Wednesday, June 1, 2011

სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა შსს მინისტრს






სასტუმრო „რედისონში“ კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ ინიციატივით გუშინ გამართულ შეხვედრაზე შეკრებილმა ჟურნალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა 2011 წლის 26 მაისის ღამეს მომიტინგეთა დარბევის დროს ჟურნალისტთა მიმართ გამოვლენილი უკანონობებისა და ძალადობის ფაქტები განიხილეს და შსს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს წერილობითი მიმართეს. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მინისტრისათვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივი გამოძიება საქართველოს კანონმდებლობისა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ თითოეულ კანონდარღვევასთან დაკავშირებით; სახელმწიფომ მოახდინოს ჟურნალისტებისათვის იმ მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რაც მიადგათ პოლიციელების მიერ სხვადასხვა აპარატურის დაზიანების შედეგად; ასევე, სამინისტრომ უზრუნველყოს შსს-ს ყველა თანამშრომლის მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით აღჭურვა, რათა ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს შეეძლოთ მათი იდენტიფიცირება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
შეხვედრაზე საია-ს იურისტმა, თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციელთა და სპეცრაზმელთა მიერ კანონის რამდენიმე მუხლის დარღვევას, მათ შორის, უფლებამოსილების გადამეტებას და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, რადგან ჟურნალისტს არ ჰქონდა ინფორმაციის გავრცელების, ხოლო თითოეულ ჩვენგანს ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიღების საშუალება. მისი თქმით, უნდა დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. მისი ინფორმაციით, 6 საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ ჟურნალისტი ანა გაგუა.ჟურნალისტებს ასევე მიადგათ მატერიალური ზიანი და სახელმწიფო ვალდებულია მათ ეს ზიანი აუნაზღაუროს. კორძაიას განცხადებით, გამოძიებისთვის შეიძლება სერიოზულ დაბრკოლება ამ პირების იდენტიფიცირებაა, რაც სამართლის აღსრულების პროცესში მნიშვნელოვან დაბრკოლებად შეიძლება იქცეს.
ადვოკატ ალექსანდრე ბარამიძის აზრით, აღნიშნულ დანაშაულებების გარდა, იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულებიც: ცემა , ძალადობა, სხეულის განზრახ დაზიანება, წამება, დამცირება და .შ.მისი აზრით, ეს ფაქტები არა შსს-ს, არამედ პროკურატურის გამოსაძიებელია.
შეხვედრაზე ნაჩვენები იყო, სტუდია „მონიტორის“ მიერ გადაღებული ფილმი დარბევის ღამეს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობის შესახებ, რომელშიც დაზარალებული 8 ჟურნალისტი ყვება კონკრეტულ ფაქტებს. ისინი იხსენებენ, თუ როგორ გამეტებით ურტყამდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ სპეცრაზმელები მას შემდეგაც, რაც ჟურნალისტის დამადასტურებელ მოწმობას წარუდგენდნენ. (იხ. ვიდეო) სტუდია „მონიტორის“ ხელმძღვანელის, ნინო ზურიაშვილის განმარტებით, დროის სიმცირის გამო, ფილმი ჯერ დასრულებული არაა, ამდენად მასალაში ვერ მოხდა სხვა ფაქტებიც. ისინი განაგრძობენ ფაქტების მოძიებასა და ყველა დაზარალებულ ჟურნალისტს ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ.
ჟურნალისტმა, ნინია კაკაბაძე ბრძანების გამცემი თანამდებობის პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის მოთხოვნის შესაძლებლობით დაინტერესდა:-„რამდენად შესაძლებელია იურიდიულად, ბრძანების გამცემი თანამდებობის პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დაყენება?“ -ჰკითხა მან იურისტებს. იურისტების განმარტებით, სისხლის სამართალს ახასიათებს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. თითოეული შემსრულებელი პირი დაკითხოს უფროსმა და თუ გამოიკევთა, რომ ვიღაცამ გასცა ამის ბრძანება, ბუნებრივია, იმის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.
