Showing posts with label პატრული. Show all posts
Showing posts with label პატრული. Show all posts

Wednesday, May 25, 2011

მოქალაქე პატრულს მანქანის უკანონოდ ჩამოართმევაში ადანაშაულებს



ფოთელი ნუგზარ ტყებუჩავა სამართალდამცავებისაგან ჩამორთმეული ავტომანქანის დაბრუნებას ითხოვს.ტყებუჩავა ადვოკატი და ამავდროულად „სახალხო კრების“ ფოთის ორგანიზაციის წევრია. მას საპატრულო პოლიციამ კუთვნილი ავტომანქანა 21 მაისს, დილით ჩამოართვა.

„ქალაქის შემოსასვლელში გამაჩერა საპატრულო პოლიციამ, საბუთები მომთხოვა. მითხრეს, მანქანის დაკავებაზე სააღსრულებო ბიუროდან გვაქვს მითითებაო“- აცხადებს ტყებუჩავა. მისი თქმით, მას ბანკის ან სხვა ორგანიზაციის დავალიანება არ ჰქონია. მისივე თქმით, დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც კი, აღმასრულებლის მიერ გაფრთხილებული უნდა ყოფილიყო და გადაუხდელობის შემთხვევაში, სასამართლოს გზით უნდა მომხდარიყო ქონების დაყადაღება, ხოლო შემდგომ ჩამორთმევა-გაყიდვა. ამის შესახებ მან პატრულსაც განუმარტა, თუმცა პოლიციამ კომპიუტერში უჩვენა, რომ მანქანა ძებნაში იყო.

-„აღმასრულებელი ვერ გამოაცხადებდა ძებნას, გაუგებარია რატომ იყო ჩემი მანქანა ძებნაში და რა მიზნები ამოძრავებდათ?“- აცხადებს ტყებუჩავა. მისი თქმით, მანქანის საჯარიმოზე გადასაყვანად პატრულმა ევაკუატორი გამოიძახა. ტყებუჩავს განცახდებით, პატრულს მანქანის ჩამორთმევის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი მისთვის არ წარუდგენია. ოქმი მხოლოდ მანქანის მდგომარეობის აღწერის შესახებ დაიწერა, რაზეც ტყებუჩავამ ხელი მოაწერა. მას შემდეგ ავტომანქანა საჯარიმოზე დგას.

ადვოკატი საკუთარი ქონების დაბრუნების მიზნით საპატრულო პოლიციის უფროსს, ზურაბ კუკავას შეხვდა. ტყებუჩავს თქმით, კუკავამ განუმარტა, რომ მანქანის დაბრუნება მასზე არაა დამოკიდებული. -„დავალიანების არარსებობის შემთხვევაში, საჯარიმოზე დგომის კანონით გათვალისწინებულ თანხას არ დაგაკისრებთო. მომცა ტელეფონის ნომერი, თუმცა სახელი და გვარი არ მიუთითებია. მხოლოდ ის მითხრა აღმასრულებელია და მასთან გაარკვიეო. თუმცა, ნომერი ქსელიდან გათიშულია,“-აცხადებს ტყებუჩავა.

ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსს, ზურაბ კუკავას ტელეფონით დავუკავშირდით. კითხვაზე, რა შემთხვევაში ჯარიმდება მძღოლი და მისი მანქანა საჯარიმოზე გადადის , გვიპასუხა: „ კოდექსში ჩაიხედეთო,“ - და ტელეფონი გათიშა, რის შემდეგაც ამაოდ ვცდილობდით დაკავშირებას.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელის, თეიმურაზ ხარძიანის განცხადებით, ნუგზარ ტყებუჩავას საქმე წარმოებაში არაა და მასზე აღსრულების ღონისძიებები ვერ გატარდებოდა.

ნუგზარ ტყებუჩავა მიიჩნევს, რომ მანქანის ჩამორთმევით, მისი კონსტიტუციური უფლება დაირღვა:-„მომისპეს გადააგილების უფლება, ჩამომართვეს ქონება, რომლის ჩამორთმევის უფლება სასამართლოს გარდა არავის აქვს“. მისი თქმით, საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს და თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვით კვალიფიცირდება.


