
მთელი წლის განმავლობაში პასიურად მყოფი ოპოზიცია წლის ბოლოს გააქტიურდა, რისი ერთადერთი მიზეზიც 2010 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებია. წლის ბოლო თვეს ფოთს ერთმანეთის მიყოლებით სტუმრობდნენ ოპოზიციის ლიდერები და სწორედ ამ დროს დაინტერესდნენ თავიანთი პარტიის საქალაქო ორგანიზაციის მუშაობით, მანამ კი ზოგ პარტიას ოფისიც არ ჰქონდა. თუმცა, ვისაც ჰქონდა, მუდმივად გამოკეტილი იყო და ქალაქში მათი არსებობის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცოდა.
რეგიონებში სტარტი "ეროვნულმა ფორუმმა” აიღო, რომელმაც ფოთში საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ დავით სარსანია მხოლოდ დეკემბერში წარმოგვიდგინა და "თანაქალაქელების სამსახურში და თქვენი ინტერესების გამტარებლად იგულეთო”, _ მოგვიწოდა. თუ არჩევამდე სარსანია თბილისში იყო და ფოთელებს სიტყვა არ მიუწვდებოდა, მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ იგი იტალიაში გაემგზავრა.
ამის შემდეგ, "ალიანსი საქართველოსათვის“ გაერთიანებულმა "რესპუბლიკურმა პარტიამ”, რომელმაც ახალმოსახლეობა _ ოფისისთვის ახალი ფართის აღება `იზეიმა”, პარტიის შიდა რეორგანიზაციის სამზადისი გვამცნო. როგორც გვითხრეს, დებულების თანახმად, შესაძლოა, დღესასწაულების შემდგომ ადგილობრივი ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე აირჩიონ. რესპუბლიკელი ლიდერების წასვლიდან პარტიის კარი ოც წუთში დაიხურა და ამ დრომდე დაკეტილია (გაიოზ ქინქლაძის განცახდებით, ოფისში დენის არარსებობის გამო) ისევე, როგორც ალიანსში შემავალი "ახალი მემარჯვენეების” ოფისისა. "ალაინსის” ფოთელი ლიდერი ირაკლი კაკულია თვების მანძილზე საკუთარი ბიზნესსაქმიანობით ყაზახეთში იმყოფებოდა და შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესებსაც გამოეთიშა.
საარჩევნოდ გაახსენდა და წინასარჩევნოდ დაინტერესდა ფოთში საკუთარი პარტიის მუშაობით "ქრისტიან დემოკრატების” ხელმძღვანელი გიორგი თარგამაძეც. საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლაშა ბერაიას, თხოვნა ოფისის გამოყოფასთან დაკავშირებით, მისმა ლიდერმა კარს მოახლოებული არჩევნების წინ დააკმაყოფილა. უფრო მეტიც, გიორგი თარგამაძემ ფოთის ქუჩებში ფეხით გაიარა და გამვლელ რიგით ფოთელებს გაესაუბრა, თქვენი კონკრეტული პრობლემები მაინტერესებსო.
წლის მიწურულს ფოთი ზურაბ ნოღაიდელის ინტერესების სფეროშიიც მოხვდა. ახლადდაფუძნებული პარტიის _ "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის”ადგილობრივი ორგანიზაციის პრეზენტაციასა და წარმომადგენლობის დანიშვნას ის თავად დაესწრო. ყველა პარტიის ლიდერებმა, რომლებიც ფოთს სტუმრობდნენ, შეხვედრის ადგილად მეორე საჯარო სკოლის ეზოში მდებარე სპორტსკოლა აირჩია, კონტროლი, ვის რამდენი მხარდამჭერი ჰყავს, დარბაზის მიხედვით იოლი გამოსაანგარიშებელია, თუმცა, ხელისუფლებამ დარბაზში ოპოზიცია შერჩევით შეუშვა. თუ `ეროვნულ ფორუმს” სპორტსკოლაში შეკრებაზე უარი ეთქვა, ნოღაიდელის პარტიისთვის დარბაზის კარი ღია აღმოჩნდა, რადგან ამ შემთხვევაში ხელისუფლებას თავად აინტერესებდა, საზოგადოების რა ფენა, რა რაოდენობის და კონკრეტულად ვინ იდგა მის გვერდით.
