
"თავისუფალმა სიტყვამ” განვლილი ერთი წელი და მუშაობის შედეგები 2009 წლის გაზეთების არქივის გადახედვით შეაფასა. საგაზეთო პუბლიკაციების მიხედვით, გასული წელი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა ჩვენი ჟურნალისტებისთვის. ამ ხნის განმავლობაში იყო როგორც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშემშლელი ფაქტები, ისე მუქარისა და პროვოკაციის მცდელობები. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ბოიკოტის რეჟიმში გვიწევდა მუშაობა, "თავისუფალმა სიტყვამ” არაერთი ჟურნალისტური გამოძიება, მოკვლევა და საბიუჯეტო მონიტორინგი განახორციელა. იყო ექსკლუზიური ინტერვიუები, ვწერდით პოლიტიკურად და ეკონომიკურად აქტუალური თემების დეტალებზე. ასევე, სოციალურ თემატიკასა და კულტურულ თუ სპორტულ წარმატებებზე. მკითხველს ვპირდებით, რომ მომავალი წელიც ასეთივე საინტერესო თემებით დახუნძლული გვექნება.
თუმცა, გადავწყვიტეთ ყოველივე ეს თავად მკითხველმა შეაფასოს, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი სტატიის ამონარიდი გავაკეთეთ და ჩვენ მუშაობის შედეგად ფაქტებს, მოვლენებსა და შემთხვევებს წლის `წოდებები” მივანიჭეთ.
წლის საუკეთესო `მკითხველი” _ ფოთის საავადმყოფოს დირექტორი ბადრი შედანია. მან ერთხელ "თავისუფალი სიტყვის” მთელი ტირაჟი შეიძინა, რადგან არ უნდოდა გახმაურებულიყო რესტორანში მისი ცემის ფაქტი.
"რატომ შეიძინა შედანიამ "თავისუფალი სიტყვის” მთელი ტირაჟი? რა სიბრიყვეა შედანია ბატონო?!”
"წინა ნომრისადმი ასეთი დაინტერესება იმთავითვე ერთ-ერთ სტატიას, სახელწოდებით _ "ფოთში ახალაიების თვალი და ყური რესტორანში ცემეს?” _ დავუკავშირეთ. შედანიას ამ საქციელმა შევარდნაძის ბოლო პერიოდი გამახსენა, როცა მთავრობა მისთვის არასასურველ ნომერს სუკ-ის დახმარებით ქსელიდან იღებდა. ახლაც ადრინდელი ხერხი უნდა გამოვიყენოთ და მასალა ხელახლა ვბეჭდოთ მანამ, სანამ თითოეული ფოთელი არ გაიგებს ახალაიების წარმომადგენლების ფოთურ ორგიებს” (`თ.ს” #12).
წლის ოპტიმისტური ინტერვიუ _ ინტერვიუ საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გუდავაძესთან
`ყველაფერი იქნება”
`ყველაზე ოპტიმისტური ინტერვიუ მიხეილ გუდავაძესთან, ბარაკ ობამას მიერ მსოფლიო კრიზისის გაღრმავების პროგნოზის შემდეგ”
`თ.ს.~ _ ბიუჯეტის პრიორიტეტით, ქალაქის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის, ფასადებისა და გზების (ჩაკერების) თემას ისევ ვერ გაცდა. კურიოზულია, როცა ამ კრიზისისა და დეფიციტის პირობებში სპორტული დარბაზის მშენებლობა კვლავ აქტუალურია
მ.გ. _ `ვისთვის სასაცილოა, ვისთვის არა. დამნახავი ადამიანი დაინახავს... სახანძრო მანქანებიც იქნება და დასუფთავებისაც. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა _ ეს არ არის ის პროექტი, რომ დღეს თქვა და ხვალ დაიწყოს. ამ ყველაფერს თავისებური ახსნა აქვს~ (?) (`თ.ს.” #12)
წლის განუხორციელებელი მუქარა _ საკრებულოს ექს-თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი დავით შურღაია მერის გვერდზე მოსმით იმუქრებოდა.
`რატომ იმუქრება შურღაია მერის გვერდზე მოსმით” ?
