Saturday, October 24, 2009

მსხილაძეს 30 წელი მიუსაჯეს

ფოთის წყალსადენის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ მსხილაძის მიმართ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდებები ჯამურად 56-წლიან პატიმრობას ითვალისწინებდა, სასამართლომ მას 30 წელი მიუსაჯა. მსხილაძემ გამოძიებასთან არ ითანამშრომლა, ჩნდება ეჭვი, რომ მან ვიღაცას ხელი დააფარა.

რა ედება ბრალად წყალსადენის ყოფილ უფროსს?

ვლადიმერ მსხილაძე შპს "ფოთის წყალკანალის~უფროსად 1997 წელს დაინიშნა. ის ყველა პერიოდის ხელისუფალთან პოულობდა საერთო ენას და ყოველთვის ხელშეუხებლად მიიჩნეოდა. პირველი უთანხმოება მას 2005 წელს, ფოთის მაშინდელ მერთან, ვახტანგ ალანიასთან მოუვიდა. ალანია მაშინ მსხილაძის გადაყენებასა და პასუხისგებაში მიცემას მოითხოვდა, მისი თქმით, იმ დარღვევების გამო, რაც მან წლების მანძილზე ჩაიდინა. თუმცა, ალანიამ მსხილაძის თანამდებობიდან გადაყენება ვერ მოასწრო, ის მალე თავადვე დააკავეს.

მას შემდეგ მსხილაძემ სრული ხელშეუხებლობა მოიპოვა. ის ყოველი არჩევნების დროს ყველაზე პრობლემური - #1 საარჩევნო უბანს ხელმძღვანელობდა და ერთგულებაც მუდამ უფასდებოდა.

თუმცა, მიმდინარე წლის, 9 ივლისს, სამხარეო პროკურატურამ შპს `ფოთის წყალკანალის~ უფროსი, ვლადიმერ მსხილაძე დააკავა.

მას ბრალად 2002-2008წწ წყალსაკანალიზაციო სისტემის სარემონტო სამუშაოებისას ყალბი დოკუმენტებით, 477ათასი ლარის და მის მფლობელობაში არსებული, შპს “ქემაილის” მიერ ხობში ნაპირგამაგრებითი სამუშაოებიდან და სენაკში წყალსადენის შიდა ქსელის სამუშაოების ხელოვნურად გაზრდითა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით 1. 915. 454 ლარის მითვისება ედებოდა.

ფოთის წყალსადენი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს წლების მანძილზე უკვეთავდა აღნიშნულ შპს-ს, რომლის ფაქტობრივ მფლობელად პროკურატურა თავად მსხილაძეს ასახელებს.

სახელმწიფო თანხების არამიზნობრივად გამოყენება და მითვისება-გაფლანგვა პროკურატურის მტკიცებით, წლების მანძილზე გრძელდებოდა. გარკვეული პერიოდულობით წყალსადენის შემოწმებისას, ეს რამდენიმეწლიანი დარღვევა მაკონტროლებლებს მანამდე რატომღაც არც ერთხელ არ აღმოუჩენიათ, ამიტომაც სამსახურის უფროსის მიმართ პროკურატურის ამჟამინდელმა დაინტერესებამ, ბევრი ეჭვი გააჩინა.

პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე არ დათანხმდა

მსხილაძის საქმეზე სასამართლო სხდომა სულ 4-ჯერ ჩატარდა. ბოლოს წინა სხდომაზე მისი ადვოკატი საპროცესო გარიგებას ითხოვდა, თუმცა, სასამართლო პროცესზე, დაცვის მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე მას თავდაპირველად, სამხარეო პროკურორის, როლანდ ახალაიას სამეგრელოში არყოფნის გამო ვერ უპასუხეს. მოგვიანებით კი, როგორც გაირკვა, დედაქალაქიდან დაბრუნებულმა ახალაიამ საპროცესო გარიგებაზე უარი განაცხადა.

მისი დაკავების დღიდან პროკურატურა თანამზრახველთა გამოვლენაზე მუშაობდა, მაგრამ როგორც სასამართლო პროცესზე თავად პროკურორმა განაცხადა, მსხილაძემ პროკურატურასთან არ ითანამშრომლა.

