Monday, October 26, 2009

პრეზიდენტის სტუმრობა _ უიმედო იმედი


ფოთში, პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სტუმრობისთვის მზადება, სხვა შემთხვევების მსგავსად, ამჯერადაც რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. თუმცა დახვედრა ტრადიციულად, საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა, პენსიონერთა და ბავშვების “მიშა, მიშას” შეძახილების თანხლებით არ მოწყობილა. პრეზიდენტს, მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები და ნავსადგურის თანამშრომლები ოთხი საათის განმავლობაში მორჩილად ელოდნენ.

ცამეტ საათზე დაგეგმილი ვიზიტი ჩვიდმეტ საათზე შედგა.

49 წლით გასხვისებული ფოთის პორტის 100% წილის მფლობელმა, არაბულმა კომპანია „რაკიინ ინვესტმენტმა“ მეთოთხმეტე ნავმისადგომის საკონტეინერო ტერმინალი პრეზიდენტის გარეშე არ გახსნა.


პომპეზურად გახსნილი საკონტეინერო ტერმინალი

„მორვაგზლის“ ყოფილი შენობის ეზოში, საკონტეინერო ტერმინალის საპრეზენტაციო მასალები, სიმბოლურად გადაჭიმული წითელი ლენტი, პრეზიდენტმა წითელი ხალიჩის გავლის შემდეგ კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავასდგურის“ გენერალურ დირექტორთან, რონი სააბთან ერთად გაჭრა.

„საკონტეინერო ტერმინალის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყო, რომლის საინვესტიციო მოცულობამ 27 მლნ.ლარი შეადგინა. ნავმისადგომის სიგრძე 253მ.-ია, რომელსაც შეუძლია 200 მეტრის სიგრძის საკონტეინერო გემის მიღება. ტერმინალზე მოეწყო, როგორც ახალი სარკინიგზო ხაზი, ასევე საავტომობილო გზა და პირველად ბოლო ოცი წლის განმავლობასი შეძენილ იქნა მსოფლიოში ცნობილი გერმანული კომპანია „GOთთჭALD“ –ის თანამედროვედ აღჭურვილი ორი ამწე, რომლის მაჩვენებლები ორჯერ აღემატება ამჟამად მოქმედი ამწეების პარამეტრებს.

აღნიშნული ტერმინალი „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ საკონტეინერო გადაზიდვების მოცულობას გაორმაგებს და პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით დამატებით მუშახელს დაასაქმებს,“ _ვკითხულობთ, ნავსადგურის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

თიზ-სა და ახალი პორტის მშენებლობაზე ჩაბარებული პრეზიდენტის ანგარიში

პრეზიდენტმა ჩვეული, ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა: „დაგპირდით და შევასრულეთ!“_ბრძანა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ უკვე იწყება ფოთის პორტისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფუნქციონირება. სააკაშვილმა, რეგიონში სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უპირატესობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო, ზღვის არმქონე ექვსი ქვეყნისთვის შუა აზიასა და კასპიის რეგიონში ერთადერთი გზაა, ასევე ყველაზე მოკლე გზა ჩრდილოეთ ჩინეთიდან ევროპულ მიმართულებამდე. „თუ ვინმეს აინტერესებს, რატომ იბომბებოდა შარშან ეს პორტი, კარგად შეხედოს ამ ხაზს, (პრეზიდენტმა რუკაზე ადგილი მონიშნა ავტ) რამხელა გზას ჭრის ნებისმიერი ქვეყანა და რას ნიშნავს ის ამ ქვეყნების დამოუკიდებლობისა და მომავალი განვითარებისათვის. სწორედ ამაშია საქმე და არა იმაში, რომ სააკაშვილმა პუტინს ცუდი არმე უთხრა,“—განმარტა პრეზიდენტმა.

რას დაპირდა პრეზიდენტი ფოთელებს და რა შეასრულა?

