„სახალხო კრების“ ფოთის ორგანიზაციის წარმომადგენლები, სევერიან შენგელია და გოჩა დოლბაია აქციის დარბევის დროს დაკარგულ, 27წლის კობა ჯანჯღავას ეძებენ. შენგელიას თქმით, თბილისის პოლიციის სამმართველოში ჯანჯღავაზე ინფორმაცია არა აქვთ. საავადმყოფოებში კი, იქ მოთავსებულ დაშავებულებზე ინფორმაციას არ გასცემენ. მისი თქმით, ჯანჯღავა ბოლოს აქციაზე, დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე ნახეს.
"დარბევის დაწყებიდან სადღაც, ნახევარ საათში, მას ტელეფონით ველაპარაკე. თქვა, რომ თავს აფარებს შენობაში და იმ წუთისათვის კარგადაა. მოგვიანებით მისი ტელეფონი უკვე გამორთული იყო. ამის შემდეგ, მასთან ყველანაირი კავშირი დავკარგეთ."- იხსენებს აქციის კიდევ ერთი ფოთელი მონაწილე, ხათუნა ფაჩულია.
"სახალხო კრების" ფოთის ოფისში დამატებით ინფორმაციას დაკარგულზე არ ახმაურებენ. აქ ამბობენ, რომ ოჯახთან დაკავშირება სცადეს, თუმცა არავინ დახვდათ. "იმედი გვაქვს, რომ კარგადაა და ვინმესთან აფარებს თავს."-ამბობს ფაჩულია.
სევერიან შენგელიას ინფორმაციით, მათი ორგანიზებით ფოთიდან აქციაზე 50 ადამიანი იმყოფებოდა. 18 მათგანი დაშავდა. „ზუსტი ციფრს ვერ დაგისახელბთ, მაგრამ უმრავლესობა გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებებში. საიდანაც მეორე დღეს, ფოთის მიმართულებით პირდაპირ ტრასებზე დაყარეს და სახლებში დაბრუნება უბრძანეს“ -აცხადებს შენგელია და ამბობს,რომ დაკარგული ჯანჯღავას გარდა, თბილისიდან აქციის ყველა ფოთელი მონაწილე გამოემგზავრა.
Showing posts with label სახალხო კრება. Show all posts
Showing posts with label სახალხო კრება. Show all posts
Friday, May 27, 2011
Sunday, May 22, 2011
დაშავებული აქტივისტები ამ დრომდე ბათუმის საავადმყოფოში რჩებიან
წუხელ, გვიან ღამით, „სახალხო კრების“ ბათუმის ოფისში შეჭრილი სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ხუთი აქტივისტი ამ დრომდე ბათუმის საავადმყოფოში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. დაშავებულებს თავის ტვინის მსუბუქი შერყევა და წვივის მოტეხილობა აღენიშნებათ.პარტიის აქტივისტებმა მოტეხილობა ძირითადად, სპეცრაზმისაგან თავის დაღწევის მიზნით, ოფისის მეორე სართულიდან გადახტომის დროს მიიღეს.კლინიკის ექიმების განმარტებით, ამჟამად, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მნახველების შესვლა აკრძალულია.
ერთ-ერთი დაშავებულის, სულხან თამდღაძის განცახდებით, „სპეცრაზმელები კონკრეტულ სახეებს ეძებდნენ, არ ვიცი ვის - რა დავალება ჰქონდა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ ვიღაცას შერჩევით ეძებდნენ."
შეგახსენებთ, რომ, წუხელ, გვიან ღამით, „სახალხო კრების“ ბათუმის ოფისის დარბევის დროს, ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა ოთხი აქტივისტი აიყვანეს, დანარჩენებს კი, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ზურა ბაუჟაძე
Friday, May 20, 2011
რეპორტაჟი „სახალხო კრების“ ფოთის ოფისიდან


21 მაისის ოპოზიციის აქციამდე ერთი დღით ადრე, „თავისუფალი სიტყვა“ სპეციალური რეპორტაჟის მოსამზადებლად „სახალხო კრების“ ფოთის ორგანიზაციის ოფისში მივიდა. ოფისში დაახლოებით 2 საათი ვიყავი და „სახალხო კრების“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს სევერიან შენგელიას, მუშაობის პროცესში ვესაუბრე.
