Friday, November 20, 2009

ლოთი ქობალიას ბრალეულობა ბაბუშერას ტრაგედიაში

პაატა ლაგვილავა
ვახტანგ (ლოთი) ქობალიას პოლიტიკურმა გააქტიურებამ მის მიმართ ინტერესი ისევ გააჩინა. ქობალიას შესახებ ბოლო პერიოდში ბევრი დაიწერა პრესაში. ის 1996 წელს სამშობლოს ღალატისთვის, სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობთ გაფლანგვისა და ჟურნალისტ დავით ბოლქვაძის მკვლეობისათვის გაასამართლეს. `თავისუფალი სიტყვის~ წინა ნომერში ჟურნალისტის მკვლელობის ახალ დეტალებსა და მოწმეების ჩვენებებზე გიყვებოდით. ქობალია ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში მკვლელობას უარყოფდა, მაგრამ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ფაქტები სულ სხვას ამტკიცებდა. ლოთი ქობალია ჩვენთან საუბარში ამბობდა, რომ ბოლქვაძის მკვლელის ვინაობა იცის, მაგრამ არ ამბობს. ლოთი ქობალიას პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ უკვე ღიად იხსენებენ კრიმინალურ ისტორიებს, სადაც მთავარი მოქმედი გმირი სწორედ ყოფილი სარდალია. ქობალიას სამხედრო-პოლიტიკურ შეცდომებთან ერთად 1993 წელს სოხუმის დაცემის შემდეგ დევნილებისთვის ენგურის ხიდის ჩაკეტვასა და აფხაზებთან კავშირშიც სდებენ ბრალს.
სამოქალაქო ომის დროს ლოთი ქობალიას სახელს ბაბუშერას ტრაგედიას, აფხაზებთან და ჩეჩნებთან კავშირს, ფოთის ბანკის ძარცვას და არაერთ სკანდალურ ისტორიას უკავშირებენ. ლოთი ქობალიას ანტიქართულ ქმედებაში ბრალს მიცვალებულთა გადმოსვენების კომისიის ხელმძღვანელი ბელა ზალდასტანიშვილი სდებს. ზალდასტანიშვილს აფხაზეთის კონფლიქტში 2 შვილი და 2 ძმა დაეღუპა. ბელა ზალდასტანიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მისი შვილების და ძმების სისხლი ლოთი ქობალიას აწევს კისერზე _ `ჩემი შვილები და ძმები 20 სექტემბერს (1993 წელი ავტ.) მიდიოდნენ აფხაზეთში, მებრძოლებისათვის იარაღი და ჰუმანიტარული დახმარება შეჰქონდათ. ზუგდიდიდან შედიოდნენ სოხუმში, იქ კი ლოთი ქობალიამ და თენგიზ კიტოვანმა ენგურზე გზა დაუკეტეს და არ შეუშვეს. ისინი იძულებულები შეიქნენ თბილისში მობრუნებულიყვნენ და 22 სექტემბერს თბილისიდან თვითმფრინავით წავიდნენ აფხაზეთში. მერე იცით, რომ ეს თვითმფრინავი ბაბუშერაში ააფეთქეს კიდეც. ჩვენები რომ თბილისში ჩამოვიდნენ, თქვეს, ქობალიას და კიტოვანს `ნივის~ `კაპოტზე~ ჰქონდათ სუფრა გაშლილი და ქეიფობდნენო. მათ რომ ეს ვაჟკაცები გაეშვათ, ბაბუშერას ტრაგედია არ იქნებოდა. ქობალია ქართველების დასახმარებლად წასულ მებრძოლებს არ უშვებდა, გზაზე ხვდებოდა, იარაღს ართმევდა და აფხაზეთის ომის დროს მტრის საქმეს აკეთებდა. ეგ ქობალია პოლიტიკურად კი არ უნდა გააქტიურდეს, მაგი უნდა იყოს მიწაში ამდენი ახალგაზრდის მკვლელობისათვის. ქობალია მოღალატეა, ასე რომ არ იყოს, ქართველებს ქართველების დასახმარებლად გაუშვებდა.~