`შურღაია მისმა ენამ დაღუპა” _ მიაჩნია საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთ დროს ძალიან დაახლოებულ პირს. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ის ძალიან გადაეკიდა ზუგდიდელებს (იგულისხმება ახალაია-გოროზია), რის გამოც გამუდმებით ეკონფლიქტებოდა ქალქის მერს, ვანო საღინაძეს. კონფლიქტის მიზეზი, ამავე წყაროს თქმით, წილები იყო, რაშიც შურღაია გათვალისწინებული არ ჰყავდათ და მთელი `ალაფი”, საღინაძის შუამდგომლობით, ზუგდიდში მიემართებოდა... ქალაქში უკვე თითქმის ყველგან საუბრობენ საღინაძისათვის შურღაიას მიერ ციხიდან შემონათვალზე: `არაკაცურად ნუ იქცევა ვანო, თორემ გვერდზე მოვისვამო.” (“თ.ს.” #10)
წლის დაწუნებული პროექტი _ ფოთის რკინიგზის სადგურის შენობა
`პრეზიდენტის მიერ დაწუნებული ფოთის რკინიგზის სადგური და წყალში გადაყრილი მილიონები”
`ჩვენი ინფორმაციით, ფოთში ჩამოსულმა საქართველოს პრეზიდენტმა რკინიგზის ხელმძღვანელობას პროექტი დაუწუნა და ძველი შენობის მიმართ ყურადღების გამოჩენა მოსთხოვა. პრეზიდენტის მითითებამ ხელმძღვანელობას თავსატეხი გაუჩინა და პროექტი სასწრაფოდ შეიცვალა.” (`თ.ს.” #13)
წლის ჟურნალისტური გამოძიება _ ქართული ფარმაცევტული კომპანიების უკანონო საქმიანობასა და სახელმწიფოს მხრიდან მოშლილ კონტროლზე
`ფარმაციის ბნელი მხარე, ანუ ფარმა მაფია ქართულად”
`სახელმწიფოს მხრიდან ხარისხზე კონტროლი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ფარმაცევტული კომპანიები არიან წამლის შემომტანები, დისტრიბუტორები, დამამზადებლები, და ბოლოს _ მომხმარებლები, რადგან ჰოსპიტალური ქსელის გარკვეულ ნაწილს ფლობენ. ამ ბოლო დროს კი, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ნაცვლად კონკურენციის გაზრდისა, სახელმწიფომ მათ წამლის ხარისხის კონტროლის ექსკლუზიური უფლებაც გადასცა.
უკონკურენტო ფარმაცევტულ ბაზარზე სახელმწიფოს მხრიდან ხარისხზე კონტროლის არარსებობა, მედიკამენტების მიმართ სანდოობას ამცირებს და ფასებს კატასტროფულად ზრდის. დღეს საქართველოში ადამიანებმა არ იციან, რა წამლებს სვამენ და რამდენად ეფექტიანია ის მათი ჯანმრთელობისათვის~. (`თ.ს.” #16)
წლის გაბედული განცხადება _ გაკეთებული აგვისტოს ომის დროს მებრძოლი რეზერვისტების მიერ ომიდან 1 წლის თავზე
`რეზერვისტების მიერ 2008 წლის 8 აგვისტოს ღამის გახსენება”
`ჩვენ გაგვწირეს”
`ჩვენ იქ პატრონი არ გვყვდა. საკუთარი სახელმწიფოსაგნ განწირულები ვიყავით, მინდორზე დაყრილები. ფაქტობრივად, რეზერვისტები გაგვწირეს, ბიჭების სიცოცხლე იმ ომს შესწირეს, რომელიც, ყველამ იცოდა, რომ წაგებული გვქონდა (`თ.ს.” #17)
წლის გაქცევა _ საკრებულოს წევრ კახა სვანიძის ამერიკაში წასვლა
`გაქცევა ამერიკაში”
კ.ს. _ `კამათი იყო იმაზე, რომ კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი. ხმის ამოღება რომ დავიწყე, კაბინეტიდან ნარკოლოგიურში გამაქანეს, ეს ნიშნავდა, ჩუმად იყავიო... ჰოდა, ახლა ვარ ჩემთვის მშვიდად, დემოკრატიის ოაზისში” (“თ.ს.” #18)
წლის უცნაური სიყვარული _ თემურ წურწუმიას სიყვარული სტალინისადმი და ერთგულება ყველა პარტიას!
ყველა პარტია წურწუმიას ეკუთვნის
_ `სადაო არ არის, რომ სტალინი იყო უაღრესად მიზანსწრაფული, გაბედული, რკინისებური ლოგიკის და ნებისყოფის ადამიანი. თუ ამ თვისებებს ქართველი ბავშვიც გაითავისებს, ვფიქრობ ცუდი არ იქნება.”(`ფოთის მოამბე~, 1995 წელი) სტალინელობიდან „ნაციონალურ მოძრაობამდე“ წურწუმიამ ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა განვლო სტალინს იგი დღესაც, `უაღრესად საინტერესო პიროვნებად~ განიხილავს და მიაჩნია, რომ მას რთული და ტრაგიკული ბედი ჰქონდა.
მას ახლაც სჯერა, რომ სტალინის სახელი ერქვა, თორემ პარტიის წესდება, ნებისმიერ
დემოკრატიული პარტიის წესდებას მიესადაგებოდა, სადაც საუბარი იყო შერეულ ეკონომიკაზე, წესრიგის დამყარებაზე, დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და ა.შ. წურწუმია სტალინის დადებით თვისებებზე ახლაც აღტაცებით საუბრობს და მიიჩნევს, რომ მაშინ ეს საზოგადოება ქართველი ერის გამოსაღვიძებლად ფუძნდებოდა, რომელიც მაშინ ყველაფერს ეგუებოდა... `ვიქნები საქართველოს ნებისმიერი პარტიის
სამსახურში, რომელიც გაატარებს რეფორმებს, მოუტანს ქვეყანას სიკეთეს, დემოკრატიულ პროცესებს. ჩემი თვისებები დასჭირდა ხელისუფლებას და მეც, რა თქმა უნდა, არ მითქვამს უარი. სანამ ეს ნდობა იქნება, ყველაფერს გავაკეთებ.“
P.შ. შენ რომელ პარტიას ეკუთვნი? _ ყველა პარტია მე მეკუთვნის, ომახიანად პასუხობდა აბეზარ არამკითხეებს ყვარყვარე თუთაბერი.
