Monday, April 19, 2010

მორჩილების ნიშნით შერჩეული საკრებულო




თვითმმართველი ქალაქი ფოთი 30 მაისს ქალაქის საკრებულოს 15 კაცია-ნი შემადგენლობით (10 წევრი პროპორციული წესით ანუ პარტიული სიით და 5 მაჟორიტარი დეპუტატი) აირჩევს. თვითმმართველ ორგანოში უმრავლესობით მოსვლის პრეტენზია ყველა მოქმედ პოლიტიკურ პარტიას აქვს.
ფოთში (და არა მხოლოდ ფოთში) “ნაცმოძრაობას” უბრალო გამარჯვება არ აკმაყოფილებს, მათი მთავარი ამოცანა “დამანგრეველი ანგარიშით” მოგებაა. ეს დაძაბული ბრძოლა იქნება და პოლიტიკური პარტიებისათვის წინასაარჩევნო კამპანიის ახალი ეტაპი არჩევნების თარიღის გამოცხადებით დაიწყო. არჩევნებამდე იმდენად ცოტა დრო რჩება, რომ წესით, პოლიტიკური პარტიები 24-საათიანი რეჟიმით უნდა მუშაობდნენ. თუმცა, ოპოზიციური პარტიების საქალაქო ოფისებში ეს, ჯერჯერობით არ იგრძნობა.
“ალიანსის” წამომადგენელი, “რესპუბლიკელების” ფოთელი ლიდერი, გაიოზ ქინქლაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებებს თბილისში, ცენტრალურ ოფისში დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებენ და მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთდება განცხადებები. “მემარჯვენეების” ფოთელი ლიდერი, ირაკლი კაკულია, 30 მაისის არჩევნებში არ მონაწილეობს, რადგან ამ ეტაპზე პოლიტიკას ბიზნესი ამჯობინა. პრინციპში, არჩევნებამდე ისევ “ნაციონალებისგან” გავრცელებული ხმები _ ქალაქში უმთავრეს კონკურენტის, ირაკლი კაკულიას თამაშიდან გასვლის სანაცვლოდ, ბიზნესში ხელშეწყობის დაპირების შესახებ, გამართლდა.
ოპოზიციონერთა ყურადღების მიღმაა ისეთი თემაც კი, როგორც ამომრჩეველთა სიების მონიტორინგია. ცენტრალური ოფისის დავალებით, “ალიანსი” არჩევნების მიმდინარეობას მხოლოდ 5 საარჩევნო უბანზე, ისიც უშუალოდ არჩევნების დღეს დააკვირდება.
ექსპრემიერ ნოღაიდელის ფოთელმა მხარდამჭერებმა, მართალია, 12 ათასი ამომრჩეველი გამოკითხეს და ანკეტები პარტიის ცენტრალურ ოფისს გადაუგზავნეს, მაგრამ გამოკითხვის შედეგებს საიდუმლოდ ინახავენ. მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ფოთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გია კორშია აცხადებს, რომ კვლევის ძირითადი მიზანი იმის გარკვევა იყო, მითითებულ მისამართზე მოქალაქე რეალურად თუ ცხოვრობს და ხმას ვის აძლევს. როგორი იქნება წინასაარჩევნო სტრატეგია, ამ და სხვა დეტალებზე საუბარს კორშია ცენტრიდან დირექტივების მიღების გარეშე არ აპირებს. მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, გია კორშიამ, არ გაგვიმხილა.