სევერიან შენგელია წლების წინ ფოთის ხელისუფლებაში, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი იყო. იგი ფიგურირებდა ფოთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის დავით შურღაიას სახელზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში, რაც სამსახურის მიერ შურღაიაზე თანხის უკანონოდ გადარიცხვას ეხებოდა. სასამართლომ შურღაიას 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, შენგელიას კი თანამდებობა დაატოვებინეს.
„როგორი ბიჭია ზაზა? რამდენიმე პიროვნება, რომ ჩავაბარო შეძლებს უხელმძღვანელოს?“ - ეკითხება თანაგუნდელებს „სახალხო კრების“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე სევერიან შენგელია.
„თავისუფალ სიტყვას“ ბოდიშს უხდის და დირექტივების გაცემას აგრძელებს. რწმუნდება, რომ 21 მაისს დაგეგმილ აქციაზე წასასვლელად ტრანსპორტში ადგილი თეორიულად ყველა მხარდამჭერს მიუჩინა და აქციის მიზნებსა და გეგმებზე საუბარსაც იწყებს.
თუმცა მანამდე ჯგუფის კოორდინატორად ვინმე ზაზას დანიშვნაზე საუბრობს, რომელსაც აღმოჩნდა, რომ უნარები არა აქვს და ათ კაცს ვერ ჩააბარებენ „კოორდინატორმა ჯგუფის წევრებს მობილიზება უნდა გაუკეთოს, რომ თავის გემოზე იქეთ-აქეთ არ იარონ. არ დავიფანტოთ, ეს და სხვა საორგანიზაციო საკითხები უნდა მოაგვაროს“
„მიზანი-ხელისუფლების შეცვლაა, ეს პრაქტიკულად მთელ საქართველომ იცის“- განმარტებას აკეთებს შენგელია. რა მოთხოვნებს დააყენებენ აქციაზე ლიდერები როგორც თავად ამბობს, არც მან იცის. ასევე არაფერი იცის კრების სამოქმედო გეგმის შესახებ. „ერთადერთი ვიცი, ხელისუფლებას წასვლა, რომ ვაიძულოთ საჭიროა ბევრი მოქალაქეე“-ამბობს და თბილისში გასამგაზავრებელ აქტივისტთა სიას უყურებს.
-„300 მოტივირებული ადამინი უკვე გვყავს“
-რა არის მათი მოტივაცია? რას ნიშნავს მოტივირებული?
- მე, მოტივირებულს ვეძახი ადამიანს,ვინც თვლის, რომ ეს ხელისუფლება არის წასავლელი და გასაშვები. ვისაც არა აქვს ქვე მოთხოვნები, რითი მივდივართ, როგორი კვება იქნება და ა.შ?
- და რატომაა ეს დასაძრახი თუ ადამინი მგზავრობის, უსაფრთხოების ან თუნდაც კვების პირობებით დაინტერესდა?
-მათი გადადგილება მოხდება მიკროავტობუსებით, მსუბუქი მანქანებით, საწვავით ჩვენ ვუზრუნველყოფთ. კვების ხარჯებიც გათვალისწინებულია
-ერთერთმა აქტივისტმა გვითხრა, რომ შესაძლოა „ჯიბის ფულიც“ მოგვცენო
- აქ ლაპარაკი არაა თანხის გადახდით ხალხის წაყვანაზე. მხედველობაშია კვებისთვის საჭირო თანხა. ჯერ გადაწყვეტილი არაა ჯგუფის კორდინატორს მისცემენ და ის უზრუნველყოფს საკვებით, ყველანი ერთად წაიხემსებენ თუ როგორ იქნება. თბილისში ვნახავთ.
როგორც „სახალხო კრების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი, სევერიან შენგელია ამბობს, აქციაზე წამსვლელთა უმრავლესობა უმუშევარია, თუმცა მისი თქმით, აქციას ფოთის ნავსადგურის მუშაკებიც შეურთდებიან.
„მთავარია ადამიანებმა დაძლიეს შიში და ახლა შეუძლიათ თავიანთი პოზიცია ხმამაღლა დააფიქსირონ“- განმარტავს შენგელია და აქტივისტებზე მიგვანიშნებს.
მეორე ოთახში ათამდე ახალგაზრდა კარტსა და შაშს თამაშობს. „თავისუფალ სიტყვასთან“ საუბარი არცერთ მათგანს არ სურდა და ფოტოაპარატის დანახვისას ოთახის დატოვება დაიწყეს. 18-25 წლის ახალგაზრდები კადრში მოხვედრას მოერიდნენ და ვინაობის გამხელისგანაც თავი შეიკავეს. თუმცა, ხელმძღვანელის მითითების შემდეგ, ანონიმურობის დაცვით საუბარი დაიწყეს.
