საფეხბურთო გუნდი "ფოთის კოლხეთი” 2006 წელს საფეხბურთო სკოლების კონტინგენტისგან ჩამოყალიბდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ზაზა ინიაშვილი იყო, დახმარებას უწევდნენ ნუგზარ მთვარაძე და დათო მახარაძე, მეკარეებთან მუშაობდა მამუკა გვასალია. როგორც ცნობილი გახდა, გუნდს ახალი წლიდან ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ “ბაიას” მწვრთნელი ბესო შეროზია უხელმძღვანელებს. ხელშეკრულება კლუბ `კოლხეთის~ ხელმძღვანელობასა და შეროზიას შორის უახლოეს მომავალში გაფორმდება. კონკრეტულად როდის შეუდგება საქმიანობას ახალი მწვრთნელი, ამის შესახებ ინფორმაციას არც კლუბში, არც თვითმმართველობაში და არც სპორტის სამსახურში არ ფლობენ. ერთადერთი, რაც ყველა მათგანმა იცის ისაა, რომ ახალი მწვრთნელის დანიშვნა სამეგრელო_ზემო სვანეთის რწმუნებულის, ზაზა გოროზიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა, თუმცა ისინი ამის შესახებ ხმამაღლა საუბარს ერიდებიან.
დღეისათვის `კოლხეთის' შემადგენლობა ასეთია: გიზო შენგელია, პაატა ცხვიტარია, ლაშა გოგონაია, ლაშა გვალია, ლევან გულუა, გიორგი ლემონჯავა, ირაკლი მოისწრაფიშვილი, ვლადიმერ ჯოჯუა, ლევან თედიაშვილი, ედუარდ ფარცვანია, დათა ციცხვაია, ირაკლი მალიჩავა, დათა სიჭინავა, მანუჩარ წიქარიშვილი, ამირან გეგელია, ბორის გელაჭეიშვილი, გელა ციკოლია. ამჟამად გუნდი პირველ ლიგაში თამაშობს და მისი შენახვისათვის წელიწადში 300 000 ლარი იხარჯება. გუნდი თანადაფინანსებით _ 70/30-ზე _ ფუნქციონირებს. 2009 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფოთის კოლხეთისთვის გამოყოფილ იქნა 210 000 ლარი, დანარჩენ 30%-ს შპს `კოლხეთი” თავად იხდის. კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი აკაკი ბარქაიაა. დაფინანსების ძირითადი ნაწილი მომუშავე პერსონალის ხელფასებზე, პრემიებსა და ინვენტარის შესაძენად იხარჯება.
`ფოთის კოლხეთის” სატურნირო მდგომარეობა არასახარბიელოა _ მესამე ადგილი 29 ქულით, მათ 4 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფი ბათუმის `დინამო” და 5 ქულით პირველ ადგილზე გასული ქუთაისის `ტორპედო”.L`წარუმატებლობის მიზეზი არასათანადო პირობები, არარსებული ინფრასტრუქტურა, დაბალი ანაზღაურება, დაგვიანებული ხელფასები და პრემიებია," _ აცხადებს `კოლხეთის~ ყოფილი მწვრთნელი ზაზა ინიაშვილი.
