Wednesday, April 21, 2010

ადმინისტრაციული რესურსის დაუფარავად გამოყენება



ელისო ჯანაშია
ნინო თუნთია


“ნაციონალურმა მოძრაობამ” წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად, სამეგრელოდან დაიწყო. საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები აქ საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ წარუდგინა.
ფოთში, კანდიდატების წარდგენა სიმბოლურად, ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან მოხდა, იმ ადამიანის ძეგლთან, რომელსაც “საქართველოსთვის ფოთის ეკონომიკური მნიშვნელობა კარგად ესმოდა, ისევე, როგორც ნაციონალურ მოძრაობას”, ყოველ შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარემ ასე განაცხადა.
დეპუტატების და “ნაცმოძრაობის” აქტივისტების მობილიზაცია პარტიის საქალაქო ორგანიზაციასთან 14 საათისათვის დაიწყო. პირველები, საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოცხადდნენ. რამ დააინტერესა ასე ძალიან ფოთელი მოსწავლეები_პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტმა თუ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატთა სიამ, ძნელია სათქმელია. ისე კი, იქ შეკრებილი ბავშვები, ზემოხსენებული საკითხების გარდა, ყველაფერზე საუბრობდნენ და, რომ არა სკოლის ხელმძღვანელობისაგან მიღებული დირექტივები, ალბათ, ბაქრაძის ჩამოსვლამდე კარგა ხნის დაშლილებიც იქნებოდნენ.
ნიკოლაძის ძეგლისაკენ დაძრული ხალხის კოლონა გზადაგზა სკოლის მასწავლებლებით, ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებისა და მერია-საკრებულოს ადმინისტრაციის თანამშრომლებით შეივსო. ნიკოლაძის ძეგლთან შეგროვილმა აქტივისტებმა ოფისიდან საგანგებოდ წამოღებული დროშები დაირიგეს და პარლამენტის თავმჯდომარეს “ბედნიერი დასაქმებული სახეებით”(ეს ფრაზა ერთ-ერთ შოუდანაა-ავტ.) შეხვდნენ.
კანდიდატების დასახელებამდე ბაქრაძემ ბევრი ისაუბრა ფოთზე, ფოთისადმი ხელისუფლების განსაკუთრებულად თბილ გრძნობებზე(რომელსაც ისე გულდაგულ მალავს, რომ ჯერ არც ერთ ფოთელს ეს მაინცდამაინც არ უგრძვნია), დაძლეულ მსოფლიო და შიდა კრიზისზე, სამომავლო გრანდიოზულ და კიდევ უფრო გრანდიოზულ გეგმებზე და თავისუფალ ინდუსტრიული ზონის სიკეთეზე.
_“ფოთი დაფუძნდა, როგორც ინდუსტრიალიზაციის კერა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამ უმთავრესმა ელემენტმა უნდა გააგრძელოს წარმატებით განვითარება. დიდი ნაბიჯები გადადგმულია და კიდევ უფრო დიდი ნაბიჯები გადასადგმელია. უიმედობა და სიბნელე დამთავრებულია და ეს არა არის მხოლოდ სიტყვები, ხალხი დიდი ხანი ემსახურებოდა ხელისუფლებას, ახლა მოვიდა დრო, რომ ხელისუფლება ემსახუროს ხალხს. ჩვენ ისეთი ადამიანები შევარჩიეთ, ვისაც ეს კარგად აქვს გაცნობიერებული. ამიტომაც, გთხოვთ, ჩვენი კანდიდატების მხარდაჭერას,_ასე დაუსაბუთა ბაქრაძემ ფოთელებს მის უკან გაშლილი, მაგრამ ხელისუფლების გარშემო ერთ მუშტად შეკრული გუნდის არჩევის აუცილებლობა.
“ნაცმოძრაობის” მიერ საგულდაგულოდ შერჩეული, ბაქრაძის სიტყვებით, პატიოსანი და ქალაქისათვის ეგზომ თავდადებული ადამიანების “თხუთმეტეული” კი, ასე გამოიყურება:
#1 ვანო საღინაძე(მოქმედი მერი, საკრებულოს ყოფილი წევრი)
#2 კობა ცხადაია(ნაცმოძრაობის აღმ. მდივანი, საკრებულოს ყოფილი თავ-რე, მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული ორგანიზაციის ექს-თავ-რე ფოთში)
#3 დარეჯან ცხვიტარია (ყოფილი საკრებულოს წევრი)
#4 გოჩა ლემონჯავა(ყოფილი ვიცე-მერი, ნავსადგურის ნავსადგურის
მთავარი მენეჯერი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში)
#5 სულხან თოლორდავა(საკრებულოს საფინანსო სარევიზიო კომისიის თავ-რე)
#6 კახა გუგუჩია(ყოფილი კმარელი, ნავსადგურის საზ-ბასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელი)
#7ვახტანგ დარცმელიძე(საკრებულოს წევრი)
#8 მაგდა მანაბდე(ნავსადგურის საზ-ბასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელი)
#9 ალექსანდრე თოფურია(საკრებულოს წევრი)
#10 ზურაბ ტიბუა(მერიის სპორტის სამსახურის უფროსი)
#11 შალვა ნასარაია(საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავ-რე)
#12 ნინო დვალიშვილი (მესამე საჯარო სკოლის დირექტორი)
#13 მიხეილ ფირცხალავა(საკრებულოს წევრი, ყოფილი კმარელი)
#14 თემურ დუნდუა(მერის მრჩევევლი ეკოლოგიის საკითხებში)
#15 გოჩა ქორქია (განათლების რესურსცენტრი დირექტორი)
და კიდევ ხუთი მაჟორიტარი:
ნაბადის უბანი-ენვერ სიჭინავა(ბიზნესმენი)
მალთაყვის უბანი- დავით ხომერიკი (საკრებულოს დარგობრივი ეკონომიკის მკომისიის თავ-რე)
კუნძულის უბანი_დავით ბაბილუა(ბიზნესმენი)
კუნძულის უბანი_გიორგი შამუგია(საკრებულოს აპარატის უფროსი0
ცენტრის უბანი–თენგიზ სარიშვილი(ბიზნესმენი)
“ახალი, მაგრამ პროფესიონალი და ძველი, მაგრამ პროფესიონალი სახეები”,_ასე შეაფასა სია პარლამენტის თავმჯდომარემ.
რეალურად მთელი ეს სია შედგება ყოფილი მოქალაქეთა კავშირელებისაგან, და ყველა მთავრობასთან “ჩახუტებული” ფულიანი ფოთელებისაგან ან მათი ნათესავებისგან. რამდენიმე სხვა სახეცაა, თუმცა, ერთადერთი ნიშანი, რაც ყველა მათგანს აერთიენებს _ ხელისუფლების და მშობლიური პარტიის უსიტყვო მორჩილებაა. ამ შემადგენლობით, რომ ისევ ცენტრალიზებულ მმართველობასთან გვექნება საქმე, ალბათ, აქედანვე უდავოა, რადგან ბაქრაძის უკან გამწკრივებულ ხმოსნობის კანდიდატებს, საერთოდაც არ აღელვებდათ, რომ სამუშაო დროს, პარლამენტის თავმჯდომარის, საჯარო სკოლების პედაგოგთა, მოსწავლეთა და საჯარო მოსამსახურეთა სახით ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდნენ და ამით კანონს არღვევდნენ. მათ თვალებში მხოლოდ საკუთარ გაბრწყინებულ მომავალზე ოცნებას, უსაზღვროდ თვითკმაყოფილ სახეებს და სხვების თვალში საკუთარი თავის წარმოჩენისა და განდიდების უსაზღვრო სურვილს თუ დაინახავდით მხოლოდ, რაც შემთხვევით საკარიერო აღმასვლას (და განსაკუთრებით პროვინციებში) ახასიათებს ხშირად.

