Saturday, June 5, 2010

"ალიანსის" საჩივარი და საოლქოს თავმჯდომარის ძველბიჭური მიდგომა




30 მაისს, კენჭისყრის დასრულების შემდეგ,“ალიანსის“კანდიდატის, ზვიად შუბითიძის მიერ, ხმის დათვლის პროცედურასთან დაკავშირებით, საოლქოში საჩივარი შევიდა, რომელიც მე-14 უბანზე,“ალიანსის“ კომისიის წევრის, რუსუდან ცომაიას მიერ ოქმზე წინასწარ ხელმოწერას შეეხებოდა. შუბითიძე ასევე საეჭვოდ მიიჩნევდა №5, №8 და №28 უბნების შედეგებს, თუმცა, ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. №14 უბანთან დაკავშირებით კი ამტკიცებდა, რომ მისი წარმომადგენელი, შეცდომაში იქნა შეყვანილი და მას ოქმზე ხელი წინასწარ მოაწერინეს. მისი განცხადებით, საუბნო კომისიას იმ დროისათვის ხმები დათვლილი ჰქონდა, მაგრამ შედეგი ოქმში შეტანილი ჯერ არ ყოფილა. რუსუდან ცომაია ამტკიცებს, რომ ის კომისიის ნაციონალმა წევრებმა შეიყვანეს შეცდომაში, ხელი წინასწარ მოაწერინეს და ამის შემდეგ ურჩიეს სახლში წასულიყო და დაესვენა, ისინი კი, მის გარეშეც გადაიტანდნენ ოქმში შედეგებს. „ალიანსის“ წარმომადგენელი ენდო მათ და უბანი მართლაც დატოვა, ხოლო მას შემდეგ, რაც ქსეროასლი მოითხოვა, ცომაიას თქმით, უბანზე დარჩენილები მას ტელეფონს უთიშავდნენ და ოქმის ბოლო ვარიანტს არ აძლევდნენ. რუსუდან ცომაიას მტკიცებით, ხმის დათვლისას „ალიანსის“ კანდიდატს მიღებული ჰქონდა 63 ხმა, ხოლო საოლქოს მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო ოქმში კი 4 ხმა აღმოაჩნდა.
ზვიად შუბითიძის მიერ საოლქოში და ცესკოში შეტანილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც მან საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. -„რადგან ეს ჩემივე უბანი იყო, მყავს 20-მდე მოწმე, რომლებიც მიდასტურებენ წერილობით, რომ ხმა მე მომცეს. თან ჩემი წარმომადგენელი მეუბნება, რომ იმ უბანში 63 ხმა ავიღე. ეს უბანი რომ არ გაეყალბებინათ, შევდიოდი საკრებულოში და „ნაციონალებს“ გარეთ ურჩებოდათ მაგდა მენაბდე. ამიტომაც მიიწერეს ჩემი ხმები,“- აცხადებს შუბითიძე. „ალიანსში“ აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს, ხმების დათვლის დროს, მათ ოფისში ესტუმრა „თოფაძე-მრეწველების“ კანდიდატი, გოჩა დოლბაია, რომელიც, ამჟამად, ოფიციალურად ნინო ბურჯანაძის პარტიაშია და მე-14 უბანში ალიანსის მიერ აღებული ხმების მიყიდვა ითხოვა. მათ ის უარით გაისტუმრეს და უთხრეს, რომ სწორედ ამ უბანში წყდებოდა მათი კანდიდატის ბედი. მათი თქმით, უარის მიღების შემდეგ დოლბაიამ მშვიდად დატოვა ოფისი და წავიდა. ალიანსში აცხადებენ, რომ მრეწველებს სხვა უბნების მონაცემების მიხედვით უკვე ჰქონდათ საკმარისი ხმები და ამ ერთი უბანის ხმები, მათთვის არც იყო მნიშვნელოვანი, ამიტომაც გამოთქვამენ ეჭვს, რომ დოლბაია მმართველი პარტიის მიგზავნილი იყო. თავად დოლბაია კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ფაქტს: „ნუ არ ვიცი... ეს თემა საერთოდ არ განხილულა. რას ქვია მოეყიდა? ანდა პრაქტიკულად როგორ იყო ეს შესაძლებელი? ან რაში მჭირდებოდა, როცა ხმები 1000-ს გადაცილებული იყო და მყოფნიდა. მაშინ ბოლო ორი უბანი იყო დარჩენილი... არ მჭირდებოდა მაინც. ინტრიგა გამიგია,მაგრამ ასეთი უსაფუძვლო არაფერი გამიგია. საერთოდ გათახსირდა ეს ქალაქი, რას არ კადრულობენ,“-ცხარობდა დოლბაია.
