Showing posts with label 26 მაისი. Show all posts
Showing posts with label 26 მაისი. Show all posts

Monday, May 30, 2011

თვითმხილველის ნაამბობი












იან კარვერი

იან კარვერი თბილისში პროდემოკრატიული პროტესტის სასტიკი დარბევის მოწმე გახდა

თბილისი, 2011 წლის 26 მაისი – ხუთშაბათს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ძალის მასობრივი დემონსტრაციით ზეიმობდა, ისეთივე ტანკებით, რაკეტებით და თვითმფრინავებით, რომლებსაც ის 2008 წელს რუსეთთან მის წარუმატებელ ომში იყენებდა. აღლუმი სულ რაღაც რამდენიმე საათში ჩატარდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ არაადამიანურად დაარბია მანიფესტანტები, რომლებიც დაგეგმილი სამხედრო აღლუმის ჩაშლის მიზნით საქართველოს დედაქალაქის მთავარ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ.

26 მაისს შუაღამით, ასობით მომიტინგესთან ერთად კოკისპირულ წვიმაში ვიდექი, როდესაც მეგობარმა ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა: „მათ ალყაში მოგაქციეს. გაიქეცი!“ ანტისამთავრობო აქცია, რომელსაც პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობდა, ოფიციალურად არასანქცირებული და უკანონო გახდა, მაგრამ მანიფესტანტებმა დაშლაზე უარი თქვეს და ფეხს არ იცვლიდნენ თბილისის საკულტო პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან. ისინი გულუბრყვილოდ ემზადებოდნენ გადამწყვეტი ბრძოლისათვის ასობით კარგად გაწრთვნილ და ეკიპირებულ სპეცრაზმთან და პოლიციასთან.

დროის ამოწურვასთან ერთად, კბილებამდე შეიარაღებულმა პოლიციამ ტერიტორია ყველა მხრიდან ალყაში მოქცია და მანიფესტანტებს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები დაუშინა, მათ შორის მათაც ვინც უსაფრთხო ადგილის ძიებაში თავს მეზობელად მდებარე მართლმადიდებლური ქაშუეთის ეკლესიის შესასვლელს აფარებდა. წყალმა აქციის პერიმეტრზე განთავსებული ხელნაკეთი ბარიკადები წალეკა და მომიტინგეები (ბევრი ხანშიშესული ადამიანი და სასოწარკვეთილი ახლაგაზრდა) ურიცხვმა პოლიციელმა ძალადობრივი გზით დაარბია.

დაჯავშნულმა და სახანაძრო მანქანებმა წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეების ნაწილს პარლამენტის შენობის სიღრმისკენ, ნაწილს კი თავისუფლების მოედნისკენ უბიძგა, სადაც კიდევ უფრო მეტი პოლიციელი მათ თითქოს როგორც ფარას გასაჟლეტად ელოდებოდა. ისინი ვინც სწრაფად გაქცევა ვერ მოახერხა პლასტიკური ხელბორკილები დაადეს, ცემეს და მიწაზე დაყარეს. მათ გარშემო პატარა ჯგუფები მორიგეობდნენ, რომლებიც ამ ადამიანების საპატიმროებში გადაყვანისთვის ტრანსპორტს ელოდებოდნენ.

ამ დროს ასეთი ფაქტის მოწმე გავხდი: შეშფოთებული მოხუცი მამაკაცი, ორ სპეცრაზმელს ეკლესიის ტერიტორიიდან მოჰყავდა; მან გონება დაკარგა და მიწაზე დაეცა. თავდაპირველად პოლიცია მე და სხვა ჟურნალისტებს ადგილს არ გვაკარებდა, გვერდით იდგა და არაფერს აკეთებდა მოხუცის დასახმარებლად, რომელიც მიწაზე ეგდო და როგორც ჩანს გულის შეტევის გამო კონვულსიებში ბორგავდა. ამ დროს მეგობარი ამერიკელი ჟურნალისტი (ჯეფრი სილვერმანი) და მე მოხუცის გადარჩენას შევაცადეთ და დაჟინებით მოვითხოვეთ სასწრაფო დახმარების გამოძახება.

დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, თავისუფლების მოედნიდან სასწრაფო დახმარების ესკორტი გამოჩნდა. ეს მკვრივი აღნაგობის მამაკაცი მანქანამდე ექიმმა, სილვერმანმა და მე გადავიყვანეთ, მაშინ როდესაც პოლიცია სასტიკად ესხმოდა თავს მამაკაცების ჯგუფს, რომლებიც სასოწარკვეთილები ცდილობდნენ პარლამენტის შენობის დატოვებას და თითქოს ვერც კი აცნობიერებდნენ, რომ მათ სამათალდამცველთა ჯგუფი უსაფრთებოდა. პოლიციას აშკარად ნებისმიერი წინააღდეგობის მოსპობა უფრო აღელვებდა, ვიდრე იმ დაკავებული მომიტინგეების ან მოწმეების მოწოდებები დამხარებაზე, რომლებსაც გატეხილი თავებიდან სისხლი სდიოდათ.

ახლა უკვე დათრგუნულ და დემორალიზებულ, ყველა მხრიდან პოლიციელებით გარშემორტყმულ ტყვეებს მარშით მიაცილებდნენ, როგორც აღლუმზე ადგილობრივი და უცხოური მედიის კამერების დასანახად. პოლიციელთა გრძელმა კოლონებმა იმ მიმართულების გადაკეტვა დაიწყეს, საიდანაც თავად მოვიდნენ ისე, თითქოს ეს მეორე დღის მოვლენებისთვის მოსამზადებელი მარში გახლდათ.

სილვერმანმა და მე ნელ-ნელა თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილება გადავწყვიტეთ, ჩავუარეთ პარლამენტის წინ აღლუმისთვის განთავსებულ დალეწილ ხის სცენას და საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ მიმდინარეობდა კინოს მოყვარულთა ევაკუაცია კინოთეტრ რუსთაველის შენობიდან, რომლის ვიტრინებიც მთლიანად ჩამსხვრეული იყო.

საპროტესტო აქცია უკვე სრულად დარბეული იყო და პოლიციელთა მრავალრიცხოვანი კორდონი ტერიტორიას ჯერ არ ტოვებდა, რომ სილვერმანმა მიწაზე დაცემული უყურადღებოდ მიტოვებული ადამიანი დაინახა, რომელიც ერთი შეხედვით ან კვდებოდა ან უკვე გარდაცვლილი იყო. ეს მომიტინგე კინოთეტრთან ახლოს, რუსთაველის გამზირზე ტროტუართან იწვა.

ამ ადამიანის შესამოწმებლად ექიმები მხოლოდ სილვერმანის აღშფოთებისა და დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მოვიდნენ. მიუხედავად ამისა, უკვე გვიანი იყო და ადამიანი გარდაცვლილი გალხდათ. მას არ ჩაუტარდა არანაირი სამედიცინო დახმარება, ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი, არამედ ექიმებიც და პოლიციელებიც ჩვენ გვემუქრებოდნენ და იმაზე იყვნენ კონცენტრირებულები, რომ როგორმე ჩვენ და სხვა ჟურნალისტებს ამ გარდაცვლილი ადამიანის ფოტო არ გადაგვეღო.

შემდეგ ექიმებმა სასწრაფო დახმარების მანქანას გადაადგილება სთხოვეს ისე, რომ მედიას ვერ დაენახა ის, თუ როგორ გადაჰყავდათ გარდაცვლილი ადამიანი საკაცეზე, რადგან ის უკვე ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც ჩანს განზრახვა იმაში მდგომარეობდა, რომ სილვერმანის სიტყვები ვერავის გაეგო; ის გარდაცვლილისკენ მიუთითებდა და ქართულ და რუსულ ენებზე გაჰყვიროდა „ის – ადამიანია და არა ნაგავი. რამე გააკეთეთ!“

პოლიცია სულ უფრო გაღიზიანებული ჩანდა, ამიტომ საკუთარი უსაფრთხოების მიზნით ჩვენ მალევე დავტოვეთ ტერიტორია, თუმცა მანამდე კიდევ რამდენიმე ფოტო გადავიღეთ.

მეორე დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ შეტაკების დროს ორი ადამიანი დაიღუპა (ერთი მომიტინგე და ერთი პოლიციელი) და ბევრი ჰოსპიტალიზირებულია. შსს-ს თანახმად ორივე ადამიანის დაღუპვაში ბურჯანაძის მხარდამჭერთა ესკორტია დამნაშავე, რომელიც პოლიციის თავდასხმით გამოწვეული ქაოსისთვის თავის დაღწევას უხეშად ცდილობდა. ჩვენ ვეჭვობთ, რომ მსხვერპლი მეტია, და ის გარდაცვლილი ადამიანი რომელიც ჩვენ ვნახეთ, დაღუპულთა ოფიციალურ სიაში არ იქნება. ყველა შემთხვევაში, ის თუ როგორ ეპყრობოდნენ მას, პოლიტიკური ჩიხის ორივე სუბიექტის მხრიდან უდიდესი უპატივცემულობისა და უგუნურების დემონსტრირებაა.