ბელა ზალდასტანიშვილი ამბობს, რომ ლოთი ქობალიას დამსახურებაა არა მარტო ბაბუშერას, არამედ ჭუბერის ტრაგედიაც. ზალდასტანიშვილი თვლის, ქობალიას რომ ცენტრალური ხიდით აფხაზეთიდან დევნილები გადმოეშვა, ისინი ფეხით სვანეთიდან არ გადმოვიდოდნენ და შესაბამისად, არც იმ სიცივეში გაიყინებოდნენ _ `ჭუბერის ისტორია მისი ბრალია. იქ გაყინული თოთო ბავშვების ცოდვა მას აწევს. რატომ აყაჩაღებდა და რატომ არ უშვებდა ამ გასაცოდავებულ ადამიანებს? წარმოგიდგენიათ, დევნილები აფხაზეთიდან გამოყარეს, შეშინებული ხალხი სიცივეში მორბოდა, შენ კი გზა გაქვს ჩაკეტილი და არ უშვებ. ვინც გადმოუშვა, რაც კი მოჰქონდათ წაართვა, გაძარცვა და ისე დატოვა. შევარდნაძის სიძულვილის გამო მან უბრალო ხალხი გაწირა. როგორც უნდოდა, ისე დათარეშობდა და რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა. ახლა კი ამბობს, საქართველოსთვის არასოდეს მიღალატიაო. ეს თუ ღალატი არაა, მაშინ ერთგულებას რა უნდა დავარქვათ?!~
რატომ ჩაუკეტა გზა ლოთი ქობალიამ აფხაზეთიდან დევნილებს, რა კავშირი აქვს მას ბაბუშერას ტრაგედიასთან, ან რატომ ჰყავდა ყოფილ სარდალს სოხუმის დაცემის შემდეგ სამეგრელოში აფხაზური ბატალიონი, ამ შეკითხვებით ჩვენ ლოთი ქობალიას მივმართეთ. პირველი კითხვა, რაც ქობალიას დავუსვით, სწორედ ბაბუშერას ტრაგედიას ეხებოდა. კითხვამ ყოფილი სარდალი გააღიზიანა და აგრესიულად გვიპასუხა _ `რომელი ერთი არ გადავუშვი? მიპასუხე! რომელი მიდიოდა სოხუმისკენ და რომელი არ გადავუში? მითხარი!~ ამის შემდეგ ქობალიას ზალდასტანიშვილები და 1993 წლის 20 სექტემბერი გავახსენეთ _ `არა, მე ყველას ვუშვებდი, ენა ყველაფერს იტყვის და ეს ადამიანები საუბრობენ ისე, როგორც თვითონ უნდათ. როგორ გეკადრებათ, რომ რომ მე ვინმე მებრძოლი აფხაზეთში არ გადამეშვა? ეგ აბსურდია. ერთი კაცი დამიდგეს ვინც მეტყვის, რომ მე აფხაზეთის მიმართულებით არ ვატარებდი ხალხს და კაცურ სიტყვას გაძლევთ, თავს მოვიკლავ.~ ლოთი ქობალიას მომხდარი რომ უკეთ გაეხსენებინა, ენგურის ხიდთან `ნივის~ საბარგულზე კიტოვანთან ერთად გამართული ქეიფი შევახსენეთ, `ქეიფი რა არის, ვერ გავიგე? რა, ლოთი რომ მქვია, იმიტომ ვქეიფობდით, თუ რაშია საქმე?~ _ გაბრაზებულად მიპასუხა ქობალიამ.
კითხვაზე, თუ რატომ არ ატარებდა დევნილებს ცენტრალურ ხიდზე, ქობალია გვპასუხობს: `რა გითხრათ ამაზე! რა, დევნილებმა იცოდნენ, ენგური ჩაკეტილი რომ იყო და იმიტომ წავიდა ეს ხალხი ჭუბერით? იმ პერიოდში კინდღი ჰქონდათ დაკეტილი და ენგურამდე როგორ მოვიდოდნენ?~ ლოთი ქობალიას ხიდის გადაკეტვის ფაქტი არ უარყვია, მაგრამ ჭუბერის მოვლენებში მისი ბრალეულობა უარყო. თუმცა, რატომ ჰქონდა რუხის ცენტრალური ხიდი ჩაკეტილი, ყოფილი სარდალი არ გვპასუხობს.
დავით ბოლქვაძის ოჯახის განცხადებით კი ქობალიამ ჟურნალისტი იმიტომ მოკლა, რომ დათომ ხობის ცენტრში ლოთი ქობალიას გვერდით აფხაზი ჯარისკაცები და ტანკები `აფსნის~ წარწერით გადაიღო. კითხვაზე, თუ რატომ ჰყავდა სარდალ ქობალიას სოხუმის დაცემის შემდეგ, 1993 წლის 28 ოქტომბერს, ხობში აფხაზები, გვპასუხობს _ `მე არ ვმალავ, იყო ასეთი შემთხვევა. აფხაზების ერთი ბატალიონი მყავდა, რომელიც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის.~ ქობალიას ჩავეკითხეთ _ 1993 წელს აფხაზური ბატალიონი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი? რაზეც გვიპასუხა _ `დიახ!~ ქობალიამ ისიც გაიხსენა, რომ მის გვერდით მყოფ აფხაზურ ბატალიონში მაშინ 250-მდე აფხაზი სამხედრო ირიცხებოდა. კითხვაზე, იცოდა თუ არა ზვიად გამსახურდიამ აფხაზების ბატალიონის გადმოყვანაზე, თუ ეს თვითონ გადაწყვიტა, ლოთი ქობალია გვპასუხობს, რომ პრეზიდენტმა გამსახურდიამ ამის შესახებ ყველაფერი იცოდა.

No comments:

Post a Comment