ხმების დათვლისა და უბანზე აღმოჩენილი დარღვევების შესახებ დაწერილი საჩივრის შემდეგ, შუბითიძეზე მუდმივად ხორციელდებოდა ზეწოლა, მას უგზავნიდნენ ნაცნობებს და ეუბნებოდნენ, თუ რაში სჭირდებოდა ასეთი რამე, რატომ უნდოდა მისი სკამისთვის ციხეში გაეშვა მთელი კომისია, მათ შორის, მისი წარმომადგენელიც, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ სიყალბეში, როგორ დაჯდებოდა მერე ასეთ საკრებულოში და ა.შ. -„საოლქოში მისულს, როცა ეუთოს დამკვირვებლისთვის უნდა მეთქვა ჩემი საჩივრის შესახებ, კუჭუხიძე შენობაში არ მიშვებდა, ჩვენ პირად საქმეზე ვსაუბრობთო. პირადულზე სახლში შეგიძლია ისაუბრო ვისთანაც გინდა-მეთქი და ჯიქურ შევედი. როცა ეუთოს დამკვირვებელი დაინტერესდა ჩემით და იკითხა, ვინ არისო, სანამ რამეს ვეტყოდი, კუჭუხიძემ ჩაილაპარაკა: „ეს არის არაკაცი, ოღონდაც საკრებულოში მოხვდეს და 12 კაცს აჭერინებსო. საინტერესოა, მე ვაჭერინებ, თუ ის აჭერინებს, ვინც ამ ადამიანებს სიყალბე ჩაადენინა? ასეთი ძველბიჭური მიდგომა, რას ნიშნავს, ვერ გავიგე,“-აცხადებს ზვიად შუბითიძე.
საოლქოს და ცესკოს არ დაუკითხავს შუბითიძის მოწმეთაგან არც ერთი. საოლქოს გამოზახებით, უბნის კომისიის წევრები მოვიდნენ, რომლებმაც უარყვეს აღნიშნული, საოლქომაც მათი ჩვენება უაპელაციოდ გაიზიარა. ცესკოს მიერ საჩივარზე უარის შემდეგ, 5 ივნისს, სასამართლომ ზვიად შუბითიძის საჩივარი, ხმების გადათვლის შესახებ, დააკმაყოფილა. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაულის ჩამდენნი პასუხს აგებენ სს კოდექსის 164-ე მუხლის შესაბამისად - არჩევნების გაყალბება.
-„სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ მოითხოვა საუბნო კომისიის სხვა წევრების დაკითხვა, კუჭუხიძემ უპასუხა, რომ აქ არ არიან ტრანსპორტირება ვერ უზრუნველვყავიო. არადა, გარეთ გამოსვლისას სასამართლოს შენობასთან იცდიდა კომისიის თავმჯდომარე, დავით შონია“-აცხადებს შუბითიძე. სასამართლო პროცესის დასრულების შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ, ჩვენ აღნიშნული უბნის ერთ -ერთ წარმომადგენელს, მედეა ტურძელაძეს კომენტარისთვის დავუკავშირდით, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ის თბილისში იმყოფებოდა და ახლა გზაში იმყოფებოდა. კითხვაზე სასამართლო სხდომას თუ ესწრებოდა, გვიპასუხა, რომ სხდომაზე არ ყოფილა, მაგრამ სხდომის მიმდინარეობისას სასართლოსთან იმყოფებოდა.
საოლქოს მიმართ უნდობლობის გამო,„ალიანსის“ წარმომადგენლებმა 6 ივნისის ღამე, საოლქოს შენობასთან გაატარეს, რადგან მათი თქმით, იყო ყუთის შენობიდან გატანისა და ბიულეტენების ჩასწორების საშიშროება.

