სასაკლაოზე ხორცის დამუშავება დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც ხორცის ფასს რეგიონებშიც გაზრდის, მყიდველი შემცირდება და იძულებული გახდება ამ საქმეს შეეშვას.
რენო იზორია, რომელიც ფოთის საკოლმეურნეო ბაზარში ასევე ხორცით ვაჭრობს, ამბობს, რომ სასაკლაო ფოთიდან საკმაოდ მოშორებითაა და ტრანსპორტირება, იქ დაკვლა-დამუშავებისა და საბუთის ხარჯები ხორცის ფასს ბევრად გააძვირებს.
ხორცის ბაზარზე მონოპოლიასა და ფასების კონტროლზე საუბრობს, ფოთის აგრარული ბაზრის შპს“კოლხა 97“-ის ვეტერინარი, ექსპერტი დავით გოგინოვი. მისი თქმით, სასაკლაოები აუცილებელია ფერმერული მეურნეობისთვის, თუმცა საქართველოს ბაზრებში ხორცი ძირითადად, კერძო სექტორიდან ანუ მოსახლეობიდან შედის. მისი თქმით, ვეტერინარულ-სანიტარული უსაფრთხოების წესების დაცვის კუთხით სარეალიზაციოდ გამოტანილი ხორცის სასკლაოზე დამუშავება სასურველია, თუმცა გამკაცრებული ზომები უსაფრთხო საკვების კუთხით ვერაფერს შეცვლის. ვეტერინარის განცახდებით, ამ კუთხით კონტროლი უკვე არსებობს, ცხოველი დაკვლამდე ამჟამადაც მოწმდება ლაბორატორიაში, ხოლო შემდგომ გასაყიდად შეტანილ ხორცსა და შინაგან ორგანოებს, ასევე უტარდება შემოწმება, დგინდება მისი ვარგისიანობა და გასაყიდად გატანილ ხორცზე შესაბამისი ცნობა გაიცემა.
გოგინოვის თქმით, ნატახტარის წარმომადგენლები თავიანთი მანქანებით სოფლებში დადიან და ყიდულობენ დასაკლავ პირუტყვს. სასაკლაოს მომსახურების სიძვირის გამო, გლეხი იძულებულია მას მიჰყიდოს საქონელი. „კომპანია ცდილობს მონოპოლია ამგვარად ჩაიგდოს ხელში, მხოლოდ მას შეუძლია არეგულიროს ბაზარზე ხორცის ფასი“-აცხადებს გოგინოვი.
კანონის თანახმად, სასაკლაოს გახსნა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც დააკმაყოფილებს საწარმოს მოწყობის წესს. სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების (N2-218) თანახმად, ეს წესი შემდეგში მდგომარეობს: სასაკლაოზე დაცული უნდა იყოს ვეტერინალურ- სანიტარულ მოთხოვნები, გამოყოფილი უნდა იყოს საკლავი-გადამამუშავებელი დარბაზი, მაცივრები, სტერილიზატორი. იქ გამოყენებული წყალი უნდა პასუხობდეს სასმელი წყლისადმი წაყენებულ სანიტარიულ მოთხოვნებს. ასევე სანიტარიული ნორმის ფარგლებში უნდა იყოს განათება და ვენტილაცია. სასაკლაოს ტერიტორიაზე უნდა იყოს ჩამდინარე წყლების გასაუვნებელი ნაგებობა, რისთვისაც შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ბიოლოგიური მეთოდი, ასევე სადეზინფექციო საშუალებები.
ამ და სხვა მოთხოვნების გათვალისწინებით, ქვეყნის თითოეულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში აუცილებელია არანაკლებ ერთი სასაკლაოს არსებობა. სასაკლაო ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში უნდა არსებობდეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის, ვერიკო გულუას განმარტებით,რაიონში სასაკლაოს არარსებობის შემთხვევაში სამინისტრომ დაუშვა გამონაკლისი რეალიზატორებმა ახლომდებარე სასაკლაოთი ისარგებლონ, „თუ უნდათ თბილისში ჩამოიტანონ და მერე ისევ ფოთში წაიღონ. მთავრია სასაკალოზე იყოს დამუშავებული“-განაცხადა გულუამ.
გამოჩნდება თუ არა სასაკლაოს მომწყობის სხვა მსურველიც და გაუწევს თუ არა კონკურენციას უკვე არსებულს, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, თუმცა მანამდე უკვე არსებული სასაკლაოების მომსახურეობის ხარჯების გამო მოვაჭრეების თქმით, ხორცის ფასი თბილისის მსგავსად რეგიონებშიც მოიმატებს. როდის და რამდენი ლარით გაძვირდება ხორცი კონტროლის მექანიზმების ამუშავებაზეა დამოკიდებული.

იზა სალაყაია

1 comment:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete