Saturday, October 24, 2009

ლოთის დაბრუნება ლოთი ქობალია - ”არჩვენებში მონაწილეობას მივიღებ, რატომაც არა?!''

გაზაფხულისთვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტაქტიურობა უკვე დაიწყო. ცნობილია, რომ ოპოზიციური პარტიებიდან არჩევნებში მონაწილეობას ”ქრისტიან-დემოკრატები," ”ეროვნულ დემოკრატები," ”ალიანსი საქართველოსათვის" და ნოღაიდელის ”სამართლიანი საქართველოსათვის" მიიღებენ. სხვა პოლიტ-სუბიექტებს თავიანთი საარჩევნო პროგრამისა და მიზნების შესახებ ზუგდიდში ჯერჯერობით ხმამაღლა არ განუცხადებიათ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის ახლადჩამოყალიბებულმა პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბრძოლა სამეგრელოში უკვე დაიწყო. პარტიის რეგიონული ოფისი, 5 ოქტომბერს, ზუგდიდში კონსტანტინე გამსახურდიას #45-ში გაიხსნა. ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის" სამეგრლოს ოფისს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი ვახტანგ (ლოთი) ქობალია უხელმძღვანელებს, ქობალია ზურაბ ნოღაიდელის პარტიის გამგეობის წევრიცაა.

ლოთი ქობალია ”ჰელსინკის კავშირის" წევრი, ეროვნული გვარდიის სამმართველოს უფროსი და შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალია. ზვიად გამსახურდიას საქართველოდან განდევნის შემდეგ, ქობალიამ თავი უკრაინას შეაფარა. ლოთი ქობალიას სახელს 90-იან წლებში, სამოქალაქო ომის დროს, არაერთი გახმაურებული კრიმინალური ისტორია უკავშირდება. მათ შორის, 1993 წლის ოქტომბერში ჟურნალისტ დავით ბოლქვაძის მკვლელობა. ლოთი ქობალია ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, 1994 წელს, უკრაინაში დააკავეს. მას ბრალად სამშობლოს ღალატი, სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვისთვის და ჟურნალისტ დათო ბოლქვაძის მკვლელობა ედებოდა, რის გამოც 1996 წელს ლოთი ქობალიას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, თუმცა რამდენიმე თვეში, საქართველოს კანონმდებლობით სიკვდილით დასჯა აიკრძალა, განსასჯელს კი განაჩენი 20-წლიანი პატიმრობით შეეცვალა, 2004 წლის 9 მაისს კი მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების საფუძველზე გაანთავისუფლეს.

ლოთი ქობალია ამჟამად 59 წლისაა და ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშში ცხოვრობს. ის ცნობილი დისიდენტის, ინდიკო ქობალიას ძმაა. ლოთი ქობალიას უმაღლესი განათლება არა აქვს, ის საბჭოთა პერიოდში დროს პურის მანქანის მძღოლი იყო და ზუგდიდის სოფლებს პურით ამარაგებდა. ქობალიას პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი თვისებები ნაკლებად აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, ზურაბ ნოღაიდელმა არჩევანი ლოთი ქობალიაზე გააკეთა, რომლის მიზანიც ძნელი გამოსაცნობი არ არის. ქობალია ზვიადისტების ნაწილში განსაკუთრებული პატივით და პოპულარობით სარგებლობს. ის ნოღაიდელს საარჩევნოდ საკმაოდ დიდი რაოდენობის მხარდამჭერებს შემატებს.

თუ რამ გამოიწვია ლოთი ქობალიას პოლიტიკური რეინკარნაცია და რა გეგმები აქვს ყოფილ პატიმარს, ამ თემით `თავისუფალი სიტყვა" ლოთი ქობალიას ესაუბრა:

- ბატონო ლოთი, რამ გამოიწვია თქვენი პოლიტიკური გააქტიურება?

- მინდა ქვეყანაში სუფევდეს სამართლიანობა და ეს არის ჩვენი დევიზიც ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის." ჩვენი და ბატონი ნოღაიდელის აზრები დაემთხვა ერთმანეთს და ერთად ვიბრძოლებთ სამართლიანი საქართველოსთვის. პრეზიდენტმა ეკლესიაში დადო ფიცი და ხელი მოაწერა, რომ სამართალს აღადგენდა, მაგრამ ეს დოკუმენტი მხოლოდ ქაღალდზე დარჩა.

- შემოთავაზება ვისგან მოდიოდა, ნოღაიდელი დაგიკავშირდათ?

- ჩემი სიმპატიები, ნოღაიდელის მხარეს არის. მე ვერ ვითანამშრომელებდი იმ ხალხთან ვინც საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ. ტელევიზიით ამბობენ, რომ თურმე რაღაც შელახული იმიჯი მქონდა, მე არ ვიცი რატომ. ალბათ ეს თბილისური სეპარატიზმის გავლენაა, რაც აუცილებლად უნდა მოისპოს, სანამ საქართველო გაუნადგურებია ამ თბილისურ სეპარატიზმს.

- რა სამოქმედო გეგმა გაქვთ რეგიონში?

- ჩვენ გვაქვს ავტორიტეტი ხალხში, რაც საბოლოოდ აისახება გამოკითხვებსა და არჩევნებში. ჩვენი მთავარი მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდობის წარმოჩენა და მათი შესაძლებლობების გამოყენება. ჩვენ არ გვაწყობს არც პროამერიკულობა და არც პრო-რუსულობა, ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეკუთვნოდეს.

- ხომ არ აპირებთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?

- ყველაფერი უნდა ხდებოდეს არჩევით, თუ ხალხმა დაგვიჭირა მხარი ჩვენ მივაღწევთ სამართლიანი საქართველოს შექმნას. არჩევნებში მონაწილეობა არ გადამიწყვეტია, მაგრამ არც მონაწილეობის მიღებას გამოვრიცხავ, რატომაც არა?!

- ნოღაიდელს აქვს საკმაოდ დიდი კაპიტალი, რომელიც მან ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოიპოვა. თუმცა, ჯერჯერობით, შერჩა, რასაც ვერ ვიტყვით, მაგალითად ბურჯანაძეზე. ამავე დროს ნოღაიდელი თავის განცხადებებში არის საკმაოდ მოზომილი და ლოიალური. ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლების სატელიტ პარტიაში ხართ?

- ზურაბ ნოღაიდელს არა აქვს არც რუსული, არც ამერიკული და არც სოროსის ფული. რადგან მან ამხელა ფული იშოვნა, ეს ამტკიცებს, რომ ის ჭკვიანი კაცია და თუ ამ ფულს დახარჯავს საქართველოს კეთილდღეობისთვის, ამას რა ჯობია. მის ბიოგრაფიას რომ გადავხედე, ნამდვილად დაიმსახურა ჩემი მოწონება.



პაატა ლაგვილავა
09.10.2009

No comments:

Post a Comment