წლის უხილავი თანამშრომლები _ მერიის მიერ ხელშეკრულებით აყვანილი მოხელეები
`მერიის უხილავი თანამშრომლები _ მოსახლეობის ხარჯზე”
`მერიდიან გამოთხოვილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სხვადასხვა საბიუჯეტო სამსახურში ხელშეკრულებით 45 თანამშრომელია დასაქმებული. მათი ერთი წლის სახელფასო ფონდი 226.704 ლარია. აქედან თითქმის ყველა მერიის თანამშრომელთა ნათესავი ან პარტიული ნიშნით შერჩეული ადამიანია. ამგვარად აყვანილ მოხელეებს არათუ უწყდებათ კონტრაქტი, არამედ ხელშეკრულებები
ისეთ შემთხვევებშიც უფორმდებათ, როდესაც ამა თუ იმ სამსახურს ის
კონკრეტული შტატი საერთოდ არ სჭირდება. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ სპორტის
სამსახურს ჰყავს კონტრაქტით აყვანილი მძღოლი, ვინმე ედუარდ კვარაცხელია,
რომელიც ამავე სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის მამაა. მისი ყოველთვიური
ანაზღაურება 480 ლარია, სინამდვილეში კი სპორტის სამსახურს მანქანა არ ემსახურება და არც კვარაცხელია უნახავთ ოდესმე იქ მისული. მიუხედავად ამისა, სპორტის სამსახურისთვის მერიას ყოველთვიურად 400 ლარის საწვავი აქვს გამოყოფილი და არასაჭირო და უხილავ თანამშრომელსაც თვეში
480 ლარად ინახავს; ანუ, ეს თანხა სამსახურის უფროსის პირად მანქანას ხმარდება.” (`თ.ს.” #20)
წლის `მოკითხვა” _ ზაზა გოროზიას მიერ ყულევის ტერმინალის უფროსისთვის შეგინების ფაქტი
`გოროზიამ ყულევის ტერმინალის უფროსს აგინა”
`გოროზიამ აზერბაიჯანლებს ჯერ ულტიმატუმი წაუყენა, ტვირთი არ გადმოცალოთო და მერე აგინა. იქ მყოფებს კი უბრძანა, რომ გინების ამბავი ყულევის ტერმინალის ხელმძღვანელობისათვის ზუსტად და ოპერატიულად გადეცათ.” (`თ.ს.” #19)
წლის ჯილდო _ პატრიარქის მიერ ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს გადაცემა სამხარეო პროკურორ როლანდ ახალაიასთვის
`ჯილდო რეზიდენციის სანაცვლოდ”?
`ამჯერად ადგილობრივი არჩევნებია მოახლოებული. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები სააკაშვილისთვის, რადგან ადგილებზე არჩეულმა სანდო ადამიანებმა უნდა მოუტანონ სააკაშვილის ხელისუფლებას საბოლოო წარმატება ყველა დანარჩენ არჩევნებში. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონში კი ხელისუფლების საყრდენი ადამიანი, ვინც ყველაზე გავლენიანია რეგიონში,
ყველაზე ნაკლები ნდობითა და ავტორიტეტით სარგებლობს. ამიტომაც მისი ისეთი
სანდო ინსტიტუტის გვერდით გამოჩენა, როგორიც ეკლესიაა, პიარის თვალსაზრისით, მისწრება იყო. ხოლო რაც შეეხება რეზიდენციის მშენებლობას,
ალბათ, პატრიარქი ინფორმირებული იყო იმის თაობაზე, რომ
ამგვარი საქმეები რეგიონში როლანდ ახალაიას გარეშე არ წყდება. როგორც ჩანს,
პატრიარქს სწორად მიაწოდეს ინფორმაცია ახალაიას გავლენის შესახებ და გააგებინეს, რომ ახალაიას კეთილ ნებაზეა დამოკიდებული,
აშენდება თუ არა რეზიდენცია _ მას შეუძლია ხელი შეუწყოს ან შეუშალოს ამ
საქმეს. ეს უკვე ნათლად აჩენს ჯილდოს დანიშნულებას. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იყო ჯილდო რეზიდენციის სანაცვლოდ და რეგიონში ახალაიას გავლენის აღიარება.” (`თ.ს.” #20)
წლის აკრძალვა _ მერმა სამსხურის ხელმძღვანელებს `თავისუფალ სიტყვასთან” კომენტარის გაკეთება აუკრძალა
`ჟურნალისტისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფა”
`განმარტებამ, რომ როცა წერილი მზადაა, მისი მოცემის ხელოვნურად გაჭიანურება უბრალოდ დანაშაულია, ნარგიზა გაბელია უფრო გააღიზიანა და ჟურნალისტს შეუტია – `უზრდელი ხარ, მე კანონებს თქვენზე ადრე ვკითხულობდი~... არასრულად მოწოდებულ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გელა ვადაქარიაც გვიდასტურებს, თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ეს მას ისევე არ ადარდებს, როგორც საჯარო ინფორმაციის არგაცემის გამო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რადგან სხვა სამსახურების ხელმძღვანელების მსგავსად მერმა, ვანო საღინაძემ, ინფორმაციის გაცემა მასაც აუკრძალა”. (`თ.ს.” #25)
წლის გამოუცხადებელი ბოიკოტი _ საჯარო პირები `თავისუფალ სიტყვას” ინტერვიუზე არ თანხმდებიან
`რატომ გვემალებიან მაღალჩინოსნები”?