თავად მსხილაძე ბოლო სასამართლო პროცესზე საკმაოდ მშვიდად გამოიყურებოდა, ხშირად იცინოდა კიდეც. მის ამ არაადეკვეტურ საქციელს სასამართლო პროცესზე დამსწრენი იმით ხსნიდნენ, რომ ეს 30-წლიანი პატიმრობა მისთვის ყველაზე საუკეთესო დასასრული იყო იმასთან შედარებით, რაც შესაძლოა მას თანამზრახველის დასახელების შემთხვევაში მოელოდა.

მსხილაძის დაჭერით პროკურატურამ გოროზია გააფრთხილა?

ვინაიდან პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდებები ტენდერით მოპოვებული თანხების გაფლანგვას ეხება, თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ როლანდ ახალაიას უწყება მსხილაძის დაკავებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორზე, ზაზა გოროზიაზე გასვლას ცდილობდა. სიახლე არაა ის ფაქტი, რომ ზაზა გოროზიას გარეშე სამეგრელოში არათუ ტენდერები ტარდება, არამედ ფასადებისთვის საღებავის ფერიც არ ირჩევა. სიახლე არც ისაა, რომ გოროზიასა და ახალაიას შორის გავლენათა სფეროების გადანაწილების გამო, კარგა ხანია, დაძაბული ურთიერთობაა. გოროზია-ახალაიას დაპირისპირებაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ სწორედ იმ თანხის ხარჯვის კანონიერებით დაინტერესდა პროკურატურა და ის თანხა გახდა სადავო, რომლის გაკონტროლების ბერკეტი რეგიონში გუბერნატორს გააჩნდა.

ფოთში დარეგისტრირებული ფირმა სამეგრელოს სხვადასხვა რაიონებსა და სოფლებში - სენაკში, ხორგასა და ხობში, ტენდერებს იოლად იგებდა, ეს საეჭვოა, რადგან მსხილაძის შპს ნაპირგამაგრებით სამუშაოებზე სპეციალიზებული სულაც არ იყო, რაც გავლენიანი მფარველის არსებობაზე თავისთავად მიუთითებს.

ძნელად დასაჯერებელია, რომ წლების მანძილზე მსხილაძე მთელ სამეგრელოში ტენდერებს დამოუკიდებლად იგებდა და სოლიდურ თანხებსაც ყველასგან შეუმჩნევლად ითვისებდა. თუმცა, საფიქრებელია, რომ მსხილაძე ვიღაცის დაუხმარებლად წლების მანძილზე მილიონების მითვისებას ვერ შეძლებდა. თუკი ხელისუფლების სურვილია, 20 ლარზე დაიჭერს ადამიანს და უცებ იმის აღმოჩენა, რომ მსხილაძე ამდენი წელი იპარავდა, თანაც მარტო, ძნელი დასაჯერებელი ხდება. მიუხედავად ამისა, სასამართლოზე არც სატენდერო კომისიის წევრები დაუკითხავთ.
გამოდის, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს აგებინებენ პასუხს იმ ტიპის დანაშაულზე, რომელიც მსხილაძეს ძალიანაც რომ მოენდომებინა, მარტო ვერ ჩაიდენდა.

აშკარაა, რომ გუბერნატორის მიერ უშუალოდ კონტროლირებად ტენდერებში გამარჯვება და სოლიდური თანხის მოპოვება მთლად შემთხვევითი ვერ იქნებოდა, მით უმეტეს მაშინ, როცა არსებობს ფაქტები, როცა გოროზია პირდაპირ ერევა ტენდერების მიმდინარეობაში. თავად გოროზია მართალია ტენდერებთან კავშირს უარყოფს და ერთ-ერთი ტენდერის ჩაშლასთან მისი კავშირის შესახებ ამგვარად გვპასუხობს: როგორ გგონიათ, ტენდერის ჩაშლა რომ განმეზრახა, ვერ ჩავაშლევინებდიო? - რაც იმას ნიშნავს, რომ გუბერნატორი ადგილობრივ ხელისუფლებაზე თავის განუსაზღვრელ გავლენას არც უარყოფს.