"მოძრაობა საქართველოსათვის” ფოთის ორგანიზაციის ხელმძღვანელად ლოთი ქობალიას თანამებრძოლი გია კორშია დაინიშნა. იგი 1978 წლის 19 თებერვალს ქ. ფოთში დაიბადა. სწავლობდა ფოთის ტექნიკურ სასწავლებელში, შემდგომ კი თბილისის სამხატვრო აკადემიაში, რომელიც, როგორც თავად ამბობს, აფხაზეთის ომის გამო ვერ დაამთავრა. 1989-1990 წ.წ. იბრძოდა ცხინვალსა და თამარაშენში. 1990 წლიდან მოყოლებული პარტიზანული დაჯგუფების მეთაურია.
კორშია ნოღაიდელის გვერდით ლოთი ქობალიას `მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის” სამეგრელოს ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ აღმოჩნდა. ლოთი ქობალია, რომელის სახელი 90-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს სამშობლოს ღალატს, არაერთ ტრაგედიასა და გახმაურებულ მკვლელობას, აფხაზებთან და ჩეჩნებთან კავშირს უკავშირდება, დღემდე კორშიას შეუცვლელი სარდალია. `ქობალია ჩემი სარდალი იყო 90-იან წლებში, მას ვემორჩილებოდი და დავემორჩილები მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, სანამ ვცოცხლობ, ის იქნება ჩემი ერთადერთი სარდალი,” _ აცხადებს კორშია, რომელსაც სხვა არაფერი აინტერესებს. მაგალითად, არ იცის, რა ნიშნით, პრინციპებით, გნებავთ, იდეოლოგიით გაერთიანდნენ ნოღაიდელი და ქობალია, რა საერთო ინტერესი ამოძრავებთ. მან მხოლოდ ის იცის, რომ `ნოღაიდელი მუშაობდა ამ ხელისუფლებაში, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებია. მაგას კაცი არ მოუკლავს, არ ჩამოუხრჩვია და ამიტომ შეიძლება აკეთოს საქმე, სხვა შეცდომები გამოსწორებადია”. განმსაზღვრელი, რა თქმა უნდა, ლოთის ფაქტორია და ისიც ქობალის დამცველად გვევლინება: `შევარდნაძის დროს ჩვენ ვიყავით ძებნილები, ყოველთვის საქართველოს და ლოთის გვერდით ვიყავით, მას არასდროს მოუტყუებია თავისი მეომრები”, _ აცხადებს კორშია და აღნიშნავს, რომ საქართველოში ყველა საომარ მოქმედებაში მონაწილეობდა, როგორც პროფესიონალი სამხედრო. კითხვაზე, ოფიციალურად სამხედრო სამსახურში მუშაობდა თუ არა, პასუხობს, `ყოველთვის კანონიერი დაჯგუფების გვერდით ვიყავი, მაგრამ იცით, როგორ? ქურდული მენტალიტეტი ხომ არსებობს, აი, ასეთი მებრძოლები, ჯარისკაცები ვიყავით”. როგორც თავად ამბობს, იყო რეზერვისტთა ბანაკშიც, რომელსაც` თამაშად” აფასებს. `მე ნამდვილ ომებში, დაუნდობელ ბრძოლებში მიმიღია მონაწილეობა, რეზერვი ჩემთვის თამაშია, მაგრამ გამომიძახეს და მაინც წავედი”.