- „აქციაზე მივდივარ იმიტომ, რომ იქნებ დედაჩემი თურქეთიდან ჩამოვიდეს“
- „რვა სულიან ოჯახში, მხოლოდ ერთი წევრი რომ მუშაობს მოგინდება ხელისუფლების შეცვლა და წახვალ აქციაზე აბა რა იქნება?“
- „21წლის ვარ, სკოლა დავამთავრე თუ არა 2008 წელს აგვისტოში, სენაკის სამხედრო ბაზაზე წამიყვანეს. ძმაკაცების სიკვდილს მაყურებინეს. მერე სწავლის გასაგრძელებლად არც საშუალება მქონდა და არც ნერვები.
აქციაზე წასვლის სხვადასხვა მიზეზები ასე განმარტეს ახალგაზრდებმა. სევერიან შენგელიამ კი თქვა, რომ „ხელისუფლება „მონსტრის“ მდგომარეობაშია და მასზე განაწყენებული თვითონ კი არა, ახლა მთელი საქართველოა.
იზა სალაყაია
Thursday, May 19, 2011
პატრულით შეშინებული აქტივისტები და გაფრთხილებული მძღოლები

”სახალხო კრების” ფოთის ორგანიზაცია თბილისში დაგეგმილ აქციას ფოთიდან 300 მხარდამჭერით შეუერთდება. დედაქალაქში მოსალოდნელ გამგზავრებასა და აქციებში მონაწილეობისთვის „ხელისშემშლელ ფაქტორებზე“ „თავისუფალ სიტყვასთან“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სევერიან შენგელიამ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, იგეგმება ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მძღოლებზე ზეწოლა და გაფრთხილება, რომ ფოთი -თბილისის მიმართულებით რეისები არ შეასრულონ. შენგელიას თქმით, ხელისუფლება დირექტივებს გასცემს რკინიგზაზეც და 21 მაისისთვის ფოთი-თბილისი სამგზავრო მატარებლის ბილეთები არ გაიყიდება. „პრეცენდენტები არართხელ ყოფილა, ხელისუფლება ყველანაირ ხერხს გამოიყენებს, რომ ფართო მასშტაბიანი აქცია არ შედგეს. ამიტომ ჩვენ სხვა რესურსი, მსუბუქი ავტომანქნებიც მობილიზებული გვაქვს ”- აღნიშნა შენგელიამ
აქციაზე მიდიან, მგარმ სამართალდამცავების შიშით საკუთარი ვინაობის გამხელისაგნ თავს იკავებენ ”ეროვნული კრების” ფოთის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრები. ”რად მინდა ახლა ჩემი სახელი და გვარის დაწერა? დაიწყება მერე პოლიციელების კითხვები, ქუჩაში რატომ დგახარ, ვის ელოდები, უსაქმური ხარ, წამოდი შეგამოწმოთ და ა.შ” --- ამბობს 18წლის მოზარდი.
კიდევ ერთი ახალგაზრდა აქციაში მონაწილეობას გეგმავს, თუმცა თბილისში საკუთარი ავტომანქანით წასვლაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელობას უარი უთხრა. ”კრების მხარდამჭერ ყველა მძღოლს პატრული პრობლემას შეუქმნის. დაიმახსოვრებენ მანქანებს და მერე არ გაახარებენ. ამიტომ მირჩევნია აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად წავიდე, იმდენ ხალხში ვინ ამომიცნობს?”
ფოთის ავტოსადგურის მთავარი დისპეტჩერის, თამაზ ქორქიას თქმით, 21 მაისისთვის თბილისის მიმართულებით სამარშუტო ტაქსების არ გაშვების შესახებ დირექტივები პირადად არ მიუღია. „ სხვადასხვა უწყებების მხრიდან თანამშრომლებზე გაფრთხილებები იყო“- ამბობს, თუმცა არფერს აკონკრეტებს. მისი თქმით, მიკროავტობუსები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ და მსურველები თბილისში გამგზავრებას შეძლებენ. ფოთის ავტოსადგურიდან თბილისის მიმართულებით დღის განმავლობაში სამი რეისი სრულდება, ბილეთები წინასწარ არ იყიდება.