გათენდა, კოკისპირულმა წვიმამ გადაიღო და უკანონო საპროტესტო აქციისა და მისი სასტიკი დარბევის ყველა კვალი გაქრა. სამხედრო აღლუმი გეგმის თანახმად ჩატარდა და ქართველი მაყურებლები აკვირდებოდნენ იმას, თუ როგორ ჩაიარა მისმა ერთ დროს დამარცხებულმა არმიამ იმ ქუჩაზე, რომელზეც იმავე ღამით გამარჯვებული პოლიცია გარემოებათა ტყვეობაში მყოფ პროდემოკრატიულ მანიფესტანტებს სასტიკად გაუსწორდა.

წყარო:http://foreignpress.ge/?p=17511

Thursday, May 26, 2011

დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში






დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 26 მაისის ღონისძიებები გამართა. დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილი ზეიმი დილის 10 საათზე გამსახურდიას გამზირზე სახალხო მსვლელობით დაიწყო. მოგვიანებით სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა გამოფენა მოეწყო. ქალაქის ცენტრში გაიმართა ასევე საჭადრაკო ბლიცტურნირი. ჭადრაკის სკოლის ხუთ მოსწავლეს, უფროსი ასაკის მოხალისეები ეჯიბრებოდნენ.

ვახტანგ ფიფია, ტურნირის მონაწილე:-„ეს ამხანაგური თამაში და ღონისძიებაა, მაგრამ კარგი იქნებოდა რაიმე სიმბოლური პრიზიც ყოფილიყო დაწესებული, უფრო მეტი ხალისი გვექნებოდა. ასეთი რა გაუჭირდა გამგეობას, რომ ჩვენთვის უბრალო ქაღალდიც არ გაიმეტა?!
გამგეობის მთავარი სპეციალისტის, რევაზ ჩიხლაძეს თქმით, დღევანდელი დღის გამარჯვებულისთვის სიმბოლური საჩუქარი – გამარჯვებაა.

ამ წუთებში კი თავისუფლების მოედანზე ბავშვთა, ვოკალური ანსაბლის „ზუგდიდის“ კონცერტი იმართება, რომელსაც 250-მდე ადამიანი ესწრება, რაც გასულ წლებში, მსგავს კონცერტზე დამსწრეთა რაოდენობაზე ბევრად ნაკლებია.
ღონისძიების გეგმის მიხედვით, დარჩენილია საზეიმო დასკვნითი კონცერტი, რომელიც 10 საათზე დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი და თბილისიდან მოწვეული მომღერლები მიიღებენ.

ლორა ქობალია

ზუგდიდში გამსახურდიას მემორიალს მხოლოდ მამა-შვილმა სოსელიებმა მიაგეს პატივი




ზუგდიდის ორ მთავარ ხეივანს შორის აღმართული, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალი, დღეს. მხოლოდ ჩხოროწყუდან ჩამოსულმა მამა–შვილმა სოსელიებმა შეამკეს ვარდების თაიგულით.ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაგეგმილ 26 მაისის ღონისძიებათა ნუსხაში, მსგავსი რამ განსაზღვრული არ ყოფილა.

თამაზ სოსელია 62 წლისაა. ის ადრე „ეროვნული მოძრაობის“ რიგითი წევრი იყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მას კომენტარი ვთხოვეთ. როგორც აღმოჩნდა, სოსელიამ 2009 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის შემდეგ ხმა დაკარგა, რის გამოც ვერ დაგველაპარაკა, თუმცა „თავისუფალი სიტყვის“ ჟურნალისტის ბლოკნოტში კომენტარი თავის ხელით ჩაგვიწერა: -„7 ნოემბერს აქციაზე ვიყავი. როცა გაზი გაუშვეს გონება 20 წუთით დავკარგე გონზე, რომ მოვედი ხმა აღარ მქონდა. ამ ბარბაროსებისგან მაშინ მოწამვლა მივიღე, რის შედეგაც ყელის სიმსივნე განმივითარდა. ხორხი ამომაცალეს, მაგრამ მე მაინც ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ და დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ავღნიშნავ, თუმცა ეს დღე 9 აპრილს უნდა ყოფილიყო. მოვედი აქ და პატივი მივაგე საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას.“

