Showing posts with label ბათუმი. Show all posts
Showing posts with label ბათუმი. Show all posts

Thursday, May 26, 2011

პრეზიდენტმა ბათუმში "ოქროს თევზში" ივახშმა





დღეს,ბათუმში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ჩასულმა პრეზიდენტმა, საღამოს 19 საათისთვის რესტორან „ოქროს თევზში“ივახშმა. რესტორნის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის მანქანებით იყო გადაკეტილი და შენობის შესასვლელთან მის პირადი დაცვის თანამშრომლები იდგნენ.ამ დროს რესტორნის ფოტოს გადაღების საშუალება არ მოგვეცა, ხოლო მოგვიანებით, პრეზიდენტის წასვლის შემდეგ, რესტორნის დაცვამ ფოტოს გადაღების უფლება მაინც არ მოგვცა. მან კატეგორიულად მოითხოვა ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რისთვის გვჭირდებოდა რესტორნის ფოტო, რაშიც რესტორნის მენეჯერიც ჩაერია. რესტორნისთვის ერთი ფოტოს გადაღება მათი ნებართვის გარეშე მაინც მოვახერხეთ.

რესტორნის შემდეგ, საღამოს 20 საათზე, პრეზიდენტი იუსტიციის ახალი შენობის გახსნაზე უცხოელ სტუმრებთან ერთად მივიდა. 25-წუთიანი გამოსვლისას მან განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. დედაქალაქში დარბეულ აქციაზე განცხადება არ გაუკეთებია. იუსტიციის ახალი შენობა გახსნა. მან შენობის დათვალიერებისას აღფრთოვანებაც გამოხატა. გახსნის ცერემონიალზე ახლადშექმნილი იუსტიციის ჰიმნი გაჟღერდა. ერთი წლის წინ, იტალიელი არქიტექტორის, მიკელე დე ლუკის პროექტით დაწყებული მშენებლობა, ჯერ ბოლომდე მიყვანილი არ არის. დასრულებულია მხოლოდ შენობის გარე ფასადი, თუმცა ამის შესახებ საზეიმო გახსნისთვის ხელი არ შეუშლია.

იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ, 26 მაისის აღსანიშნავად დაგეგმილი გრანდიოზული კონცერტი კი გადაიდო.

ზურა ბაუჟაძე

Saturday, May 21, 2011

ბათუმი ამ წუთებში







ბათუმში ერას მოედანზე ამ წუთებში 2000-მდე ადამიანია შეკრებილი.
მხარდამჭერებს სიტყვით უკვე მიმართეს საზოგადოებრივი მოძრაობა "ემსახურე საქართველოს" ლიდერი მურმან დუმბაძე, მოძრაობა "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი და სხვა პოლიტიკოსები.
აჭარის რაიონის მოსახლეობასთან ერთად აქ იმყოფებიან იმერეთიდან და გურიიდან ჩამოსული მხარდამჭერებიც.

ბათუმში შემავალ ტრანსპორტს პოლიცია ამოწმებს

ოზურგეთის რაიონის სოფელ თხინვალიდან მომავალი მიკროავტობუსი სახელმწიფო ნომრით LLS 298 საპატრულო პოლიციის ავტომობილმა (OVO 537) სიჩქარის გადაჭარბებისათვის გააჩერა. ჯარიმის გამოწერისას მძღოლმა, დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება მოითხოვა. ამის შემდეგ, პოლიციელებმა მას ავტომობილი ჩამოართვეს და საჯარიმოზე გადაიყვანეს. ინფორმაცია მომხდარზე შემთხვევის ადგილზე მყოფმა გაზეთ „ქობულეთის“ ჟურნალისტებმა დაადასტურეს.

ურეკიდან და ოზურგეთიდან ბათუმში შემავალ ტრანსპორტს საპატრულო პოლიცია ამ დრომდე აკონტროლებს. თვითმხილველების თქმით, სამგზავრო მიკროავტობუსებს აჩერებენ და უმეტეს შემთხვევაში, სიჩქარის გადაჭარბების მიზეზით აჯარიმებენ. ამ პროცესში პატრულთან ერთად, სამოქალაქო ტანსაცმლიანი პირებიც მონაწილეობენ.


ზურა ბაუჟაძე
ბათუმი

Wednesday, May 4, 2011

ყინულის ახალი სასახლე

ბათუმში ყინულის ახალი სასახლის მშენებლობა დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, იგი გრანდიოზული იქნება და იქ ოლიმპიური და სხვა სანახაობითი ღონისძიებების გამართვა იქნება შესაძლებელი.

ბათუმის მერის მოადგილის ჯემალ ანანიძის ინფორმაციით, ყინულის ახალი სასახლე ბათუმის ახალ ბულვარში განთავსდება და დიდი, თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის შემადგენელი ნაწილი იქნება.
ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, არჩილ ვანაძის ინფორმაციით, ახალი სპორტული კომპლექსისათვის ბიუჯეტში 2,5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ზურა ბაუჟაძე