აღნიშნული დარღვევების შემსწავლელი სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორმა შორენა შავერდაშვილმა წამოაყენა. „ქრისტიან- დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ახვლედიანმა აღნიშნული კომისიის შექმნაში „აზრი ვერ დაინახა.“ მისი თქმით, უნდა შეიქმნას სახალხო დამცველთან არსებული კომისია, რომელიც საზოგადოების მაღალი ნდობით ისარგებლებს და საზოგადოების ნდობით მოსარგებლე ადამიანებისგან დაკომპლექტდება. ის ეჭვობს, რომ შეიძლება რომელიმე დაზარალებულმა მიმართოს იმ საპარლამენტო კომისიას, რომელშიც გივი თარგამაძე ან ნუგზარ წიკლაური იქნებიან.
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მცირე ანგარიშით წარსდგა. მისი თქმით, სახალხო დამცველმა იმავე დღეს მოუწოდა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ძალის გადამეტების ფაქტების შესწავლის შესახებ და განაცხადა, რომ აქციის დაშლისას დარღვეულ იქნა საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც მთელი რიგი პირების უფლებადარღვევა გამოიწვია. მისი თქმით, მათ 28 მაისს, დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგიის შედეგები გამოაქვეყნეს. სახალხო დამცველის წარმომადგენლის განცხადებით, დაკარგულთა შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
ამ დროისათვის დაკარგულად მიჩნეულთა შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული ონფორმაციით, 47 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ორგანიზაციას თავად დაკარგულთა ოჯახი წევრებმა აცნობეს. თუმცა, შსს განმარტებით, ისინი არც ერთ მათგანს დაკარგულად არ მიიჩნევენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან გახელაძემ მსგავსი რეაგირება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მაშინც მოითხოვა, რაც მაუწყებლის წინ პერიოდულად ხდება. მის თქმით, ისინი „ანჯრებიდან უყურებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე ოპოზიციის მარაზმული აქციებზე“ თუ როგორ ექცევიან ჟურნალისტებს და იმ ბარიერზე ისაუბრა, რაც არსებობს ჟურნალისტებს შორის. მან შეხვედრის ორგანიზატორები სხვა მსხვილი მედიასაშუალებების მოუწვევლობის გამო გაკრიტიკა, რომლებიც შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ.
„რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარემ“ გახელაძის საპასუხოდ(თუმცა გახელაძეს პასუხი არ მოუსმენია, რადგან მან საკუთარი რეპლიკის შემდეგ დარბაზი დატოვა) განაცხადა ამგვარ შეკრებაზე მოსაწვევის გაგზავნა საჭირო არაა, მით უმეტეს მსხვილი მედიაორგანიზაციებისთვის, რომლებიც შეხვედრის შესახებ საგენტოეებზე გავრცელებული პრესრელიზების საშუალებით ინფორმირებულნი იყვნენ.
„ჟურნალისტებს შორის არსებულ ბარიერზე“ მამალაძემ განაცხადა, რომ ბარიერს ქმნის ის ფაქტი, რომ პოლიტჯგუფების საქმიანობა სწორედ მსხვილი მედიაორგანიზაციების მიერ თანაბრად არ შუქდება. –„თავად ბრძანა ბატონმა ლევანმა, ფანჯრიდან ვუყურებთ, ოპოზიცია როგორ მარაზმულად იქცევაო. პრობელმაც იმაშია, რომ ფანჯრებიდან უყურებთ და არ ასახავთ რეალურად რა ხდება. „მარაზმი“, სადაც არ უნდა ხდებოდეს, თანაბრად უნდა გაშუქდეს. ამ შემთხვევაში კი, პოლიციელის მხრიდან ჟურნალისტების ცემაზეა საუბარი. პოლიციამ მე, ჟურნალისტი, არ უნდა მცემოს“.
ფილმში ამჯერად ვერ მოხვდა გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტის ამბავი, რაზეც შეხვედრაზე გაზეთის პასუხისმგებელი რედაქტორმა, ელისო ჩაფიძემ თავად ისაუბრა. მისი თქმით, „რეზონანსის“ ჟურნალისტ ზაირა მიქატაძის მაზლმა, ზვიად გიორგაძემ, რომელმაც აქციაზე საწვიმარი ლაბადა მიუტანა ჟურნალისტს, შემთხვევით მოხვდა დარბევაში. ის ამის შემდეგ 2 დღე გაუჩინარებული იყო. შსს-ს წარმომადგენელმა, შოთა უტიაშვილმა ოჯახს განუცხადა, რომ გიორგაძე დაკავებული არ ჰყავდათ. მესამე დღეს სახალხო დამცველის აპარატმა ის მცხეთის იზოლატორში აღმოაჩინა. ის ნაცემი იყო. ამასთანავე ის სამსახურიდანაც გაათავისუფლეს. ჩაფიძის განმარტებით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ის მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში ქართულ ენას ასწავლიდა. ჩაფიძე აცხადებს, რომ ისინი ამ ადამიანის უფლების დასაცავად ყველა სამართლებრივი გზით ბოლომდე იბრძოლებენ.
შეხვედრის ბოლოს, ხელი მოეწერა ერთიან მიმართვას.

„თავისუფალი სიტყვა“

No comments:

Post a Comment