რა ხდებოდა საოლქოში ზვიად შუბითიძის საჩივრის განხილვისას?

№14 უბნიდან მოწმის სახით გამოძახებული კომისიის 12 წევრი ამტკიცებდა, რომ ცომაიასთვის ხელი წინასწარ არ მოუწერინებიათ და ყველაფერი კანონის ფარგლებში ჩატარდა. თავმჯდომარის კითხვაზე, რომელიც საშინლად ღელავდა :“ხალხო, ხომ არ მოგიწერინებიათ წინასწარ ხელი ალიანსის კომისიის წევრისთვის?“ პასუხი იყო კოლექტიური:-„არა!“ რაც თავმჯდომარემ უაპელაციოდ გაიზიარა.
შუბითიძე განმარტავდა, რომ მისი წარმომადგენელი კომისიაში შეცდა და მას მოტყუებით მოაწერინეს ხელი. დიალოგი დაახლოებით ასე წარიმართა:
ზაალ კუჭუხიძე: -რას ქვია შეცდა? კაცი რომ მოკლას, რა, შეცდა? გაჩერდი შენ, არ ილაპარაკო!(ხმამაღლა მიმართა შუბითიძეს-ავტ) ეს შენი აზრით ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული იმ კაცმა, მაგრამ 12 კაცის აზრით, არ ჩაუდენია.მასე შეიძლება გამოჩნდეს ამ ქალაქში კაცი, რომელმაც შეიძლება ვიღაცაზე თქვას, რომ ჩაიდინა სს დანაშაული, მაგრამ ეს უნდა დამტკიცდეს და ა.შ. და ა.შ.ახლა, გისმენ, ზვიად!
ზვიად შუბითიძე: -შესაძლებელია ამ უბნის გადათვლა, გადავთვალოთ დადავრწმუნდეთ. თუ ჩვენ მართლები არ აღმოვჩნდებით, მზად ვართ ვაგოთ პასუხი. გადათვლა ყველაფერს დაადგენს.
ზ.კ.-დავუშვათ, არ აღმოჩნდით მართლები, რითი აგებთ პასუხს? ამისათვის არაფერი არაა გათვალისწინებული
ამის შემდეგ შუბითიძე ამტკიცებს, რომ ეს სს დანაშაული არ არის და გადაცდომაა. კუჭუხიძე საპირისპიროს უმტკიცებს და ამბობს, რომ ეს „სუფთა კრიმინალია“. ხოლო გადათვლაზე უარის თქმის არგუმენტად, ასახლებდა გადათვლის ამ პრეცენდენტის შექმნის შემდეგ 32-ვე უბნის გადათვლის შესაძლო მოთხოვნის გაჩენას ასახელებდა. შუბითიძე მეორე საჩივარში ითხოვდა №5, №8 და №28 უბნების გახსნასა და ხმების დათვლასაც, რადგან მისი თქმით, გამოყენებული ბიულეტენების რაოდენობა, არ ემთხვეოდა დათვლილი ხმების რაოდენობას. კუჭუხიძემ ამაზე საკმაოდ დამცინავად განაცხადა: -აქ მე-5 უბანზე იმიტომ ითხოვენ გადათვლას, მაჟორიტარებში,კეშელავას (ალიანსის კადიდატს-ავტ) 13 ხმა აქვს აღებული და დათო ხომერიკს(ნაციონალების კანდიდატს-ავტ) 786 და სირცხვილია. რცხვენიათ, ალბათ, და იმიტომ ითხოვენ.
ამის შემდეგ კუჭუხიძემ საკუთარი ინტერპრეტაცია მისცა საჩივრის შინაარსს, რაც მან სხდომაზე არა ერთჯერ გაკეთა და ნაცვლად იმისა, რომ მომჩივანის საჩივრის არსზე ესაუბრა ან დამატებითი მტკიცებულებები მოეთხოვა,ზემოთ დასახელებული უბნების ოქმის მონაცემები დააჯამა და კომისიას აცნობა, რომ შეცდომა ოქმების დჯამებაში არ იყო. შუბითიძე, საკუთარ საჩივარში ოქმში არსებულ შეცდომაზე საერთოდ არ საუბრობდა.
-„ვსიო, გადაწყვეტილება ამაზე მიღებულია!“-თქვა კუჭუხიძემ და საჩივარი გადადო. განმარტების გაკეთება მოითხოვა შუბითიძემ:-მისმინეთ ახლა ერთი წუთი...
ზ.კ.-შენ მისმინე ერთ წუთას, გაჩერდი!(უყვირა შუბითიძეს-ავტ)
ზ.შ.-არ გინდა ეს თვალების ქაჩვა, სიტყვას ვითხოვ, ნორმალურად მოიქეცი...
