Friday, November 20, 2009

ბიუჯეტი ჯარიმებით ივსება

ბოლო პერიოდში საგადასახადოს მირ დაჯარიმებული მეწარმეების რიცხვი დღითიდღე მატულობს, რომელთაც სახელმწიფო ედავება იმას, რაზეც წლების მანძილზე არ შედავებია. ამიტომაც ეს ადამიანები ნებით თუ უნებლიედ, მიჩვეულნი იყვნენ მსგავს გარემოში მუშაობას და ერთბაშად საგადასახადო წნეხის გაძლიერებამ ბევრი ეჭვი წარმოშვა. მეწარმეები მიიჩნევენ, რომ საგადასახადოს გააქტიურება ბიუჯეტში არსებულმა დეფიციტმა გამოიწვია.
ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ საგადასახადო მიმართავს სამაოდ `დაუნდობელ~ პოლიტიკას, რასაც ადრე არასოდეს მიმართავდა. რეგიონული ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის, აკაკი სონგულიას თქმით, ეს გააქტიურება საგადასახადოს მუშაობის დახვეწასთანაა დაკავშირებული. _"სხვადასხვა სახის ჯარიმებია, საკონტროლო სალარო აპარატის დადგმა-გამოყენებაზე, აღურიცხავ სასაქონლო-მატერიალურ ღირებულებაზე, დოკუმენტის გარეშე ვაჭრობაზე და ა.შ. გადასახდების დამალვა ჯარიმას ყოველთვის ითვალისწინებდა, მაგრამ თუ აღსრულება არ ხდებოდა, ეს სხვა საკითხია. ყველა ზემოაღნიშნული დარღვევა `შავი ფულის~ კეთების გზაა,"_აცხადებს სონგულია.

საგადასახადო მეწარმეებს ედავება და აჯარიმებს ყველა წვრილმანზე. ასე მაგალითად 500-ლარიანი ჯარიმა ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონეს მხოლოდ იმიტომ გამოუწერს, რომ სალაროს ქვითრებსა და გაყიდულ პროდუქციას შორის 20-თეთრიანი სხვაობა დაფიქსირდა. ერთ-ერთმა ინდმეწარმემ ჯარიმა იმიტომ მიიღო, რომ ქვითარი სალარო აპარატიდან, პროდუქტების ცელოფნის პარკში ჩალაგების მერე ამოიღო.
ქალაქში თითქმის არაა დაუჯარიმებლად დარჩენილი მაღაზია, ხოლო ვინც დარჩენილია გამუდმებით დაჯარიმების მოლოდინშია. მაღაზიის მეპარონეთა თქმით, ფოთში ზუგდიდელი ინსპექტორები დადიან და აჯარიმებენ განურჩევლად ყველას. ჩვენ დავინტერესდით რატომ მაინცდამაინც ზუგდიდელები და აღმოჩნდა, რომ, რათა გამოირიცხოს ახლობლობის გამო `შეწყალების~ მომენტები ზუგდიდელი ინსპექტორები ფოთში არიან მომაგრებული, ფოთელებს კი ზუგდიდის ინდმეწარმეების დაჯარიმება ევალებათ.

საგადასახადოს ერთ-ერთმა თანამშრომლმა პირად საუბარში გაგვიმხილა, რომ მათ დავალებული აქვთ, რაც შეიძლება მეტი საწარმო დააჯარიმონ და ამ გზით ბიუჯეტს ფული შემატონ, რადგან, მისი თქმით, ბიუჯეტს უჭირს. კითხვაზე მათ ამისათვის ეძლევათ თუ არა რაიმე ბონუსები ან პრემიები, მან გვითხრა, რომ წინასწარ ამის შესახებ არავის არაფერი უთქვამს მათთვის, მაგრამ მაინც ცდილობენ რაოდნობრივად ბევრი ჯარიმის გამოწერას, რადგან იმედია, ზემდგომები თვის ბოლოს ნაშრომ-ნაღვაწს დაუფასებენ. რაც შეეხება ამ კრიზისის ჟამს მცირე მეწარმისთვის სახელმწიფოს მიერ შეღავათის გაწევას, საგადასახადო ინსპექტორმა გვიპასუხა: მეც მეცოდება ეს ხალხი, მაგრამ რა ვქნა, ასეთი ბრძანება გვაქვს. რომ არ შევასრულო, დამიჭერენ და ცოლ-შვილს მერე ეს მაღაზიები მირჩენენო?

No comments:

Post a Comment