_“ჩვენი პარტია არჩევნებში არ მონაწილეობს, თუმცა, პირადად ჩემი მონაწილეობის საკითხი განიხილება და საბოლოო პასუხი სახალხო კრებაზე გაირკვევა. ერთადერთი მიზეზი ამ არჩევნებში ჩავერთო, იმის დამტკიცებაა, როგორ გააყალბებს ხელისუფლება არჩევნებს. ყველა რესურსის და ფსიქოლოგიური ზეწოლის გამოყენებით, ხელისუფლებას ეს არჩევნები უკვე გაყალბებული აქვს,” - განაცხადა “ერთიანი საქართველოს” ფოთელმა ლიდერმა, ფოთის საკრებულოს წევრმა, გოჩა დოლბაიამ. მას თავის დროზე “ნაციონალებმა”, ორ დე იურე დამოუკიდებელ, მაგრამ დე ფაქტო ნაციონალ დეპუტატთან ერთად, საკრებულოში ფრაქციაც კი შეაქმნევინეს, რათა მისი საკრებულოში მოღვაწეობა ანაზღაურებადი ყოფილიყო. საკრებულოს ფრაქცია “ფოთის” თავმჯდომარე, გოჩა დოლბაია კვირების მანძილზე გამოკეტილ კაბინეტს, ამის შემდეგ ხელფასის აღების დღეებში თუ სტუმრობდა ხოლმე.
ფოთელი ქრისტიან-დემოკრატების შტაბშიც სიხალვათეა, თუმცა, პარტიის ლიდერის ლაშა ბერაიას განცხადებით, ისინი მონიტორინგს არჩევნების დღეს ყველა უბანზე განახორციელებენ. ქდმ-ს ყველა საუბნო კომისიაში თითო წევრი ეყოლება. პარტიაში აქტიურად მუშაობენ კანდიდატთა სიაზეც, თუმცა სიას საბოლოო სახე ჯერ არა აქვს. ზუსტდება მაჟორიტარობის ხუთი კანდიდატის ვინაობაც.
“ნაცმოძრაობის” შტაბი კი, ყველა ზემოთჩამოთვლილთაგან განსხვავებით, სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია. ამაში დასარწმუნებლად აუცილებელი არაა მაინცდამაინც, მათ ოფისს ესტუმრო. მერიაში ან საკრებულოში კონკრეტული საჯარო მოხელის, საკრებულოს წევრის, რიგითი თანამშრომლის ძებნისას ხშირად გაიგონებთ ფრაზას:“ნაციონალების ოფისშია გადასული”, ანუ იქვე ახლოს, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე შტაბში.
“ნაციონალებში” ყველა იმდენად “მოუცლელია”, რომ რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, კობა ცხადაიამ ჩვენს მედიასაშუალებასთან საუბრისათვის “ვერ მოიცალა”. საყვედურის შიშით, მდივანი ვერც მისი ტელეფონის ნომრის მოცემას ბედავს. თუმცა, მისაღებში ლოდინისას, მისი კაბინეტის კარი უპრობლემოდ იღებოდა მერიის კულტურის სამსახურის უფროსისათვის, საინფორმაციო სამსახურის უფროსისათვის, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის. თუკი ადრე, ამ უკანასკნელს, საოლქოში აკითხავდა საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე, დავით შურღაია და დირექტივებს აძლევდა(ამ ფაქტს თავად შევესწარით, რომლის გახმაურების შემდეგ, საოლქოს თავმჯდომარემ, ზაალ კუჭუხიძემ ცესკო-დან საყვედურიც კი მიიღო), ახლა ის თავად სტუმრობს ნაციონალებს, ან ნებისმიერ დროს შეიძლება ნახოთ იგი კომპიუტერთან მჯდომი საკრებულოს რომელიმე კაბინეტში.
ამ ეტაპზე, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, ბევრი რამ აინტერესებს საზოგადოებასა და მედიას, მათ შორის, კანდიდატების ვინაობა _ თუ ვისზე ჩამოვა ფსონს ნაცელიტა? საკრებულოს ძველ შემადგენლობაზე, რომელმაც ოთხწლიანი მოღვაწეობისას, გარდა სამხარეო და ცენტრალური ხელისუფლების უსიტყვო მორჩილებისა, თავი ვერაფრით დაამახსოვრა ამომრჩევლებს, თუ ახალ სახეებზე, რომლებიც დემოკრატიული პრინციპების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს?
“ნაციონალების” სიის ყველაზე სარწმუნო ათეული, რომელიც სამხარეო პროკურორთან და გუბერნატორთან არაერთგზის შეთანხმებულია, ასე გამოიყურება:
1. ვანო საღინაძე (მოქმედი მერი, ფოთის ორგანიზაციის თავ-რე)