მძღოლები, რომლებიც ფოთი-თბილისის რეისზე მუშაობენ ამბობენ, რომ ხელმძღვანელობის მითითებებს დაემორჩილებიან.
თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც სურვილის შემთხვევაში, ოპოზიციას მხარდამჭერების ტრანსპორტირებას 500 ლარად სთავაზობენ. ”ჩვენ არაფერის არ გვეშინია, ჩვენი შრომით ვარჩენთ ოჯახებს. პირადად მე წავიყვან ვისაც უნდა და როდისაც უნდა”- გვითხრა ერთერთმა მძღოლმა და ვინაობა არ აგგვიმხილა.
„თვისუფალმა სიტყვამ“ „სახალხო კრების“ ინფორმაცია ფოთის რკინიგზის სადგურშიც გადაამოწმა. ფოთიდან თბილისის მიმართულებით მატარებელი, ორჯერ, დილას და საღამოს გადის. ამ დროისთვის სადგურში ბილეთები თავისუფლად იყიდება. 21 მაისითვის, 5 ბილეთი უკვე დაჯავშნულია.
ვის და რა შემთხვევაში შუძლია მიიღოს რეისის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება?
არის თუ არა კანონმდებლობით ან შინაგანაწესით განსაზღვრული რა შემთხვევაში არ შეიძლება შედგეს მატარებლის გაშვება? ფოთის რკინიგზის სადგურში კომენტარს არ აკეთებენ, მხოლოდ იმას, განმარტავენ, რომ რეისის შეჩერება მხოლოდ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემის მიზეზით შეიძლება
იზა სალაყაია
Thursday, May 5, 2011
"სახალხო კრების" აქცია ფოთში


ფოთში, „სახალხო კრების“ ადგილობრივმა ორგანიზაციამ სამეგრელოს მოედანზე, „გამაფრთხილებელი აქცია“ გამართა. აქციას მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებული მოვაჭრეები და ტაქსის მძღოლებიც შუერთდნენ. ტრიბუნის ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდები, კრების სიმბოლიკიანი დროშების ფრიალითა და შეძახილებით - „სამართალი მოდის“, მოსახლეობას „ხელისუფლების დამთავრებისკენ“ მოუწოდებდნენ.
შეკრებილებს ტრიბუნიდან საყვირის საშუალებით, "დემოკრატიული მოძრაობა-ერთაინი საქართველოს“ სამეგრელოს კოორდინატორმა, გოჩა დოლბაიამ მიმართა. მან ხელისუფლება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კორუმპირებულობაში დაადანაშაულა, თუმცა, კონკრეტული ფაქტები არ დაუსახელებია. „ ხელისუფლებას ყველა ამ ნაბიჯისათვის პასუხი უნდა ვაგებინოთ“,- მოუწოდა შეკრებილებს დოლბაიამ, რომელიც ადრე „კონსერვატიული პარტიის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯოდმარე, წინა მოწვევის საკრებულოს წევრი, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, ხოლო ამჟამად,ის „მრეწველთა პარტიის“ სიით შესული საკრებულოს წევრია.
აქცია ერთ საათში დასრულდა, რის შემდეგაც „სახალხო კრებამ“ ადგილობრივ ხელისუფლებას „მმართველ გუნდთან გამიჯვნის“ შესახებ გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა.
საკრებულოსა და მერიაში წერილზე კომენტარი არავის გაუკეთებია. წერილის გაცნობისას, მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, სულხან თოლორდავამ, მხოლოდ გულიანად გაიცინა.
იზა სალაყაია
Wednesday, May 4, 2011
„სახალხო კრების“ აქცია აჭარაში

დღეს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, „სახალხო კრების“ 50-მდე აქტივისტმა აქცია გამართა.
აქციის მონაწილეებმა, საყვირების ხმის ფონზე, რეგიონის მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს, საპროტესტო წერილი კანცელარიაში დაუტოვეს და 26 მაისიდან მოსალოდნელი მასობრივი საპროტესტო აქციების შესახებ გააფრთხილეს. აქცია ბათუმის საკრებულოს შენობის წინაც გაიმართა და საპროტესტო წერილი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძესაც გაეგზავნა.
მსგავსი აქცია სახალხო კრების წევრებმა, დღესვე, ქობულეთში და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტის გამგეობების შენობების წინაც გამართეს.
ზურა ბაუჟაძე
Subscribe to:
Posts (Atom)