`ქურდული მენტალიტეტის მებრძოლი~ პოლიტიკაში დილეტანტი აღმოჩნდა. ამბობს, რომ პარტიის პროგრამა საიდუმლოა, ისევე, როგორც დაფინანსება. ჩვენი განმარტების შემდეგ, რომ მოსახლეობამ პარტიას პროგრამისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად უნდა დაუჭიროს მხარი, დაფინანსება კი გამჭვირვალე უნდა იყოს, ამბობს, რომ მათი ძირითადი პროგრამა მერის არჩევნებია, დაფინანსება კი, როგორც საჭიროება მოითხოვს ისე ექნებათ. `ამჟამდ ოფისის ქირისთვის 600 ლარს ოფიციალურად ვიხდით, სამოძრაოდ 540 ლარი გვაქვს," _ განმარტავს კორშია და ამბობს, რომ ამ თანხაში მისი ხელფასი არ შედის, "ფულზე კი არ ვფიქრობ, საქმე უნდა გავაკეთო”. ქალაქის პრობლემებს იქედან გამომდინარე იცნობს, რომ `თვითონაც ამ ქალაქში ცხოვრობს”. როგორც თავად ამბობს, ძირითადად საარჩევნო ფუნქციებით მუშაობს, თუმცა საქმიანობას არ აკონკრეტებს. არ იცის, ვინ იქნება ნოღაიდელის გუნდი ფოთში, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა რომელიმე პოსტზე. `მე მარტო პარტიის ხელმძღვანელი ვარ, შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ,” _ აცხადებს იგი და არჩევნებში მონაწილე პარტიის სხვა წევრებს, ვინმე ტარიელ მიქავასა და ირაკლი ფაჩულიას ასახელებს. ჩვენს დაინტერესებაზე, ჰყავს თუ არა ფოთში ნოღადიელს მხარდამჭერები და არის თუ არა ყოფილი ზვიადისტები მათ გვერდით, `რა თქმა უნდა” _ გვპასუხობს და მხარდამჭერთა არსებობის დასტურად შევსებულ ანკეტებს გვაჩვენებს. პირადობის მოწმობის ასლითა და შევსებული ბლანკით, მიუხედავად პროგრამისა და სამოქმედო გეგმის არარსებობისა, მოქალაეები ნოღაიდელის პოზიციის მხარდაჭერას აფიქსირებენ. მათი რიცხვი ამ დროისთვის 289-ს შედაგენს.
"თავისუფალი სიტყვის”ინფორმაციით, გაწევრების სანაცვლოდ მათ პარტია 100 ლარს უხდის. ჩვენ ვესაუბრეთ კიდეც პიროვნებებს, რომელთა ნაწილმა თანხა აიღო და ნაწილი კი თანხის მოლოდინშია. ზოგმა ვინაობის გამხელისაგან თავი იმ მიზეზით შეიკავა, რომ შეიძლება თანხა ვერ მიეღოთ. როგორც მათ განუმარტეს, თანხის სანაცვლოდ, გარდა იმისა, რომ ბლანკები შეავსეს და პირადობის მოწმობის ასლები დატოვეს, კვირაში ერთხელ პარტიის ოფისში მისვლა ევალებათ. 100-100 ლარის დარიგების ფაქტი კორშიას არ უარყვია. "ამ ფულს თავიანთი სამუშაოსთვის ვაძლევთ, მარტო გაწევრებისთვის კი არა და ყველაფერი იურიდიულად გატარებული იქნება,” _ აცხადებს ის და არ აკონკრეტებს, ამ ეტაპზე რამდენ წევრზე გაიცა ეს თანხა. თუ მის მიერ წარმოდგენილ და აღრიცხულ ყველა წევრს გადაეცა, ჯამში თანხა 28.900 ლარს შეადგენს, რაც ახალდაფუძნებული პარტიისთვის არცთუ მცირე თანხაა.
კორშია ნოღაიდელის პარტიაში ლოთი ქობალაის ინიციატივითა და რეკომენდაციით საქმის გასაკეთებლად ადგილობრივ ხელისუფლებაზე განაწყენებული მისულა. ამბობს, რომ ამ ხელისუფლებას ბევრ რამეში დაეხმარა, მათ კი არაფრად ჩააგდეს. `აგვისტოს მოვლენების დროსაც გამომიძახა საღინაძემ. დარეჯან ცხვიტარია მოვიდა გვიან ღამით ჩემთან და მითხრა, რომ დავხმარებოდი. გამომყავდა დაჭრილები, დაღუპულები, მე და ჩემმა ბიჭებმა მთლიანად შევამოწმეთ პორტი. არჩევნებშიც დავეხმარე, მაგრამ რა შედეგი? ჩემი შექმნილი საგანგებო სიტუაციათა სამსახურიც შემდგომში სხვას მისცეს. მხოლოდ `ნაციონალისტებისთვის” არსებობენ და სხვა ხალხს ყურადღებას არ აქცევენ”, – აცახდებს კორშია.
იზა სალაყაია
No comments:
Post a Comment