2. კობა ცხადაია (ფოთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, შევარდნაძის პერიოდის საკრებულოს მდივანი)
3. დარეჯან ცხვიტარია (მოქმედი საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავ-რე)
4. გოჩა ლემონჯავა (ექს-ვიცემერი, ნავსადგურის მთავარი მენეჯერი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში)
5. სულხან თოლორდავა (მოქმედი საკრებულოს საფინანსო- სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
6. კახა გუგუჩია (“კმარას” ფოთის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ნავსადგურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი)
7. მიხეილ ფირცხალავა (მოქმედი საკრებულოს წევრი)
8. შალვა ნასარაია (მოქმედი საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე)
9. ვახტანგ დარცმელიძე (მოქმედი საკრებულოს წევრი)
10. ალექსანდრე თოფურია (მოქმედი საკრებულოს თავმჯომარის მოადგილე)
11. მაგდა მენაბდე (ნავსადგურის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი)
(“ნაციონალები” ჯერჯერობით, არ ამჟღავნებენ კანდიდატების შესახებ ინფორმაციას, ამიტომაც აღნიშნული ნაწილობრივი სია კულუარულად მოპოვებულია)
“ნაციონალების” სიის პირველ ხუთეულში ყოფნას არც უარყოფს და არც ადასტურებს, საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჟდომარე სულხან თოლორდავა, რომელიც, მისივე თქმით, “სტაჟიანი” ნაციონალია 2002 წლის დეკემბრიდან და სიაში მოხვედრის პატივს _ სტაჟსა და დამსახურებას მიაწერს.
თოლორდავაზე პირდაპირი აღმოჩნდა გოჩა ლემონჯავა, რომელიც ფოთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდა და ჩხოროწყუს ასოცირებული საკრებულოს თავმჯდომარის სავარძლიდან, ფოთის ვიცე-მერის სავარძელში დაუბრკოლებლად გადმოინაცვლა. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეს დაწინაურება მან ახლაიებთან ახლობლობით დაიმსახურა, თავად ლემონჯავა უარყოფს და არაფოთელობაზე მინიშნებას “პროვინციალიზმს” ეძახის.
_“ფოთის მაჟორიტართან, თემურ წურწუმიასთან ვმეგობრობდი და უამრავ ფოთელს ვიცნობდი. ვიცე-მერად ჩემი სამეურნეო საქმიანობის გამოცდილებისა და პოლიტიკური საქმიანობის გათვალისწინებით მოვხვდი. ადგილობრივი არჩევნების პროცესში იმთავითვე ვიყავი ჩართული და საქალაქო ორგანიზაციის შეთავაზებასაც დავეთანხმე. პარტიის წევრი არ ვარ, უბრალოდ, პარტიული სიით ვიყრი კენჭს.” სწორედ ლემონჯავამ დაადასტურა ჩვენთან საუბრისას, რომ “ნაციონალების” სიის პირველი ნომერი ქალაქის ამჟამინდელი მერი, ვანო საღინაძეა. თავად ლემონჯავას კი, საკრებულოს მომავალ თავმჯდომარედ მოიაზრებენ.
მოკლედ, რას დაუპირისპირებს პასიურ პოზაში მყოფი ადგილობრივი ოპოზიცია მმართველ პარტიას, რომელსაც ადმინისტრაციული რესურსისა და ადგილობრივი ადმინისტრაციის გამოყენების და, შესაბამისად, გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი აქვს, ალბათ, სულ მალე გამოჩნდება.

ელისო ჯანაშია
ნინო თუნთია

No comments:

Post a Comment