Monday, April 26, 2010

პარლამენტის თავმჯდომარემ კანონი დაარღვია


ნინო თუნთია
ელისო ჯანაშია


გამოიყენებს თუ არა მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად? ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, დიახ! _”ხალხის ცხოვრების გასაუმჯობესებლად, იმ შემთხვევაშიც კი თუ იტყვიან, რომ ჩვენ ბოროტად ვიყენებთ ადმინისტრაციულ რესურსს, ამას ისევ გავაკეთებთ, მიმაჩნია რომ ეს კანონიერია.” (civil.ge 16.04.2010) წინასაარჩევნოდ ასეთი განცხადების გაკეთება აშკარას ხდის, რომ ხალხის ცხოვრების გაუმჯობესების მოტივით, ხელისუფლება ყველა ხერხით შეეცდება ადგილობრივი არჩევნების მოგებას.
რამდენად გრძნობენ პასუხისმგებლობას ამომრჩევლისა და კანონის წინაშე პრეზიდენტის მსგავსი განცხადებებით წახალისებული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლები? ალბათ, ნაკლებად. ყოველ შემთხვევაში, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას მათ მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ.
ერთადერთ საშუალებად ხელისუფლების ქმედებები რაიმე ჩარჩოში მოაქციო, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან განვითარებულ პროცესებზე მუდმივი კონტროლი და საზოგადოებისათვის მიუკრძოებელი ინფორმაციის მიწოდება რჩება. თუმცა, რადგან მედიასაშუალებათა დამოუკიდებლობა ჩვენს რეალობაში ისეთივე მარადიული პრობლემაა, როგორც სამართლიანი არჩევნები, ხელისუფლება ცდილობს აქაც თავის სასარგებლოდ ითამაშოს და არასასურველ მედიასაშუალებებს უაპელაციოდ აცხადებს ანგაჟირებულ და დაპირისპირებულ მხარედ. მაგრამ, იმის მიუხედავად, თუ რას ფიქრობს ხელისუფლება, დამოუკიდებელი მედიასშუალებებისათვის პრიორიტეტად კვლავ საზოგადოების ინტერესები რჩება.
2010 წლის 30 მაისი არჩევნების დღეა, თუმცა ამ დღისათვის მმართველი პარტია, დიდი ხანია, საგულდაგულოდ ემზადება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მონაცემებით, ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არჩევნებამდე გაცილებით ადრე დაიწყო, როცა პრეზიდენტის გამოცხადებული “ქამრების შემოჭერისა” და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პოლიტიკის საპირისპიროდ ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებში გაიზარდა სახელფასო ფონდი, მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობა, ასევე დაემატა მთელი რიგი პროგრამებისა, რომელიც არასაარჩევნო პერიოდში ბიუჯეტიდან არ ფინანსდებოდა. ანალოგიური სიტუაციაა ფოთშიც.
საკრებულოს 30 მარტს განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად, ქალაქის ბიუჯეტის ხარჯები 188,4 ათასი ლარით გაიზარდა. აქედან 13 800 ლარით მერიის ადმინისტრაციის ხარჯები (მათ შორის, შრომის ანაზღაურება, წარმომადგენლობითი და სხვა ხარჯები) და ჯამში 611 300 ლარი შეადგინა. ეს 109 300 ლარით მეტია შარშანდელ, ანუ არასაარჩევნო წელთან შედარებით. გაიზარდა ასევე მერიის სამსახურების ხარჯები: არქიტექტურის სამსახურის – 10 ათასი ლარით, მშენებლობის სამსახურის – 3400 ლარით, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ქონების მართვის სამსახურის – 38 000 ლარით. 25 ათასი ლარი დაემატა და 145 ათასი ლარი გახდა კულტურული ღონისძიებების დაფინანსება.
არჩევნებისას, განსაკუთრებული დატვირთვით მართვის ტერიტორიული ორგანოები, იგივე მუნიციპალიტეტები მუშაობენ. როგორც წესი, სწორედ მუნიციპალიტეტების თანამშრომლები არიან მმართველი პარტიის აქტივისტები, რომლებიც მონაწილეობენ მოსახლეობის აღწერაში, უხვად არიან საუბნო საარჩევნო კომისიებში, უბნებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებად და ა.შ. ამიტომაც წინასაარჩევნოდ მუნიციპლიტეტების “გაძლიერებას” სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. საკრებულოს 30 მარტის დადგენილებით, კუნძულის უბნის მუნიციპალიტეტის ხარჯები 4 500 ლარით გაიზარდა და 70 200 ლარით განისაზღვრა. ეს ტერიტორიული ორგანოს დაფინანსებისათვის უპრეცედენტო რაოდენობაა. 2008 წელს ეს თანხა 53 ათასი ლარი იყო, გასულ წელს _ 48 800 ლარი. მართალია, ბოლო ცვლილებები არ შეხებია, მაგრამ 2008-2009 წლებთან შედარებით მიმდინარე წელს დანარჩენი ტერიტორიული ორგანოების დაფინანსებაც 10-15 ათასითაა მომატებული.
პირველი აპრილით დათარიღებული რამდენიმე ბრძანების საფუძველზე (#139-144), ერთ დღეს ერთდროულად რამდენიმე შტატით გაიზარდა საჯარო სამსახურები. ეს ბრძანებები სწორედ მართვის ტერიტორიულ ორგანოებში შტატგარეშე თანამშრომელთა, ასევე მერის ახალი თანაშემწის, თამარ მალანიას დანიშვნას შეეხება.
როცა ადგილობრივი ბიუჯეტიდან “დაუსრულებელი ოსტეოგენეზის”, იგივე “შუშის ბავშვების“ პროგრამა ამოიღეს, ადგილობრივი ხელისუფლებას არგუმენტად ამ პროგრამის ფედერალურ დაფინანსებაზე ყოფნა და ამით ხარჯების გაორების, ანუ დუბლირების თავიდან აცილება მოჰყავდა. ამის მიუხედავად, სწორედ წინასაარჩევნოდ ადგილობრივმა ხელისუფლებამ 6000 ლარით დააფინანსა ხსენებული პროგრამა. როგორც ჩანს, კომპრომისებზე წასვლა ამ შემთხვევაში შეიძლებოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არა ავადმყოფი ბავშვების, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესებისამებრ.
ცნობისათვის, “ნაციონალური მოძრაობა” არის ერთ-ერთი ხელმომწერი მემორანდუმისა, რომელსაც ხელს რამდენიმე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია და ცენტრალური საარჩევნო კომისია აწერს. მემორანდუმი 2010 წლის არჩევნებისათვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხება და მასში საარჩევნო კოდექსის 73-ე, 76-ე, 76(1) მუხლების რიგი ნორმები განმარტებულია მემორანდუმის ტექსტის შესაბამისად.
საარჩევნო კოდექსისა და მემორანდუმის მიხედვით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არა აქვთ: სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს. სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების დროდ ითვლება საჯარო მოხელის მხრიდან უშუალოდ სამსახურეობრივი ფუნქციების შესრულება, მათ შორის ანაზღაურებადი დრო.
ამის მიუხედავად “ნაციონალების” კანდიდატების სიის პრეზენტაციაზე, რომელშიც თავად პარლამენტის თავმჯდომარე და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი(სხვათა შორის, ისიც სამსახურეობრივი, ანაზღაურებადი დროის მონაკვეთში) მონაწილეობდნენ. გამომდინარე იქედან, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკური თანამდებობის პირია, მასზე საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული აკრძალვა სამსახურებრივ პერიოდში პოლიტიკური პარტიის აგიტაციის შესახებ მხოლოდ შემდეგ ნაწილში ვრცელდება: აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პარტიის (საარჩევნო ბლოკის) ან კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც ამ მუხლის მიზნებისათვის გულისხმობს: ა) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას; (საქართველოს საარჩევნო კოდექსი. მუხლი 76-ე)