`ქალაქის მერი ინტერვიუზე თავის ასარიდებლად სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, მათ შორის ქალაქში არყოფნასა და მუდმივ მოუცლელობას... ჩოჩიას დედის სული დაუფიცებია, რომ კომენტარს არც ერთ ჟურნალისტთან არ გააკეთებდა, ამიტომ ბოდიშიც კი მოგვიხადა, მაგრამ მაინც უკომენტაროდ დაგვტოვა... `არ მინდა და ვსიო” _ ასე განგვიმარტა კომენტარზე უარის თქმის მიზეზი გუდავაძემ. `ქრონიკულად” უარის აპრობირებულ მეთოდს იყენებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალიკა თოფურიაც” (`თ.ს.” #22)
წლის აღსარება _ საარჩევნო შტაბებში მომუშავე პირების გულახდილი საუბარი გაყალბების სქემის შესახებ
`არჩევნების გამყალბებლების აღსარება”
`კაბინეტში შესულ პატიმრის ოჯახის წევრებს ხუხუამ (პროკურორი. ავტ.) პოლიტიკური შეხედულებები გამოჰკითხა. დაპირება, რომ არჩევნებზე მთელი ოჯახი `ნაციონალური” მოძრაობის სასარგებლოდ იმუშავებდა, პირნათლადაც შესარულეს”. ქალაქში დღემდე ანეგდოტად დადის, ნაბადაში გადასატანი ყუთის მიტანას
როგორ შეხვდა მოხუცებული ქალბატონი, რომელმაც ყველა იქ მყოფს მადლიერებითა და სიხარულით განგვიცხადა, `წურწუმიას (`ნაციონალური მოძრაობის~ კანდიდატი) გარდა სხვას ვის მივცემ ხმას, ერთი თვეა მის ბრინჯს ვჭამო...
40 წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელიც რევოლუციამდე ხელმძღვანელ თანამდებობაზე იყო და დაპატიმრებას, თურმე, 16 000 ლარის სანაცვლოდ გადაურჩა, მადლობის ნიშნად და ხელშეუხებლობის გარანტად მოგვიანებით `ნაციონალების~ ბანაკშიც გაერთიანებულა. `კიდევ კარგად გამოვძვერი, იმ დროს 16 ათასი არაფერი იყო, 100 ათასებს ითხოვდნენ. მერე ჩემს ბიზნესს მივხედე, მის შესანარჩუნებლად ამათთან კარგი ურთიერთობა აღვადგინე, ისე ცუდად და ჯიბრში არც არასდროს ვედექი. ვანოს (ქალაქის მერი) მანამდეც ვიცნობდი და არჩევნებშიც გვერდით დავუდექი,~ – იხსენებს არჩევნებში `ღვაწლმოსილი~. (`თ.ს.” #21)
წლის უპრეცენდენტო განაჩენი _ `წყალკანალის” ყოფილი დირექტორის ვალოდია მსხილაძისთვის მისჯილი 30-წლიანი პატიმრობა
`მსხილაძეს 30 წელი მიუსაჯეს”
`სიახლე არაა ის ფაქტი, რომ ზაზა გოროზიას გარეშე სამეგრელოში არათუ
ტენდერები ტარდება, არამედ ფასადებისთვის საღებავის ფერიც არ ირჩევა.
სიახლე არც ისაა, რომ გოროზიასა და ახალაიას შორის გავლენათა სფეროების
გადანაწილების გამო კარგა ხანია დაძაბული ურთიერთობაა. გოროზია-ახალაიას
დაპირისპირებაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ სწორედ იმ თანხის ხარჯვის კანონიერებით დაინტერესდა პროკურატურა და ის თანხა გახდა სადავო, რომლის გაკონტროლების ბერკეტი რეგიონში გუბერნატორს გააჩნდა.