პრეზიდენტის დაპირებასა და შესრულებულს შორის ისეთი სხვაობაა, როგორიც არსებულ ცხრასართულიან კორპუსსა და დაპირებულ ცათაბჯენს შორის.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დროს ფოთელებზე მიცემული პრეზიდენტის დაპირება: „საქართველო იქნება სიღარიბის გარეშე, შემოვა ათასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია და ქვეყანაში უმუშევრობა და სიღარიბე დაიძლევა. უფრო კონკრეტულად, ორმოცდაათ თვეში შემოვა 200მლნ. დოლარის ინვესტიცია, დასაქმდება ათიათსობით ადამიანი, შეიქმნება 400-ზე მეტი საწარმო და ობიექტი. რეალური საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ ფოთში აშენდება ასსართულიანი ცათამბჯენები, ახალი აეროპორტები, ახალი პორტები.“ _ („თავისუფალი სიტყვა“ #4, 2008წ. 23-30აპრილი). როგორც ჩანს, პრეზიდენტი საკონტეინერო ტერმინალზე გაცილებით მეტს დაგვპირდა, თანაც 50 თვეში ანუ დაახლოებით ორ წელში. თუმცა, ამ არასახარბიელო შედეგს ეკონომიკური კრიზისითა და რუსული სამხედრო აგრესიით ხსნიან, ეს განმარტება კი, პრეზიდენტის განცხადებასთან შეუსაბამობაში მოდის, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ ომი გადაიტანა, მისი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია, საქართველოს ეკონომიკა სერიოზული ცვლილებების ზღურბლზეა“-

რეალური სურათი კი, ასეთია: ოფიციალური, ბოლო მონაცემებით, ნავსადგურში ტვირთბრუნვამ 50% იკლო. არც ერთი დამატებითი სამუშაო ადგილი არ შექმნილა. პირიქით, ათეულობით თანამშრომელი, ძირითადად მუშა ხელი სამსახურიდან გათავისუფლდა. ცათამბჯენების თემა კი, ქალაქში მხოლოდ ანეგდოტად დადის.

დაპირებული ახალი პორტის მშენებლობის „შესრულების“ გაცნობის შემდგომ პრეზიდენტმა ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე და ტურისტულ ნაკადზე გაამახვილა ყურადღება. „ვითარდება ანაკლიის მთელი ზოლი, მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის პერსპექტივები, ასვე ყულევის ტერმინალი და მესტია, რომელსაც დიდი ტურისტული დანიშნულება ექნება. ის ოლიმპიური პარამეტრების სათხილამურო კურორტია“ _ აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ტურისტებს სხვადასხვა ქვეყენებიდან ფოთის აეროპორტი ჩარტერული რეისებით ჩამოიყვანს. სააკაშვილმა მომავალ წელს ტურისტების რიცხვიც განსაზღვრა, „მინიმუმ ათი მილიონი, რომელიც მომავალში აფხაზეთსაც აითვისებს.

ექსპერტის ეჭვი „რაკიინის“არაბულ წარმომავლობაზე

მართალია, ფოთის აეროპორტი ჯერ არ გასხვისებულა, მაგრამ სააკაშვილმა ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აეროპორტის მშენებლობა გვაუწყა და მისი დასრულების ვადებიც, წელიწად ნახევარი მიუთითა. როგორც ცნობილა ფოთის აეროპორტის გასხვისება პორტისა და თიზ-ის მფლობელ არაბული ჯგუფის „რაკიინისთვის“ იგეგმება.

