Saturday, October 24, 2009

თავისუფალი სიტყვის ჟურნალისტს ემუქრებიან

გაზეთ "თავისუფალი სიტყვის"
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

2009 წლის 15 ოქტომბერს 21 საათისთვის, ჩვენი ზუგდიდელი კორესპონდენტის, პაატა ლაგვილავას პირად მობილურ ტელეფონზე უცნობმა პიროვნებამ დაფარული ნომრიდან დაახლოებით 10-ჯერ დარეკა. ერთ-ერთი დარეკვის შემდეგ უცნობმა ჟურნალისტს მუქარის ტონით უცენზურო სიტყვებით მიმართა და ასევე უთხრა ...... შენ რეებს წერ ბიჭო, იცოდე ვისზე წერ, თორემ...''ჟურნალისტმა ტელეფონის ჩამწერი ჩართო, მაგრამ ამ დროს უცნობმა ტელეფონი გათიშა.

უცნობი პირის მიმართვები აშკარად მუქარის შემცველი იყო, შინაარსიდან იკვეთება, რომ უცნობი ითხოვდა პაატა ლაგვილავას შეეწყვიტა სტატიების წერა. მართალია, მან არ დაასრულა წინადადება, მაგრამ თვალნათლივ ჩანს, რომ აპირებდა მის დაშინებას. ამ ვარაუდს ამყარებს ისიც, რომ ამ საუბრის შემდეგ კიდევ მრავალჯერ დაუკავშირდა უცნობი პიროვნება პაატა ლაგვილავას და კვლავ უხეშად მიმართა.

პაატა ლაგვილავას მწვავე სტატიები აქვს გამოქვეყნებული სხვადასხვა თანამდებობის პირებზე.ეს სატელეფონო ზარი განხორციელდა ზუსტად იმ დღეს, როცა გაზეთის ახალი ნომერი გამოვიდა, რომელშიც ჟურნალისტი წერდა ზუგდიდის გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას მიერ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაზე. ჟურნალისტი მას ზუგდიდში გამართულ ბუბა კიკაბიძის კონცერტისთვის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის შესახებ ინფორმაციის მოწოდებას თხოვდა, ამის თაობაზე მას განცხადება გამგეობაში 11 დღით ადრე ჰქონდა შეტანილი. გამგებელმა ჟურნალისტს პასუხად უთხრა: _ `სადაური ხარ, ხომ ზუგდიდელი? რაში გაინტერტესებს რამდენი დაიხარჯა, ჯიბეში ხომ არ წამიღია, რას დაეძებ, რა გინდა გამაგებინე!~ მას შემდეგ, რაც პაატა ლაგვილავამ მას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლება შეახსენა და კანონის დაცვისკენ მოუწოდა, გამგებელმა უპასუხა: _`არ მაინტერესებს, კოდექსებით ნუ მელაპარაკები!~ და ტელეფონი გაუთიშა. მუქარის ზარი სწორედ ამ ფაქტის გაშუქების მერე განხორციელდა.

ჩვენი გაზეთი მომავალშიც აპირებს სტატიების გამოქვეყნებას. მომხდარი ფაქტი არა მხოლოდ პაატა ლაგვილავაზე მოქმედებს უარყოფითად, არამედ გაზეთის ჟურნალისტებს გაგვიჩდა შიში იმისა, რომ თუკი გავაგრძელებთ ჟურნალისტურ საქმიანობას უკანონო გზებით მოახდენენ ჩვენი უფლებების შეზღუდვას.


ზემოაღნიშნული ფაქტს მივიჩნევთ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლად (ს.ს.კ-ის 154-ე მუხლი) და მუქარად (ს.ს.კ-ს 151-ე მუხლი).

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 261-ე, 263-ე, 270-ე, მუხლების თანახმად აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს წინასწარი გამოძიება.

მივმართავთ ასევე სახალხო დამცველს და ყველა უფლებათადამცველ ორგანიზაციას და ვითხოვთ შესაბამის რეაგირებას.

„თავისუფალი სიტყვის“ რედაქცია
17.10.2009

No comments:

Post a Comment