Monday, October 26, 2009

პაატა ზაქარეიშვილი "ხელისუფლებამ არჩევნებში წარმატებისთვის აფხაზეთი გაწირა"

დე-ფაქტო არჩევნებისა და სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის წინ აფხაზეთში რუსული მმართველობა სულ უფრო და უფრო ძლიერდება. საქართველო-აფხაზეთის ჩაკეტილ ადმინისტრაციულ საზღვარს რუსული `ფეესბე-ს~ მესაზღვრეები აკონტროლებენ. ოლიმპიადით სარგებლის მოლოდინში მყოფმა დე-ფაქტო აფხაზეთმა პოლიტიკური სარგებელი შარშან, კოდორის ხეობის მიერთებითა და რუსულ-ვენესუელურ-ნიკარაგუული აღიარებით უკვე ნახა.

რა ხდება რეალურად აფხაზეთში, რა შეცდომები დაუშვა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების საკითხში და რატომ შეწყდა მოლაპარაკებების პროცესი, ამ თემებზე `თავისუფალი სიტყვა~ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა:

_ ბატონო პაატა, ქართულ-აფხაზურ მხარეს შორის რაიმე სახის მოლაპარაკების პროცესი თუ მიმდინარეობს და თუ ხართ ჩართული მასში?

_ ერთადერთი მოლაპარაკების ფორმატი, რაც არსებობს, ეს არის ე.წ. ჟენევის ფორმატი, რომელიც მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულების შესაბამისად შეიქმნა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ. ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის ყოველგვარი ურთიერთობა შეწყდა, გაუქმდა ყველა ხელშეკრულება. გამომდინარე აქედან, საქართველოში არსებულ კონფლიქტებს დღეს არანაირი ნორმატიული აქტი არ არეგულირებს, გარდა ჟენევის ფორმატისა, თუმცა, ამ ფორმატში მხარეები ოფიციალურად არ არიან წარმოდგენილნი. აქ ვერც კი დაადგენ, რაზეა საუბარი და ყველა მხარე წარმოდგენილია, როგორც ექსპერტი. სწორედ ამ ფორმატის საფუძველზე ხდება ჭუბურხინჯისა და დვანის შეხვედრები. სხვა არანაირი შეხვედრა არ მიმდინარეობს... მე ვმონაწილეობ სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრებში, სადაც ვმსჯელობთ, ვაყალიბებთ ჩვენს სტრატეგიებს და შემდეგ ხელისუფლებას ვთავაზობთ.

როგორც წესი, არასდროს არ ითვალისწინებენ.

_ საინტერესოა, რა პოზიცია აქვს აფხაზ საზოგადოებას შემრიგებლობის პოლიტიკაზე, ადამიანური ურთიერთობების აღდგენასა და ა.შ.?

_ მათ არ უნდათ კონტაქტის გაწყვეტა საქართველოსთან, თუმცა, მეორე მხრივ, ვერ გრძნობენ, რა საჭიროა ეს კონტაქტები. მათ აკმაყოფილებთ ის, რომ აღიარება მიიღეს რუსეთის მხრიდან. გარდა ამისა, აფხაზეთი ვენესუელამ და ნიკარაგუამაც აღიარა, ეს ქვეყნები გაეროს წევრები არიან. მათ მიაჩნიათ, რომ პროცესი დაიწყო და აღჭურვილნი არიან მოლოდინით. ფიქრობენ, მოითმენენ 5-10 წელს და მსოფლიო მიხვდება, რომ დე-ფაქტო ქვეყნები შედგა და სერიოზული ქვეყნების მხრიდანაც შესაძლებელი იქნება მათი ინტენსიური აღიარება. საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ასე მომხდარიყო. აფხაზებს მიაჩნიათ, რომ რადგანაც სააკაშვილი არის ხელისუფლებაში და ის კმაყოფილია, თვლის, რომ სწორად მოიქცა, არ ნანობს თავის გადაწყვეტილებებს, თან ამ ყველაფერს საქართველოს საზოგადოება ისმენს, ითმენს და ხმასასაც არ იღებს, ესე იგი ომი სწორი ყოფილა და თუ ომი სწორი ყოფილა, რა გვინდა საქართველოსთან, რომლის საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეწინააღმდეგება სააკაშვილის ამ პოზიციას?!

_ ანუ, თუ ეს ხელისუფლება შეიცვლება, აფხაზებში ნდობის ფაქტორი გაიზრდება?