ძნელად დასაჯერებელია, რომ წლების მანძილზე მსხილაძე მთელ სამეგრელოში
ტენდერებს დამოუკიდებლად იგებდა და სოლიდურ თანხებსაც ყველასგან
შეუმჩნევლად ითვისებდა. თუმცა, საფიქრებელია, რომ მსხილაძე ვიღაცის დაუხმარებლად წლების მანძილზე მილიონების მითვისებას ვერ შეძლებდა.” (`თ.ს.” #21)
წლის გაურკვევლობა _ პრეზიდენტისთვის ფეხსაცმლის სროლა
`ესროლეს თუ არა მიშას ფეხსაცმელი”
`ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ `თავისუფალმა სიტყვამ” ჯიმშერ ჭაფანძის ოჯახის მოძიება დაიწყო და დარჩელში ჩავიდა... `მამაკაცი ჭაფანძე დარჩელში მხოლოდ ჩემი ძმაა, გოგიტა და ისიც რამდენიმე წელია რუსეთში ცხოვრობს”. ამის შემდეგ განმუხურშიც ჩავედით, სოფელში ვერ ვიპოვეთ ადამიანი, ვინც პრეზიდენტისთვის ფეხსაცმლის სროლის ფაქტს დაგვიდასტურებდა.” (`თ.ს.” #19)
წლის ოცნება _ კონსტანტინე (კოსტია) გერგაულოვის ოცნება
`მერე რა, რომ მეეზოვე ვარ, პრეზიდენტობა მაინც მინდა”
`მისი დღის განრიგი ასეთია: დილის ექვს საათზე იღვიძებს და რვა სათამდე აღმაშენებლის ქუჩას გვის, შემდეგ ნავსადგურში მიდის და საღამოს ხუთ საათამდე მუშაობს, საიდანაც კვლავ აღმაშენებლის ქუჩაზე ბრუნდება, რადგან დილით დასუფთავებული კვლავ დასაგველი აქვს. საღამოს რვა საათზე კი სახლში, მშობლებთან ბრუნდება. კოსტიას სასწაულების სჯერა. ამის დასტურად, ნახევრადხუმრობით, თავისი ოცნება გაგვანდო _ `მინდა პოლიტიკოსი გავხდე, პრეზიდენტობას ვუმიზნებ”. მეტი დამაჯერებლობისთვის დაამატა _ `არ იცით, რომ ლუჟკოვიც (მოსკოვის მერი) მეეზოვე იყო?” (`თ.ს.” #23)
წლის ამტანი _ კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი ოთხი წლის გვანცა
"პატარა გვანცა _ მუდმივი კარცერიდან”
"მოითმინოს კიდევ წელიწად-ნახევარი”_ ლელა შარუხია
"გვანცა ცინცაძე რაც დაიბადა, მას შემდეგ დევნილია. არადა, მხოლოდ 4 წლისაა. მძიმე პირობებში ცხოვრების გამო ორჯერ ფილტვების ანთება გადაიტანა, წინ კიდევ ცივი ზამთარი ელოდება და სუსხი კიდევ ერთხელ გამოცდის მის ჯანმრთელობას. შენობაში, სადაც ის ცხოვრობს, საშინელი სიღარიბეა. ძირს ბეტონის იატაკია, კედლები ნესტიანი და სახურავიდან წყალი ჩამოდის. "თუკი ჩვიდმეტი წელი ითმინეს და ასეთ გაჭირვებაში იცხოვრეს, ახლა წელიწად-ნახევარი ვერ მოუთმენიათ? ზუსტად ამ დროში მორჩება მათთვის განკუთვნილი სახლების მშენებლობა” _ აცხადებს მერის მოადგილე ლელა შარუხია. წელიწად-ნახევარი თუ ცოტა დროა, იქნებ სახლების დასრულებამდე შარუხიას გაეცვალა რომელიმე დევნილისთვის საცხოვრებელი? სანამ ეს ხალხი დევნილად იქცეოდა, აფხაზეთში მშვენივრად ცხოვრობდა და არავისზე ნაკლებად არ იციან კომფორტისა და კარგად ცხოვრების ფასი. რამდენ ფილტვების ანთებას გადაიტანს კიდევ წელიწად-ნახევარში პატარა გვანცა?” (`თ.ს.” #20)
წლის ოჯახის მარჩენალი _ ცამეტი წლის ნინო
`პატარა ნინო ოჯახს ჯართის შეგროვებით არჩენს!”
`ოჯახში ფულის ერთადერთი შემომტანი ცამეტი წლის ნინოა. დღისით სკოლაში დადის, საღამოობით კი თავის თერთმეტი წლის დასთან ერთად ქუჩებში ჯართს აგროვებს, რომ იმ ფულით ოჯახისთვის პროდუქტი იყიდოს.” პატარა ნინოს ოცნებაა, ჰქონდეს ისეთი სახლი, რომელშიც არ დააწვიმს.(`თ.ს.” #23)
წლის თანადგომა _ მეეზოვე კოსტიას მიერ ნინოს ოჯახის მონახულება
`მეეზოვე კოსტიამ თავისი მწირი მატერიალური რესურსით პატარა ნინოს დახმარება გაუწია. მან ტანსაცმელი და სხვა პირველადი მოხმარების საგნები ნინოს ოჯახში თავად მიუტანა. კოსტია ერთადერთი ფოთელი აღმოჩნდა, რომელმაც ნინოს შესახებ ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ მძიმე ყოფაში მცხოვრები ოჯახის დახმარება განიზრახა.”