თუმცა, არსებობს ვარაუდი, ტენდერებს, რომელსაც სამეგრელოში გოროზია აკონტროლებდა, მსხილაძის დაპატიმრების შემდეგ ერთპიროვნულად ვეღარ გააკონტროლებს.
მსხილაძის დაკავებისას, ჩვენ ვწერდით იმის შესახებ, რომ ამით ახალაიამ გოროზია `მუდმივ ქიშზე დაიჭირა~და რეგიონში სრული ძალაუფლება მოიპოვა.

მსხილაძემ შვილი გადაარჩინა?

მსხილაძის დაკავებისას ჩვენ ასევე გამოვთქვამდით ვარაუდს იმის შესახებ, რომ დაკავებული პროკურატურასთან არ ითანამშრომლებდა. ამის მიზეზად კი მისი მფარველი მაღალჩინოსნის ძალაუფლებასა და გავლენას ვასახელებდით, რომლის გარეშეც მსხილაძე ვერც მილიონიან ტენდერებს მოიგებდა და რომლის თანხმობის გარეშეც ის სიტყვასაც ვეღარ დაძრავს მანამ, სანამ ეს ადამიანი გავლენიანია და შეუძლია ზიანი მიაყენოს მას და მის ოჯახს. ამიტომაც მსხილაძე ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს.
ბოლო სასამართლო პროცესზე დამსწრენი სწორედ ამ დუმილის მიზეზებთან დაკავშირებით, პირად საუბრებში აცხადებდნენ, რომ მსხილაძემ შვილისთვის გაწირა თავი. მათი თქმით, მას ზეწოლა ჰქონდა, როგორც პროკურატურისგან, ასევე იმისგან, ვინც არ უნდა "ჩაეშვა". პროკურატურა მისგან თანამზრახველის დასახელებას მოითხოვდა, ხოლო მისი "კრიშა" გარედან უთვლიდა, რომ თუ არ გინდა შენი შვილი ჩაჯდეს ციხეში, ჯობს შენ ჩაჯდეო. მსხილაძემაც მეორე ვარიანტი აირჩია. კითხვაზე, თუ როგორ იყო შესაძლებელი, მისი შვილის ციხეში ჩასმა, ჩემმა რესპოდენტმა დამცინავად მიპასუხა: - თორემ გაუჭირდებათ? რომ გაასაღონ გაგიკვირდება, ესენი ხომ ყველაფერზე წამსვლელები არიანო. ამ ადამიანისგან განსხვავებით, მისი ოჯახის წევრები - მეუღლე და ვაჟიშვილი, უარყოფენ რაიმე სახის ზეწოლას ვინმეს მხრიდან და მსხილაძის ყოველგვარ კონტაქტს რომელიმე თანამდებობის პირთან. - “შეიძლება დაშვებულმა შეცდომამ კანონდარღვევა გამოიწვია, მაგრამ ეს არ იყო ვინმესთან შეთანხმებულად გაკეთებული“,_აცხადებს შვილი, მიხეილ მსხილაძე. ის ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვლადიმერ მსხილაძეს იზოლატორში ყოფნისას თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა: "რა სისულელეა, პირველად თქვენგან მესმის," - ამბობს ის. ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩევა და საერთოდ არ სურს ამ თემაზე საუბარი, რადგან მიიჩნევს, რომ ეს მამამისის პირადი საქმეა, თუმცა საქმე რომ არ შეეხებოდეს სახელმწიფოს თანხებს, იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა ეს მსხილაძის და მისი ოჯახის პირად საქმედ.

რაც შეეხება, თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, მსხილაძის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი ჩვენთან საუბარში გამოთქვამს ეჭვს, რომ ციხეში მსხილაძის სიცოცხლე საფრთხეშია და ყველაფერი შესაძლოა თვითმკვლელობის ინსცენირებით დასრულდეს.



ელისო ჯანაშია
07.10.2009

No comments:

Post a Comment