_ შანსები გაიზრდება. ფაქტია, რომ დღეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში პროცესები ნგრევისაკენ მიდის და საჭიროა ეს ნგრევა შეჩერდეს. ელემენტარულად, როცა თქვენ სახლში შედიხართ და აღმოჩნდება, რომ აბაზანიდან წყალი იღვრება, წყლის მოწმენდას კი არ იწყებთ, ონკანს დაკეტავთ და მერე ეცდებით წყალი მოწმინდოთ. დამეთანხმებით, რომ მოშვებული ონკანის დროს წყლის მოწმენდას აზრი არა აქვს. ჯერ ეს ონკანია დასაკეტი.

_ მართალია, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა ურთიერთობები ჩიხში შეიყვანა, მაგრამ მანამდე აფხაზებთან ურთიერთობის მოგვარების რა პერსპექტივები არსებობდა?

_ 2008 წლის მოვლენები იყო ბოლო ნაბიჯი უფსკრულისაკენ. მაგრამ პროცესი შეჩერდა ჯერ კიდევ 2006 წლის აგვისტოში, როცა კოდორის მოვლენები დაიწყო. წარმოიდგინეთ, რომ არის სამანქანო ტრასა და 300 მეტრში არის უფსკრული. თუ მანქანა უფსკრულში გადავარდა, გამოძიება უნდა დაიწყოს იმ ადგილიდან, საიდანაც მანქანამ გადაუხვია. ეს 300 მეტრი, რაც არის ტრასიდან უფსკრულამდე, დაიწყო 2006 წელს. ჩვენ გავწყვიტეთ აფხაზებთან ურთიერთობები 2006 წელს. ამ კრიზისამდე ხელისუფლებიდან გაუშვეს იარაკლი ალასანია და გოგა ხაინდრავა. ალასანია ძალიან კარგად მუშაობდა აფხაზეთზე და ხაინდრავა აფხაზეთზეც და ოსეთზეც. ისინი ნელ-ნელა და წარმატებით ახორციელებდნენ დიალოგს. ალასანია-ხაინდრავას ჩამოშორების შემდეგ მეორე უკანგადადგმული ნაბიჯი იყო არჩევნები ახალგორში, როცა აღადგინეს სტალინის მიერ არაკანონიერად შექმნილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა და სანაკოევი დაგვისვეს პრეზიდენტად. კოდორის მოვლენებით გაუქმდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობები და სანაკოევის დანიშვნით გაუქმდა ქართულ-ოსური ურთიერთობები. რატომღაც სწორედ იმ ტერიტორიაზე შევქმენით ახალი ავტონომია, რომელიც თავის დროზე სტალინის მიერ არაკანონიერი ტერიტორიებით იყო შექმნილი და გამსახურდიას დროს გაუქმდა, ამით ჩვენ დავაკანონეთ სტალინის უკანონობა ზუსტად იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს ავტონომია თავის დროზე სტალინმა შექმნა. ეს იყო სერიოზული შეცდომა. აი, ამ მოვლენებმა გადაგვახვევინეს გზიდან და მიგვიყვანეს 2008 წლის აგვისტოს უფსკრულამდე...

მე ხელისუფლებას 2006 წლამდე არ ვაკრიტიკებდი. კარგად მუშაობდნენ, შამბა ჩამოვიდა თბილისში, შარდენზე ისადილა. აქ არძინბაც ჩამოსულა, მაგრამ ის გაეროს თვითმფრინავიდან გაეროსვე მანქანით გაეროს ოფისში მიდიოდა. სწორედ შამბა გამოვიდა პირველად ქუჩაში. მან ჩამოიტანა ძალიან სერიოზული დოკუმენტი, რომელსაც `მომავლის გასაღები~ ერქვა. იქ მიუღებელი პუნქტებიც იყო, მაგრამ ძალიან ბევრი მისაღებიც ეწერა. ისინი არ ითხოვდნენ ამის მიღებას, მაგრამ სურდათ ნაბიჯ-ნაბიჯ გაგვევლო ყველაფერი. სააკაშვილი არ შეხვდა შამბას, რადგან იმ დღეს სენაკის ბაზაზე იმყოფებოდა. სხვა ქვეყანაში კი არ იყო წასული, რომ ეთქვა, არ მეცალაო. რატომ მაინცდამაინც იმ ბაზაზე, რომელიც ყველაზე ახლოა აფხაზეთთან? კი ბატონო, არ შეხვდა შამბას, მაგრამ ინტერვიუში მაინც ეთქვა, რომ მიესალმებოდა მის ჩამოსვლას, ანუ დაძაბულობა თავიდანვე იგრძნობოდა. შამბას წასვლის შემდეგ ალასანიაც გაუშვეს პოლიტიკიდან და აირია ყველაფერი. ამის შემდეგ საქართველომ დიალოგის პოლიტიკა კარნახის პოლიტიკით შეცვალა. ამან კი აგვისტოს ჩიხამდე მიგვიყვანა.