წლის გულუხვობა _ ადგილობრივი ბიუჯეტიდან პატრულისთვის მანქანების ყიდვა
`მანიპულაციის რა გზით უყიდა ფოთის მთავრობამ პატრულს მანქანები”?
`ვინაიდან ცენტრალურ დაფინანსებაზე მყოფი უწყების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება კანონით იკრძალება, `შკოდა ოქტავია” ფირმის ოთხი ავტომანქანა ადგილობრივმა ბიუჯეტმა ერთ პირთან მოლაპარაკების მეთოდით 84 ათას დოლარად ფოთის მერიის ადმინისტრაციის სახელზე შეიძინა. აღნიშნული მაქანებით იურიდიულ პატრონს ერთი დღეც არ უსარგებლია. ოთხივე მანქანა იმთავითვე შსს საკადრო და ორგანიზაციის უზრუნველყოფის დეპარტამენტს გადაეცა, სამინისტრომ კი ფოთის საპატრულო პოლიციას გადმოუგზავნა”. (`თ.ს.” #21)
წლის სამართალდამრღვევი _ ცენტრის უბნის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მალხაზ კვაშილავა
`უფორმო პოლიციელების ტერორი~
იმან, რაც ერთმა შუა ხნის მამაკაცმა გვიამბო, ყოველგვარ მოლოდინს
გადააჭარბა: `ჩემი სახლის წინ ვიდექით მეზობლები, მამაკაცები. გამოიარა `ფოლკსვაგენ ჯეტას” ტიპის მანქანამ, სერიით “KVA- 999” (მანქანა ცენტრის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, მალხაზ კვაშილავას ეკუთვნის. ავტ.) და დამიძახა, მოდიო. მივხვდი, პოლიციელი იყო, კერძოდ კი მალხაზ კვაშილავა (ცენტრის უბნის პოლიციის უფროსი), რომელიც გამორჩეულია თავისი ბინძური საქმიანობით. მაშინ წვერებს ვატარებდი. გაყოლა მომთხოვა. განყოფილებაში მიმიყვანა და მითხრა _ ვიცი, `კაიფში” ხარ და აღიარე, ტყუილად დროის კარგვა იქნება ნარკოლოგიურ შემოწმებაზე შენი წაყვანა, მარტო 500 ლარიან ჯარიმას გადაიხდი და მორჩაო. თან ცინიკურად გამიღიმა და დასძინა: თუ, რა თქმა უნდა, შენი პირველი დაკავებააო. მე ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარება მოვითხოვე. ეტყობა, მაშინ თავად ან ნასვამი იყო, ან სხვა საშუალებით იყო გაბრუებული. აშკარად შევატყვე, ფხიზელი არ იყო. გაბრაზდა ჩემს არჩევანზე და მითხრა: დღეს ყველა სუფთა როგორ ხართო და შეიგინა. აქ ერთი კაცი გვყავს და კაცებთან გართობა უყვარს, ხომ არ გინდა იმას დავუძახოო?~ (`თ.ს.” #23)
წლის პოლიტიკური რეინკარნაცია _ ლოთი ქობალიას დაბრუნება
`დავით ბოლქვაძის მკვლელობის საქმის ახალი დეტალები”
`ლოთი ქობალიას ბრალეულობა ბაბუშერას ტრაგედიაში”
`ქობალია დღეს აცხადებს, რომ არც ჟურნალისტი მოუკლავს და არც საქართველოსთვის უღალატია... ბოლქვაძის ოჯახის განცხადებით, ქობალია ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტის ჩაფარცხვას აპირებს და ამიტომაც სურს საქმის ახალი გამოძიება.” (`თ.ს.” #24) `სამოქალაქო ომის დროს ლოთი ქობალიას სახელს ბაბუშერას ტრაგედიას, აფხაზებთან და ჩეჩნებთან კავშირს, ფოთის ბანკის ძარცვასა და არაერთ სკანდალურ ისტორიას უკავშირებენ. ლოთი ქობალიას ანტიქართულ ქმედებაში ბრალს მიცვალებულთა გადმოსვენების კომისიის ხელმძღვანელი ბელა ზალდასტანიშვილი სდებს. იგი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მისი შვილებისა და ძმების სისხლი ქობალიას აწევს კისერზე.” (`თ.ს.” #26)
წლის მუქარა _ `თავისუფალი სიტყვის” ზუგდიდის კორესპოდენტზე განხორციელებული სატელეფონო მუქარა
`2009 წლის 15ოქტომბერს, 21 საათისთვის, ჩვენი ზუგდიდელი კორესპოდენტის, პაატა ლაგვილავას პირად მობილურ ტელეფონზე უცნობმა პიროვნებებმა დაფარული ნომრიდან დახლებით ათჯერ დარეკეს. ერთ-ერთი დარეკვის შემდეგ უცნობმა ჟურნალისტს მუქარის ტონით უცენზურო სიტყვებით მიმართა და უთხრა: `შენ რეებს წერ, ბიჭო, იცოდე, ვისზე წერ, თორემ...” ეს სატელეფონო ზარი განხორციელდა ზუსტად იმ დღეს, როცა გაზეთის ახალი ნომერი გამოვიდა, რომელშიც ჟურნალისტი წერდა ზუგდიდის გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას, მიერ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაზე. ჟურნალისტი მას ზუგდიდში გამართულ ბუბა კიკაბიძის კონცერტისთვის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვდა.” (`თ.ს.” #23)