ცნობისათვის: პატრულმა, იმავე დღეს, საჯარიმო სადგომზე “სახალხო კრების“ ფოთის ორგანიზაციის ლიდერების: სევერიან შენგელიასა და გოჩა დოლბაიას მანქანებიც იგივე მიზეზით გადაიყვანა. თუმცა, დავალიანებებს ეს უკანასკნელნიც უარყოფენ.
იზა სალაყაია

Saturday, May 21, 2011

თბილისში აქციაზე მიმავალი საქართველოს ნიჩბოსანთა ნაკრების უფროს მწვრთნელს პატრულმა მანქანა ჩამოართვა


ფოთიდან თბილისში აქციაზე მიმავალი საქართველოს ნიჩბოსანთა ნაკრების ფოთელ მწვრთნელს სამტრედიაში მანქანა ჩამოართვეს. მალხაზ მიქაძესთან ერთად, მისი ავტომობილით წინააღმდეგობის ფოთის კომიტეტის წევრები, ვასილ თოდუა და ალექსანდრე წულაია მგზავრობდნენ. საპატრულო პოლიციამ ყველანი სამტრედიაში დატოვა. მიქაძეს კი მართვის უფლება ერთი წლით ჩამოართვეს. ფოთში დაბრუნებულმა მიქაძემ „თავისუფალი სიტყვასთან“ მომხდარზე ისაუბრა.
„პატრულის მანქანა დილით, ფოთშივე აგვედევნა. შევცვალე მიმართულება, ლანჩხუთის გზით წავედი თბილისისკენ. სამტრედიის გადასახვევთან, მატარებლების ლიანდაგთან იდგა პატრულის მანქანა. წესების სრული დაცვით მოვუხვიე. მხოლოდ 50 კმ/სთ სიჩქარით ვმოძრაობდი. მანქანა ამედევნა და 7-8 კმ-ის მანძილზე მომდევდა. იმდენად ნელა მივდიოდი, რომ სხვა მანქანები მისწრებდნენ. გაფრთხილება არ მოუციათ, მხოლოდ დამისიგნალეს. მაინც გავაჩერე. პოლიციელი მოვიდა და მკითხა, ნელა რომ მივდიოდი პრობლემა ხომ არ მქონდა. გამომართვა საბუთები, შემამოწმეს ალკოჰოლზე. პატრულის რამდენიმე მანქანაც შემოუერთდა. გამომიცხადეს, პატრულს არ დაემორჩილეო და ოქმი შეადგინეს. ევაკუატორი ქუთაისიდან უკვე მოყვანილი ყავდათ. ხელი არაფერზე მომიწერია, გარდა აქტისა, რომ მანქანა ევაკუატორს ჩავაბარე. მოვითხოვე მათგან დოკუმენტი, თქვენი ქმედება უნდა გავასაჩივრო-მეთქი, მაგრამ აქ მომცეს.“-აცხადებს მიქაძე.
მალხაზ მიქაძე ამბობს, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის. დღევანდელ აქციაში მონაწილეობა კი არსებული რეჟიმისადმი საკუთარი პროტესტის გამოსახატად სურდა.


ნინო თუთია

ბათუმში მიმავალ "სახალხო კრების" წარმომადგენლებს ავტომობილი და აპარატურა ჩამოართვეს


თბილისიდან ბათუმისკენ მიმავალი „სახალხო კრების“ წარმომადგენლები, რომლებსაც დღეს ბათუმში დაგეგმილ აქციაზე ხმის გამაძლირებელი მოწყობილობა მიჰქონდათ, პატრულმა გააჩერა და ტექნიკა ჩამოართვა.
აღნიშნულზე „თავისუფალ სიტყვას“ „სახალხო კრების“ წარმომადგენლს, მსახიობს გურამ ფირცხალავას ესაუბრა. მან განაცხადა, რომ გუშინ, საღამოს 10სთ-ისთვის, ბაღდათის გადასახვევთან „სახალხო კრების“ წარმომადგენელი, რომელსაც „ფორდის“ მარკის, ღია ძარიანი სატვირთო ავტომობილით აქციაზე ტექნიკა მიჰქონდა, პატრულმა გზის არასწორად გადაკვეთის მიზეზით გააჩერა. გურამ ფირცახლავას თქმით, პატრულმა მანქანის საჯარიმოზე გადაყვანა მოითხოვა.
„ კანონით, გზის არასწორად გადაკვეთისათვის ჯარიმა 50ლარია, თუმცა პატრულმა მანქანის საჯარიმოზე გადაყვანა გადაწყვიტა. წინააღმდეგობის მიუხედვად, ტექნიკისა და ნივთების წამოღების უფლება არ მოგვცეს.“- აცახდებს ფირცხალავა. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ „სახალხო კრების“ მხარდამჭერები იმერეთის სხვადასხვა რაიონებიდან. იყვნენ სამართალდამცავები, პატრულის, კრიმინალური პოლიციისა და კუდ-ის თანამშრომლები. „სიტუაციის გამწვავებას, ტექნიკით დატვირთული მანქანის დატოვება ვარჩიეთ და ბათუმში ჩამოვედით, სადაც სამ საათზე ერას მოედანზე დაგეგმილ აქციას შევუერთდებით“- ამბობს ფირცხალავა. მისი თქმით, არც კი იცის, ამ დროისთვის მანქანა რომელი რაიონის პოლიციის საჯარიმოზეა გადაყვანილი.
იზა სალაყაია