_ თუმცა, მანამ რა შანსები გვქონდა, რას ითვალისწინებდა თუნდაც სერგეი შამბას `მომავლის გასაღები~?

_ის ითვალისწინებდა თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს, შეცდომების აღიარებას, შავი ზღვის ევროკავშირთან ინტეგრაციას და ა.შ. ასევე ითვალისწინებდა რკინიგზის გახსნას, ენგურჰესის უფრო ეფექტურ ექსპლუატაციას და კიდევ უამრავ სხვა საკითხს, სადაც ჩვენ შეგვეძლო საერთო ენის გამონახვა. ჩემი პოზიციაა, რომ ოსები და აფხაზები ჩავრთოთ რაც შეიძლება მეტ საერთო საქმეში. მე ყოველთვის მომხრე ვიყავი რკინიგზის გახსნის, რადგან აფხაზები უფრო მეტად მიებმებოდნენ ქართულ ეკონომიკას. მგონი, რომ საჭირო იყო ამ საკითხების განხილვა, თუმცა ჩვენ შევთავაზეთ ჯერ დევნილების დაბრუნება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა _ ეს არასერიოზული მიდგომა იყო. ჩვენ 15 წელია დევნილების დაბრუნებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მივედით იქამდე, რომ დღეს ეს ნულის ტოლფასია. უნდა გვეღიარებინა შეცდომები, რომ არასწორად მოვიქეცით, როცა დავიწყეთ საომარი მოქმედებები, რის შემდეგაც იქნებოდა დათმობები მათი მხრიდანაც.

ჩვენ თავიდანვე არასწორად მოვექეცით აფხაზებს. თუ დავსაჯეთ მხედრიონელები, რომლებმაც ააწიოკეს სამეგრელო, რატომ არ დავსაჯეთ ის ხალხი, ვინც იგივე გააკეთა აფხაზეთში. ამით ხომ გავმიჯნეთ აფხაზეთი დანარჩენი საქართველოსგან და პრიორიტეტად ავიღეთ, მაგალითად, სამეგრელო და არა აფხაზეთი. აი, ამ შეცდომების აღიარებაა საჭირო. სააკაშვილმა პიარისთვის კი შესთავაზა ვიცე-პრეზიდენტობა აფხაზებს, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ასეთ განცხადებებს ტელევიზიით არ აკეთებენ. ასეთი რაღაცები დახურულ კარს მიღმა ხდება და როცა მხარეები შეთანხმდებიან, მერე ხმაურდება ტელევიზიით, აქ კი ყველაფერი პირიქითაა.

_ იარაკლი ალასანიაზე საუბრობენ, რომ აფხაზებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რაში გამოიხატებოდა ეს?

_ ალასანიას გაშვება არ შეიძლებოდა. მან აფხაზეთის საკითხში სერიოზულ წარმატებას მიაღწია. მუშაობის დაწყებისთანავე ჩავიდა აფხაზეთში და აღადგინა 2001 წელს გაჩერებული სამი სამუშაო ჯგუფი (დევნილების დაბრუნების, სოციალური და ეკონომიკური საკითხების მოგვარების ჯგუფები. ავტ.). ალასანია ძალიან ეფექტური იყო, სწორედ ამ ეფექტურობას შეეწირა და ამიტომაც გაუშვა ის სააკაშვილმა პოლიტიკიდან. სააკაშვილს არ სურდა ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ აფხაზებთან საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია. ამით რუსეთის როლი ეცემოდა. სააკაშვილის მთავარი ამოცანა კი იყო რუსეთის, როგორც მტრის ხატის, წარმოჩენა. ამ პერიოდში ახლოვდებოდა ადგილობრივი არჩევნები და სააკაშვილს სჭირდებოდა წარმატება. ამიტომაც შეიჭრა კოდორში და ხალხს აჩვენა, რომ ეს არის აფხაზეთის დაბრუნების პირველი ნაბიჯი. არადა, კოდორი ყოველთვის საქართველოს ნაწილი იყო. მან კოდორის მოვლენით დაანგრია სამშვიდობო ოპერაცია. სააკაშვილს არჩევნებში წარმატება ურჩევნია აფხაზეთის დაბრუნების გრძელვადიან პერსპექტივას.