წლის საკრებულოს აღუსრულებელი დადგენლება _ დასუფთავების მოსაკრებელი
`ხელისუფლებამ 2009 წლის ბიუჯეტში აღნიშნული მოსაკრებლიდნ შემოსავლები 33 ათასი ლარით დაგეგმა, თუმცა, ბიუჯეტში არცერთი თეთრი არ შესულა” (`თ.ს.” #24)
წლის გამბედაობა _ ინტერვიუ მეუფე გრიგოლთან
`EKL 777 – ინტერვიუ მეუფე გრიგოლთან”
`თქვენ ის მოგწონთ, რომ მღვდელმთავარი, რომელსაც უამრავი საქმე აქვს გასაკეთებელი, ტრამვაით დადიოდეს ეკლესიაში და ისე მოილოცოს? რატომ არ სვამთ შეკითხვას, ქალაქის მერი და მინისტრები რატომ დადიან მანქანით? სახელმწიფოს ეკლესიისთვის მეტი არ უნდა მიეცა, ვიდრე ეს მანქანებია?” (`თ.ს.” #26)
წლის ფალსიფიკაცია _ ჩვენს მიერ აღმოჩენილი მედიკამენტი `ციპროფლოქსაცინი”
`ფალსიფიცირებული ციპროფლოქსაცინი”
`ციპროფლოქსაცინის 500 მგ-იანი (მწარმოებელი: საქართველო, შპს `ფიტოფარმი~) ტაბლეტების ტესტირებაზე ლაბორატორიის ეს დასკვნა არაორაზროვნად განმარტავს, რომ პრეპარატი არასტანდრტულია, რამდენადაც მან ვერ დააკმაყოფილა ხსნადობისა და დაშლადობის ტესტი. დასკვნიდან ჩანს, რომ აქტიური ინგრედიენტი საჭირო დროში სავალდებულო რაოდენობით ვერ გადავიდა ორგანიზმში, ანუ, მის მიღებას თეორიულადაც არ მოყვება სათანადო თერაპიული ეფექტი.” (`თ.ს.” #27)
წლის გამდიდრებული _ ქალაქის მერი ვანო საღინაძე
`ფოთის მერის ქონება”
`2008 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მერის უძრავ ქონებას ემატება თავისი მეუღლის სახელზე გაფორმებული, თბილისში, ნუცუბიძის ქ. # 26-ში მდებარე 60 ათასი ლარის ღირებულების ბინის კარკასი. გარდა ამისა, მერის მიერ შევსებული დეკლარაცია შეიცავს ინფორმაციას ქუთაისში მის საკუთრებაში არსებული 105- კვ.მ.-იანი ბინის 30 ათას აშშ დოლარად გასხვისების შესახებ. ივანე საღინაძის განმარტებით, მან `თიბისი ბანკიდან~ აიღო 13-ათას დოლარიანი სესხი, დაამატა ქუთაისში გაყიდული ბინიდან მიღებულ თანხას და 2008 წლის იანვარში
შეიძინა 120 კვ.მ. ფართობის კარკასი ნუცუბიძის ქუჩაზე. მის ნათქვამში ეჭვს
არ შევიტანდით, რადგან ეს ყველაფერი დეკლარაციითაც დასტურდება,
რომ არა ბინის შეძენის მომენტისთვის თბილისში უძრავ-მოძრავი ქონების ფასები
საგრძნობი განსხვავებულობა... 2008 წლის იანვრისთვის ნუცუბიძის ქუჩაზე მსგავსი ტიპის მშენებარე კორპუსებში 1 კვ.მ. ფართის ფასები 600-700 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საღინაძის მიერ შეძენილი ბინის საბაზრო ფასი დაახლოებით 72 000 - 84 000 აშშ დოლარს შეადგენდა, ეს კი 60 ათას ლარს ორჯერ აღემატება. ივანე საღინაძის ოჯახი ამჟამად ცხოვრობს 70 კვ.მ. ფართის კარგად გარემონტებულ საცხოვრებელი ბინაში, მდებარე თბილისში, ნუცუბიძის 14ბ, მესამე სართულზე, რომლის საბაზრო
ფასი მინიმუმ 55-60 ათასი აშშ დოლარია და რომელიც მის დეკლარაციაში
შეტანილი არ არის.” (`თ.ს.” #29)
წლის დაპატიმრება _ თემურ ფაჩულიას დაკავება
`თემურ ფაჩულია თაღლითობისთვის დააკავეს”
`წიწილაშვილის, სარიშვილის, პატარაისა და ხახუბიას კავშირი ფაჩულიას საქმესთან”