„რაკიინ ინვესტმენტის“ არაბულობაში ეჭვი ეპარება ექსპერტ, გია ხუხაშვილს და თავის არგუმენტებსაც ასახელებს: „რაკიინი“ასეთი სახელწოდების სააგენტო არაბეთში მართლაც არსებობს, თუმცა ნაბისმიერი კომპანია შეგიძლია დაარეგისტრირო ქართული მხარის მონაწილეობით, თითო ასოს შეცვლით ან პლუსის და სხვა მსაგავი დაამტებების საშუალებით. ძირითადი, არაბული რაკიინის საიტზე ის აქტივები, რაზეც ხელისუფლება ამბობს, რომ მათ მფლობელობაშია, არა არის მითითებული. არის სხვადსხვა უძრავი ქონების აქტივები, მაგარამ არა ფოთის პორტი, მთაწმინდის პარკი, „იმედი“. ყველაზე მარტივი არგუმენტი არის ტელეკომპანია „იმედი“. არის ამ ქვეყანაში ადამიანი ვისაც მიაჩნია, რომ ხელისუფლება „იმედს“ არაბებს ჩააბარებდა?“

პრეზიდენტის პიარ-აქცია ვიზიტი

პრეზიდენტმა ფოთი ისე დატოვა მოსახლეობის ნაწილმა ვიზიტის შესახებ მხოლოდ ტელევიზიით შეიტყო, ნაწილმა გადაკეტილი ქუჩებით. ზოგს კი, ქვეყნის პირველი პირის სტუმრობა „გამორჩა“, რაზეც გულდაწყვეტით საუბრობდნენ. თუმცა თავს იმით ინუგეშებს, ახლოს მისვლა და წერილების გადაცემის საშუალება მაინც არ ყოფილაო. თავდაპირველად კომენტარი, შეხვედრის ადგილზე მყოფ მოსახლეობას ვთხოვეთ და ერთმნიშვნელოვნად, საკმაოდ უცნაური პასუხი მივიღეთ, „ჩვენ ნავსადურის თანამშრომლები ვართ, ხომ იცით ვერაფერს გეტყვით“-ო. ამის შემდეგ ქუჩაში რიგით შემხვედრს გავესაუბრეთ.

ნაზი ხარებავა, 66წლის

„რამდენი ხანია, ვნატრობ იქნებ პრეზიდენტი ჩამოვიდეს, რომ წერილი გადავცე და ჩემი პრობლემები პირადად მოვახსენო. პატიმრის დედა ვარ და სამართლის უზენაესობას ვითხოვ. აწი როდის ჩამოვა? ან რატომ ჩამოიყვანეს ასე უჩუმრად?“

გურამ გვაზავა, 59წლის

„მისი პეზიდენტობის პირველ წლებში, გვქონდა იმედი, რომ ფოთში ჩამოსვლით და პრობლემების ადგილზე გაცნობით რამე შეიცვლებოდა, მაგრამ მერე მივხვდით, რომ მხოლოდ დემაგოგობს. უიმედო იმედს გვიტოვებს, რომლითაც მომავალ ჩამოსვლამდე უნდა ვისაზრდოვოთ“

ვალერი ჯღამაძე, 53წლის

„როგორც ყველა შემთხვევაში, ვიზიტი რეკლამას, ხალხის „დაბოლებას“, მოწოდებას „ცოტა კიდევ გაუძელით“-ს ემსახურებოდა. არჩევნები მოგვადგა კარს და დაიწყებენ ახლა, თუ სადმე რამე დარჩა გასახსნელი, ან ხელმეორედ ჩამოუვლიან და ა.შ.“


ლია გაბისონია, 40წლის

„არც ვიცოდი თუ ჩამოდიოდა, შემთხვევით ტელევიზიით გავიგე. რად უნდა ტერმინალის გახსნას პრეზიდენტის სტუმრობა? ეკონომიკის მინისტრი მაინც ჩამოსულიყო.”

გულნარა ჯოჯუა, 63წლის

“რისი მოლოდინიც მქონდა არაფერი შესრულდა, ახლა ომს აბრალებენ, ამათ ბედზე მომხდარა ეგ ომი. მაინც არაფრის გამკეთებლები იყვნენ და საინტერესოა მერე რას დააბრალებდნენ? ფოთიდან, რომ არ ელაპარაკა ტურისტებზე, თბილისიდან ვერ გავიგებდით, ანდა ტერმინალი გახსნა და ტურისტებზე ილაპარაკა. ერთი მეორესთან რა კავშირშია?!”

No comments:

Post a Comment