“თავისუფლება ისე არ მოდის,”_ ამ სიმღერის ფონზე დასრულდა კანდიდატების წარდგენა. პარლამენტის თავმჯდომარე ამის შემდეგ იქვე დროშებით მდგარ ჩოხებში გამოწყობილ პატარა ფოთელებს მიეფერა, რამდენიმე ფოთელის პრობლემა მოისმინა და სურათებიც გადაიღო. ბაქრაძე შეხვედრით კმაყოფლი და ბედნიერი ჩანდა და, ალბათ, ბედნიერი იმითაც, რომ, ამჯერად, ფიწლებით, ჩანგლებითა და სხვა საყოფაცხოვრებო საგნებით მტრის მოგერიებისაკენ რომ არ მოუწოდებდა ხალხს და მხოლოდ მათ ნათელ მომავალზე უბადლოდ მზრუნველის როლში იყო. ეს ყველაფერი კი, აღნიშვნად ნამდვილად ღირდა... ამიტომაც შეხვედრის შემდეგ, ფოთის ნაცსიის პრეზენტატორი სადილად “იახტკლუბის” რესტორანში მიიწვიეს, რომლის დე ფაქტო “გამგებელი”, საკრებულოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი, გოჩა ლემონჯავაა.

No comments:

Post a Comment