`ფაჩულიას წინააღმდეგ სარჩელი ამჟამად პატიმრობაში მყოფ ბიზნესმენ კახა ლატარიას მეუღლემ, მარინე ლატარიამ, შეიტანა. მისი მტკიცებით, ფაჩულიამ მათი ოჯახი შეცდომაში შეიყვანა და პატიმრობაში მყოფი მეუღლის განთავისუფლების სანაცვლოდ საპროცესო გარიგებისთვის გადასახდელი 50 ათასი დოლარი გამოსტყუა... არაოფიციალური ინფორმაცით, დაკავების პირველ დღეებში, ლატარიას დაპატიმრების მიზეზად, ბიზნესიდან მფარველთათვის წილის გადახდაზე უარის თქმა სახელდებოდა, ამიტომაც სოლიდური თანხის გადახდის შემთხვევაში, მის განთავისუფლებასაც ვარაუდობდნენ. კახა ლატარიას ძმის, ზვიად ლატარიას თქმით, ფაჩულია ბიზნესმენებს, წიწილაშვილს, სარიშვილს, პატარაიასა და ხახუბიას აშანტაჟებდა და ვითომ ლატარიას საპროცესო თანხის შესაგროვებლად, დახმარებას_ათასობით ლარის “გამოტანას” თხოვდა. “ყველას დაგიჭერენ, მშვიდ ძილი არ გექნებათ, თუ თანხას არ გამოიტანთო.” თავად ფაჩულია თავს დამნაშავედ არ ცნობს.” (“თ.ს” #30)
წლის `სურნელი” _ ქალაქში არსებული თევზის სპეციფიკური სუნი
`ქალაქში სპეციფიკური სუნი პრობლემად იქცა”
`ზარ-ზეიმით გახსნილი ქარხანა დღეს მოსახლეობისთვის პრობლემად იქცა, რადგან თევზის გადამუშავებისას სპეციფიკურ, მყრალ სუნს გამოყოფს. კანონით, სამეწარმეო საქმიანობის ტექნოლოგიური ნორმების დარღვევით განხორციელების შემთხვევაში მეწარმეს საქმინობის უფლება უჩერდება. თუმცა, გარემოს დაცვის რეგიონული სამმართველოს ფოთის განყოფილებამ საწარმო მხოლოდ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გამო 100 ლარით დააჯარიმა. აუტანელი სუნი კი ქალაქში ამ დრომდე რჩება.” (`თ.ს.” #30)
წლის `უიმედო იმედი~ _ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
`თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ბუნდოვანი მომავალი”
`კომპანია, რომელზეც ხელისუფლება ამბობს, რომ გადაეცა ინდუსტრიული ზონის ტერიტორია, არის ჯგუფი, რომელიც დღეს აკონტროლებს დუბაის ზონას. დუბაის და ფოთის ზონამ, რომელსაც ერთი კომპანია მართავს, ერთსა და იმავე ბაზარზე უნდა იმუშავოს. შესაბამისად `რაკიინი” არ იმოქმედებს ისე, რომ დუბაის კონკურენტუნარიანობა შეიზღუდოს, პირიქით, შეეცდება აქ ისეთი სისტემა შექმნას, რომ კონკურენცია ვერ გაუწიოს. თუმცა, მაქვს გარკვეული ეჭვები, რომ ეს ყველაფერი არაბულად შეფუთული ქართული ინტერესების მატარებელია. `რაკიინი” _ ასეთი სახელმწიფო სააგენტო ნამდვილად არსებობს, თუმცა, ბევრი ის აქტივი, რაზეც ხელისუფლება გვეუბნება, რომ `რაკიინისაა”, მათ უძრავი ქონების აქტივებში მითითებული არაა,” _ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი” (`თ.ს.” #31)
წლის ბარიერი _ ნავსადგურის შენობის წინ მდებარე პალმა
`თეზ-ისთვის ბარიერი მოხსნილია”
`კორპორაცია `ფოთის საზღვაო ნავსადგურის” გენერალური დირექტორის მრჩეველი სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ლემონჯავა ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც პალმის ადგილმდებარეობა იცოდა. `მალე მეთოთხმეტე ნავმისადგომი გაიხსნება, დიდი სატვირთო მანქანები ივლის, პალმა კი ხელს უშლიდა მათ.” (`თ.ს.” #22)
წლის პრემიერა _ `ვირთხებზე ნადირობა”
`გერმანელმა რეჟისორმა ფოთში სპექტაკლი დადგა”
`გერმანელი რეჟისორის, რალფ ზიბელთის, ფოთში სტუმრობა შვეიცარიაში, ევროპის თეატრების ქსელის წარმომადგენელთა შეხვედრაზე იქნა დაგეგმილი, რომელშიც ორმოცამდე ქვეყნის ხუთასამდე თეატრია გაწევრებული, მათ შორის ფოთის თეატრიც. "ვირთხებზე ნადირობა” ფოთის დრამატული თეატრის მსახიობების მონაწილეობით უახლოეს მომავალში გერმანიაში დაიდგმება, მანამადე კი მსახიობები საქართველოს მასშტაბით გასტროლებს გამართავენ.” (`თ.ს.” #12)
"თავისუფალი სიტყვის" რედაქცია
No comments:
Post a Comment