Showing posts with label აჭარა. Show all posts
Showing posts with label აჭარა. Show all posts

Wednesday, June 1, 2011

აქციაზე დაკარგულებს კვლავ ეძებენ



“სახალხო კრების” აჭარის ორგანიზაციის წევრები 26 მაისის შემდეგ დავით ტარიელაძეს, არჩილ დუმბაძეს და ალეკო ცინცაძეს ეძებენ. ეს ადამიანები აქციის დარბევის შემდეგ არავის უნახავს. სახალხო დამცველისა და შსს მიერ გამოქვეყნებული სიების მიხედვით ეს ადამიანები პატიმრობაში არ იმყოფებიან. სამივე მათგანი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შედგენილ გაუჩინარებულ ადამიანთა სიაშია. დღემდე გაურკვეველია ხელვაჩაურელი თეიმურაზ წერეთელის ბედი. მის შესახებ ინფორმაცია არც დაკავებულთა და არც დაკარგულთა სიებში არ არის.

“მამულიშვილთა კავშირის” თავმჯდომარეს ნიაზ ბოლქვაძეს, აქციის დარბევის შემდეგ ერთთვიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. არსებობს უამრავი მოწმე, რომ ის სასამართლოს დარბაზშიც იმყოფებოდა, მაგრამ მის შესახებ არაფერია ნათქვამი სახალხო დამცველის გამოქვეყნებულ სიაში. მისი ადგილმდებარეობა და მდგომარეობა ამ დროისათვის უცნობია“, – ამბობს აჭარის "სახალხო კრების" თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე. მისივე ინფორმაციით, დღეს თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი, მოძრაობა “ემსახურე საქართველოს“ ლიდერი მურმან დუმბაძეც. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის ძალიან მძიმეა.

ანანიძის ინფორმაციით, დღეს შს აჭარის მთავარ სამმართველოში დაჰკითხეს აქციაზე ნაცემი ორი ხანდაზმული მოქალაქე. –„ისინი მკურნალობის შემდეგ ბათუმში დაბრუნდნენ. დაკითხვა საათნახევარი გრძელდებოდა და არ ვიცით, ისინი უბრალოდ დაჰკითხეს თუ მათ დასჯას აპირებენ. ამ ადამიანების ოჯახებმა მთხოვეს, რომ მათი ვინაობა არ გამემხილა, რადგანაც ანგარიშსწორების ეშინიათ“, – აცხადებს ანანიძე.

აქციაზე აჭარიდან ჩასული აქტივისტების შესახებ ინფორმაციის მოძიება გართულებულია, რადგანაც რაიონული კომიტეტების ხელმძღვანელებთან დაკავშირება ვერ ხერხდება. –„ქობულეთის გარდა, ყველა რაიონის კომიტეტის ხემძღვანელები დააკავეს, ტელეფონები ჩამოართვეს და ამიტომაც ინფორმაციის მოპოვება უკიდურესად გვიჭირს. განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა ხელვაჩაურის რაიონთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ რაიონის წარმომადგენელთა უმრავლესობა პატიმრობაში რჩება“, – დასძენს ანანიძე.


ზურა ბაუჟაძე

Saturday, May 21, 2011

"ქართული პარტიის" აჭარის ლიდერი ნაცემია





"ქართული პარტიის" აჭარის ერთ-ერთი ლიდერი, შალვა გოგიტიძე ნიღბიანებმა საკუთარ სახლთან სცემეს. გოგოტიძის განცხადებით, ის ბათუმში, საცხოვრებელი სახლიდან გამოდიოდა, როცა ოთხი ნიღბიანი თავს დაეცა და ცემა დაუწყო.
"მანქანაში ვჯდებოდი, როცა ნიღბიანი პირები უკნიდან მომეპარნენ, წამაქციეს და ცემა დამიწყეს.წაქცეულს წიხლებს მირტყამდნენ " - განგვიცხადა გოგიტიძემ ჩვენთან სატელეფონო საუბრისას. მისი თქმით, ნიღბიანები თურქული სანომრე ნიშნისმქონე ავტომანქანით იყვნენ. როგორც გოგიტიძე ამბობს, იგი სახლიდან პარტიის ოფისში მიდიოდა, სადც დღეს გამართულ აქციებთან დაკავშირებით თანაგუნდელებთან მოლაპარაკება უნდა გაემართა. მომხდარს გოგიტიძე თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია, თუმცა, მისივე თქმით, არ გამოჩენილა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. გოგიტიძემ საავადმყოფოში გადაყვანზე უარი განაცხადა.


იზა სალაყაია

Wednesday, May 4, 2011

„სახალხო კრების“ აქცია აჭარაში



დღეს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, „სახალხო კრების“ 50-მდე აქტივისტმა აქცია გამართა.
აქციის მონაწილეებმა, საყვირების ხმის ფონზე, რეგიონის მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს, საპროტესტო წერილი კანცელარიაში დაუტოვეს და 26 მაისიდან მოსალოდნელი მასობრივი საპროტესტო აქციების შესახებ გააფრთხილეს. აქცია ბათუმის საკრებულოს შენობის წინაც გაიმართა და საპროტესტო წერილი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძესაც გაეგზავნა.
მსგავსი აქცია სახალხო კრების წევრებმა, დღესვე, ქობულეთში და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტის გამგეობების შენობების წინაც გამართეს.

ზურა ბაუჟაძე