სამუშაო საათებში პოლიტიკური პარტიის სააგიტაციო მიტინგზე კანდიდატების წარდგენას ესწრებოდნენ ასევე საჯარო სამსახურების თითქმის სრული შემადგენლობა, საჯარო სკოლების მასწავლებლები, თავად კანდიდატებიც, რომელთა უმეტესობაც ადგილობრივ ხელისუფლებას წარმოადგენდა კანდიდატად დასახელების მომენტში, ჯერ კიდევ რჩებოდა მერიის ან საკრებულოს თანამშრომლად.
საინტერესო ფაქტია, რომ მერის თანაშემწის ეკოლოგიის საკითხებში, თემურ დუნდუას, მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის, პაატა ლაგვილავას, ტერიტორიული მართვის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში მერის თანაშემწის, კობა ცხადაიას, სპორტის სამსახურის უფროსის ზურაბ ტიბუას თანამდებობიდან წასვლის შესახებ ბრძანებები სწორედ სიის პრეზენტაციის დღეს, ერთდროულადაა დაწერილი და ნომრებიც თანმიმდევრობით აწერია. იმის გარკვევა, თუ როდის დაიწერა ბრძანება _ სიის პრეზენტაციამდე თუ შემდეგ, პრაქტიკულად შეუძლებელია.
უფლებამოსილება არა აქვთ შეწყვეტილი სიაში მოხვედრილ მოქმედი საკრებულოს წევრ არც ერთ კანდიდატს. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ლია არტუხოვას განმარტებით, სიის რეგისტრაციაში გატარებამდე ეს დარღვევა არ არის.
12 აპრილით დათარიღებული მერის ბრძანება #151 ითვალისწინებს “თვითმმართველი ქალაქ ფოთისათვის სხვადასხვა საჭიროებებისათვის 2000 ლიტრი დიზელის გადაცემას”. არასაარჩევნო წლებში ფოთისათვის საწვავის გამოყოფის ფაქტი არ ყოფილა და თუ გავითვალისწინებთ, რომ არჩევნების დღეს მმართველი პარტიის მხარდამჭერების ტრანსპორტირება საარჩევნო უბნებამდე სწორედ ავტობუსებისა და მიკროავტობუსებით ხდებოდა, საინტერესო იქნება ისიც, რომ საწვავის ერთი ნაწილი სწორედ შპს “ფოთიქალაქტრანსპორტს” გადაეცა.
მოკლედ, მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიას ყველა მეთოდის გამოყენებით აგრძელებს, ადგილობრივი ოპოზიციური პარტიებს კი ჯერ კანდიდატთა სიებზე მუშაობაც არ დაუსრულებიათ.

No comments:

Post a Comment