ზ.კ.-შენ გისმინო კი არა, მე უნდა მისმინო, დასამთავრებელი მაქვს!
ზ.შ.-არ მაძლევ სიტყვას, აბა, და შენს მონოლოგებს ვუსმინო სულ?
ზ.კ.-უნდა უსმინო, სხდომაა ეს და უნდა უსმინო, თუ რეგლამენტი მოგცე წასაკითხად?!
ზ.შ.-თავმჯდომარისთვის არ არსებობს რეგლამენტი?
ამის შემდეგ კუჭუხიძემ რეგლამენტი ააფრიალა, საიდანაც ამოიკითხა, რომ მომჩივანისათვის სიტყვის მიცემის დროს განსაზღვრავდა კომისია. მას სხდომის დაწყებისას და არც მას შემდეგ არაფერი უკითხავს კომისიის წევრებისათვის (თუმცა არც კომისიის წევრები ეკითხებოდნენ და აწუხებდნენ მას რაიმეზე), თვითნებურად დააწესა სიტყვის თქმის 2-წუთიანი რეგლამენტი, რომლის გამოყენების უფლებაც კი არ ეძლეოდათ საჩივრის ავტორებს.
-“ძალაზეა,“-ჩაილაპარაკა შუბითიძემ, რაზეც კუჭუხიძემ უპასუხა:-„ძალა თუ გინდა და ასეთი რაღაცეები, ეგერაა მეორე განყოფილება და იქ ვილაპარაკოთ, ეგეც არაა პრობლემა, კი იცი ახლა შენ ეს...“ რის შემდეგაც ჟურნალისტებს ცინიკურად მიმართა: „აფიქსირეთ, თქვენ, აფიქსირეთ!“...რომლებმაც მას მიუთითეს, რომ ეს მუქარაა.
ამის შემდეგ ცესკოს ტრენერმა, ირმა თოდუამ შუბითიძეს ჰკითხა: „რას ნიშნავს, როცა ადამიანი ცარიელ ოქმზე აწერს ხელს? ე.ი. ეს ადამიანი აძლევს სხვებს რაც უნდათ იმის გაკეთების უფლებას.“ რის შემდეგაც მან განმარტა, მას კომისიების ყველა წევრისთვის ახსნილი აქვს, რომ ასეთი საქციელი დანაშაულია.-“რა ვიცი, რა ვქნათ ახლა ზვიად? დავაყენოთ მაშინ ამ ადამიანების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი?“ -ჰკითხა მან შუბითიძეს და მხოლოდ ოქმზე ხელმომწერის ბრალეულობის გამოკვეთასა და ამით საჩივარზე უარის თქმის მოტივაციის შექმნას ცდილობდა. შუბითიძე ამტკიცებდა, რომ ოქმის გაყალბებას ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა. ნაციონალ სულხან თოლორდავასგან ერთ-ერთ ვერსიად მოპარულ ოქმზე მალულად ხელმოწერის შესაძლებლობაც დასახელდა, თუმცა, ამ ვერსიამ განვითარება ვერ შეძლო, რადგან ყველა მიხვდა, რომ ეს უბნის თავმჯდომარის დანაშაულს გამოკვეთდა, რომელმაც ოქმს ვერ მოუარა.
შუბითიძე კვლავ ეჭვის საფუძველზე საუბრობდა, რაზეც კუჭუხიძემ უპასუხა:
ზ.კ. -თუკი ეჭვის საფუძველი არსებობს, პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ისაა, რომ ეს ხალხი 164 პრიმით სს პასუხისგებაში უნდა გავუშვათ და მერე უნდა გავხსნათ უბანი. ჩვენ თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, უნდა გაუშვა ეს ხალხი პასუხისგებაში.
ზ.შ.-მე რატომ უნდა გავუშვა პასუხისგებაში, ვერ გავიგე...
ზ.კ.-მოკვლევაზე უნდა გავუშვა და დაველოდო მოკვლევის შედეგებს,- ჩქარობდა კუჭუხიძე და 12 „უდანაშაულო“ ადამიანის სს პასუხისგებაში შესაძლო მიცემაზე პასუხისმგებლობის დაკისრებას შუბითიძეზე ცდილობდა, რაც ზეწოლის კლასიკური ფორმად შეიძლება ჩაითვალოს.
საბოლოოდ, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მომჩივანს არც ამის საფუძველი განემარტა.

ელისო ჯანაშია

No comments:

Post a Comment