Thursday, May 19, 2011

პატრულით შეშინებული აქტივისტები და გაფრთხილებული მძღოლები




”სახალხო კრების” ფოთის ორგანიზაცია თბილისში დაგეგმილ აქციას ფოთიდან 300 მხარდამჭერით შეუერთდება. დედაქალაქში მოსალოდნელ გამგზავრებასა და აქციებში მონაწილეობისთვის „ხელისშემშლელ ფაქტორებზე“ „თავისუფალ სიტყვასთან“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სევერიან შენგელიამ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, იგეგმება ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მძღოლებზე ზეწოლა და გაფრთხილება, რომ ფოთი -თბილისის მიმართულებით რეისები არ შეასრულონ. შენგელიას თქმით, ხელისუფლება დირექტივებს გასცემს რკინიგზაზეც და 21 მაისისთვის ფოთი-თბილისი სამგზავრო მატარებლის ბილეთები არ გაიყიდება. „პრეცენდენტები არართხელ ყოფილა, ხელისუფლება ყველანაირ ხერხს გამოიყენებს, რომ ფართო მასშტაბიანი აქცია არ შედგეს. ამიტომ ჩვენ სხვა რესურსი, მსუბუქი ავტომანქნებიც მობილიზებული გვაქვს ”- აღნიშნა შენგელიამ

აქციაზე მიდიან, მგარმ სამართალდამცავების შიშით საკუთარი ვინაობის გამხელისაგნ თავს იკავებენ ”ეროვნული კრების” ფოთის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრები. ”რად მინდა ახლა ჩემი სახელი და გვარის დაწერა? დაიწყება მერე პოლიციელების კითხვები, ქუჩაში რატომ დგახარ, ვის ელოდები, უსაქმური ხარ, წამოდი შეგამოწმოთ და ა.შ” --- ამბობს 18წლის მოზარდი.

კიდევ ერთი ახალგაზრდა აქციაში მონაწილეობას გეგმავს, თუმცა თბილისში საკუთარი ავტომანქანით წასვლაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელობას უარი უთხრა. ”კრების მხარდამჭერ ყველა მძღოლს პატრული პრობლემას შეუქმნის. დაიმახსოვრებენ მანქანებს და მერე არ გაახარებენ. ამიტომ მირჩევნია აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად წავიდე, იმდენ ხალხში ვინ ამომიცნობს?”

ფოთის ავტოსადგურის მთავარი დისპეტჩერის, თამაზ ქორქიას თქმით, 21 მაისისთვის თბილისის მიმართულებით სამარშუტო ტაქსების არ გაშვების შესახებ დირექტივები პირადად არ მიუღია. „ სხვადასხვა უწყებების მხრიდან თანამშრომლებზე გაფრთხილებები იყო“- ამბობს, თუმცა არფერს აკონკრეტებს. მისი თქმით, მიკროავტობუსები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ და მსურველები თბილისში გამგზავრებას შეძლებენ. ფოთის ავტოსადგურიდან თბილისის მიმართულებით დღის განმავლობაში სამი რეისი სრულდება, ბილეთები წინასწარ არ იყიდება.

მძღოლები, რომლებიც ფოთი-თბილისის რეისზე მუშაობენ ამბობენ, რომ ხელმძღვანელობის მითითებებს დაემორჩილებიან.
თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც სურვილის შემთხვევაში, ოპოზიციას მხარდამჭერების ტრანსპორტირებას 500 ლარად სთავაზობენ. ”ჩვენ არაფერის არ გვეშინია, ჩვენი შრომით ვარჩენთ ოჯახებს. პირადად მე წავიყვან ვისაც უნდა და როდისაც უნდა”- გვითხრა ერთერთმა მძღოლმა და ვინაობა არ აგგვიმხილა.

„თვისუფალმა სიტყვამ“ „სახალხო კრების“ ინფორმაცია ფოთის რკინიგზის სადგურშიც გადაამოწმა. ფოთიდან თბილისის მიმართულებით მატარებელი, ორჯერ, დილას და საღამოს გადის. ამ დროისთვის სადგურში ბილეთები თავისუფლად იყიდება. 21 მაისითვის, 5 ბილეთი უკვე დაჯავშნულია.
ვის და რა შემთხვევაში შუძლია მიიღოს რეისის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება?
არის თუ არა კანონმდებლობით ან შინაგანაწესით განსაზღვრული რა შემთხვევაში არ შეიძლება შედგეს მატარებლის გაშვება? ფოთის რკინიგზის სადგურში კომენტარს არ აკეთებენ, მხოლოდ იმას, განმარტავენ, რომ რეისის შეჩერება მხოლოდ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემის მიზეზით შეიძლება


იზა სალაყაია