Sunday, May 2, 2010

სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა სამეგრელოში

მოგვეცით საჯარო ინფორმაცია!

“თავისუფალი სიტყვის” ჟურნალისტს არ მივიღებ”– ქალაქ ფოთის მერის პირველი მოადგილის, გელა ლაგვილავას ეს დანაბარები, კომენტარზე მისულ “თავისუფალი სიტყვის” ჟურნალისტს მისმა მდივანმა გადასცა, რითაც ადგილობრივი ხელისუფლების ჩვენი მედიასაშუალებისადმი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ლაგვილავა არაა პირველი საჯარო მოხელე და არც უკანასკნელი, ვინც ჩვენთან ურთიერთობას თავს არიდებს. საპატიო პირველ ადგილზე, მაინც ქალაქის მერი, ვანო საღინაძე და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, მიხეილ გუდავაძე არიან.

ფოთელი თანამდებობის პირები არ არღვევენ დადებულ პირობას და ჯიუტად გვეუბნებიან,რომ “თავისუფალი სიტყვისთვის” არასოდეს მოიცლიან”.

კომენტარსა და ინფორმაციის მოცემაზე უარს გვეუბნებიან საჯარო სამსახურების რიგითი თანამშრომლებიც და მათივე თქმით, ქალაქის მერის დავალებით.

პრობლემურია მერიის საინფორმაციო სამსახურთან ურთიერთობა და საჯარო ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად მიღება. საინფორმაციო სამსახური დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ არასოდეს გვატყობინებს, არადა წესით, ეს ადგილობრივი ხელისუფლების სწორედ ის სამსახურია, რომლის არსებობის ერთადერთი მიზანი სწორედ, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობაა. ურთიერთობა ყველასთან, პირადი სიმპათიების მიუხედავად.


საჯარო ინფორმაციის მოწოდებისათვის უმეტესწილად სწორედ მაქსიმალური 10-დღიანი ვადის გამოყენება, იმ ინფორმაციებისათვის, რომლებიც დაუყოვნებლივ გაცემას ექვემდებარება, ჩვეულებრივ პრაქტიკად გადაიქცა. ხშირად, ამ ვადის გასვლის შემდეგ მიღებული პასუხებიც იმდენად არასრულია, რომ ინფორმაცია, ხელახლა გამოსათხოვი ხდება, ეს კი დამატებით დროს მოითხოვს და მასალაზე მუშაობას ართულებს.

“თავისუფალ სიტყვასთან” ურთიერთობაზე ასევე უარს აცხადებენ სამხარეო ადმინისტრციის წარმომადგენლები: მხარის გუბერნატორი ზაზა გოროზია, სამხარეო პროკურორი როლანდ ახალაია, ზუგდიდის გამგებელი, ალექსანდრე ქობალია. მედიისათვის პრაქტიკულად შეუღწევადია შსს უწყებები, მათგან ნებისმიერი ინფორმციის მოპოვების მცდელობა უდიდეს დროსა და ძალისხმევას მოითხოვს და იშვიათად გვიმართლებს. ერთ-ერთი სამსახურის უფროსი მხოლოდ, იმიტომ აღარ გვეკონტაქტებოდა, რომ დაფიცებული ჰქონდა, რის შესახებაც მან თავად განგვიცხადა.

საჯარო პირთა მსგავსი ე.წ.”სოლიდარული გაბუტვა” კი, არ გვაძლევს საზოგადოებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების საშუალებას, რომლის მიღების უფლებაც მათ აქვთ.

საბოლოო ჯამში, ხელისუფლების მთელი ეს “ბოიკოტობანა” ერთადერთ მიზანს ემსახურება: “თავისუფალი სიტყვის” და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა, ყველა იმ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას, ვინც საზოგადოებისათვის, ხელისუფლების საქმიანობის შესახებ, ობიექტური და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას ცდილობს.

ამასთანავე, დამოუკიდებელი მედიისათვის ხელოვნური ბარიერების შექმნით საჯარო პირები ცდილობენ მოსახლეობა იმ ილუზიების ტყვეობაში ამყოფონ, რომელსაც მათთვის მისაღები მედიასაშუალებების გავლით აწვდიან.

გვსურს მივმართოთ სამეგრელოს ყველა საჯარო მოხელეს: თუკი მათ აქვთ პრეტენზია და შესაბამისად, არგუმენტი ჩვენი გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის არაობიექტურობაზე, ვთხოვთ, მიმართონ სასამართლოს და თუკი დამტკიცდება, რომ გაზეთი ავრცელებს არასწორ ან ცრუ ინფორმაციას, თანახმა ვართ პასუხი ვაგოთ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ მათი სამოხელეო დანაშაულისა თუ გადაცდომის მამხილებელი პუბლიკაციების გამოქვეყნების სანაცვლოდ ვისჯებით და ჩვენს საქმიანობაში ხელშემშლელი პირობები ხელოვნურადაა შექმნილი, რაზეც რეაგირებას ასევე კანონის დადგენილი წესის ფარგლებში მოვითხოვთ ყველა იმ მოხელის მიმართ, რომელიც უფლებამოსილებას აშკარად ამეტებს ან ჟურნალისტს საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში შეგნებულად უშლის ხელს.

“თავისუფალი სიტყვის” რედაქცია

No comments:

Post a Comment