სტადიონი თვითმმართველი ქ. ფოთის მერიის სპორტის სამსახურის ბალანსზეა რიცხული და შესაბამისად, ისინი აგებენ პასუხს სტადიონის კეთილმოწყობაზე. თუმცა, აქ ინფრასტრუქტურა მოშლილია, სტადიონი არ შეესაბამება სტანდარტებს და უმაღლესი ლიგის თამაშების გასამართად ლიცენზიას ვერ მიიღებს. ინიაშვილს მიაჩნია, რომ გუნდის გასაძლიერებლად ფეხბურთელს ელემენტარული პირობები უნდა შეექმნას. წვრთნები მთავარ მინდორზე არ უნდა ტარდებოდეს, უნდა იყოს სათადარიგო მინდორი, უკეთესი ინვენტარი, გუნდს უნდა შეეძლოს წასვლა შეკრებებზე. `კოლხეთს~ არ ჰყავს ავტობუსი, ფეხბურთელთა ანაზღაურება 150-დან 300 ლარამდეა, თანხის ოდენობა განისაზღვრება ოსტატობის მიხედვით. როგორც მერიის სპორტის სამსახურის უფროსმა ზურაბ ტიბუამ განგვიცხადა, მომავალი წლიდან საბიუჯეტო დაფინანსების რამდენიმე ათასით გაზრდას ელოდებიან. კლუბში ფიქრობენ, რომ პირობების გაუმჯობესებასთან ერთად წარმატებაც მოვა და ახალი მწვრთნელიც შეძლებს უკეთესი შედეგის მიღწევას. კლუბში ამჟამად მომუშავე პერსონალი აზრის გამოთქმისგან თავს იკავებს, რადგან მიაჩნიათ, რომ პროტესტის გამოხატვას აზრი არა აქვს, ყველაფერი სხვაგან, მათ გარეშე წყდება. თუმცა, მზად არიან ითანამშრომლონ ახალ მწვრთნელთან და გააგრძელონ თავდაუზოგავი შრომა გუნდის წინსვლისათვის. საკრებულოს წევრის მიხეილ ფირცხალავას თქმით, ახალი მწვრთნელის ჩამოყვანა მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება `ფოთის კოლხეთს,~ რადგან ბესო შეროზიას მწვრთნელობის პერიოდში ზუგდიდის საფეხბურთო კლუბი “ბაია” უმაღლეს ლიგაში თამაშობდა. `ცუდს ვერ ვხედავ იმაში, რომ ზუგდიდელი მწვრთნელი ჩამოდის ფოთში სამუშაოდ. ინგლისში ბრაზილიელი მწვრთნელი ჩამოიყვანეს, თუმცა, მთელ მსოფლიოს ინგლისელები წვრთნიან. ჩვენი და ალბათ ყველას მთავარი მიზანია, გუნდი გადავიდეს უმაღლეს ლიგაში. რა თქმა უნდა, არავინ ამბობს იმას, რომ ქალაქში კადრი არ მოიძებნებოდა, მაგრამ არც სხვა ქალაქიდან ჩამოყვანაში ვხედავ ტრაგედიას, მით უმეტეს, არანაირი შემცირება ან რაიმე სერიოზული ცვლილება-გადაადგილება არ იგეგმება. ყოფილი მწვრთნელი რჩება გუნდის უფროსად. იგეგმება მხოლოდ სტადიონის სრული რეაბილიტაცია, საწვრთნელი ბაზის რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც უნდა მოხდეს გუნდის გადაყვანა უმაღლეს ლიგაში,” _ აცხადებს ფირცხალავა.
ფირცხალავასეული შედარებები ბრაზილია-ინგლისისა და ფოთი-ზუგდიდის ანალოგებით, სულ ცოტა, უხერხულობის შემცველია. მით უმეტეს მაშინ, როცა თავად `ბაია" ამჟამად დაშლის პირასაა და მის წარმატებას თავის დროზე მხოლოდ ამჟამინდელი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ბიზნესმენ ზვიად სიჭინავას სოლიდური დაფინენსება განაპირობებდა. გამოდის, რომ გუნდის წარმატება მწვრთნელის ოსტატობაზე მეტად დაფინანსებაზეა დამოკიდებული. თუკი ადგილობრივ გუნდს ექნებოდა თვითკმარი დაფინანსება და ამ პირობებში ვერ ითამაშებდა გუნდი წარმატებულად, შესაძლოა, ამ შემთხვევაში დამდგარიყო დღის წესრიგში სხვა მწვრთნელის ჩამოყვანის აუცილებლობა. თუკი მომავალში აქცენტი კვლავ დაფინანსებაზე არ გაკეთდება, შესაძლოა, იმედგაცრუების დრო მალე დაგვიდგეს. თუმცა, მაინც რთულია წინასწარ იმის განსაზღვრა, მიიღწევა თუ არა მოკლე ვადებში წარმატება, მაგრამ ამ საახალწლოდ ჩვენც ოპტიმისტური განწყობა შევიქმნათ და ვირწმუნოთ, რომ შემდგომ წელს ჩვენი ქალაქის გუნდს უმაღლეს ლიგაში აუცილებლად ვიხილავთ.
Eელზა შონია.
No comments:
Post a Comment