Friday, November 20, 2009

საგარეო საქმეთა სამინისტროს დასტური "რუსთავი 2" -ის მორიგ ტყუილზე


პაატა ლაგვილავა


10 ნოემბერს `კურიერის~ 6-საათიანი გამოშვება საგანგაშო ინფორმაციით დაიწყო. საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ქეთი კვაჭანტირაძემ საზოგადოებას ანაკლიელი მეთევზეების გატაცების შესახებ ამცნო. წამყვანი იუწყებოდა, რომ `რუსმა ოკუპანტებმა ანაკლიიდან ორი მეთევზე გაიტაცეს. ჭაბუკა ოღლი და გია გაბელია ფიჩორთან ახლოს თევზაობდნენ, როცა მათ რუსი სამხედროები დაესხნენ თავს. მეთევზეებმა გაქცევა სცადეს, თუმცა ოკუპანტებმა სამხედრო კატარღებით ალყაში მოიქციეს და ოჩამჩირის მიმართულებით წაიყვანეს~ (წამყვანის მიერ 10 ნოემბერს, 18:02 წუთზე წაკითხული ტექსტი) ერთი დღის დაგვიანებით იგივე გაიმეორა `პირველმა არხმა.~ 11 ნოემბერს 12-საათიან `მოამბეში~ წამყვანმა აღნიშნა, რომ მეთევზეები სოფელ ანაკლიაში აიყვანეს.
`რუსთავი 2~-ში გასული ინფორმაცის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქართველი მეთევზეების დაკავების შესახებ უწყების ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა: `საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კერძოდ ანაკლიის მიდამოებში, თევზის რეწვის დროს, რუსეთის საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლებმა გაიტაცეს საქართველოს ხუთი მოქალაქე. მათ წაუყენეს ბრალდება უკანონო თევზჭერაში.
ამგვარად გრძელდება რუსეთის უკიდურესად სახიფათო და ბინძური პროვოკაციების ჯაჭვი, რომლებმაც ადამიანებზე ნადირობის გამოკვეთილი ფორმა მიიღო.
კრემლი არ ერიდება ამგვარი მეთოდების გამოყენებას, რათა უკიდურესად დაძაბოს სიტუაცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე და შექმნას ყველა წინაპირობა კონფლიქტის ცხელ ფაზაში გადაყვანის მიზნით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მკაცრ პროტესტს რუსეთის საოკუპაციო ჯარების ქმედებათა გამო და მოითხოვს გატაცებულ საქართველოს მოქალაქეთა დაუყოვნებლივ დაბრუნებას.
სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას მისცეს ადეკვატური შეფასება და მიიღოს სათანადო ზომები რუსეთის იმ დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად, რომლებიც კრემლის აგრესიული გეგმების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ~ (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე 11 ნოემბერს გამოქვეყნებული განცხადება).
საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებიდან რამდენიმე ხანში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს აფხაზეთის განყოფილების პრეს-სამსახურის უფროსმა ვასილ მალაევმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში საქართველოს მოქალაქეთა დაკავების ფაქტი უარყო და დასძინა, რომ რუსი მესაზღვრეები და მათი ხომალდები აფხაზეთის საზღვაო საზღვარს იცავენ და საქართველოს მიერ დასახელებულ ტერიტორიაზე, ანუ ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიასთან, არ ყოფილან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და `რუსთავი-2-ის~ ინფორმაციით, მეთევზეები ქართველი სამართალდამცავების მიერ კონტროლირებად ანაკლიის ტერიტორიაზე დააკავეს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა, თუ `რუსთავი 2~-ზე დაყრდნობით გააკეთა განცხადება, უცნობია. თუმცა, ერთი რამ ცნობილია, ქართველი მეთევზეები არა ანაკლიის ტერიტორიაზე, არამედ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ფიჩორთან დააკავეს. ამასვე ამტკიცებენ გატაცებიდან ორი დღის შემდეგ განთავისუფლებული მეთევზეებიც. გატაცებული ჭაბუკა ოღლი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს: _ `ჩვენ ვთევზაობდით აფხაზეთის ტერიტიორიაზე, მერე მოვიდა რუსების გემი, შეგვამოწმეს, ნაპირზე გადაგვიყვანეს და ოჩამჩირეში წაგვიყვანეს. არავითარი ცემა-ტყეპა არ იყო, ყველანი კარგად გვექცეოდნენ.~
`რუსთავი 2~-მა დაკავებული ჭაბუკა ოღლის და გია გაბელიას განთავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ დაკავებულების ოჯახებს ეგრეთწოდებული საზღვრის გადაკვეთის ჯარიმის გარდა, რუსმა ოკუპანტებმა 1000-1000 დოლარი გადაახდევინეს. `რუსთავი 2~-ზე გასული ეს ინფორმაცია დაკავებულების ოჯახის წევრებმა უარყვეს და ჩვენთან საუბარში თქვეს, რომ მხოლოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთისათვის განკუთვნილი ჯარიმა გადაიხადეს და ის 200 ლარის ექვივალენტს შეადგენდა რუსულ რუბლში.
უცნობია, რატომ ცდილობს ნაციონალური ტელემედია და ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყება კონფლიქტურ რეგიონში სიტუაციის დაძაბვასა და პროვოცირებას. ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები ქართველები ჩვენთან საუბარში ხშირად აღნიშნავენ, რომ მსგავსი სიტუაციები ყველაზე მეტად მათ აზარალებთ.

No comments:

Post a Comment