2008 წელს საპარლამენტო არჩევნების დღეს ორი ავტობუსი დაწვა ხელისუფლებამ და აფხაზებს დააბრალა, იმისთვის რომ ხალხის ყურადღება სხვა მხარეს გადაეტანა. მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო არჩევნებში გამარჯვება, რომ არანაირი მნიშვნელობა არ მიანიჭა აფხაზებთან ურთიერთობის გაფუჭებას. ხელისუფლებამ არჩევნებში წარმატებისთვის აფხაზეთი გაწირა!

_ ამ სიტუაციაში, როდესაც რუსეთმა აღიარა აფხაზეთი, როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება? თქვენი, როგორც ექსპერტის, აზრი ერთობ საინტერესოა.

_ ყველაზე კარგი გამოსავალია, აღიაროს შეცდომები და გადადგეს. მაგრამ მოდით, ვიყოთ რეალისტები. კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი ამას არ გააკეთებს. რეალურად ის მაინც უნდა გააკეთონ, რომ გალის რაიონში ქართული მოსახლეობა შეინარჩუნონ და თავი დაანებონ მათ `დავერბოვკებას.~ მისცენ მათ საშუალება, აფხაზური პასპორტები აიღონ და ჩაერთონ აფხაზეთის პოლიტიკის წარმართვაში. ხელისუფლება კი, პირიქით, მათ მოღალატეებს უწოდებს. არადა, ეს ადამიანები გმირები არიან. ჩვენ ხელისუფლების შეცდომებზე ვსაუბრობდით და ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშა მთავრობამ, როცა გალის რაიონში არჩევნების ჩაშლას შეეცადა. ანუ, რა გამოდიოდა _ თუ არჩევნებს ჩაშლიდა გალში და ვერ ჩაშლიდა გუდაუთაში, გაგრაში, სოხუმსა და ოჩამჩირეში, იქ რა, არჩევნები ჩატარდა?! პირველ რიგში ასეთი პოლიტიკა უნდა შეწყდეს.

_ ბატონო პაატა, რა ხდება ახლა აფხაზეთში. რამდენად ძლიერია იქ რუსული მმართველობა?

_ საზღვრები ჩაკეტილია, კონტროლი გამკაცრებული. გალში სამხედრო ნაწილები დგება, რადგან რუსეთის ამოცანაა სოჭის ოლიმპიადის წინ საფრთხეების მინიმილიზაცია მოახდინოს. მაქსიმალურად შეეცდება მშვიდობის შენარჩუნებას. საზღვრები ჩაკეტილია და სულ მალე გალელები დადგებიან არჩევნის წინაშე _ ან დარჩნენ აფხაზეთში, ან გადმოვიდნენ აქეთ. საქართველო-აფხაზეთის საზღვარი ნელ-ნელა სახელმწიფო საზღვრის დონის ხდება.

_ ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, რატომ არის შეწყვეტილი აფხაზეთში პასპორტიზაციის პროცესი?

_ რა თქმა უნდა, არჩევნების წინა პერიოდის გამო. ვინც ფორმები შეავსო, ახლა მხოლოდ ისინი იღებენ პასპორტს. პასპორტების გაცემა კი არა, შესაბამისი ფორმების გაცემაა დროებით შეწყვეტილი. გალის რაიონის 60 ათასი მოსახლიდან აფხაზური პასპორტი მხოლოდ 5 ათას მოქალაქეს აქვს აღებული. ახალი დადგენილებით კი არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ აფხაზური პასპორტის მქონე პირს შეუძლია. გალელები თუ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, ისინი მაინც ბაღაფშს მისცემდნენ ხმას. ქართული მოსახლეობის გამოთიშვით კი დააკმაყოფილეს ოპოზიციის შიშები, რადგან ბაღაფში არჩევნებს ისედაც იგებს. ის აფხაზებში გმირია, რომელმაც მათ კოდორის ხეობა შემოუერთა, ამის წარმოდგენას აფხაზები ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი ვერ შეძლებდნენ, ბაღაფშის პრეზიდენტობას დაემთხვა, ასევე, აფხაზეთის აღიარება რუსეთის მიერ... ალბათ, აფხაზეთში არჩევნების დასრულების შემდეგ ისევ განახლდება პასპორტიზაციის პროცესი, რაც თავისთავად სწორი ნაბიჯი იქნება და ხელს შეუწყობს შემდგომში ქართველებისა და აფხაზების დაახლოებას.

_ რუსეთისთვის რომელი კანდიდატია მისაღები _ ბაღაფში, ხაჯიმბა თუ ბუთბა?