მისი შვილის, ასიდა სოსელიას თქმით, ის რიგითი მოქალაქეა, თუმცა საჭიროდ მიიჩნია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პატივი მიეგო საქართველოს პირველი პრეზიდენტისათვის, რომელსაც უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ამ დამოუკიდებლობის მოპოვებაში. – „რა მამულიშვილი ვიქნებოდი თუ პირველ პრეზიდენტს პატივს არ მივაგებდი. გული მწყდება, რომ ამ დღეს პრეზიდენტის მემორიალთან თაიგული არ იდო“.

ლორა ქობალია

Wednesday, May 25, 2011

აქცია დაარბიეს


ghn.ge-ს ფოტო

26 მაისს, ღამის 00:15 წთ, წყლის ჭავლის,რეზინის ტყვიების, მხუთავი გაზის გამოყენებით სპეცრაზმმა რუსთაველზე მდგარი მომიტინგეების დარბევა დაიწყო. პარლამენტის წინ მდგარი მომიტინგეები ნიღბიანმა სპეცრაზმმა თავისუფლების მოედნის, ჩიტაძისა და ფურცელაძის მხრიდან ალყაში მოაქცია და გაქცევის საშუალება არ მისცა. ნაცემია გურიანიუსისა და ნეტგაზეთის ჟურნალისტები. სასტიკადაა ნაცემი ასევე პოლიტიკოსი კახა კუკავა.

ახლომახლო შენობებში თავშეფარებულ მომიტინგეებს სპეცრაზმელები ფეხდაფეხ მისდევდნენ და რეზინის ხელჯოხებს ურტყამდნენ.ალყაშემორტყმულ მომიტინგეებს გაქცევის დროს აკავებდნენ,რეზინის თოკებით კოჭავდნენ და ძირს აწვენდნენ. "მაესტრომ" გაავრცელა ათეულობით ადამიანის კადრები, რომლებიც რუსთაველზე გაკოჭილი ასფალტზე იწვნენ.როგორც "მაესტრო" ამ წუთებში ავრცელებს ინფორმაციას მიმდინარეობს ხალხის მასობრივი დაპატიმრებები.ამ წუთისათვის რუსთაველის გამზირი გაწმენდილია.

შეგახსენებთ, რომ მომიტინგეებს აქციის ჩატარებაზე სანქცის ვადა 25-ში, ღამის 12 საათზე ამოეწურათ.

26 მაისის ღონისძიებისთვის მზადება ზუგდიდში


ზუგდიდში, 26 მაისი ღონისძიებისათვის მზადება დღეს დაიწყო. ამ წუთებში, ქალაქის ორ მთავარ ქუჩაზე, რუსთაველსა და გამსახურდიაზე, განათების ბოძებზე ეროვნულ დროშებს ამაგრებენ.
„ქალაქის გამგეობა ზუგდიდელებს საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებას ჰპირდება,“ - ამბობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, დარეჯან გაბედავა.

მისი თქმით, საზეიმო ღონისძიება, ქალაქის მთავარ ხეივანში, ხვალ, დილის 10 საათზე დაიწყება. ღონისძიების პროგრამა ითვალისწინებს ხალხური რეწვის გამოფენა-გაყიდვას, სამხატრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა ღია ცის ქვეშ, ჭადრაკის სეანსები და ა.შ. ქალაქის სამხატვრო გალერეაში დაგეგმილია ზუგდიდელი მხატვრის ჯონი შონიას პერსონალური გამოფენა. საღამოს 18 საათზე ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ბავშვთა ვოკალური ანსამბლის „ზუგდიდის“ კონცერტი, ხოლო 22 საათზე ადგილობრივი და თბილისიდან მოწვეული მომღერლების საზეიმო კონცერტი იგეგმება, რომელიც გრანდიოზული ფეიერვერკებით დასრულდება.

ღინისძიების ჩასატარებლად გამგეობამ ტენდერი გამოაცხადა. გამგებლის მოადგილის, დარეჯან გაბედავას თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ვინაობა დღის ბოლოს გახდება ცნობილი, რის გამოც მან სატენდერო თანხის ოდენობა ვერ დაგვისახელა და განმარტა, რომ ეს ინფრომაცია ტენდერის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

სოფო ხუბულავა