_ ბესლან ბუთბა (ვალმერ ბუთბას ბიძაშვილი. ავტ.) რუსეთისთვის არ არის მისაღები კანდიდატი. ის უბრალო ბიზნესმენია. მაგრამ რუსებისთვის მისაღებია ხაჯიმბაც და ბაღაფშიც. ბაღაფშის მხარეს არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მედვედევის გუნდი, ხაჯიმბას მხარეს _ შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროება და პუტინის გუნდი. ამიტომაც აფხაზეთის ტერიტორია დღეს იქცა რუსეთის ტერიტორიად და იქ რუსეთის სხვადასხვა პოლიტკური ძალა ეჯახება ერთმანეთს.

რუსეთი ყველანაირად ეცდება აფხაზეთში სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს. აფხაზებსაც სურთ, რომ მსოფლიოს აჩვენონ დემოკრატიული სახელმწიფო და იტყვიან _ ნახეთ, ჩვენ როგორ განვსხვავდებით ქართველებისგან, ჩვენ ჩავატარეთ სამართლიანი აჩევნები. მსოფლიოს ეტყვიან _ აი, საქართველო და აი, აფხაზეთი. ეს არჩევნები იქნება სანიმუშოდ დადგმული სპექტაკლი.

_ რამდენად რეალურია გალის სამხედრო ქალაქად ქცევის პერსპექტივა?

_ აბსოლუტურად რეალურია და ასეც მოხდება. გალი გახდება რუსული სამხედრო ქალაქი. იქ იქნებიან რუსი ოფიცრები, ჩამოიყვანენ თავიანთ ოჯახებს, გალის სკოლებში ასწავლიან რუსი ოფიცრების ცოლები და სამწუხაროდ, გალი გახდება რუსული ქალაქი. ქართველი ბავშვები ისწავლიან რუსულ სკოლებში, მათ გაეხსნებათ გზა რუსეთის უნივერსიტეტებში და მოხდება გარუსება. ეს არის ძალიან სერიოზულ საშიშროება.

_ ბატონო პაატა, თქვენ ურთიერთობები გაქვთ აფხაზებთან. რას ფიქრობენ ისინი ჩვენთან ერთად ცხოვრებაზე, ურთიერთობების აღდგენაზე და ა.შ.

_ მათ მიაჩნიათ, რომ ქართველებთან უკეთ იქნებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველომ არაფერი გააკეთა ამისათვის. ისინი ამბობენ, რომ ამაზე საუბარი დღეს დაგვიანებულია, ჩვენ რუსებმა ჩაგვყლაპესო. მათთვის საბჭოთა კავშირი დადგა. ისინი ამბობენ, საქართველოდან არის მუქარები და ომი, რუსეთიდან კი _ ამ საფრთხეების მოცილება. ცუდ რუსეთსა და ცუდ საქართველოს შორის მათ ცუდი რუსეთი უსაფრთხოების სანაცვლოდ აირჩიეს. მაგრამ ჩვენ შევთავაზეთ მათ სხვა რამე? მივეცით უკეთესი გამოსავალი? ისინი დღეს ვერავითარ აზრს ვერ ხედავენ, რომ საქარველოს სახელმწიფოსთან ითანამშრომლონ.

_ ბოლო დროს ბევრს საუბრობდნენ ახალ რუსულ-ქართულ ომზე, რამდენად რეალურია ახალი ომი?

_ ამას რუსები არ დაუშვებენ. საქარველოს ხელისუფლებას აწყობს, რომ საზოგადოებაში შექმნას განწყობა, თითქოს ომია მოსალოდნელი, მაგრამ ამის საშიშროება ნამდვილად არ ჩანს. რისთვის აწყობს რუსეთს ახლა ომი, მან ხომ ყველაფერი მიიღო და საქართველო აქცია ინვალიდ სახელმწიფოდ. მას ყველაზე მეტად ეშინოდა, რომ საქართველო არ გამხდარიყო ნატოს წევრი. მორჩა, ამაზე საუბარი აღარაა. ყველამ დაიბანა ხელი ჩვენთან დაკავშირებით და თქვა, რომ ნატოში შესვლის უფლება გაქვთ, მაგრამ გახდით ნატოს შესაბამისი ქვეყანა. ნატოს შესაბამისი ჩვენ ვერ გავხდებით, სანამ კონფლიქტს ვერ მოვაგვარებთ. ნატო ვერ მიგვიღებს ჩვენ რუსული ბაზებით და ა.შ. ან ჩვენ უნდა დავთმოთ ტერიტორიები, ან არ მიგვიღებენ ნატოში. მე არ მინდა ისეთ ნატოში შესვლა, სადაც ტერიტორიები უნდა დავთმო.

პაატა ლაგვილავა

No comments:

Post a Comment